იტალიელი სენატორი საქართველოს შესახებ

გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1920 წლის 18 აპრილი, N85

იტალია და საქართველო

იტალიის გაზეთები ხშირად სწერენ წერილებს საქართველოს შესახებ. განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ საქართველოს და იტალიის შორის საქონლის გაცვლა-გამოცვლას.

გაზეთ „ტრიბუნი“-ს ერთ-ერთ თანამშრომელს უსაუბრნია სენატორ კონტთან სხვა და სხვა ეკონომიურ საკითხებზე. სენატორ კონტის მოკლედ განუმარტებია თავისი შეხედულებანი გზების მიმოსვლის, პოლიტიკის და ამიერ-კავკასიის მრეწველობის შესახებ. კონტის შეხედულებანი დაბეჭდილია „ტრიბუნა“-ში მარტის 30-ის ნომერში.

„ყველაზე უწინარეს ჩვენ ყურადღება მივაქციეთ რკინის გზის გაყვანის საკითხს. ურკინიგზოდ იქ შეუძლებელია ვაჭრობა-მრეწველობის უზრუნველყოფა. როდესაც ეს დიდი ვაჭრობა მიემართებოდა მეფის რუსეთში, რკინის გზის უქონლობას ასეთი დიდი კაპიტალური მნიშვნელობა არა ჰქონდა, როგორც დღეს, ვინაიდან კასპიის ზღვა და მდინარე ვოლგა უზრუნველ ჰყოფდნენ საქონლის გადატანას. დღეს კი, როდესაც ამიერ-კავკასიის საბედნიეროდ, მათი ვაჭრობა მიმართულია დასავლეთისკენ, შეუძლებელია, მნიშვნელოვან ვაჭრობის დაჭერა, ვიდრე რკინის გზა არ იქნება გაფართოებული, რომელიც შეუერთდება ექსპორტულ პორტებს – მთავარ ცენტრებს. რკინის გზის სპეციალური კომისია, ინჟინერ ტერესკის, რისსონის და სალვინის მეთაურობით, იმუშავებს პროექტს ამ საკითხების გადასაწყვეტად“.

ამიერ-კავკასიის პოლიტიკურ მდგომარეობის შესახებ, კონტიმ განაცხადა შემდეგი: „მართალია ბალშევიკები საფრთხეს წარმოადგენენ კასპიის მხარესთვის, რადგან ისინი აპირებენ იქ შესვლას. ჩვენი რწმენით ამიერ-კავკასიის პოლიტიკის უზრუნველყოფისთვის საჭიროა ევროპის სახელმწიფოების ხელის შეწყობა, რომ საბოლოოდ გადასწყდეს ამ რესპუბლიკათა საზღვრების საკითხი. ამას გარდა საჭიროა, რომ კავკასიის რესპუბლიკები შეკავშირდნენ ფედერაციით“.

თანამშრომლების შეკითხვაზე თუ როგორ უყურებენ იტალიელებს ამიერ-კავკასიაში სენატორმა უპასუხა: „ძალიან კარგად ჩვენი პოლიტიკა აღმოსავლეთში განირჩევა სხვა სახელმწიფოების პოლიტიკასთან და ამიტომ ჩვენ განსაკუთრებული თანაგრძნობით გვეკიდებიან“.