პროკურატურამ გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის ფაქტზე პოლიციელი დააკავა
გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის თანამშრომლებმა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ს.გ. დააკავეს.
პროკურატურის მიერ 20 აპრილს გავრცელებული განცხადების მიხედვით, გამოძიებით დგინდება, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ს.გ.-მ საკუთარი საცხოვრებელი ბინის აივნიდან ცეცხლსასროლი იარაღით „უმისამართოდ“ გაისროლა. „გასროლილი ტყვია თავის არეში მოხვდა მიმდებარე კორპუსში მცხოვრებ თ.ა.-ს, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი გარდაიცვალა“, – ნათქვამია განცხადებაში.
პროკურატურის განმარტებით, რადგანაც დანაშაული, სავარაუდოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის მიერ არის ჩადენილი, გამოძიების საწყის ეტაპზევე სისხლის სამართლის საქმე გამოსაძიებლად თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს გადაეცა.
საგამოძიებო უწყებაში ასევე აღნიშნავენ, რომ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით, ექვსი თვიდან ორ წლამდე შინაპატიმრობას ან ორიდან ოთხ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)