ნოე ჟორდანიას მოხსენება ბოლშევიკების შესახებ

გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1920 წლის 2 აპრილი, N74

ნოე ჟორდანიას 1920 წლის 25 მარტიმოხსენება

ბალშევიკების დამოკიდებულება ჩვენთან

პრინციპიალურად ბალშევიკები სცნობენ ერთა თვით გამორკვევას, მაგრამ პრაქტიკულათ დღევანდლამდის მათი დამოკიდებულება ჩვენთან ისეთია, როგორიც იყო მოხალისეების მხრივ, როგორც მოხალისენი არ გვცნობდენ, არც ბალშევიკებს აქვთ სურვილი გვიცნონ. თქვენ ალბათ, ადევნებდით თვალ-ყურს იმ ნოტებს, რომელთა გაცვლა მოხდა ჩვენსა და საბჭოთა მთავრობას შორის. თქვენ, ალბათ, გაეცნობოდით ჩიჩერინის ნოტას.

მთელი ტონი, წერის მანერა პოლემიკურია. აქედან სჩანს, რომ მათ, როგორც წინეთ არ სურდათ მენშევიკებთან მეგობრული კავშირი დაეკავებინათ, არც დღეს სურთ. ამას თუ მივიღებთ მხედველობაში, მაშინ ბალშევიკების ფრონტი ჩვენთვის დიდათ საშიშო ფრონტია. თქვენ იცით, რომ, როცა ბალშევიკები დენიკინს ებრძოდენ, არმიას მოუწოდებდენ შავი გენერლების, ძველი რუსეთის მოტრფიალეთა წინააღმდეგ საბრძოლველად. დღეს, როდესაც დენიკინი აღარ არსებობს, მათ ასეთი მოწოდება არ გამოადგებათ. მათ უნდა მონახონ სხვა ლოზუნგი და ეს ლოზუნგი შეიძლება იყოს მხოლოდ ერთათ ერთი ლოზუნგი დაპყრობის, აშკარა იმპერიალისტური.

ჩვენი დამოკიდებულება ბალშევიკებთან

ჩვენ მათ, ბალშევიკების მოქმედებას არ ვიზიარებდით, მაგრამ ჩვენ დღიდან მათ მიერ ძალა-უფლების დაპყრობისა ვამბობდით, რომ ჩვენ ვართ წინააღმდეგი რუსეთის სამოქალაქო ომში ჩარევის და როცა ევროპა მოხალისეებს ეხმარებოდა, ჩვენ ამის წინააღმდეგი ვიყავით და ამ დახმარებაში არავითარი მონაწილეობა არ მიგვიღია. და თუ ახლა სამოქალაქო ომი რუსეთში გათავდება, და საბჭოთა რუსეთს ნორმალურ განვითარების საშუალება მიეცა – ეს ჩვენთვის სასიამოვნო და სასიხარულო მოვლენა იქნება. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ როცა იქ შეუდგებიან ეკონომიური ცხოვრების მოწესრიგებისა, მაშინ ბალშევიკები გააკეთებენ იმას, რაც ჩვენ გავაკეთეთ. სხვანაირად ისინი ვერ მოიქცევიან, სხვა გზა მათ არა აქვთ, თუ კი, რასაკვირველია, მათ სურთ ძალაუფლება შეინარჩუნონ.