ოპოზიციური პარტიები ქვეყნის პარტნიორებსა და მხარდამჭერებს ღია წერილით მიმართავენ

25-ზე მეტი ოპოზიციური პარტია და ერთი დამოუკიდებელი დეპუტატი, მათ შორის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, ევროპული საქართველო, ლეიბორისტული პარტია და ლელო, საქართველოს პარტნიორებსა და მხარდამჭერებს ერთობლივი ღია წერილით მიმართავენ და მათ ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის 8 მარტს მიღწეული შეთანხმების შესრულების შესახებ ინფორმაციას აწვდიან.

პარტიების მიერ 23 აპრილს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ იმის მიუხედავად, რომ „პოლიტიკურ პატიმართა გათავისუფლება აღნიშნული შეთანხმების მნიშვნელოვანი ნაწილი იყო“, სამწუხაროდ ირაკლი ოქრუაშვილს, რომლის გათავისუფლებაც 8 მარტის შეთანხმების ნაწილი იყო, 13 მარტს სასამართლომ ხუთწლიანი პატიმრობა მიუსაჯა. პარტიების შეფასებით, ეს „შეთანხმების სულისკვეთებისა და ტექსტის დარღვევა და უკან გადადგმული ნაბიჯია“.

„14 აპრილს, შეერთებული შტატების საელჩომ და ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა გააკეთეს განცხადებები სადაც მათ განმოთქვეს შეშფოთება ირაკლი ოქრუაშვილისთვის პატიმრობის მისჯის გამო და შეთანხმების სრულად განხორციელებისკენ მოუწოდეს“, – აცხადებენ პარტიები და იქვე ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ „ოპოზიცია შეთანხმებას ზედმიწევნით იცავს“.

მათივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცამ საკონსტიტუციო ცვლილებების კომისიის შექმნას პარლამენტში მხარი დაუჭირა საარჩევნო კოდექსის შესახებ დისკუსიებში მონაწილეობს, „აღიშნული ძალისხმევა შეიძლება ფუჭია ღმოჩნდეს, თუ პოლიტიკური პატიმრები – გიგი უგულავა, გიორგი რურუა და ირაკლი ოქრუაშვილი- არ გათავისუფლდებიან“.

„როგორც კი კორონავირუსის პანდემია გადაივლის, მოვლენათა ამგვარი განვითარება გარდაუვლად გამოიწვევს პოლიტიკურ არასტაბილურობას და გაზრდის რისკებს ოტქომბერში დანიშნული არჩევნების წინ“, – აცხდებენ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები და იქვე დასძენენ, რომ მათი ამოცანაა „ეს არ მოხდეს“.

„დღეს, როცა თქვენ ფოკუსირებულნი ხართ თქვენი ქვეყნების პანდემიასთან ბრძოლაზე, მოგმართავთ თხოვნით, რათა საქართველოს მთავრობას 8 მარტის შეთანხმების სრულად განხორციელების მნიშვნელობა შეახსენოთ“, – განმარტავენ ისინი და ხაზს უსვამენ, რომ „საგანგებო სიტუაციები დემოკრატიის დასაზიანებლად არ უნდა იყოს გემოყენებული“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)