ლავროვი: რუსეთს საქართველოსთან პირდაპირი ფრენების საკითხის მოგვარების იმედი აქვს
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 21 აპრილს განაცხადა, რომ მოსკოვი უახლოეს მომავალში საქართველოსთან პირდაპირ ფრენებზე აკრძალვის მოხსნის შესაძლებლობას განიხილავს. ინფორმაციას რუსული საინფორმაციო სააგენტო TASS-ი ავრცელებს.
ლავროვმა ასევე თქვა, რომ რუსეთი მზად არის საქართველოსთან სავაჭრო წარმომადგენლობების გახსნის შესაძლებლობაც განიხილოს, თუ თბილისიდან ასეთი შემოთავაზება იქნება.
რუსი დეპუტატების თბილისიდან იძულებითი გამგზავრების საპასუხოდ, 2019 წლის 8 ივლისიდან პუტინმა რუსულ ავიაკომპანიებს რუსეთიდან საქართველოს ტერიტორიაზე მოქალაქეების საჰაერო გადაყვანა (მათ შორის კომერციული) დროებით აუკრძალა. დოკუმენტში, სახელწოდებით – „რფ-ის ეროვნული უშიშროების უზრუნველყოფის ცალკეული ზომების და რფ-ის მოქალაქეების დანაშაულებრივი და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისგან დაცვის შესახებ“ – პუტინმა რუსულ ტუროპერატორებს საქართველოში ტურისტების გადაყვანისგან თავის შეკავების რეკომენდაციითაც მიმართა.
„სამწუხაროდ, ამ პრობლემას ახლა ვერ მოვაგვარებთ“, – განაცხადა ლავროვმა, რომელსაც ორ ქვეყანას შორის 2008 წლიდან დიპლომატიური ურთიერთობების შეწყვეტა ჰქონდა მხედველობაში. რაც შეეხება სავაჭრო წარმომადგენლობებს, ლავროვმა აღნიშნა, რომ „ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ [ქართულ მხარესთან] შეთანხმებას მივაღწიოთ… ამგვარ შესაძლებლობას ნამდვილად განვიხილავთ“.
ლავროვის განცხადებას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა უპასუხა და აღნიშნა: „ჩვენ მხოლოდ მივესალმებით ამას, რადგან პირდაპირ ავიამიმოსვლის შეწყვეტა საგრძნობლად ურთულებს ცხოვრებას ჩვენს ათასობით მოქალაქეს, რომელიც რუსეთის ფედერაციაში სხვადასხვა სტატუსით ცხოვრობს და არც სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებაზე აისახება დადებითად“.
„ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში არც ამ გადაწყვეტილების მიღების დროს და არც მას შემდეგ, არანაირი საფრთხე არ ემუქრებოდათ, რასაც მილიონზე მეტი ვიზიტორი ადასტურებდა [რუსეთიდან]“, – დასძინა ზალკალიანმა.
რაც შეეხება რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების რაიმე სახით აღდგენას, საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებისათვის „მიუღებელია სამი საელჩო ქვეყნის ტერიტორიაზე და საკითხის განხილვაც კი გამორიცხულია ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების შესრულების კუთხით ხელშესახები პროგრესის, ანუ დეოკუპაციის მიმართულებით გადადგმული ქმედითი ნაბიჯების გარეშე“.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ სავაჭრო-ეკონომიკური პრობლემატიკის განხილვა უნდა გაგრძელდეს ე.წ. აბაშიძე-კარასინის ფორმატში, სადაც „ამ მიმართულებით კონკრეტული, მნიშვნელოვანი შედეგებია მიღწეული“.
ასევე წაიკითხეთ:
- რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ზალკალიანის და ლავროვის შეხვედრის შესახებ
- ლავროვი: ზალკალიანთან შეხვედრა მისივე თხოვნით გაიმართა
- ლავროვი საქართველოსთან ურთიერთობების შესახებ: სანქციები შესაძლოა მოიხსნას
- მმართველ გუნდში პარლამენტის წინ მიმდინარე აქციებს აფასებენ
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)