ჟორდანია: ბოლშევიზმის შემოჭრა დემოკრატიის ალაგას ტირანიის გამეფებას ნიშნავს
გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1920 წლის 1 მაისი, N96
მთავრობის თავმჯდომარე ბ-ნ ნოე ჟორდანიას სიტყვა
დამფუძნებელი კრების 30 აპრილის სხდომა
მოქალაქენო, მაქვს პატივი მთავრობის სახელით მოგახსენოთ შემდეგი:
პოლიტიკური ღრუბლები ჩვენ ირგვლივ კიდევ აისვარა; საბჭოთა რუსეთის მოსაზღვრეობა ჩვენი ნორჩი რესპუბლიკისათვის თანდათან მუქარათ ხდება. ის ჩვენ დაგვიახლოვდა ჩრდილოეთით, გვიახლოვდება სოჩის მიმართულებით, ხოლო ახლა კარზე მოგვადგა აღმოსავლეთით, ადებეიჯანის საშუალებით.
პირველი გარემოება ჩვენში არ იწვევს არავითარ შიშს, დარიალის და გაგრის გადმოლახვა შეუძლებელია. სულ სხვაა ადერბეიჯანის მიმართულება, საიდანაც საზღვრები გაშლილია და ამიტომ მეც დღეს ამ მხრით მინდა მივაქციო თქვენი ყურადღება.
27 ამ თვეს დილით, ადერბეიჯანის მთავრობამ გვამცნო ბალშევიკების ჯარი მოადგა ჩვენს საზღვრებსო, ჩვენი კარები მათ ებრძვიან და სამხედრო დახმარება აღმოგვიჩინეთო. მაშინვე შეიკრიბნენ მინისტრები და ჩვენ დავსვით ასეთი წინასწარი კითხვა: სურს ადერბაიჯანის ხალხს შეებრძოლოს ბალშევიკებს? მიიღებენ ამ ბრძოლაში ისინი მთავარ სიმძიმეს? ამ შემთხვევაში ჩვენ მოვალე ვიქნებით დავეხმაროთ, მოვალე ვიქნებით არა მარტო ხელშეკრულების ძალით, არამედ პოლიტიკურად და მორალურადაც. და მართლაც ერის თვითგამორკვევა, მისი ნება-სურვილები ჩვენ მიგვაჩნია ერთად ერთ გადამჭრელ ფაქტორათ ერთა დამოუკიდებლობისა და შეურყეველ საძირკვლათ საგარეო პოლიტიკისა. ამიტომ ჩვენ ვთქვით, თუ გარეშე ძალა ადერბეიჯანის ერის თვითგამორკვევას ემუქრება, თუ ის მის საზღვრებში ძალით შემოდის, ეს არის აღმაშფოთებელი დარღვევა ერის უფლებისა და ჩვენც მასთან ვიქნებით. მაგრამ თუ ეს ასე არ არის, თუ თვით ერი, ხალხია მომხრე უცხო ძალის შემოყვანის, მაშინ ამ ძალის წინააღმდეგ გალაშქრება ერის უფლების შელახვა იქნებოდა ჩვენის მხრით და იმავე დროს გაგზავნილი ჯარის დაღუპვაც. აი ეს ჩვენი აზრი, დაუყონებლივ ვაცნობეთ ბაქოში და შეუდექით გამორკვევას იქაური პოლიტიკური ატმოსფეროსას. მაგრამ საათის პირველზე უკვე მივიღეთ ცნობა, რომ ბალშევიკები ხაჩმაზში მოვიდენ, ხოლო საღამოს შვიდ საათზე სადგურ სანგაითში, ბალაჯარის ახლო, ე. ი. ექვსი საათის განმავლობაში განვლეს ასი ვერსი. მაშინ კი გავიგეთ, რაშიაც იყო საქმე და ვთქვით: ბალშევიკები შედიან სწრაფი მატარებლით, სრულიად უბრძოლველათ და მაშასადამე ადერბეიჯანის თანხმობით მოვიდენ სრულიად უმნიშვნელო ძალებით, ორი ჯავშნიანი მატარებლით, მათი უკან გარეკა და მატარებლით დატყვევება მცირე ძალას შეეძლო, მარა ვინაიდან ამის სურვილი არ იყო, ბალშევიკების შემოსვლა უბრალო გასეირნებათ გადაიქცა.
