კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის: აჭარის მაუწყებლის თანამშრომელთა დევნა გრძელდება
კოალიციამ მედიის ადვოკატირებისთვის, რომელიც ათზე მეტ ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს, განაცხადა, რომ აჭარის მაუწყებელში თანამშრომელთა დევნა იმის გამო გრძელდება, რომ მათი შეხედულებები მენეჯმენტის შეხედულებებისგან განსხვავდება.
21 აპრილს გამოქვეყნებულ განცხადებაში, კოალიციამ აღნიშნა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორმა გიორგი კოხრეიძემ საინფორმაციო გამოშვება „მთავარის“ ერთ-ერთი წამყვანი თეონა თურმანიძე ეთერს ჩამოაშორა.
კოალიციის განმარტებით, თავად თურმანიძე Facebook-ზე წერს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზად სოციალურ ქსელში მაუწყებლის შესახებ მის მიერ დაფიქსირებული პოზიცია დაუსახელეს.
„აღსანიშნავია, რომ ორგანიზაციამ საკუთარ ვებგვერდზე მაუწყებლის თანამშრომლებისათვის სოციალურ ქსელში პოზიციონირების წესები 20 აპრილს განათავსა“, – ნათქვამია კოალიციის განცხადებაში.
გავრცელებული ინფორმაციით, თურმანიძე 14 აპრილს Facebook-ზე გამოქვეყნებული პოსტის გამო გაათავისუფლეს, სადაც მან არხის ვებპლატფორმის რეორგანიზაციის თაობაზე კოხრეიძის გადაწყვეტილება გააკრიტიკა.
ჟღენტმა, რომელიც კოხრეიძეს და მის გუნდს ხმამაღლა აკრიტიკებს, აღნიშნა, რომ მისთვის ახალ მენეჯმენტს ცვლილებების შესახებ ინფორმაცია არ მიუწოდებია.
მისივე თქმით, რეორგანიზაციის შესახებ მხოლოდ მას შემდეგ შეიტყო, რაც მენეჯმენტისგან ინფორმაცია მიიღო, რომ მის მოვალეობას ჟურნალისტი ნინო ხაჟომია შეასრულებდა.
24 თებერვალს გიორგი კოხრეიძის გადაწყვეტილებით, კრიტიკულად განწყობილი მაია მერკვილაძე საინფორმაციო გამოშვების რედაქტორის თანამდებობაზე ჟურნალისტმა ნინო ხაჟომიამ შეცვალა. თუმცა ამ უკანასკნელმა თანამდებობა დანიშვნიდან ოთხ დღეში, 28 თებერვალს დატოვა.
რეორგანიზაციამდე ვებპლატფორმის რედაქტორებს ვებგვერდისთვის სიახლეების შექმნა და საიტზე ინფორმაციის განახლება დამოუკიდებლად შეეძლოთ. გარდა ამისა, სამსახურის თანამშრომლებს ჰქონდათ უფლება, რომ ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტების მიერ მომზადებული მასალა ვებგვერდზე აეტვირთათ და ორგანიზაციის სოციალური მედიის გვერდები ემართათ.
კოხრეიძის მმართველობის პირობებში ახალი მენეჯმენტის მიერ მიღებული რეგულაციების თანახმად, ამჟამად ვებპლატფორმის უფლებამოსილება მხოლოდ სოციალური მედიის მართვითა და ვებგვერდზე სხვა სამსახურის მიერ მომზადებული ახალი ამბების ატვირთვით შემოიფარგლება. მან სიახლეების დამოუკიდებლად შექმნის უფლება დაკარგა.
მარტის ბოლოს, ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის მოტივით, ახალმა მენეჯმენტმა პროგრამა „ჰეშთეგი“ შეაჩერა. პროგრამის წამყვანები ცოტა ხნის ჩამოყალიბებული აჭარის ტელეკომპანიის ალტერნატიული პროფკავშირების ხელმძღვანელებს შორის არიან.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)