აფხაზები ბათუმის ოლქის საქართველოსთან შეერთებას მოითხოვენ
გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1920 წლის 31 მარტი, N72
აბხაზეთში
ბათუმი და აბხაზეთი
თუმცა აბხაზეთი (ყოფილი სოხუმის ოლქი) შეერთებულია საქართველოსთან ავტონომიურად, მაგრამ იგი ცხოვრობს საქართველოსთან ერთი მიზნით. აბხაზეთის და საქართველოს ცხოვრების მაჯის-ცემა ერთია. ტფილისი და სოხუმი – ორი გულია, სადაც პოლიტიკური ცხოვრება სცემს ერთხმად. არ შეიძლება ითქვას რომ ამას ხელს უწყობს მხოლოდ ერთი მმართველი პოლიტიკური პარტია – სოციალ-დემოკრატია, აქაც და იქაც. არსებულ პოლიტიკურ-ეკონომიურ ცხოვრებაში, შექმნილ კონიუქტურაში, ორგანულად დაკავშირებულია საქართველოსთან და არ არის არც ერთი ისეთი დიდი განსხვავება, რომ აბხაზეთის და საქართველოს ინტერესებს ერთი მეორედა ჰყოფდენ.
ამიტომ არ არის გასაკვირალი და ერთსულოვნება, რომელიც გამოიჩინა აბხაზეთმა ბათუმის საქართველოსთან შემოერთების დემონსტრაციაში.
თავის თავად ბათუმს აბხაზეთისთვის განვითარებული მნიშვნელობა არა აქვს. საქონლის გატანა-გადმოტანისთვის აბხაზეთს აქვს თავისი საკუთარი ნავთსადგური, მაგრამ აბხაზეთისთვის სულ ერთი არ არის თუ ბათუმი ვის ხელში იქნება. და აი რატომ გადაწყვეტით ყველა პოლიტიკური პარტიები დაწყებული ეროვნულ-დემოკრატებიდან, სოციალისტ-ფედერალისტების და სოციალისტ-დემოკრატებამდე მოითხოვდენ აბხაზეთის სახალხო საბჭოს საზეიმო სხდომაზე ბათუმის შემოერთებას საქართველოსთან გამოსთქვამდენ აზრს მთავრობას დახმარებოდნენ ამ მიზნის მიხწევაში. იგივე ერთსულოვნებას ნახავდით მიტინგებზე. ქუჩაში მოსიარულე დემონსტრანტებზე, რომელნიც მოითხოვდნენ ბათუმის გადაცემას საქართველოსთვის. მიტინგზე თუ კრებებზე მონაწილეობას ღებულობდა რამდენიმე ათასი მოქალაქე. მიტინგებზე გამოტანილი იყო რეზოლუცია ბათუმის და მის ოლქზე საქართველოსთან შემოერთების შესახებ.
ამასვე გამოსთქვამდნენ პროფესიონალური ორგანიზაციები. ოლქის პროფესიონალურმა კავშირის საბჭომ გამოიტანა რეზოლიუცია ბათუმის საქართველოსთან შეერთების შესახებ, რომელიც დამყარებულია მუშათა ინტერესების თვალსაზრისზე. ასეთია აფხაზეთის განწყობილება.
(„ბორბა“).