კომენდანტის საათის მიუხედავად, სააღდგომო ლიტურგია მაინც ჩატარდება
ხელისუფლების წარმომადგენლებსა და საპატრიარქოს შორის ორი დღის წინ გამართული შეხვედრის შემდეგ, დღეს უკვე ცნობილი გახდა, რომ მართლმადიდებლური ეკლესიის მრევლი 18 აპრილს სააღდგომო ლიტურგიაზე დასასწრებად კომენდანტის საათის დაწყებამდე მივა და იქ მის დასრულებამდე დარჩება.
დღეს, საპატრიარქოსთან გამართულ ბრიფინგზე, საპატრიარქოს პრესსპიკერმა ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ მათ მიიღეს „აუცილებელი და საკმარისი პირობები იმისათვის, რომ ამ რთული ვითარების გათვალისწინებით, არ მოხდეს ეკლესიების დახურვა მრევლისთვის და რომ მათ შეძლონ დღესასწაულის აღნიშვნა ტრადიციულად“. მისივე განმარტებით, ლიტურგიისას „გათვალისწინებული იქნება ყველა ის მითითება, რომელიც სახელმწიფოსა და ჯანდაცვის უწყების მხრიდან იქნა საპატრიარქოსთვის მოწოდებული“.
„ჩვენ გადავყწყვიტეთ, რომ მრევლი ტაძარში კომენდანტის საათის დაწყებამდე მივიდეს და მსახურების შემდეგ, ტაძარი დატოვოს დილის 6 საათზე. ეს არის ძალიან შეღავათიანი პირობა ამ რთულ ვითარებაში“, – განმარტა ჯაღმაიძემ და იქვე რისკ ჯგუფში შემავალ მოქალაქეებს ჯანდაცვის უწყების მხრიდან გაცემული რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდა.
ჯაღმაიძისვე თქმით, დიდ ტაძრებში დაცული იქნება ორმეტრიანი დისტანცია, პატარა ტაძრებში კი – მრევლი ეზოში მაქსიმალურად დისტანციის დაცვით განთავსდება. „ზოგიერთ ტაძარს, რომელსაც შესაძლებლობა აქვს, რომ წირვა შეასრულოს დილითაც, უნდა შეასრულოს დილითაც და მრევლს რომელსაც გაუჭირდება ღამის საათებში ტაძარში დიდი ხნით ყოფნა გაუჭირდება, საშუალება ექნება, რომ დილის წირვასაც დაესწროს გადანაწილდება მრევლი და იოლი იქნება ამ დისტანციის შენარჩნება“, – თქვა მანვე.
ჯაღმაიძემ სუფრაზე „ბევრი ხალხის თავმოყრის“ თავიდან აცილების მიზნით, თქვა, რომ სასურველია, თუკი სადღესასწაულო ტრაპეზი არ გაიმართება. მანვე აღდგომის დღესასწაულზე საფლავებზე გასვლის ტრადიციაზეც ისაუბრა და განმარტა, რომ „აღდგომა დღეს სასაფლაოზე გასვლა საეკლესიო კანონიკით გათვალისწინებული ქმედება არ არის“.
დღესვე, ამავე თემაზე სპეციალური ბრიფინგი გაიმართა მთავრობის ადმინისტრაციაშიც. მთავრობის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა განმარტა, რომ ყველა ეკლესიასთან მობილიზებული იქნება პოლიციის ეკიპაჟები, რომლებიც ადგილზე უზურნველყოფენ კომენდანტის საათით გათვალისწინებული ნორმების და სოციალური დისტანციის „განუხრელ დაცვას“.
„დაბეჯითებით მოვუწოდებთ მოქალაქეებს გაითვალისწინონ, რომ ქვეყანაში მოქმედებს საგანგებო მდგომარეობა, რომლის ფარგლებში დაწესებული ე.წ. კომენდანტის საათის დროს, საღამოს 21:00 საათიდან 06:00 საათამდე, იზღუდება ყოველგვარი გადაადგილება. ამ ნორმის დარღვევა კი ფიზიკური პირისთვის ითვალისწინებს 3000 ლარის ოდენობით ჯარიმას, განმეორების შემთხვევაში კი, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას“, – თქვა ჩიქოვანმა.
მანვე განმარტა, რომ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, 17 აპრილიდან 10 დღის ვადით ქალაქებში წესდება შეზღუდვები სასაფლაოებზე.
კოვიდ-19-ის შესახებ დეტალებისთვის ნახეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)