Amnesty International-ი COVID-19-ის პანდემიაზე საქართველოს რეაგირების შესახებ
საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ Amnesty International-მა 29 აპრილს ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც კორონავირუსის პანდემიაზე აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების რეაგირებას აფასებს.
ორგანიზაციის შეფასებით, საქართველოს ხელისუფლების მიერ 21 მარტს შემოღებული საგანგებო მდგომარეობა „საჭირო, პროპორციული და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ლეგიტიმური მიზნებით იყო ნაკარნახევი“.
- პრემიერმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისთვის პრეზიდენტს მიმართა
- მთავრობა საგანგებო მდგომარეობას 22 მაისის ჩათვლით ახანგრძლივებს
ანგარიშის თანახმად, საგანგებო მდგომარეობის შესახებ პრეზიდენტის დეკრეტი მოიცავდა შეჩერებული უფლებებისა და კონკრეტული გარემოებების „ამომწურავ“ სიას, სადაც ამგვარი შეჩერება შესაძლებელი იყო. დოკუმენტში ნათქვამია, რომ მიღებული ზომები მოიცავდა შეზღუდვებს, რომლებიც შემუშავებული იყო COVID-19-ზე რეაგირებისთვის, მათ შორის, კარანტინის რეგულაციებს, საერთაშორისო და შიდა მოგზაურობის შეზღუდვას, ციხეებში ვიზიტსა და საზოგადოებრივი სერვისების ხელმისაწვდომობას. ანგარიშის თანახმად, დეკრეტით დასაშვები იყო კერძო საკუთრების საზოგადოებრივი ჯანდაცვის საჭიროებებისთვის გამოყენება და ძირითად პროდუქტებზე ფასების რეგულირება.
უფლებადამცველმა ორგანიზაციამ შეშფოთება გამოხატა იმ ფაქტის გამო, რომ გარკვეული ზომები „დისკრიმინაციული ფორმით“ იქნა მიღებული.
„სამედიცინო რჩევების მიუხედავად, კანონით არ შეიზღუდა რელიგიური შეკრებები, რათა საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას აღდგომის დღესასწაულზე ლიტურგიის ჩატარება შეძლებოდა. 12 და 19 აპრილს, ბზობისა და აღდგომის დღესასწაულებზე, საქართველოში რამდენიმე მართლმადიდებელმა ეკლესიამ ათობით მრევლს უმასპინძლა“, – ნათქვამია დოკუმენტში.
უფლებადამცველი ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ყველა სხვა რელიგიური ჯგუფი სამლოცველოების დახურვას ნებაყოფლობით დათანხმდა.
ანგარიშში ნათქვამია, რომ 15 აპრილს მუსლიმმა სასულიერი პირმა მირტაგი ასადოვმა განაცხადა, რომ რამადანის დაწყებისას მეჩეთებს ისინიც გახსნიან და იმედოვნებენ, რომ ხელისუფლება მათაც ისეთივე გაგებით მოეკიდება, როგორც მართლმადიდებლურ ეკლესიას. თუმცა, დოკუმენტის თანახმად, ამ განცხადებიდან ორ დღეში, ასადოვი სახელმწიფოს წინააღმდეგ სავარაუდო საბოტაჟის მცდელობასთან დაკავშირებით უსაფრთხოების სამსახურში დაკითხვაზე დაიბარეს.
ორგანიზაცია მთავრობის მიერ მიღებულ ზომებზეც ამახვილებს ყურადღბას, რომლებიც მოსახლეობის „ყველა მოწყვლადი“ ჯგუფების დაცვას ისახავს მიზნად. ორგანიზაციის განმარტებით, ხელისუფლება იმ პირთათვის კომპენსაციების მიცემას აპირებს, რომელთაც პანდემიისა და დაწესებული შეზღუდვების გამო სამსახურები დაკარგეს.
ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ საგანგებო მდგომარეობის დროს სახელმწიფო ბიუჯეტიდან იმ მოქალაქეების კომუნალური გადასახადები დაიფარება, რომლებიც თვეში 200 კვ-ზე ნაკლებ ელექტროენერგიას და 200 კუბურ მეტრზე ნაკლებ გაზს მოიხმარენ.
კოვიდ-19-ის შესახებ დეტალებისთვის მიჰყევით ბმულს:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)