ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები მოსახლეობას აღდგომის დღესასწაულზე სახლში დარჩენას სთხოვენ
ქვეყანაში კოვიდ-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, ჯანდაცვის სფეროს რამდენიმე ცნობილმა წარმომადგენელმა და ექიმმა საზოგადოებას აღდგომის მოახლოებულ დღესასწაულზე სახლში დარჩენისა და სოციალური დისტანცირების რეკომენდაციების მკაცრი დაცვისკენ მოუწოდა.
ექიმების მოწოდებას წინ მთავრობისა და საპატრიარქოს გუშინდელი განცხადებები უძღოდა, რომელთა თანახმადაც, კომენდანტის საათისა და საგანგებო მდგომარეობით გათვალისწინებული სხვა შეზღუდვების მიუხედავად, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის მრევლი 18 აპრილს სააღდგომო ლიტურგიას დაესწრება.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ 16 აპრილს „რუსთავი 2“-თან საუბარში განაცხადა, რომ საქართველომ ბოლო სამი დღის განმავლობაში ეპიდემიის განვითარების თვალსაზრისით, „ორი დიდი ნახტომი“ გააკეთა, რაც, მისი თქმით, იმაზე მიუთითებს, რომ შიდა გავრცელება უფრო მეტია, ვიდრე იდენტიფიცირებულია და „ამიტომ, საშიშროება უფრო მეტია, ვიდრე ჩვენ ამას ვითავისებთ“.
გამყრელიძის პროგნოზით, თუ ქვეყანა დაწესებულ შეზღუდვებს დაიცავს, 10 მაისამდე 2 000 – 2 500 აქტიური შემთხვევა გამოვლინდება. თუმცა, მან იქვე გხაზი გაუსვა, რომ „თუ ოდნავ მოვეშვით, რაც მეტად მოსალოდნელია მომავალი ოთხი დღის განმავლობაში, ჩვენ შეიძლება ავიჭრათ უკვე 5, 7, 8 ათასი და მეტი ინფიცირების შემთხვევამდე, რომელიც უკვე ძალიან დიდი ტვირთი იქნება“ ჯანდაცვის სისტემისთვის.
„ეს ოთხი დღე იქნება გადამწყვეტი… ნუ წახვალთ ეკლესიებში ამ დღეებში, ვილოცოთ სახლიდან, ეს აღდგომა გადავატაროთ ქვეყანაში სხვა ფორმატით. გვაპატიებს ამას ღმერთი იმიტომ, რომ მეტი ქართველი გადარჩება“, – განაცხადა გამყრელიძემ.
„ყველას ვთხოვ და მოვთხოვ, ეს იქნება ერი თუ ბერი, რომ ფიზიკური დისტანცია დავიჭიროთ ერთმანეთთან“, – განაცხადა პირველი საუნივერსიტეტი კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე. „ვერ წარმოგიდგენიათ, რა ხდება ჩვენს რეანიმაციებში, როგორ იხრჩობიან ადამიანები იმიტომ, რომ ერთმანეთს არ გაუფრთხილდნენ ოჯახის წევრები“, – განუცხადა რატიანმა ჟურნალისტებს.
15 აპრილს, დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ ასევე სთხოვა მოსახლეობას, არ დაიცვან ტრადიციები, მათ შორის რელიგიური, ერთხელ მაინც, ერის გადასარჩენად. მან საზოგადოება გააფრთხილა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციები არ იქნება გათვალისწინებული, საქართველოში, შესაძლოა, იტალიის სცენარი განმეორდეს.
მანვე აღნიშნა, რომ დიდ ტაძრებში დაცული იქნება ორმეტრიანი დისტანცია, პატარა ტაძრებში კი – მრევლი ეზოში მაქსიმალურად დისტანციის დაცვით განთავსდება. ჩიქოვანმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ყველა მოქალაქე ვალდებულია დაემორჩილოს კომენტანტის საათს (საღამოს 21:00 საათიდან 06:00 საათამდე), რაც იმას გულისხმობს, რომ მრევლი, რომელიც ლიტურგიას დაესწრება, ეკლესიას დილამდე ვერ დატოვებს.
საპატრიარქოს პრესსპიკერმა ანდრია ჯაღმაიძემ 15 აპრილს ჟურნალისტებს უთხრა, რომ მათ მიიღეს „აუცილებელი და საკმარისი პირობები იმისათვის, რომ ამ რთული ვითარების გათვალისწინებით, არ მოხდეს ეკლესიების დახურვა მრევლისთვის და მათ შეძლონ დღესასწაულის აღნიშვნა ტრადიციულად“.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)