ევროპის საბჭომ საქართველოში კონფლიქტის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა
ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების შეხვედრაზე, რომელიც 22 აპრილს გაიმართა, საბჭოს გენერალურმა მდივანმა მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩმა 21-ე კონსოლიდირებული ანგარიში – „კონფლიქტი საქართველოში“ წარადგინა, რომელიც 2019 წლის ოქტომბრიდან 2020 წლის მარტამდე პერიოდს მოიცავს და ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებულ ვითარებას მიმოიხილავს.
ანგარიშის თანახმად, ადგილზე უსაფრთხოების კუთხით ვითარება გაუარესებულია, კერძოდ 2019 წლის აგვისტოს შემდეგ ჩორჩანა-წნელისის მხარეში უსაფრთხოების სერიოზული გამოწვევებიდან გამომდინარე.
ანგარიშის მიხედვით, ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული ვითარება კვლავ დაძაბულია, განსაკუთრებით, თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვებისა და ძირითად მომსახურებაზე წვდომის შეფერხების გამო.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ „მიუხედავად საერთაშორისო დონეზე მუდმივი მოწოდებებისა, სამწუხაროდ, პროგრესი ვერ იქნა მიღწეული, რათა უზრუნველყოფილ იქნას ადამიანის უფლებათა მონიტორინგის მექანიზმების, მათ შორის, ევროპის საბჭოდან, წვდომა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე“.
ევროპის საბჭომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ „არსებობს გადაუდებელი საჭიროება, რომ რეგულარულად შეფასდეს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და ადამიანის უფლებათა დაცვის სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებების პრინციპებისა და სტანდარტების დაცვა“.
აფხაზეთში არსებული ვითარება
21-ე კონსოლიდირებული ანგარიშის თანახმად, ძირითად უფლებებსა და მომსახურებებთან დაკავშირებით არსებულმა შეზღუდვებმა რეგიონში დაუცველობისა და გაურკვევლობის შეგრძნების ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი. ამ კუთხით, ევროპის საბჭომ გალის რაიონის ეთნიკური ქართული მოსახლეობა გამოყო, როგორც „ყველაზე მოწყვლადი ჯგუფი“.
დოკუმენტი იმ ფაქტზეც ამახვილებს ყურადღებას, რომ კვლავაც ვერ ხერხდება ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) შეხვედრების განახლება გალში. თუმცა, ის ასევე აღნიშნავს, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზი კვლავაც ფუნქციონირებს.
ანგარიში „ბორდერიზაციის“ პროცესის გაგრძელებაზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ ის თავისუფალი გადაადგილებისთვის „მთავარი დაბრკოლებაა“. ევროპის საბჭოს განმარტებით, საქართველოს ხელისუფლება და საერთაშორისო თანამეგობრობა ამ პროცესს მტკიცედ ეწინააღმდეგება.
დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში ადგილობრივ მოსახლეობაზე „ბორდერიზაციის“ „მავნე ზემოქმედების“ საკითხის დაყენება რეგულარულად ხდებოდა.
ანგარიშის თანახმად, თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასვლა ორი ადგილიდან იყო შესაძლებელი და ძირითადად ეს ენგურის ხიდის გავლით ხდებოდა. თითქმის მთელი საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, გამშვები პუნქტები ღია იყო, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, რეგიონში ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, იანვრის ბოლოდან, ოკუპირებული რეგიონის ხელისუფლებამ სამედიცინო შემოწმება დაიწყო.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ პანდემიის შემდეგ, ოკუპირებული აფხაზეთის ხელისუფლებამ დამატებითი შეზღუდვები დააწესა, რასაც 14 მარტს ენგურის ხიდის სრული ჩაკეტვა მოჰყვა.
ანგარიშის თანახმად, თავისუფალი გადაადგილებისთვის მთავარ დაბრკოლებად ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლის გადაკვეთისთვის საჭირო დოკუმენტაციის არარსებობა რჩება. ევროპის საბჭო აცხადებს, რომ კვლავ არსებობს წუხილები იმ შეზღუდვებთან დაკავშირებით, რომლებიც ეთნიკურ ქართველებს, რომლებსაც „ძველი აფხაზური პასპორტები“ აქვთ, სასაზღვრო ზოლის გადაკვეთას უკრძალავს.
„ყველა ეს ზომა ადგილობრივებს საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ადამიანების ძირითად უფლებებსა და მომსახურებებზე წვდომას უზღუდავს“, – ნათქვამია დოკუმენტში.
ევროპის საბჭო ყურადღებას აფხაზეთის ხელისუფლების მიერ ეთნიკური ქართველი მოსახლეობისთვის „უცხოური დროებითი საცხოვრებელი ნებართვის“ გაცემის პრობლემაზეც ამახვილებს. ანგარიშის თანახმად, ამ დოკუმენტის მოპოვება რეგიონში მცხოვრები ქართველებისთვის „ერთადერთი საშუალებაა“, რათა ძირითადი უფლებებით ისარგებლონ.
რაც შეეხება გალის რაიონის სკოლებში ქართულ ენაზე განათლების მიღებას, ანგარიშის მიხედვით, ამ კუთხით, საანგარიშო პერიოდში, რაიმე პროგრესი არ შეინიშნებოდა.
დოკუმენტის თანახმად, საქართველოს ხელისუფლებამ ევროპის საბჭოს დელეგაციას განუცხადა, რომ ამგვარ პრაქტიკას ისინი დისკრიმინაციულად მიიჩნევენ.
