ევროპა კორონავირუსის ღრუბელქვეშ

შაბათი მშვიდობისა, კიდევ ერთი მზიანი დღე თენდება ვირუსით მოტანილი ზომების ღრუბელქვეშ. დღეს გადავწყვიტეთ, ევროპის ქვეყნებს ჩამოვურბინოთ და ვნახოთ ვის რა ულხინს და რა ადარდებს:

ჩრდილოეთ ევროპა

მიმოხილვა ჩრდილოეთიდან დავიწყოთ: ბრიტანეთში გარდაცვლილთა რაოდენობა იზრდება, მხოლოდ გუშინ 980 კაცი ემსხვერპლა ვირუსს. ბრიტანეთის მთავრობის მრჩეველის თქმით, მეცნიერები იწყებენ კარანტინიდან გამოსვლის გეგმებზე ფიქრს, რომლებსაც “ასაკი და გეოგრაფია განაპირობებს”, კერძოდ კი ახალგაზრდები ალბათ პირველი დატოვებენო კარანტინს. მთავრობა ჯერ ასეთს არაფერს გეგმავს, სანამ პრემიერი ჯონსონი საავადმყოფოში რჩება, საქმეებს საგარეო მდივანი დომინიკ რააბი უძღვება.

ირლანდიის პრემიერი ლეო ვარადკარი პროფესიით სულაც ექიმია და თავის კოლეგებთან ერთადაა ვირუსთან ბრძოლის წინა ხაზზე. ქვეყანამ 24 მარტს მიიღო დაავადებასთან ბრძოლის გადამწყვეტი ზომები.

დადასტურებული ინფექციების რიცხვი 10 აპრილის მდგომარეობით

ჰელსინკი იმაზე ღელავს, რომ სოფლის მეურნეობაში მუშახელი მოაკლდებათ, რადგან როგორც წესი ნადზე ხალხი დანარჩენი ევროპიდან და რუსეთიდან შემოდის.

შვედეთი, რომელიც ხალხის სახლში შეკეტვას ერიდება, მოქალაქეებს მობილური ტელეფონის მიხედვით აკონტროლებდა და დაასკვნა, ნამეტანი უპასუხისმგებლოდ იქცევიანო. მთავრობა კონტროლის გამკაცრებას გეგმავს.
დანიის მთავრობამ განაცხადა, რომ კომპანიებს ხელფასების 75%-ს დაუფარავს იმ პირობით, რომ თანამშრობლებს არ დაითხოვენ. ამ კვირაძალს დანია კარანტინის შემსუბუქებას აპირებს.

ნორვეგია, რომელმაც კარნტინი ერთ-ერთმა პირველმა გამოაცხადა, სკოლებისა და უნივერსიტეტების გახსნას 27 აპრილიდან გეგმავს.
რეიკიავიკი – ისლანდიაში რესტორნები და მაღაზიები კვლავაც ღიაა, ქვეყანაში ტურისტების შესვლაც დაშვებულია, კარანტინის გარეშე.

ბალტიის ქვეყნებსაც შევხედოთ: ესტონეთში საგანგებო მდგომარეობა 12 მარტს გამოცხადდა, მაგრამ მთავრობამ დამატებითი შეზღუდვები 25 მარტს გამოაცხადა, მოქალაქეებს ორმეტრიანი დისტანციის დაცვა ევალებათ და ორზე მეტი კაცის შეკრება იკრძალება.

ლატვიაში საგანგებო ზომები 13 მარტიდანაა ძალაში და 14 აპრილამდე გასტანს. ყველა საგანმანათლებლო დაწესებულება დახურილია, 17 მარტიდან კი თითქმის ყველა უცხოელის შემოსვლაც აუკრძალა.

ვილნიუსი შფოთავს, რომ მეზობელი ბელარუსის უპასუხისმგებლობა ვირუსის გავრცელებას ხელს შეუწყობს და საზღვრის მთლიანად ჩაკეტვით დაემუქრა. ლიტვაში კარანტინია გამოცხადებული 16 მარტს კი პოლონეთთან და ლატვიასთანაც გაამკაცრა სასაზღვრო მიმოსვლა.

