გაზეთი „ტაიმსი“ ბათუმის ოლქისადმი ბრიტანეთის პოლიტიკას აკრიტიკებს
საქართველოს რესპუბლიკა, 1920 წლის 1 აპრილი, N73
„ტაიმს“-ი ბათუმის შესახებ
23 თებერვლის „ტაიმს“-ში მოთავსებულია შემდეგი ტელეგრაფით გადაცემული ცნობა კონსტანტინეპოლიდან:
„აქ მოვიდა ბათუმიდან მიმავალ ბრიტანეთის ჯარების პირველი ეშელონი. აქ მოელიან, რომ ქალაქ ქართველი ჯარები დაიკავებენ; მაგრამ საეჭვოა, შესძლებენ თუ არა ისინი წესრიგი დაამყარონ ბათუმის ოლქში, რომელსაც ორგვარი ბანდები ემუქრებიან. პირველი ბანდები ბოლშევიკებს თანაუგრძნობენ.
ბრიტანეთის სამხედრო ძალა-უფლებამ ბათუმში, რომელიც ძალიან ბევრს მუშაობს სხვა მხრივ, გადადგა ერთი მხრივ, ისეთი ნაბიჯები, რომელიც შემცდარი აღმოჩნდა: მან ბათუმში გააძლიერა დონის ფულის ტრიალი ტფილისის ფულის ტრიალის მაგივრათ. დენიკინის უკან დახევამ, რასაკვირველია, გამოიწვია დონის ფულის კურსის დაცემა, რაც ბათუმის ბაზარსაც დაეწყო; ამას მოჰყვა შედეგათ ფასების ზრდა და ფინანსური პანიკა, რაზედაც გავლენა მოახდინა წითელმა პროპაგანდამაც.
მაგრამ წითლებზე უფრო საშიში ოსმალეთის ნაციონალისტური ბანდებია, რომლებსაც მხარს უჭერენ: ოსმალეთის ნაციონალური ორგანიზაცია, ენვერისა და ნურის პანისლამინსური ორგანიზაცია, რომელიც დაღესტანში და ამიერ-კავკასიაში მუშაობს. ოსმალეთის უკიდურეს მიმდინარეობათა ინტერესი ამ უკანასკნელ ოლქში დიდი ხანია ცნობილია. ოსმალურ ენაზე მოსაუბრე ბათუმის ოლქში მცხოვრებთა შორის დიდი ხანია სწარმოებს აქტიური პროპაგანდა და, ამბობენ, რომ ამ პროპაგანდამ უკვე გადაიბირა ქართველი მუსულმანების ნაწილი.
ერთად-ერთი სარგებლობა, რაც ბათუმის ევაკუაციას მოჰყვა შედეგათ, ეს კონსტანტინეპოლში ბრიტანეთის ძალების გაძლიერებაა. მეორე მხრივ სჩანს, რომ ევაკუაცია მომხდარა მეტათ არა ხელსაყრელ მომენტში. როგორც გასულ ზაფხულში მომხდარი სამსუნის ევაკუაცია, ისე ეხლანდელი ევაკუაციაც უთუოდ გაამხნევებს ოსმალეთის ნაციონალისტებს მათი ავანტიურათა პოლიტიკისათვის. კიდევ მეტიც, ეს ევაკუაცია დამაღონებელი იქნება ამიერ-კავკასიის იმ ელემენტებისთვის, რომლებიც ჩვენგან მოელიან ხსნას რუსეთის და ოსმალეთის თავდასხმისაგან.
ჩვენი პოლიტიკა ამიერ-კავკასიაში უკანასკნელ ხანებში მეტათ ნაყოფიერი იყო. ამ პოლიტიკის მიზანი იყო მეგობრული დამოკიდებულების დამყარება, სომეხთა, თათართა და ქართველთა რესპუბლიკებს შორის და თუმცა ამ მხრივ კიდევ ბევრია გასაკეთებელი, მაგრამ ამ პოლიტიკის დასაწყისი კარგი იყო. მაგრამ თუ არა სამხედრო ოკუპაცია ბათუმის – ამიერ-კავკასიის დასავლეთი პუნქტის – ჩვენი დიპლომატიური ნაბიჯები, როგორც ნაბიჯები მეოთხე ნეიტრალური პარტიისა ამ სამ რესპუბლიკათა მოგვარების დროს – არ შეიძლება ნაყოფიერი იქნეს.
უნდა უფრთხილდეთ ჩვენი ჯარების გაყვანას იმ მომენტში, როცა ანტანტა ამ რესპუბლიკებს პირდება დახმარებას გარეშე მტრის წინააღმდეგ. ეს გარემოება იქ მოახდენს ცუდ შთაბეჭდილებას, განსაკუთრებით სომხეთში. ისინი იფიქრებენ, რომ ჩვენ არ ძალგვიძს დახმარება მივსცეთ ჩვენთან მეგობრულათ განწყობილ ელემენტებს.
ჯარების გაყვანა პოლიტიკური მოსაზრებით ხდება თუ სამხედროთი, არ არის გამორკვეული, მაგრამ არ შეიძლება ვიფიქროთ, რომ ამ ზომის მიღება გამომდინარეობდეს ადგილობრივი სამხედრო, ან სამოქალაქო მმართველობისაგან. ზოგიერთი არა კეთილი კრიტიკოსები ამ ზომას ხატავენ, როგორც მუშათა პარტიის (ბოლშევიკური) სურვილების დაკმაყოფილებულ ზომათ, იმ მუშათა პარტიის, რომელსაც ბათუმი რუსეთი ჰგონია. მაგრამ ჯერ კიდევ საკითხია, დაკმაყოფილდება თუ არა მუშათა პარტია იმ ფაქტით, რომ სომხეთის რესპუბლიკა ახლა უფრო გაცალკევებულია, ვინემ ოდესმე“.