ანგარიშში აფხაზეთის ლიდერის რაულ ხაჯიმბას გადადგომაზეცაა საუბარი, რასაც წინ რეგიონში საპროტესტო აქციები უძღოდა. „ხაჯიმბას გადადგომას ახალი „არჩევნები“ 22 მარტს მოჰყვა, რაც საქართველოს ხელისუფლებამ დაგმო, როგორც არალეგიტიმური“, – აღნიშნავს ევროპის საბჭო.
ცხინვალის რეგიონში არსებული ვითარება
დოკუმენტის თანახმად, საანგარიშო პერიოდში ვრცელდებოდა ინფორმაცია გამყოფის ხაზის გასწვრივ „ბორდერიზაციის“ პროცესის მიმდინარეობის თაობაზე. კერძოდ, ანგარიში ყურადღებას გორის მიდამოებში ღობეების აღმართვის ფაქტზე ამახვილებს.
„ერგნეთის ტექნიკურ შეხვედრებზე, რომლებიც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა და ეუთოს ხელშეწყობით გაიმართა, დეესკალაციისკენ მიმართულ ძალისხმევას ჰქონდა ადგილი“, – განაცხადა ევროპის საბჭომ და დასძინა, რომ საანგარიშო პერიოდში სულ შვიდი ასეთი შეხვედრა გაიმართა, ბოლო შეხვედრა კი – 2019 წლის ნოემბერში შედგა.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ევროპის საბჭოს დელეგაციას განუმარტა IPRM-ის შეხვედრების მნიშვნელობა უსაფრთხოების და ჰუმანიტარული საკითხების მოგვარების თვალსაზირისით და ხაზი გაუსვა მათი უპირობო აღდგენის საჭიროებას.
ანგარიშის თანახმად, გამშვები პუნქტები, მათ შორის ოძისი/მოსაბრუნის მთავარი გამშვები პუნქტი, „მძიმე ჰუმანიტარული შემთხვევების“ მიუხედავად [ცხინვალის ხელისუფლების მიერ] უსაფრთხოების მოტივით დაკეტილი რჩებოდა.
დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ იანვრის ბოლოს, ცხინვალის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მთავარი გამშვები პუნქტი ყოველ ორ თვეში ერთხელ 10 დღით გაიხსნებოდა, რათა ეთნიკურ ქართველ მოსახლეობას პენსიების აღება შეძლებოდათ. თუმცა, როგორც ევროპის საბჭო აცხადებს, კორონავირუსის პანდემიის გამო, თებერვლის ბოლოს მთელი ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლი ჩაიკეტა.
ანგარიშში ასევე საუბარია ცხინვალის ხელისუფლების მიერ ადგილობრივი აფთიაქებიდან ქართული წარწერების მქონე სამედიცინო პრეპარატების ამოღებაზე. ეს ფაქტი ქართულმა მხარემ დაგმო, როგორც „ჰუმანიტარული პრინციპების წინააღმდეგ მიმართული ქმედება“. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ამგვარმა პრაქტიკამ, გამშვები პუნქტების დახურვასთან ერთად, წამლისა და სხვა საშუალებების დეფიციტი შექმნა, რამაც ჰუმანიტარული მდგომარეობა კიდევ უფრო გააუარესა.
ანგარიშის თანახმად, საქართველოს ხელისუფლებამ და საერთაშორისო თანამეგობრობამ შეშფოთება გამოხატეს გამშვები პუნქტების დახურვის გამო და ქალის გარდაცვალებას კი, რომელსაც გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ესაჭიროებოდა, ცხინვალის ხელისუფლების ქმედებების „ტრაგიკული“ შედეგი უწოდეს.
ანგარიში ყურადღებას ამახვილებს ცხინვალის ხელისუფლების მიერ ადგილობრივების თვითნებურ დაკავებებზე. დოკუმენტში საქართველოს ხელისუფლებაზე დაყრდნობით ნათქვამია, რომ სასაზღვრო ზოლის გადაკვეთის მცდელობისთვის, საანგარიშო პერიოდში, 30-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.
დოკუმენტში ყურადღებაა გამახვილებულია ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებაზეც, რასაც სერიოზული შეშფოთება მოჰყვა როგორც ქვეყნის, ისე საერთაშორისო მასშტაბით.
ანგარიშის თანახმად, ახალგორში დარჩენილი ბოლო ექვსი ქართული სკოლა აიძულეს, რომ ცხინვალის ხელისუფლების მიერ დაწესებულ სწავლების სტანდარტებზე გადასულიყო და პირველიდან მეოთხე კლასამდე სწავლების ენად რუსული შემოეღოთ.
დოკუმენტის თანახმად, საანგარიშო პერიოდში პროგრესი ვერ იქნა მიღწეული, რაც საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპების საფუძველზე, ლტოლვილებისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა „ნებაყოფლობით, უსაფრთხო, ღირსეულ და შეუფერხებელ დაბრუნებას“ უზრუნველყოფდა.
ევროპის საბჭო აღნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ახალი სააგენტო შექმნა, რომელსაც დევნილთა და ეკომიგრანტების მიმართ სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელება დაევალა. „ამ სააგენტოს ჩამოყალიბება კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ საქართველოს ხელისუფლება საკითხს პრიორიტეტულად მიიჩნევს“.
ასევე წაიკითხეთ:
- ევროპის საბჭომ საქართველოში კონფლიქტის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა
- ევროპის საბჭომ საქართველოში კონფლიქტის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)