პრემიერ-მინისტრმა ანტიკრიზისული გეგმა წარადგინა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ 24 აპრილს, დაპირებისამებრ, პანდემიის პირობებში ქვეყნის წინაშე არსებული ეკონომიკური და სოციალური გამოწვევების დაძლევის ანტიკრიზისული გეგმა წარადგინა.
გეგმის პრეზენტაციას, რომელიც მთავრობის კანცელარიაში გაიმართა, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოს, ასევე დედაქალაქის მერი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ესწრებოდნენ. პრეზენტაციამ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების გარეშე ჩაიარა.
ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციამდე, რომელიც 6 თვის განმავლობაში მოქალაქეებისთვის სხვადასხვა სახის სოციალური დახმარებისა და ბიზნესისთვის გარკვეული სახის შეღავათების პაკეტს ითვალისწინებს, პრემიერმა ყურადღება იმ უარყოფით გავლენაზე ისაუბრა, რომელიც ქვეყნის ეკონომიკამ პანდემიის პირობებში მიიღო.
- პარლამენტმა საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებას მხარი დაუჭირა
- მთავრობა საგანგებო მდგომარეობას 22 მაისის ჩათვლით ახანგრძლივებს
გიორგი გახარიას თქმით, ქვეყნის ეკონომიკური ზრდა მინუს 4% იქნება, ასევე ბიუჯეტი შემოსავლების სახით 1.8 მილიარდ ლარს დაკარგავს, მიმდინარე ხარჯები კი – 300 მლნ ლარით შემცირდება.
ამის შემდეგ, პრემიერმა უშუალოდ ანტიკრიზისულ გეგმაზე ისაუბრა და განმარტა, რომ აღნიშნული გეგმის გათვალისწინებით, ბიუჯეტისთვის საჭირო რესურსი 3.9 მილიარდი ლარია. მისივე თქმით, ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებული მიზნობიბრივი დახმარების პაკეტით საქართველოს 350 000 მოქალაქე ისარგებლებს და „ეს არის ის მინიმუმი, რომელიც დღეს საქართველოს მთავრობას შეუძლია, რომ თითოეულ მოქალაქეს შესთავაზოს“.
ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით:
- ოფიციალურად დაქირავებით დასაქმებული პირები, რომლებმაც სამსახური კრიზისი პერიოდში, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ დაკარგეს, სახელმწიფოსგან ექვსი თვის განმავლობაში, ყოველთვიურად, დახმარების სახით 200 ლარს მიიღებენ (1 200 ლარი ჯამში);
- ყველა ადამიანი, რომელიც სამუშაო ადგილს შეინარჩუნებს და ყველა კომპანია, რომელიც ასევე შენარუჩნებს დასაქმებულებს, 6 თვის განმავლობაში, 750 ლარამდე ხელფასის შემთხვევაში საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლდებიან. ამასთან, 1500 ლარამდე ხელფასის შემთხვევაში, საშემოსავლოს სახით მხოლოდ 750 ლარამდე ოდენობის თანხა არ დაიბეგრება;
- ადამიანები, რომლებიც არაფორმალურ სექტორში იყვნენ დასაქმებულები ან თავს დასაქმებულებლად მიიჩნევდნენ, სახელმწიფოს მიერ მათი იდენტიფიცირების შემთხვევაში, ერთჯერადად, 300 ლარის ოდენობის დახმარებას მიიღებენ.
პრემიერმა ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის გათვალისწინებულ დამატებით დახმარებაზეც ისაუბრა და თქვა რომ 6 თვის განმავლობაში 600 ლარიანი დამატებით დახმარებას შემდეგი კატეგორიის ოჯახები შეძლებენ:
- რომელთა სოციალური სარეიტინგო ქულა არის 65 000-დან 100 000-მდე (სულ 70 000 ოჯახი და 190 000 მოქალაქე);
- 0-დან 100 000-მდე ქულის მქონე ოჯახები და და ჰყავთ სამი და მეტი 16 წლამდე შვილი (სულ 21 000 ოჯახი 130 000 მოქალაქე);
- მკვეთრად გამოხატული შშმ პირები და ბავშვები (სულ 40 000 მოქალაქე).
პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ 2021 წლიდან ყველა პენსიონერის პენსია გაიზრდება არანაკლებ ინფლაციის მაჩვენებლისა, რაც მისივე თქმით, იმას ნიშნავს, რომ „ფასების ზრდა გავლენას ვერ მოახდენს რეალური პენსიის მოცულობაზე“. კერძოდ:
- 70 და მეტი წლის პენსიონერებისთვის ინფლაციის მაჩვენებელს დაემატება რეალური ეკონომიკური ზრდის 80%;
- პენსიის ზრდა არ იქნება 20 ლარზე ნაკლები, ხოლო 70 და მეტი წლის ასაკის პენსიონერებისათვის კი 25 ლარზე ნაკლები;
- ასევე, ძალაში რჩება 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერებისთვის 1 ივლისიდან პენსიის 30 ლარით ზრდა. ისარგებლებს დაახლოებით 410 000 პენსიონერი.
გიორგი გახარიამ ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, კერძო სექტორისთვის გათვალისწინებულ დახმარებაზეც გაამახვილა ყურადღება და ხაზი გაუსვა, რომ ეს იქნება არა მეწარმეების პოსტკრიზისული დახმარების, არამედ კრიზისში დახმარების გეგმა.
პრემიერის თქმით, ამოქმედდება დღგ-ის ავტომატური დაბრუნების გეგმა და გაორმაგდება დღგ-ის ზედმეტობის დაბრუნება. გარდა ამისა, მთავრობის გადაწყვეტილებით, წელს ბიუჯეტიდან დღგ-ის სახით, დამატებით 600 მილიონი ლარი დაბრუნდება.ამასთან კომერციულ ბანკები 600 მლნ ლარის ოდენობის გრძელვადიან რესურსს მიიღებენ.
აგრეთვე, ბიზნესის მხარდაჭერისთვის დამატებით გამოიყოფა 500 მლნ ლარი, საიდანაც საკრედიტო საგარანტიო სქემის მიმართულებით – 300 მლნ დაიხარჯება და ძირითადი ჯგუფები იქნება მცირე და საშუალო ბიზნესი. ამასთან, ახალი სესხის 90%-ზე გარანტიას სახელმწიფო მისცემს. იმ კომპანიებს კი, რომლებსაც ძველი სესხები აქვთ, რესტრუქტურიზაციის სახით სახელმწიფო 30%-ის გარანტირების ნაწილში შეეხიდება.
გახარიას განმარტებით, ცვლილებები შევა სახელმწიფო პროგრამა აწარმოე საქართველოში თანადაფინანსების პირობებში:
სესხსის/ლიზინგის პირობები 24-დან 36 თვემდე გაიზრდება;
- შეიცვლება საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსების მექანიზმი და პროცენტის დაფინანსებაში სახელმწიფოს მონაწილეობა გაიზრდება;
- გაიზრდება საქმიანობის სახეობებიც;
- სესხის/ლიზინგის მინიმალური ზღვარი დაიწევს;
- გაიზრდება საბრუნავი საშუალებების დაფინანსებაც.
პრემიერ-მინისტრმა სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის მიმართულებით დაგეგმილ ღონისძიებებზეც ისაუბრა და თქვა, რომ მიკროსაგრანტო პროგრამის ზღვარი აიწევს 30 000 ლარამდე და პორტფელის ჯამური რაოდენობა 40 მლნ ლარამდე გაიზრდება.
აგრეთვე, სახელმწიფო სრულად დააფინანსებს ერთწლოვანი კულტურების აგროკრედის პროცენს. ამისთვის ჯამში 50 მლნ ლარი გამოიყოფა და სარგებლობას 5 000 ბენეფიციარი შეძლებს.
