ოპოზიციური პარტიები უცხო ქვეყნების მთავრობებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავენ

22 პოლიტიკური პარტია და ერთი დამოუკიდებელი დეპუტატი უცხო ქვეყნების მთავრობებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავენ და კორონავირუსის პანდემიის ფონზე შექმნილი ეკონომიკური პრობლემების პირობებში, საქართველოს ხელისუფლებას საერთშორისო ფინანსური მხარდაჭერის მოპოვების „მცდელობაში“ სრულ მხარდაჭერას უცხადებენ.

ოპოზიციური პარტიების მიმართვის ადრესატები არიან: აშშ-ის მთავრობა, დიდი ბრიტანეთის მთავრობა, კანადის მთავრობა, ნორვეგიის მთავრობა, შვეიცარიის მთავრობა, ევროკავშირი, მსოფლიო ბანკი, სავალუტო ფონდი, ევროპის განვითარების ბანკი, EBRD, ევროპის საინვესტიციო ბანკი, Development Bank, აზიის განვითარების ბანკი, JICA.

3 აპრილს გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში ოპოზიციური პარტიები განმარტავენ, რომ „კორონავირუსმა მსოფლიო და საქართველო, მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დააყენა და ბევრი ადამიანის სიცოცხლე რეალური საფრთხის წინაშეა“. „ამ გამოწვევის დასაძლევად საჭირო გახდა და გადაიდგა ნაბიჯები, რომლებმაც უმძიმესი დარტყმა მიაყენეს ეკონომიკას. ეს ვითარება შესაძლოა კიდევ დამძიმდეს“, – დასძენენ ისინი.

„მიღებული ზიანის მასშტაბი ჯერ კიდევ რთულად გათვლადია, თუმცა ცხადია, რომ ზიანი დიდი იქნება.  ეკონომიკური კრიზისი, ასევე, საფრთხეს შეუქმნის ქვეყნის მყიფე დემოკრატიას, რომელმაც მიმდინარე წელს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე, მნიშვნელოვან გამოცდას უნდა გაუძლოს“, – აცხადებენ ისინი.

მათივე შეფასებით, „ჩვენი ქვეყნის საერთო და სასიცოცხლო ინტერესია, მიიღოს ის საერთაშორისო დახმარება, რომელიც ქვეყნის ხელისუფლებას, როგორც დღევანდელს, ასევე არჩევნების შემდგომ ქართველი ხალხის პოლიტიკური ნების შესაბამისად ფორმირებულ მთავრობას, მისცემს მძიმე ეკონომიკური და სოციალური კრიზისის დაძლევის შესაძლებლობას“.

ოპოზიციური პარტიები ხაზს უსვამენ, რომ მიუხედავად კრიზისისა და ხელისუფლებასთან „ფუნდამენტური“ განსხვავებებისა, ისინი საკონსტიტუციო და საარჩევნო რეფორმის განხორციელების, ასევე პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების ნაწილში ხელისუფლებას მხრიდან აღებული ვალდებულებების შესრულებას ელოდებიან და „ქვეყანაში დღეს შექმნილ ვითარებას, დემოკრატიის გაძლიერების, საერთო ეროვნული კრიზისის ფონზე, მრავალპარტიული თანამშრომლობის, ხელისუფლებისა და ოპოზიციის ერთიანი პოზიციის დაფიქსირების შესაძლებლობად“ განიხილავენ.

„კერძოდ, პოლიტიკურ ძალებს შორის, სრული კონსესუსი არსებობს იმაზე, რომ ჩვენი სტრატეგიული მეგობრებისა და საერთაშორისო ორგანიზაციებისგან, საქართველოს ეკონომიკას, მნიშვნელოვანი ზომის პირდაპირი ფინანსური ინექცია სჭირდება, რათა პანდემიის მიმდინარეობისას საქართველომ შეინარჩუნოს ეკონომიკური წონასწორობა, ხოლო პანდემიის დასრულების შემდეგ ეკონომიკა გადავარჩინოთ“, – აცხადებენ ოპოზიციური პარტიები.

საერთო მიმართვას ხელს შემდეგი ოპოზიციური პარტიები აწერენ:

  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობა;
  • ევროპული საქართველო;
  • ახალი საქართველო;
  • რესპუბლიკური პარტია;
  • სამოქალაქო მოძრაობა;
  • თავისუფალი საქართველო;
  • გირჩი;
  • ევროპელი დემოკრატები;
  • პარტია სამართლიანობისთვის;
  • მოძრაობა ახალი საქართველოსთვის;
  • გამარჯვებული საქართველოსთვის;
  • კანონი და სამართალი;
  • თავისუფალი დემოკრატები;
  • საქართველოს პარლამენტართა საზოგადოება;
  • დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველო;
  • ემსახურე საქართველოს;
  • სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის;
  • საქართველო ლიდერთა შორის;
  • ეროვნულ-დემოკრატიული პარტია;
  • მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის;
  • ქრისტიან-კონსერვატიული პარტია;
  • ლელო საქართველოსთვის;
  • ნატო ჩხეიძე – დამოუკიდებელი დეპუტატი.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)