საქართველომ რუსეთს სამი პატიმარი გადასცა
საქართველომ რუსეთის ფედერაციას სამი პატიმარი გადასცა, რომელთაგანაც ორი – რუსეთის, ერთი კი აზერბაიჯანის მოქალაქეა.„სამოქალაქო საქართველოსთვის“ (Civil.ge) იუსტიციის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, სამი პატიმრის რუსეთში ექსტრადიცია 21 აპრილს შედგა.
იუსტიციის სამინისტროს თანახმად, რუსეთის მოქალაქე მაქსიმ ფატეევს ბრალი დიდი რაოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვაში ედება. უწყების თქმით, ფატეევის ექსტრადიციის მოთხოვნით რუსეთის ფედერაციამ საქართველოს გენერალურ პროკურატურას 2019 წლის აგვისტოში მიმართა. ფატეევს შესაძლებლობა ჰქონდა, სამართლებრივი დავისათვის საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული ყველა საშუალება გამოყენებინა, განაცხადა უწყებამ. 2020 წლის 10 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლომ დასაშვებად ცნო რუსეთის ფედერაციაში ფატეევის ექსტრადიცია. მას სასამართლომ უარი უთხრა ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზეც. სამინისტროს თქმით, ამ გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო სამართლის ნორმების სრული დაცვით, საქართველომ განახორციელა ფატეევის რუსეთში ექსტრადიცია.
რუსეთის ფედერასიისათვის გადაცემული მეორე პატიმარი რუსეთის მოქალაქე კურბან ომაროვია, რომელსაც იუსტიციის სამინისტროს თქმით, ბრალად ედება დახმარება ჯანმრთელობის განზრახ საშუალო სიმძიმის დაზიანების საქმეში, რომელიც ორგანიზებულმა ჯფუფმა ჩაიდინა. სამინისტროს განმარტებით, რუსეთის ფედერაციამ მისი ექსტრადირებისათვის საქართველოს გენერალურ პროკურატურას 2019 წლის 2 სექტემბერს მიმართა. ომაროვს საშუალება ჰქონდა, თავისი უფლებები საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო კონვენციებით გათვალისწინებული ყველა სამართლებრივი საშუალებით დაეცვა, აღნიშნა იუსტიციის სამინისტრომ. უწყების ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ 2019 წლის 25 დეკემბერს დასაშვებად მიიჩნია ომაროვის ექსტრადიცია. გადაწყვეტილება ძალაში დატოვა ქვეყნის უზენაესმა სასამართლომაც, სადაც წინა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ომაროვის ადვოკატმა გაასაჩივრა. სასამართლომ ომაროვს უარი ლტოლვილის სტატუსზეც უთხრა. იუსტიციის სამინისტროს ცნობით, ამ გადაწყვეტილების საფუძველზე მოხდა ომაროვის ექსტრადირება რუსეთში.
რუსეთის ფედერაციისათვის გადაცემული მესამე პატიმარი აზერბაიჯანის მოქალაქე თეიმურ ღარიბოვია. მისი ექსტრადიცია რუსეთმა საქართველოს 2019 წლის 2 სექტემბერს მოსთხოვა. იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, ღარიბოვისათვის საექსტრადიციო პატიმრობის შეფარდება და ექსტრადიციის მოთხოვნის განხილვა საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული ნორმების დაცვით შედგა. ღარიბოვის ექსტრადიციის გადაწყვეტილება, სამინისტროს ინფორმაციით, თავდაპირველად თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო. მოგვიანებით, გადაწყვეტილება ღარიბოვის ადვოკატმა უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა, რომელმაც წინა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. ღარიბოვის რუსეთში ექსტრადიცია ამ გადაწყვეტილების საფუძველზე 21 აპრილს მოხდა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)