დასავლეთ ევროპა

გერმანია კარანტინის ზომების შემდგომ გამკაცრებას არ აპირებს და კანცლერ მერკელის თქმით, “ფრთხილი იმედით” შესცქერის მომავალს. მერკელმა მოქალაქეებს მოუწოდა “უსაფრთხოების ყალბი შეგრძნებას ნუ შევიქმნითო” და აღდგომის დღესასწაულებზე ყურადღებით მოვექცეთ აკრძალვების შესრულებასო. თუ ყველაფერი კარგად იქნა, გერმანია 15 აპრილიდან აპირებს შეამსუბუქოს შეზღუდვები.

საფრანგეთში ვირუსისაგან უკვე 13 ათასამდე ადამიანი გარდაიცვალა და ეკონომიკის მინისტრის თქმით, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე სერიოზულ რეცესიას მოელიან.

ბელგიაში ექსპერტთა ჯგუფი შეყარეს შეზღუდვების შესამსუბუქებელი გეგმის შესამუშავებლად.

ავსტრიის წითელმა ჯვარმა სატელეფონო აპლიკაცია შექმნა, რომელიც მოქალაქეებს საშუალებას აძლევს თავისი კონტაქტები დაარეგისტრირონ და დაავადების შემთხვევაში თანამოსაუბრეებს შესაძლო საფრთხის შესახებ შეატყობინონ.

შვეიცარიაში საგანგებო მდგომარეობა 16 მარტს გამოცხადა და 19 აპრილამდე გასტანს. სასაზღვრო კონტროლი გამკაცრებულია გერმანიას, სარანგეთთან და ავსტრიასთან. არმიამ ოთხი სამედიცინო ბატალიონი გამოიყვანა ადგილობრივი მმართველობის დასახმარებლად.

სამხრეთ ევროპა

იტალიაში მიმდინარე შეზღუდვებს ვადა 13 აპრილს გასდის და მთავრობა მათი უმრავლესობის შენარჩუნებას ვარაუდობს, თუმცაღა ბიზნესის ნაწილს საქმიანობის განახლების უფლება მიეცემათ, 4 მაისიდან კი კარანტინის ზომების შემსუბუქებაც იგეგმება, თუკი ინფექციის ახალი აფეთქება არ მოხდა.

ესპანეთში აპირებენ მეტროსა და სარკინიგზო სადგურებში დამცავი ნიღბების გაცემა დაიწყონ, რადგანაც მოსამსახურეების ნაწილი სამუშაო ადგილებს დაუბრუნდება. კრიზისული ვითარების შემდეგ ყოველდღიური გარდაცვალებების რიცხვმა 9 აპრილიდან შემცირება დაიწყო და ჯანდაცვის მინისტრმა ვითარების სტაბილიზება ხდებაო, განაცხადა. პარლამენტი ამასობაში საგანგებო ზომების გახანგრძლივებას გეგმავს.

პორტუგალიაში უკვე 32 ათასმა კომპანიამ გამოიყენა მთავრობის მხარდაჭერის პროგრამა, იმის სანაცვლოდ, რომ მოსამსახურეების გათავისუფლება აერიდებინათ თავიდან.

ათენში 9 აპრილისთვის 1884 შემთხვევა იყო და 83 ადამიანი გარდაიცვალა. ქვეყნის პროფკავშირები მთავრობისგან მოსამსახურეების უკეთ დაცვას მოითხოვენ, რადგან ამჟამინდელი წესებით მათ მოსამსახურეების მხოლოდ ნახევრის შენარჩუნება ევალებათ და თან შეუძლიათ მათ ხელფასის მხოლოდ ნახევარი გადაუხადონ.

კვიპროსზე 21 მარტიდან 14 დღით აეროპორტები დაიხურა, ყველა საწარმო და ბიზნესი დაიხურა.

მალტამ 9 აპრილს განაცხადა, რომ ვირუსის გამო მიგრანტების ზღვაში გადარჩენას და მათ მიღებას ვერ შეძლებს. 20 მარტიდან საჰაერო სივრცე დაიხურა.

თავად ვატიკანში ვირუსით დაავადების 5 შემთხვევა დაფიქსირდა, რომში ორი მონასტერი კარანტინშია, მას შემდეგ რაც 59 მონაზონს დაუდგინდა ახალი ვირუსი. პაპი ფრანცისკე სააღდგომო წირვას მრევლის გარეშე ჩაატარებს.

ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპა

ვარშავაში გუშინ განაცხადეს ჰიგიენის ეროვნულმა ინსტიტუტმა “100%-ით ეფექტური” ტესტი შექმნესო. ამასობაში მთავრობამ 2.5 მილიარდიანი ანტიკრისისული სტიმული გამოაცხადა, რაც წინა კვირის 45 მილიარდიან პაკეტს დაემატება. ამ ფონდებით უკვე 340 ათასმა მეწარმემ ისარგებლა. 24 მარტიდან პრემიერმა მორავიეცკიმ გადაადგილების შეზღუდვები კიდევ უფრო გაამკაცრა. რელიგიური შეკრებებზე 5 კაცზე მეტი არ უნდა იყოს.

უნგრეთის პრემიერ ორბანის თქმით ქვეყანას მეტი სასუნთქი აპარატი და სარეანიმაციო ბოქსი სჭირდება. მისი თქმით, ქვეყანას რთული დღეები ჯერაც წინა აქვს და ამიტომაც გადაადგილებაზე შეზღუდვებს უვადოდ გავაგრძელებთო.

პრაღაში პარლამენტმა საგანგებო მდგომარეობა 30 აპრილამდე გააგრძელა. ჩეხეთმა ამასობაში ექვსი პაციენტი მიიღო საფრანგეთიდან და თუ ქვეყანაში ინფექცია მეტად არ გავრცელდა შემდეგი კვირიდან შეიძლება შეზღუდვების ნაწილი შეამსუბუქონ.

სლოვაკეთში რეგიონებს შორის გადაადგილება შეზღუდეს, არმია და პოლიცია მანქანებს აჩერებდა, რამაც ქვეყანაში სატრანსპორტო კოლაფსი და მოქალაქეთა უმაყოფილება გამოიწვია. ამას იმიტომ ვაკეთებთ, რომ ხალხი აღდგომის დღესასწაულებზე თავიანთ ოჯახებთან არ წავიდეს და ვირუსი არ გაავრცელოსო, უთქვამს მთავრობას.

ბალკანეთი

ხორვატიაში 9 აპრილს სასოფლო-სამეურნეო ბაზრები გაიხსნა, ოღონდ ჰიგიენისა და დისტანცირების დამატებითი ზომების დაცვით. სულ ქვეყანაში 1407 შემთხვევა და 20 გარდაცვალება დაფიქსირდა. მთავრობას იმედი აქვს რომ დროულად მიღებული ზომების გამო ვირუსის გავრცელება შეფერხდა.

ბულგარეთის პრემიერმა ბორისოვმა ევროკომისია გააკრიტიკა – ჩვენს სეზონურ მშრომელებს ავსტრიაში მოსავლის მოსაკრეფად გამგზავრებას უადვილებს და იქედან ვირუსს ჩამოგვიტანენო.

რუმინეთში ეპიდემიის პიკს 20-25 აპრილის შუალედში ვარაუდობენ. ჯანდაცვის მინისტრს 10 აპრილს უთქვამს, დაავადებების რიცხვის შემცირება მაისის შუიდან დაიწყებაო. სასოფლო-სამეურნეო ბაზრები აქაც ღიაა, ოღონდ დისტანცირების დაცვით და საგანგებო ჰიგიენური ზომებით.

სლოვენიაში იმედოვნებენ, რომ პანდემიის პიკი ახლოსაა და შვებით ამოისუნთქეს იტალიური სცენარი თავიდან ავიცილეთო. მომავალი კვირიდან შეზღუდვების შემსუბუქებას ვარაუდობენ.

სერბეთში საგარეო მინისტრ დაჩიჩს უთქვამს, ევროკავშირის მადლიერი ვართ, მაგრამ მეტსმოველოდითო. ამასობაში რუსი გენერალ-მაიორი მიხეილ ჩენიშოვის თქმით, სერბეთში რუსმა სამხედროებმა ქალაქების ქუჩებისა და მოედნების მასიური დეზინფექცია ჩაატარეს.

ბოსნია-ჰერცეგოვინაში პარლამენტი პანდემიის ვითარებაში ვირტუალურად შეიკრიბა, თუმცა წლის ბიუჯეტის მიღება კვლავაც ვერ მოახერხეს. საზოგადოებრივი შეკრების ადგილები, კაფეები, ბარები, რესტორნები და მისთანანი დახურულია.

ჩრდილო მაკედონიაში კომენდანტის 22 მარტიდან კომენდანტის საათი მოქმედებს 21:00-დან 6:00 საათამდე.