შსს-მ საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით 40 კგ-მდე ჰეროინი ამოიღო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უწყების ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა, ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის სამინისტროს ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის ადმინისტრაციამ, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, ასევე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციისა და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტებმა ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, საერთაშორისო ნარკოდამნაშავეთა ორგანიზებული ჯგუფი გამოვლინეს და 40 კგ-მდე ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ ამოიღეს.
უწყების მიერ 27 მარტს გავრცელებული განცხადების მიხედვით, გამოძიებით დადგენილია, რომ „ბრალდებულებმა (დ.მ. და ვ.ც.), რომლებიც ბულგარეთის მოქალაქეები არიან ნარკოტიკული საშუალება მსუბუქ ავტომანქანაში მოწყობილი სპეციალური სამალავის მეშვეობით, სომხეთის რესპუბლიკიდან, საერთაშორისო გადაზიდვის მიზნით საქართველოში უკანონოდ შემოიტანეს.
უწყებაში ასევე აღნიშნავენ, რომ დაკავებულები „ჰეროინს“ ბათუმში, სპეციალურად მოწყობილ ადგილზე ინახავდნენ და „აღნიშნული ნარკოტიკების ევროპაში გადაზიდვას აორგანიზებდნენ“. შსს-ს განმარტებით, ამოღებული ნარკოტიკების ფასი 2 მილიონამდე აშშ დოლარია.
შსს-ში აცხდებენ, რომ საქმეზე გამოძიება განსაკუთრებულად დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო დამზადების, წარმოების, შეძენა-შენახვის, გადაზიდვის, გადაგზავნის ან გასაღების, ასევე მისი საქართველოში უკანონოდ შემოტანის, საქართველოდან უკანონოდ გატანის ან ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვის მუხლებით მიმდინარეობს.
დაკავებულებს დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)