სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს 20-21 ივნისის საქმეზე 5 წლიანი პატიმრობა შეუფარდა
ოპოზიციური მოძრაობა „გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს ირაკლი ოქრუაშვილს 13 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის საქმეზე 5 წლიანი პატიმრობა შეუფარდა. ბრალდება მას „ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას“ ედავებოდა.
ოპოზიციის განმარტებით, „პოლიტპატიმრების“ გათავისუფლების საკითხი, მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის საარჩევნო სისტემაზე მიღწეული შეთანხმების ერთ-ერთი წინაპირობა იყო. მათ 9 მარტს ერთობლივი განცხადებაც გამოაქვეყნეს და საქართველოს პრეზიდენტს და ყველა სახელმწიფო ინსტიტუტს მოუწოდეს, რომ „პოლიტპატიმრების“ დროულად გათავისუფლებისთვის, „მათ ხელთ არსებული [ყველა] ლეგიტიმური ინსტრუმენტი“ გამოიყენონ.
საქალაქო სასამართლომ 20-21 ივნისს რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციის დროს ირაკლი ოქრუაშვილი ჯგუფური მოქმედებების ხელმძღვანელობის ბრალდებაში გაამართლა და მას გამამტყუნებელი განაჩენი მხოლოდ „ჯგუფურ მოქმედებებში მონაწილეობისთვის“ გამოუტანა.
პირველი ინსტანციის სასამართლოსვე განმარტებით, „ჯგუფურ მოქმედებებს“ თან ახლდა „ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, იარაღის გამოყენებით ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა და მათზე თავდასხმა“.
საქმის პროკურორის ვაჟა თოდუას განმარტებით, ბრალდება საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩვრებს.
პოლიტიკური შეფასებები
ოქრუაშვილისთვის პატიმრობის შეფარდებას პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა. ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანის ირაკლი კობახიძის განმარტებით, „აშკარა იყო პარლამენტში შეჭრის მცდელობა, რაც არის ძალიან მძიმე დანაშაული“. მისივე შეფასებით, სასამართლომ გადაწყვეტილება სწორედ „ამ ნათელი ფაქტის გათვალისწინებით“ მიიღო და „აქ კითხვის ნიშნები ობიექტურად არ არსებობს“.
საწინააღმდეგოს ამბობენ ოპოზიციაში. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის გრიგოლ ვაშაძის შეფასებით, ქართული ოცნება პანდემიით გამოწვეული ვითარებით სარგებლობას და მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორს მიღწეული შეთანხმების დარღვევას ცდილობს. „
„ეს ისე არ ჩაივლის, არც ოპოზიციის და არც იმ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და საელჩოების ხელმძღვანელების მხრიდან, რომლებმაც, ფაქტიურად, თავის რეპუტაციაზე იტვირთეს შეთანხმების ორივე ნაწილის [საარჩევნო სისტემის ცვლილება და „პოლიტიკური პატიმრების“ გათავისუფლება] შეთანხმება. მორჩება ეს პანდემია და ყველა პოლიტპატიმარი უნდა იყოს გარეთ“, – თქვა გრიგოლ ვაშაძემ.
ევროპული საქართველოს დეპუტატის ელენე ხოშტარიას განმარტებით, კი „ეს არის არა სასამართლო, არამედ პოლიტიკური გადაწყვეტილება“. იგი 20 ივნისის „ძალადობაზე“ სრულ პასუხისმგბელობას სახელმწიფოს აკისრებს და ამბობს, რომ საქმეზე გასამართლებულები უნდა იყვნენ „პოლიციელები, ბრძანების გამცემები და არა პირიქით“. „ეს არის უტიფარი პოლიტიკური გადაწყვეტილება“, – დასძინა მანვე. ხოშტარიას განმარტებით, პოლიტიკური პროცესების ნორმალიზაციისთვის, რაშიც „ძალიან დიდი რესურსი ჩაიდო“, აუცილებელია, რომ „პოლიტიკური პატიმრები გამოვიდნენ გარეთ“.
მედიასთან სასამართლოს გადაწყვეტილება ირაკლი ოქრუაშვილის თანაგუნდელმა გურამ ჩალაგაშვილმაც გააკეთა და თქვა, რომ ოქრუაშვილს 5 წელი მხოლოდ იმისთვის მიესაჯა, რომ რომ იგი სხვა 40 000 ადამიანის მსგავსად, 20 ივნისის აქციაში მონაწილეობდა. „საბოლოო ჯამში ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ როგორც ეს კორონავირუსი გადაივლის, ხელისუფლებას მოუწევს უკან დახევა“, – ხაზი გაუსვა ჩალაგაშვილმა.
20-21 ივნისის საპროტესტო აქციის დარბევის დროს, სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების საქმეზე, ჯამში, სულ სამი სამართალდამცველი იყო დაკავებული და ამ მომენტისთვის სამივე მათგანი თავისუფალია. სასამართლომ ისინი, სხვადასხვა პერიოდში, გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
აშშ-ის საელჩოს განცხადება
აშშ-ის საელჩომ 14 აპრილს განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ „ირაკლი ოქრუაშვილის დაპატიმრების დრომ და გარემოებამ გამოიწვია შეშფოთება პოლიტიკურ ჩარევასა და შერჩევითი სამართლის გამოყენებასთან დაკავშირებით“.
„ეს საქმე ჩრდილს აყენებს სამართალწარმოების მიუკერძოებლობას – საკითხს, რომლის ირგვლივ არსებული შეშფოთების გაქარწყლებას ემსახურებოდა 8 მარტის ერთობლივი განცხადება“, – ნათქვამია განცხადებაში.
„ჩვენ მოვუწოდებთ ყველა ხელმომწერმხარეს, სრულად დაიცვან 8 მარტის შეთანხმება“, – განაცხადა აშშ-ის საელჩომ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)