შსს-მ განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, სავარაუდოდ, სასულიერო პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ქალაქ ქარელში, განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით ერთი პირი (კ.კ.) დააკავეს. არსებული ინფორმაციით, დაკავებული ყინწვისის მამათა მონასტრის წინამძღვარია.
უწყების მიერ 27 აპრილს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ბრალდებულმა, გორის რაიონის სოფელ რიეთის საავტომობილო გზაზე გადაადგილებისას, „სავარაუდოდ, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან“ დაზარალებულს მაშინ ესროლა, როდესაც იგი ავტომობილს მართავდა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
უწყებისვე განმარტებით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს. დაკავებულს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
მიუხედავად იმისა, რომ შსს-ში ინციდენტის მონაწილე პირების შესახებ ინფორმაციას არ აკონკრეტებენ, ცნობები იმის შესახებ, რომ დაპირისპირება რუის-ურბნისის ეპარქიის სასულიერო პირებს შორის მოხდა, მედიაში ჯერ კიდევ 22 აპრილს გავრცელდა. თუმცა, ინფორმაციას, ეპარქიაში არ ადასტურებდნენ.
„სამოქალაქო საქართველომ“ დეტალების გარკვევა შსს-ში სცადა, მაგრამ უწყებაში მხოლოდ ის გვითხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობდა, რაც ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღებას გულისხმობს.
27 აპრილს, მას შემდეგ, რაც შსს-მ კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა, მედიის საშუალებით ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაპირისპირება რუის-ურბნისის ეპარქიის ყინწვისის მამათა მონასტრის წინამძღვარს დავით აქიაშვილსა (ერისკაცობაში კობა კობაიძე) და ამავე ეპარქიის კეთილგონიერი ავაზაკის სახელობის მონასტრის წინამძღვარს საბა ჟღენტს შორის აღდგომის ღამეს მოხდა.
ასევე, მედიის ინფორმაციით, დაპირისპირების შემდეგ, დავით აქიაშვილი საბა ჟღენტს სოფელ ხვედურეთში ჩაუსაფრდა და მას „ავტომატიდან ესროლა“. „ტელეკომპანია პირველის“ ცნობით, დავით აქიაშვილი პოლიციამ „წინააღმდეგობისა და სროლის ფონზე“ მაშინვე დააკავა, თუმცა სამი დღის წინ გაათავისუფლა, რის შემდეგაც ის თავს ერთ-ერთ ფერმას აფარებდა.
სასულიერო პირებს შორის დაპირისპირებას დღემდე უარყოფენ რუის-ურბნისის ეპარქიაში. ადგილზე განმარტავენ, რომ მათ დავით აქიაშვილის დაკავების შესახებ ინფორმაცია ტელევიზიის საშუალებით გაიგეს და იქვე დასძენენ, რომ „რაღაც პროვოკაციაა“ და „ყველაფერი გაირკვევა“.
პროკურატურის ინფორმაციით, დაკავებულს ბრალი უკვე წარუდგინეს და საგამოძიებო უწყება სასამართლოს ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)