უზენაესმა სასამართლომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე აირჩია
არასამთავრობო ორგანიზაციების მოწოდების მიუხედავად, რომ საგანგებო მდგომარეობის პირობებში, უზენაეს სასამართლოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის შერჩევის პროცესი შეეჩერებინა, უზენაეს სასამართლოში დღეს გამართულ პლენუმის სხდომაზე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობაზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის პალატის მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილი აირჩიეს. იგი უფლებამოსილებას ფიცის დადების შემდეგ შეუდგება.
- არასამთავრობოებისთვის არსებულ პირობებში საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის დანიშვნა „დაუშვებელია“
- საია უზენაესი სასამართლოს პლენუმს დღევანდელი სხდომის გადადებისკენ მოუწოდებს
უზენაესი სასამართლოს ინფორმაციით, პლენუმის დღევანდელ სხდომას, რომელიც 15:00 საათზე იყო ჩანიშნული, მოსამართლეთა 24 კაციანი შემადგენლობის უმრავლესობა ესწრებოდა და ხვიჩა კიკილაშვილის კანდიდატურა პლენუმს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ნინო ქადაგიძემ წარუდგინა. ამავე ინფორმაციით, ხვიჩა კიკილაშვილის კანდიდატურას მხარი პლენუმზე დამსწრე მოსამართლეებმა ერთხმად დაუჭირეს.
უზენაესი სასამართლოს ინფორმაციით, ნინო ქადაგიძემ დეტალურად დაასაბუთა, თუ რატომ იყო მხარდაჭერილი და პლენუმის წინაშე წარდგენილი მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილის კანდიდატურა და განაცხადა, რომ ეს არის კანონით გათვალისწინებული ვალდებულება, უზენაეს სასამართლოს კვოტით საკონსტიტუციო სასამართლოში წარმოდგენილი ჰყავდეს „ღირსეული კანდიდატი“.
ამავე ინფორმაციის თანახმად, ნინო ქადაგიძემ ხვიჩა კიკილაშვილის პროფესიულ კეთილსინდისიერბას 14 წლიან სასამართლო გამოცდილებას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ „იგი არ ასოცირდება არცერთ ჯგუფთან სასამართლო სისტემაში და უხმაუროდ, კეთილსინდისიერად ასრულებს თავის მოვალეობას“.
საკონსტიტუციო სასამართლოში მოსამართლის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც 2019 წლის დეკემბერში მოსამართლე მაია კოპალეიშვილს უფლებამოსილების ვადა ამოეწურა.
დღეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს და უზენეს სასამართლოს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე, საკონსტიტუციო სასამართლოს ვაკანტურ პოზიციაზე მოსამართლის შერჩევის პროცესის შეჩერებისკენ მოუწოდა. მანამდე, 31 მარტს, იდენტური მოწოდებით უზენაეს სასამართლოს არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამაც“ (საია) მიმართა.
საკონსტიტუციო სასამართლოში ვაკანტური ადგილის შესავსებად უზენაესი სასამართლოს პლენუმის სხდომა 31 მარტსაც იყო ჩანიშნული, თუმცა, მოგვიანებით, უზენაესმა სასამართლომ განცხადება გაავრცელა და განმარტა, რომ სხდომა ტექნიკური ხარვეზის გამო გადაიდო.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)