საგანგებო მდგომარეობის წესების დარღვევისთვის სასჯელი მკაცრდება
პარლამენტის მიერ სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი ცვლილებების თანახმად, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის ხელმეორედ დარღვევა ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისჯება, თუ საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტით სხვა რამ არ არის დადგენილი.
ცვლილებები, 80 ხმით არცერთის წინააღმდეგ, პარლამენტმა 23 აპრილს დაჩქარებული წესით მიიღო. განახლებული კოდექსი ძალაში 2 მაისიდან შევა. ოპოზიციას კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია.
იმავე ქმედებისთვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციითა და ჯარიმით, თუ საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტით სხვა რამ არ არის დადგენილი
ცვლილებების მიხედვით, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებით დადგენილი იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევა დაისჯება შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე. გამკაცრებული სანქციები მიმდინარე საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში არ იმოქმედებს.
სადავო ცვლილებები
შემოღებული რეგულაციების დარღვევისთვის დაწესებულმა სანქციებმა აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ოპოზიციის ნაწილი მიიჩნევს, რომ ახალი კანონმდებლობა „დრაკონული“, არაპროპრორციული და გაუმართლებელია.
მმართველი პარტიის დეპუტატმა და პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ოპოზიციის ბრალდებები არ გაიზიარა და განაცხადა, რომ ექვს წლამდე პატიმრობა პროპორციული სასჯელია.
„თუკი პირი განზრახ გადასდებს ვინმეს დაავადებას, თუკი ამ ქმედებას ჩაიდენს ორგანიზებული ჯგუფი ან, თუკი დაავადებული პირი განახორციელებს საგანგებო ან საომარი მდგომარეობის რეჟიმის დარღვევას, ან პირი დაარღვევს საგანგებო ან საომარი მდგომარეობის რეჟიმს, რაც გამოიწვევს ძალიან მძიმე შედეგებს, რასაც შესაძლებელია მოჰყვეს ადამიანის სიცოცხლის მოსპობაც კი – მხოლოდ ამ შემთხვევაში გამოიყენება თავისუფლების აღკვეთა 6 წლამდე“, – განაცხადა ოხანაშვილმა.
მისივე თქმით, მკაცრი რეგულაცია საგანგებო მდგომარეობის არსებულ სიტუაციაში არ გამოიყენება. „დღეს მოქმედებს და იმოქმედებს მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტი, რომელიც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას მაქსიმუმ 3 წლამდე განმეორებითი დარღვევისთვის“, – თქვა დეპუტატმა.
არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივიის“ (GDI) ხელმძღვანელმ გიორგი მშვენიერაძემ კითხვნის ნიშნის ქვეშ დააყენა კანონმდებლობის მიღების დრო და აღნიშნა, რომ პარლამენტმა ცვლილებები სათანადო მსჯელობის გარეშე, დაჩქარებულად მიიღო.
„თუ ვიმსჯელებთ იმით, რასაც ისინი გვეუბნებიან, ეს კანონი ნამდვილად კეთილშობილ მიზნებს ემსახურება. თუმცა, ბევრი კანონდარღვევა უკვე ისჯებოდა არსებული კანონმდებლობით, მაგრამ ამ ახალი კანონის მასშტაბი გაცილებით ფართოა“, – თქვა მან „სამოქალაქო საქართველოსთან“ საუბარში.
მშვენიერაძემ იმ ფაქტზეც გაამახვილა ყურადღება, რომ შეცვლილი კანონის თანახმად, იმ დანაშაულების სია და კატეგორიები, რომლებიც საგანგებო მდგომარეობის დროს ისჯება, შესაძლოა, მთავრობის განკარგულებითაც განისაზღვროს – შესაბამისი საპარლამენტო კონტროლის გარეშე.
„ასეთ ვითარებაში, საგანგებო მდგომარეობის დროს, მცირე გადაცდომას ან კანონდარღვევას კი, შესაძლოა, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა მოჰყვეს“, – განაცხადა მან.
კოვიდ-19-ის შესახებ დეტალებისთვის მიჰყევით ბმულს:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)