EMC მუსლიმი სასულიერო პირის გამოკითხვას და მის სამართლებრივ და სოციალურ კონტექსტს აფასებს
არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC) სუს-ში შეიხ მირტაგი ასადოვის გამოკითხვის პროცესს და მარნეულსა და ბოლნისში ადგილობრივების სოციალური პროტესტის გარშემო სუს-ის მიერ საბოტაჟის მუხლით გამოძიების დაწყებას „სამართლებრივი და სოციალური სახელმწიფოს პრინციპების დარღვევად და უმცირესობებთან დაკავშირებულ პოლიტიკაში სუს-ის ჭარბი ინტერვენციის კიდევ ერთ მაგალითად მიიჩნევს“.
ორგანიზაციის მიერ18 აპრილს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს თავმჯდომარის მირტაგი ასადოვის და ამავე ორგანიზაციის დამფუძნებლის სუს-ში გამოკითხვის დროს, საგამოძიებო ორგანო იმით დაინტერესდა, თუ რა იყო მათი მიზანი, როდესაც სოციალურ ქსელში მითითებული აქციის შესახებ ინფორმაცია გააზიარეს.
გარდა ამისა, უფლებადამცველი ორგანიზაციის განმარტებით, გამოკითხვაზე დაბარებულებისგან იმითაც დაინტერესდნენ, „იყო თუ არა მათი მიზანი, რომ მოქალაქეებს დაერღვიათ საგანაგებო მდგომარეობის რეჟიმით განსაზღვრული მოთხოვნები და შეექმნათ მასობრივი არეულობა“.
EMC განმარტავს, რომ გამოკითხულებმა საგამოძიებო უწყებას „სოციალური აქციის შესახებ“ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს და მიუთითეს, რომ „მათი მხრიდან დანაშაულებრივ ქმედებას, ან საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევას ადგილი არ ჰქონია“. „მეტიც, მათ მიუთითეს, რომ სწორედ 21:00 საათის შემდეგ პროტესტის გამოხატვას კარანტინის რეჟიმის დაცვის მიზანი ჰქონდა“, – ხაზგასმულია იქვე.
ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხდებაში ხაზგასმულია, რომ გამოხატვის თავისუფლება კონსტიტუციის მე-17 მუხლით არის დაცული. „მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ გამოხატვის თავისუფლება არც საქართველოს პრეზიდენტის 21 მარტის დეკრეტით შეზღუდულა“, – განმარტებულია იქვე.
EMC-ის განმარტებით, ამის „ადგილობრივი თემის სოციალური მდგომარეობა არსებითად გაუარესდა“, რასაც ადგილობრივები, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, „კომენდანტის საათის დადგომისას 21:00 საათიდან 21:05 საათამდე საკუთარი ეზოებიდან ავტომობილების საყვირებით, სტვენით და ტაშით აპროტესტებდნენ“.
„აქციის მიზანს წარმოადგენდა სახელმწიფო სტრუქტურებისა და საზოგადოების ინფორმირება მუნიციპალიტეტში არსებული მძიმე სოციალური და ეკონომიკური გამოწვევების შესახებ“, – განმარტავენ ორგანიზაციაში.
EMC მიუთითებს, რომ საგამოძიებო ორგანოს მიერ დასმული კითხვები და გამოძიების დაწყების სამართლებრივი საფუძვლის „აბსურდულობა“ იმაზე მიუთითებს, რომ მას „სოციალური პროტესტის ჩახშობის და ცალკეული პირების დაშინების მიზანი უფრო ჰქონდა“.
„სამართალდაცვითი მექანიზმების სოციალური უკმაყოფილების ჩასახშობად გამოყენება სამართლებრივი და სოციალური სახელმწიფოს კონსტიტუციურ პრინციპებთან მოდის წინააღმდეგობაში“, – განმარტავენ EMC-ში.
ორგანიზაცია ასევე განმარტავს, რომ იმ დროს, როდესაც, პანდემიის პირობებში, „მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო იერარქების კანონის ღია უგულებელყოფის ფაქტები ხელისუფლების სრული სამართლებრივი უმოქმედობის და ამის საპირისპიროდ ღია ლოიალობის საგანი ხდება, მუსლიმი სასულიერო პირების დაბარება სუს-ში მოსახლების სოციალურ პროტესტთან დაკავშირებით, თვითნებობის ნიშანია და ადგილობრივ თემში უთანასწორობის განცდას აჩენს“.
- კარანტინის მეოთხე დღე მარნეულში – ინტერვიუ კამილა მამედოვასთან
- „არა ფობიას“ ეთნიკურად აზერბაიჯანელების მიმართ გამოხატული ქსენოფობიით „შეშფოთებულია“
„ნაცვლად იმისა, რომ სახელმწიფომ მოსახლეობის სოციალურ საჭიროებებს და წუხილების ეფექტიანი, სამართლიანი და მდგრადი სოციალური დაცვის პოლიტიკითა და დემოკრატიული დიალოგით უპასუხოს, ის სამართალდაცვით და რეპრესიულ აპარატს იყენებს“, – დასძენენ ორგამიზაციაში.
აღნიშნულის გათვალისწინებით, EMC მოუწოდებს:
საქართველოს მთავრობას
- უზრუნველყოს მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში შექმნილი სოციალური კრიზისისა და უკმაყოფილების გადაჭრა ადეკვატური სოციალური პოლიტიკის წარმართვით, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის რეალურ საჭიროებებს, წუხილებსა და ინტერესებს დაეფუძნება.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს
- უზრუნველყოს მოქალაქეთა თანასწორობა კანონის წინაშე და გამოხატვის თავისუფლების ეფექტიანი რეალიზება;
- გაიაზროს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის საფუძველზე მიმდინარე გამოძიების სამართლებრივი საფუძვლის არარსებობა და სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო დაუყოვნებლივ შეწყვიტონ გამოძიება.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)