ომბუდსმენი: „აჭარის ტელევიზიის“ თანამშრომლების გათავისუფლება/გადაყვანა დარღვევით მოხდა
საქართველოს სახალხო დამცველი „აჭარის ტელევიზიის“ ახალი ამბების სამსახურის ყოფილი უფროსის შორენა ღლონტის, მისი ასევე ყოფილი მოადგილის მაია მერკვილაძისა და დღის მთავარი საინფორმაციო გამოშვების ყოფილი წამყვანის თეონა ბაკურიძის შრომითი უფლებების „შესაძლო“ დაღვევის ფაქტს ეხმაურება და აცხადებს, რომ ამ პირთა დაკავებული პოზიციებიდან გათავისუფლება/გადაყვანა საქართველოს შრომის კოდექსისა და აჭარის ტელევიზიის შრომის შინაგანაწესის მოთხოვნათა დარღვევით განხორციელდა.
27 აპრილს გამოქვეყნებულ განცხადებაში ომბუდსმენი განმარტავს, რომ შორენა ღლონტის მიმართ დისციპლინური წარმოება დადგენილი ვადის დარღვევით წარიმართა, ხოლო წამყვან-რეპორტიორ თეონა ბაკურიძეს დისციპლინური სანქცია ერთი და იმავე დარღვევისთვის ორჯერ შეეფარდა. სახალხო დამცველის შეფასებით, ეს „წინააღმდეგობაში მოდის შრომის სამართალში მოქმედ პრინციპებთან“.
მანამდე აჭარის მაუწყებელში საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოადგილის შტატიც გაუქმდა და მაია მერკვილაძეს, რომელსაც ამ პოსტის პარალელურად, რედაქტორის თანამდებობაც ეკავა, 26 თებერვლიდან უფლებამოსილება ოფიციალურად შეუწყდა. მას, როგორც მაუწყებლის თანამშრომლებმა განმარტეს, არარსებული თოქშოუს პროდიუსერობა ან რადიოს საინფორმაციო სამსახურის რედაქტორობა შესთავაზეს. მან შეთავაზება მიიღო და მაუწყებელში დარჩა.
რაც შეეხება თეონა ბაკურიძეს, ის დაკავებული თანამდებობიდან 13 მარტს, შრომის შინაგანაწესის პირობების „აშკარა უხეში დარღვევისთვის“ გაათავისუფლეს. მის გათავისუფლებას წინ, 6 მარტს, მისი საქმიანობიდან დროებით ჩამოშორება უძღოდა. მაუწყებლის დირექტორი ბაკურიძეს მაშინაც სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობას და საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელზე ზეწოლას ედავებოდა.
„ამასთან, ორივე შემთხვევაში გამოვლინდა წარმოების პროცესში დასაქმებულების არასათანადო ჩართულობისა და ინფორმირებულობის პრობლემა, რის გამოც მათ არ მიეცათ შესაძლებლობა, სამსახურიდან გათავისუფლებამდე თუ კონკრეტული დისციპლინური სანქციის შეფარდებამდე, შესაბამისი სამართლებრივი არგუმენტაცია დაეპირისპირებინათ მათ მიმართ არსებული ბრალდებებისთვის“, – აცხადადებს ომბუდსმენი და იქვე აღნიშნავს, რომ გათავისუფლების გამოყენების „საფუძვლიანობა და პროპორციულობა“ არცერთ შემთხვევაში დადასტურდა.
რაც შეეხება ახალი ამბების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის მაია მერკვილაძის საქმეს, ომბუდსმენი განმარტავს, რომ საშტატო განრიგში მისი პოზიციის გაუქმების შედეგად, იგი არა იმავე ფუნქციების მქონე ახლადშექმნილ რედაქტორის პოზიციაზე, არამედ სხვა, „არატოლფას“ თანამდებობაზე გადაიყვანეს. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ აღნიშნული წინააღმდეგობაში მოდის შრომის კანონმდებლობასთან.
- აჭარის ტელევიზიის წამყვანი სამსახურიდან გაათავისუფლეს
- „აჭარის მაუწყებელში სუს-ია“ – ჟურნალისტების მდუმარე პროტესტი
ომბუდსმენის აპარატის განმარტებით, სახალხო დამცველმა 2020 წლის 24 აპრილს აჭარის მაუწყებლის დირექტორს რეკომენდაციით მიმართა, რომ „ბათილად ცნოს შორენა ღლონტის, მაია მერკვილაძისა და თეონა ბაკურიძის პირვანდელი პოზიციებიდან გათავისუფლების/გადაყვანის შესახებ გამოცემული ბრძანებები და უზრუნველყოს მათი შრომითი უფლებების აღდგენა“.
„გამოვლენილი უფლებადარღვევის ფაქტები კიდევ უფრო ამძაფრებს აჭარის ტელევიზიის თავისუფალი და მიუკერძოებელი სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის მცდელობასთან დაკავშირებულ ეჭვებს, რომლებიც ტელეკომპანიის დირექტორის ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის შემდეგ გაჩნდა“, – ვკითხულობთ სახალხო დამცველის განცხადებაში.
- აჭარის მაუწყებლის გათავისუფლებული და მოქმედი თანამშრომლები სამართლებრივ დავას იწყებენ
- EMC-მ აჭარის ტელევიზიის მოქმედი და ყოფილი თანამშრომლების საქმეებზე სასამართლოს მიმართა
სახალხო დამცველი იქვე მიუთითებს, რომ აჭარის ტელევიზია საჯარო დაფინანსებით მოქმედი მაუწყებელია, რომლის მიზანიც გავლენებისგან თავისუფალი, მიუკერძოებელი, საზოგადოებრივი ინტერესების შესაბამისი და მრავალფეროვანი პროგრამების მიწოდებაა.
„თავისი ფუნქციის შესრულების უზრუნველსაყოფად, კანონმდებლობა ტელევიზიას არაერთ ვალდებულებას უდგენს, რაც უფრო ზრდის ტელეკომპანიის კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის შენარჩუნებისა და ამ თვალსაზრისით არსებული შეკითხვების გაქარწყლების აუცილებლობას“, – აცხადებს ომბუდსმენი.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)