დამფუძნებელი კრების დამატებით არჩევნებს აფხაზთა ნაწილმა ბოიკოტი გამოუცხადა
საქართველო, 1920 წლის 9 აპრილი, N75
არჩევნები აფხაზეთში
[დამფუძნებელი კრების ძირითადი არჩევნები 1919 წლის 14-16 თებერვალს გაიმართა. თუმცა სამხედრო, პოლიტიკური და კლიმატური პირობების გამო არჩევნები გადაიდო ცალკეულ მაზრებსა და ოლქებში. სამხედრო კონფლიქტის გამო არჩევნები გადაიდო ახალციხისა და ახალქალაქის მაზრებში და ასევე ბორჩალოს მაზრის ნაწილში. დიდთოვლობის გამო არჩევნები გადაიდო საქართველოს მაღალმთიან დასახლებებში – ლეჩხუმის მაზრის სასოფლო თემებში, დუშეთისა და თიანეთის მაზრის მთიან ნაწილში. არჩევნები გადაიდო სოხუმის ოლქში, სადაც 1919 წლის თებერვალში ადგილობრივი ავტონომიური წარმომადგენლობითი ორგანოს არჩევნები იყო დანიშნული. დამფუძნებელი კრების არჩევნები არ გამართულა ბრიტანელების მიერ ოკუპირებულ ბათუმის ოლქსა და აზერბაიჯანთან სადაო ზაქათალის ოლქში. პირველი დამატებითი არჩევნები გაიმართა 1919 წლის აგვისტოში. ხოლო მეორე დამატებითი არჩევნები ძირითადად სოხუმის ოლქში გაიმართა 1920 წლის გაზაფხულზე. – რესპუბლიკა 100-ის სარედაქციო შენიშვნა]
მეტად სამწუხაროდ დამთავრდა აფხაზეთში დამფუძნებელი კრების არჩევნები: ამომრჩევლების დიდმა უმრავლესობამ ბოიკოტი გამოუცხადა! სამწუხარო უფრო ის არის, რომ საარჩევნო ყუთებთან სწორედ აფხაზები არ მისულან.
უეჭველია საქართველოს მტრები ამ მოვლენას თავისებურად გამოიყენებენ. ჩვენი მოწინააღმდეგენი განგაშს ასტეხენ: დახეთ როგორი თვალსაჩინო დემონსტრაცია მოახდინეს აფხაზებმა საქართველოს წინააღმდეგ და ერთხელ კიდევ დაამტკიცეს, რომ მათ საერთო არაფერი აქვთ საქართველოს სახელმწიფოსთან!
მართალია ეს?
საქართველოს მტრებმა უნდა იცოდენ ნამდვილი მიზეზი აფხაზთა ბოიკოტისა და თუ მიუხედავად ამისა მაინც დაჟინებით ავრცელებენ ყალბ ცნობებს აფხაზეთ-საქართველოს ურთიერთობის შესახებ, მხოლოდ იმიტომ, რომ საერთაშორისო სფეროში ერთხელ კიდევ შეჰქმნან საქართველოს საწინააღმდეგო აზრი.
სწორედ არჩევნების წინ მთელს აფხაზეთში დიდი კრებები იმართებოდა მკვიდრი მოსახლეობისა, სადაც თვით აფხაზები მკაცრ პროტესტს აცხადებდნენ ბათუმის საკითხის გადაწყვეტის გამო და მოითხოვდნენ მთელი სამაჰმადიანო საქართველოს შემოერთებას საქართველოს საზღვრებში. შესაძლებელია ასეთი რეზოლუციების მიღება, რომ აფხაზები ისე არ ეპყრობოდნენ საქართველოს, როგორც თავის სამშობლოს, საკუთარ სახელმწიფოს?
აფხაზეთის არჩევნებში ჩვენ, მართალია, ვხედავთ დიდს დემონსტრაციას, მაგრამ არა საქართველოს წინააღმდეგ მიმართულს. აქ ჩვენს წინ გადიშალა ერთგვარი შედეგი იმ წესებისა, რომელიც გამეფებული იყო აფხაზეთში მმართველი პარტიის აგენტების მიერ. არა ერთხელ მიგვიქცევია მთავრობის ყურადღება ზოგიერთ სოციალ-დემოკრატის შეუსაბამო მოქმედებისათვის ამ განაპირა კუთხეში და რჩევაც მიგვიცია, რომ ძირიანად შეცვლილიყო აფხაზეთში პოლიტიკა მთავრობის სახელით მოქმედ პირებისა და დაწესებულებებისა.
არ შეიძლება ერთის შაბლონით შესევა საქართველოს ყველა მხარეში; ყოვლად დასაგმობია ჩვეული პოლიტიკის წარმოება იმ ადგილებში, სადაც ჯერაც მტკიცედ დაცულია მამა პაპათა ზნე და ადათები და სადაც ხალხი თხოულობს ხელისუფლების განმტკიცებას, სახელმწიფოებრივ მოქმედებას, ხოლო უნდობლათ ეპყრობა მაწანწალა მოლაყბეებს სახელმწიფო აღმშენებლობაში გამოცდილებასა და უნარს მოკლებულთ.
აფხაზების ტაქტიკას დამფუძნებელი კრების არჩევნებში ჩვენ არ ვამართლებთ: რესპუბლიკა დღეს ისეთ გაჭირვებულ მდგომაროებაშია, რომ ბრძანებლობით მოითხოვს ყველი შეგნებული მოქალაქისაგან ლოიალობას და პატრიოტობას! დღევანდელს პირობებში პილატესებრ ხელის დაბანა უსაზღვრო დანაშაულად ჩასათვლელია ერისა და სახელმწიფოს წინაშე. ჩვენ მოვალენი ვართ მთელი ჩვენი ძალა და ენერგია სამშობლოს გამაგრებასა და დაცვას შევალიოთ. „ანგარიშის“ გასწორებას შემდგომაც მოვასწრებთ.
ამ თვალსაზრისით ჩვენ არ ვიზიარებთ აფხაზთა, ასე ვთქვათ, განდგომას თუმცა კი ვგრძნობთ იმ მოტივებს, რომელთაც უკარნახეს მათ ბოიკოტის ტაქტიკა.
ყოველს შემთხვევაში საქართველოს მტრები ნაადრევად მიეცნენ სიხარულს : აფხაზეთი დღესაც ერთგულია საქართველოისა და მის ინტერესების ხარჯთაღრიცხვიდან არც შემდეგში აღმოირიცხება.