რესპუბლიკის მთავრობამ ეროვნული სამხატვრო გალერეა დაარსა
გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1920 წლის 16 აპრილი, N83
[საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის მიერ დაარსებული ეროვნული სამხატვრო გალერეის პირველ ხელმძღვანელად ცნობილი მხატვარი დიმიტრი შევარდნაძე დაინიშნა. რესპუბლიკა 100-ის სარედაქციო შენიშვნა].დებულება
საქართველოს ეროვნული სამხატვრო გალერეისათვის
1. ქ. ტფილისში არსდება ეროვნული სამხატვრო გალერეა.
2. სამხატვრო გალერეის მიზანს შეადგენს შეგროვება და დაცვა მხატვრობისა და ქანდაკების ნაწარმოებთა, უმთავრესად ქართველისა და საქართველოს მოსაზღვრე ხალხთა ხელოვნებისა, როგორც ძველისა ისე ახლისა.
3. გალერეისათვის არსებობს წიგნთ-საცავი, სადაც გროვდება ხელოვნებათა შესახებ თხუზულებანი, აგრეთვე ნახატებისა, გრავიურებისა რეპროდუქციების კოლექციები და სამხატვრო ჟურნალები.
4. სამხატვრო გალერეა ექვემდებარება განათლების სამინისტროს.
5. სამხატვრო გალერეას განაგებს საბჭო გალერეის დირექტორის თავმჯდომარეობით გალერეის მართვა-გამგეობისა და სარგებლობისათვის განსაკუთრებული წესდების თანახმად.
6. გალერეის დირექტორს და სხვა თანამდებობის პირთ დირექტორის მიერ წარდგენით დანიშნავს განათლების მინისტრი.
7. დირექტორი გალერეის უახლოესი გამგეა, რომელსაც დაევალება: 1. საადმინისტრაციო და სამეურნეო-საოჯახო საქმეთა გამგებლობა და მათი მოსამსახურე პირთა შორის განაწილება; 2. გარეშე დაწესებულებათა და პირებთან ურთიერთობა; 3. გალერეის ერთ-ერთი ნაწილის გამგებლობა თავისი სპეციალობის მიხედვით.
8. გალერეის საშუალებას შეადგენს: 1. სახელმწიფო ხაზინიდან სახალხო განათლების სამინისტროს განკარგულებაში გადადებული განსაზღვრული თანხა და ბ. სპეციალი თანხა. მუზეუმში შესასვლელი გადასახადი, შემოწირულობანი, კოლექციათა დუბლიკატების გაყიდვით აღებული შემოსავალი.
9. გალერეის სპეციალი თანხა საზოგადო წესით სახალხო განათლების სამინისტროს ნებართვის მიღების შემდგომ დაიხარჯება.
10. გალერეას აქვს სახელმწიფო ღერბიანი საკუთარი ბეჭედი, ღერბის ირგვლივ შემდეგის წარწერით „საქართველოს ეროვნული სამხატვრო გალერეა.
1920 წლის მარტის 30-ს.
დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის ამხანაგი
ექვთიმე თაყაიშვილი
რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე
ნოე ჟორდანია