„სამართლიანი არჩევნები“ ცესკოს წევრთა შერჩევის პროცესს აკრიტიკებს
არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ (ISFED) განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) წევრის ოთხ ვაკანტურ თანამდებობაზე კანდიდატების შერჩევის პროცესი გააკრიტიკა. ცესკო-ს ე.წ. პროფესიული წევრების შესარჩევად ბოლო კონკურსი 2019 წლის ნოემბერში ჩატარდა.
25 აპრილს გამოქვეყნებულ განცხადებაში ორგანიზაციამ რიგი ხარვეზები გამოავლინა, რომლებიც საკონკურსო კომისიისა და კანდიდათა შეფასების პროცესის „ობიექტურობაზე“ ეჭვებს აჩენს.
5 ნოემბერს, მას შემდეგ, რაც ცესკო-ს წევრთა ოთხი ადგილი ვაკანტური გახდა, პრეზიდენტმა კანდიდატების პარლამენტში წარსადგენად შერჩევის პროცედურები დაიწყო.
შერჩევის პროცესი პრეზიდენტის მიერ დანიშნულმა კომისიამ წარმართა. 25 ნოემბერს პრეზიდენტმა პარლამენტს საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეული რვა კანდიდატი წარუდგინა.
10 დეკემბერს პარლამენტმა ცესკო-ს წევრებად რვიდან ოთხი კანდიდატი – დიმიტრი ჯავახაძე, გიორგი ძაგანია, გიორგი ჯავახიშვილი და გიორგი ჭიქაბერიძე დაამტკიცა.
ISFED-ის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს საარჩევნო კოდექსით დადგენილი მოთხოვნები არ დარღვეულა, გაუგებარია, რა კრიტერიუმების საფუძველზე მოხდა პრეზიდენტის მიერ კომისიის შემადგენლობის ფორმირება.
ორგანიზაცია საკონკურსო კომისიაში წარმოდგენილი ზოგიერთო არასამთავრობო ორგანიზაციის „პოლიტიკურ მიკერძოებულობასა და პროფესიონალიზმს“ ეჭვქვეშ აყენებს, რაც ISFEDის შეფასებით, „ეჭვებს აჩენს ცესკოს წევრობის შესარჩევი კონკურსის ობიექტურობაზე“.
ISFED-მა ასევე აღნიშნა, რომ საკონკურსო კომისიის 22 ნოემბრის სხდომის ოქმიდან არ ჩანს, თუ როგორ მოხდა კომისიის მიერ კონკურსში მონაწილე კანდიდატების შეფასება დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით. გარდა ამისა, ორგანიზაციის თქმით, საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილება დასაბუთებული არ იყო. „გაუგებარია რის საფუძველზე მიიღო კომისიამ გადაწყვეტილება პრეზიდენტისთვის კონკურსში მონაწილე კანდიდატების წარდგენის შესახებ“, – ნათქვამია განცხადებაში.
ორგანიზაციის განმარტებით, დამტკიცებული კანდიდატების საბოლოო სია კითხვებს აღძრავს საკონკურსო კომისიის ნეიტრალობის თაობაზე.
„მომავალში ცესკო-ს წევრების შერჩევის მიმართ საზოგადოების ნდობისა და მეტი გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, მნიშვნელოვანია, კომისიაში შედიოდეს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხოლოდ ერთი წარმომადგენელი. დანარჩენი წევრები შეიძლება იყვნენ სახალხო დამცველის წარმომადგენელი, საარჩევნო საკითხების ექსპერტები, აკადემიური სფეროს წარმომადგენლები, რომლებსაც გამოცდილება აქვთ არჩევნების მიმართულებით და სხვ., რომლებიც სარგებლობენ მაღალი რეპუტაციით და სანდოობით“, – ნათქვამია ISFED-ის განცხადებაში.
ISFED-მა ასევე აღნიშნა, რომ „ნაცვლად საეჭვო რეპუტაციის მქონე ორგანიზაციებისა“, კომისიაში ის ადგილობრივი ორგანიზაციები უნდა იყვნენ მიწვეულები, რომლებსაც საარჩევნო საკითხებზე მუშაობის ხანგრძლივი გამოცდილება აქვთ, ასევე „მიუკერძოებელი და ობიექტური საქმიანობით გამოირჩევიან“.
ორგანიზაცია მოუწოდებს საკონკურსო კომისიას, რომ ცესკოს წევრთა შერჩევისას, დასაბუთებული გადაწყვეტილება მიიღოს, რათა მთელი პროცესის სამართლიანობის მიმართ კითხვები არ გაჩნდეს.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)