საქართველო კომუნიზმისა და პანისლამიზმის საფრთხის წინაშე დგას
გაზ. ერთობა, 1920 წლის 30 აპრილი, N96
[მოქალაქეებს კარსმომდგარი საფრთხე რომ გაეცნობიერებინათ, საქართველოს მმართველი სოციალ-დემოკრატიული პარტიის გაზეთი „ერთობა“ აქტიურად აქვეყნებდა სტატიებს, რომლებშიც მოქალაქეებს უხსნიდნენ, რომ ბოლშევიკები ამიერკავკასიაში განხორციელებული სამხედრო კამპანიისას აქტიურად თანამშრომლობდნენ ქემალისტებთან, რომელიც იმხანად პან-ისლამიზმის იდეას არ უარყოფდნენ და არც ღია სეკულარული მოწოდებებით გამოირჩეოდნენ. აზერბაიჯანის მოულოდნელად სწრაფმა მარცხმა და იქაური სამთავრობო პან-ისლამისტური ფრაქციების (განსაკუთრებით „იტტიჰადის“) ბოლშევიკების მხარეს გადასვლამ საქართველოში ამ მხრივ ეჭვები კიდევ უფრო გააძლიერა. ამავდროულად, მოქალაქეების გაერთიანებისათვის საქართველოს მთავრობა მიიჩნევდა, რომ წითელი არმიის ამიერკავკასიაში შემოსვლასთან ერთად, ხაზი გაესვა ოსმალეთიდან მომავალი საფრთხეებისათვისაც.- რესპუბლიკა 100-ის სარედაქციო შენიშვნა].
დღევანდელი ცნობები საუკეთესოდ აშუქებენ იმ ამბებს, რომელიც ბაქოში მოხდა. აქ არ იყო არავითარი „ბაქოს აღება“, ან „გადატრიალება“, როგორც ამას გაჰკივიან კომუნისტები და მათი თანამგრძნობნი. აქ მოხდა შეთანხმება ადერბეიჯანის მთავრობისა და პარლამენტისა საბჭოთა რუსეთთან. „ადერბეიჯანმა კარი გაუღო მათ“, – ასეთია ნამდვილი სურათი ადერბეიჯანში მომხდარ გადატრიალებისა. მაგრამ აქ მარტო ადერბეიჯანის და კომუნისტების შეთანხმებასთან არს გვაქვს საქმე; აქ ჩვენ წინ უფრო დიდი გეგმის განხორციელებაა; ჩვენი მთავრობის განცხადებაში სწორედ არის გაგებულ ეს გეგმა: თუ ადერბაიჯანმა ასე ადვილად გაუღო საბჭოთა რუსეთს კარი, ეს იმის უტყუარი ნიშანია, რომ შეთანხმება მომხდარა მოსკოვსა და ერზერუმს შორის, საბჭოთა რუსეთსა და ოსმალეთის იმპერიალიზმს შორის, ლენინისა და ქემალ-ფაშას შორის. კომუნიზმის სიყვარულით არ უთანხმდებიან საბჭოთა რუსეთის ბეგებისა და ფაშების იდეოლოგიები, როგორიც არიან ექიმი ყარაბეგოვი, გაჯინსკი და – სხვა და სხვა პარტიების თურქოფილები; მათ იმედი აქვთ, რომ საბჭოთა რუსეთის ძალებით მოახერხებენ დანგრეულ ოსმალეთის აღდგენას, მუსულმანურ ქვეყნების გაერთიანებას და „პანისლამისტების“ იდეალის განხორციელებას ამნაირი გეგმა დიდი ხანია დასახული აქვს „იტტიხადის“ პარტიას, რომლის პოლიტიკის გამარჯვებაა ადერბაიჯანის კაპიტულაცია კომმუნისტების წინაშე.
საბჭოთა რუსეთის გეგმა სრულიად აშკარაა. ქვემოთ მოთავსებულია ნალაპარაკევი ბაქოს „რევკომის“ თავმჯდომარის მოადგილის სულთანოვისა, რომელიც სრულებითაც არ მალავს საბჭოთა რუსეთის შემდეგს განზრახვებს: მას აზრად აქვს ევლახის გზით სომხეთში შეიჭრას და ანატოლიაში მოქმედ ქემალ ფაშის ჯარს შეუერთდეს.
ეს გეგმა სრულიად ცხადჰყოფს აზერბეიჯანის პან ისლამისტების საბჭოთა რუსეთთან ასე ადვილად შეთანხმების მიზეზს: პან-ისლამისტების იდეალია – გაერთიანება მუსულმანებით დასახლებული ქვეყნებისა და შექმნა ძლიერი პან-ისლამისტური სახელმწიფოსი, რომელიც გააერთიანებს ოსმალეთს, აზერბეიჯანს, ჩრდილო-კავკასიის მუსულმანებს, ვოლგის მუსულმანობას და ყაზანის გუბერნიამდე და მთელს ინდოეთს. პან-ისლამისტების ამ იდეას უკანასკნელმა ომმა საშინელი ზიანი მიაყენა; ოსმალეთის დანაწილება, რომელიც განზრახულია ევროპის სახელმწიფოთა მიერ, პან-ისლამიზმის საბოლოო გაქრობა იქნებოდა. და პან-ისლამისტები დღეს ფიქრობენ თავი გადაირჩინონ ბოლშევიზმის საშუალებით. აი, რაში მდგომარეობს ადერბეიჯანის და საბჭოთა რუსეთის შეთანხმების აზრი.
ადვილი ასახსნელია, რა საშინელებას უქადის ეს გეგმა მთელს ამიერ-კავკასიას. უპირველეს ყოვლისა ეს გეგმა ნიშნავს სომხეთის ამოშლას ამიერ-კავაკსიის ქარტიდან. სომხეთი ოსმალეთსა და ადერბეიჯანს შუაა მოთავსებული და ამ ორი ქვეყნის გაერთიანებას აბრკოლებს. იმას, რასაც დიდი ხანია ნატრულობენ ადებეიჯანის და ოსმალეთის პან-ისლამისტები და რაც მათ თავის ძალით ჯერ კიდევ ვერ მოახერხეს – სომხეთის აღგვა პირისაგან ქვეყნისა – იმას განახორციელებენ „კომუნიზმის“ სახელით საბჭოთა რუსეთის დროშის ქვეშ.
ამ მხრივ ბაქოში ახლად შემდგარი კომუნისტური მთავრობა ნარიმანბეკოვისა და სულთანოვისა გადაიქცევა „სომეხთა გაჟლეტის მთავრობად“.
საქართველო არ დევს ადერბეიჯანის და ოსმალეთის გზაზე, არ აბრკოლებს მათს გაერთიანებას. მაგრამ საქართველოს საზღვრებში მრავლად ცხოვრობს მუსულმანობა, რომელთა შეყვანა ერთ მუსულმანურ სახელმწიფოში პირდაპირ უნდა შედიოდეს პან-ისლამისტების გეგმაში. ამ განზრახვის ასრულებასაც ისინი, რასაკვირველია მოინდომებენ „წითელი არმიის“ ხელებით.
ამნაირად, კომუნისტების მოსვლა ამიერ-კავკასიაში წარმოადგენს უპირველეს ყოვლისა პან ისლამისტურ საფრთხეს, აბდულ-ჰამიდის ოსმალეთის აღდგენას და პან ისლამისტურ რეაქციის გაბატონებას ამიერ კავკასიაში. და კარზე მომდგარ ბალშევიზმთან ბრძოლა იმავ დროს არის ბრძოლა ოსმალეთის საფრთხესთან.