მინისტრი ნოე რამიშვილი მიწისძვრით დაზარალებულ გორს სტუმრობს
გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1920 წლის 21 აპრილი, N87
შინაგან საქმეთა და განათლების მინისტრი ნოე რამიშვილი გორში
კვირას, 18 აპრილს გორს ესტუმრა შინაგან საქმეთა და განათლების მინისტრი ნოე რამიშვილი რესპუბლიკის ადმინისტრაციის ინსპექტორის თანაშემწის ივანე ქარცივაძის თანხლებით. მინისტრმა დაათვალიერა დანგრეული გორი, ჩამოიარა ყველა დაწესებულებები: სამაზრო ერობა, ქალაქის თვითმმართველობა, გვარდიის შტაბი, მილიციის სადგომები და სხ. და ყველა დაწესებულებათა წარმომადგენლებთან ჰქონდა თათბირი გორისა და მაზრის მდგომარეობის შესახებ. როგორც გამოირკვა გორის აღდგენისათვის მუშაობა უკვე დაწყებულა. ეგერ-აგერ უკვე აუშენებიათ ხის შენობები. დაზარალებულები მოელოდნენ და უკვე ჩამოვიდნენ მიწის მზომელები და ტეხნიკები, რომლებმაც უნდა დამიჯნონ და დაგეგმონ ის ადგილები, სადაც გაშენებული უნდა იქნეს სახლები. ამგვარათ სულ მოკლე ხანში დაიწყო მუშაობა ამ მხრივ. გორის ქალაქის თავმა გამგეობის და საბჭოს სახელით სთხოვა მინისტრს ნება დართოს მთავრობამ გორის აღდგენისათვის ერთგვარი გადასახადი გორიდან გატანილ სატრანზიტო საქონელზე. მინისტრმა დახმარება აღუთქვა.
იმავე დღეს მინისტრი დაესწრო გორის მაზრის სოციალ-დემოკრატიულ მუშათა პარტიის კონფერენციას, სადაც მოხსენება გააკეთა პოლიტიკურ მომენტზე და ცენტრალურ კომიტეტის მოღვაწეობის შესახებ.
19 აპრილს, სახალხო გვარდიის საოლქო შტაბის ეზოში, სადაც შტაბის მიერ გვარდიის კულტურულ-განმანათლებელ სექციისათვის მოწყობილია საზაფხულო თეატრი, გაიმართა დიდი მიტინგი. მინისტრმა აქაც მოხსენება გააკეთა დღევანდელ პოლიტიკურ ვითარების შესახებ, ხალხი სულგანაბული უსმენდა მას და დიდი კმაყოფილი დაიშალა. საღამოს მატარებლით მინისტრი ტფილისს გამოემგზავრა.