პრემიერმა სამელიორაციო სისტემის ხელშეწყობაზეც ისაუბრა და თქვა, რომ სამელიორაციო საქმიანობის მხარდასაჭერად მთავრობის გადაწყვეტილებით, ფიზიკური და იურიდიული პირები 2012 წლიდან მოყოლებული სარწყავი წლის დაგროვილი დავალიანება სრულად ჩამოეწერებათ, ასევე ისინი ამ გადასახადისგან 2020 წელსაც გათავისუფლდებიან.
გარდა ამისა, სამი წლის განმავლობაში 1.2 მლნ ჰექტარი მიწის სისტემური რეგისტრაცია მოხდება.
პრეზენტაციის შემდეგ პრემიერ-მინისტრმა დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების და ეკონომიკის გახსნის შემდგომ გეგმაზეც ისაუბრა და თქვა, რომ გარკვეული შეზღუდვები და რეკომენდაციები (სოციალური დისტანცირება, პირბადეების ტარება და სხვ) დიდი ხნის განმავლობაში დარჩება და მათი დაცვის გარეშე ეკონომიკის გახსნაზე და აღდგენაზე საუბარი შეუძლებელი იქნება.
გახარიას თქმით, ეკონომიკურ საქმიანობაზე დაწესებული შეზღუდვების მოხსნა ეტაპობრივად დაიწყება და ეტაპებს შორის შუალედი საშუალოდ 2 კვირა იქნება. პრემიერმა ამ მიმართულებით 6 ეტაპი დაასახელა.
პირველ ეტაპზე, 27 აპრილიდან შესაძლებელი იქნება მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება; ტაქსების ოპერირება; ონლაინ ვაჭრობა სრულად (საბითუმო და საცალო); მიტანის მომსახურება ნებისმიერ პროდუქტზე და ღია ტიპის აგრარული ბაზრების საქმიანობა.
ასევე, ოთხ დიდ ჩაკეტილ ქალაქში: თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში 27-28 აპრილს, საგამონაკლისო წესით, ავტომობილების მოძრაობა აღდგება და ქალაქებში შესვლა-გასვლას მხოლოდ ის პირები შეძლებენ რომლებიც ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართზე დაბრუნების მიზნით გადაადგილდებიან.
მეორე ეტაპზე დაიშვება: მშენებლობასთან და სამშენებლო ზედამხედველობასთან დაკავშირებული საქმიანობა; სამშენებლო მასალების წარმოება; ავტო-სამრეცხაოები და ავო-სერვისები (სრულად); კომპიუტერების, პირადი და საყოფაცხოვრებოს საქონლის რემონტი და სარეკრეაციო ზონების ფუნქციონირება.
მესამე ეტაპზე ფუნქციონირებას შეძლებენ: საცალო და საბითუმო მაღაზიები (გარდა მოლებისა), რომლებსაც გააჩნიათ დამოუკიდებელი შესასვლელი ქუჩიდან; ყველა ტიპის ღია ბაზრობა; ყველა ტიპის წარმოება; საზოგადოებრივი საქმიანობა.
მეოთხე ეტაპზე გაიხსნება: სავაჭრო მოლები, ღია ტიპის რესტორნები/კვების ობიექტები (ადგილზე მომსახურებით); ყველა ტიპის საფინანსო მომსახურება; სილამაზის სალონები და ესთეტიკური მედიცინის ცენტრები.
მეხუთე ეტაპზე მუშაობის უფლება უკვე დახურული ტიპის ბაზრებსა და ბაზრობებს, ასევე ყველა ტიპის რესტორნებს/კვების ობიექტებს (ადგილზე მომსახურებით) ექნებათ.
მეექვსე, ბოლო ეტაპზე გაიხსნება: გასართობი, სპორტულ-გამაჯანსაღებელი, შემოქმედებითი საქმიანობა; აზარტული და სხვა მომგებიანი სათამაშო ბიზნესი; სასტუმროები; საგანმანათლებლო დაწესებულებები და ყველა სხვა საქმიანობა (არადისტანციურ რეჟიმში).
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)