ჩვენი ეჭვები, როგორც ხედავთ სავსებით მართლდება.
რაზე იყო დაფუძნებული ჩვენი ეჭვები?
ეს იყო დამფუძნებელი ორ გარემოებაზე: ჩემი აზრით, ბალშევიკური მოძრაობა არის უკან ჩამორჩენილი პოლიტიკურად განუვითარებელი ხალხის მოძრაობა. იქ, სადაც არ არის დემოკრატია, დემოკრატიული ორგანოები, მაშასადამე ხალხი თავის თავს არ მართავს, არ არის ჩაბმული პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში, აი აქ ხალხი თავის მხსნელს და მართველს მოელის ზევიდან გარეშედან, აღჭურვილი მაგარი ხელით და მტკიცე ნებისყოფით. და თუ კიდევ ამას მიუმატებთ იმას, რომ აზერბეიჯანში რევოლუციის არც ერთი დიდი მონაპოვარი არ განხორციელებულა, იქ ჯერაც არ ჩამორთმევიათ ხანებისათვის მიწები, და მთელი აგრარული ურთიერთობა სავსებით შენახულია, ადვილად წარმოიდგენთ ხალხის უკმაყოფილებას არსებული რეჟიმით და მის სურვილს ამ რეჟიმის გამოცვლისას, თუნდაც ავანტიურაში გადავარდნით. აი ამ გარემოებამ მოამზადა სოციალური ნიადაგი აზერბეიჯანში ბალშევიკური გადატრიალებისა. მარა ამას ზედ დაერთო მეორე არა ნაკლებ საყურადღებო მომენტი. ეს არის მომენტი ნაციონალური. და ამას აშკარად აღიარებს ბაქოს დღევანდელი მთავრობა თავის უკანასკნელ მოწოდებაში. ისინი აზერბეიჯანის წინანდელ მთავრობას აცხადებენ ერის მოღალატეთ იმიტომ, რომ მას კავშირი ჰქონდა ანტანტასთან, ხოლო ანტანტამ დაამარცხა ოსმალეთი, დაჰყო ის და მაშასადამე ბაქოს კომუნისტების თვალში ეს ანტანტა აზერბაიჯანის მტერიც არის. ხოლო ვინაიდან მოსკოვის ბოლშევიკებიც ანტანტის წინააღმდეგია, რადგან ისინი ჯერ კიდევ არ იცნო ევროპამ, აქ შეერთდა ინტერესები მოსკოვ-არზრუმისა და გააბა ქსელი რუსის კომუნისტების და ანატოლიის ნაციონალისტების შორის.
შეიძლება გადაჭრით ითქვას, რომ აზერბეიჯანის კომუნისტურ გადატრიალებაში ეს ნაციონალური მომენტი თამაშობდა უაღრეს როლს, როლს სოციალურ ხელქვეითისა. ეს სჩანს იქიდან, რომ მათ თავის მთავრობაში არ შეიყვანეს არც ერთი არა მუსულმანი და რომ მათ ჩვენის ცნობით, განზრახული აქვს პირველ ყოვლისა გაილაშქრონ სომხეთზე, ანატოლიის ჯარებთან შესაერთებლად.
ამნაირათ, ბაქოს ბოლშევიკური გადატრიალება მიმართულია პირველ ყოვლისა ევროპის სახელმწიფოთა ოსმალეთიდან გასაძევებლათ. მეორედ ის, რაც მოხდა 1918 წელს მაშინ რუსის ბალშევიკებმა (ბრესტ-ლიტოვსკი) და მუსავატმა შემოიყვანა ოსმალეთი ამიერ-კავკასიაში, ახლა კი მუსავატის როლს კისრულობს აზერბეიჯანის კომუნისტები. მაგრამ უკანასკნელთ დაავიწყდათ ერთი რამ – მუსავატმა შემოიყვანა გამარჯვებული ოსმალეთი, ხოლო კომუნისტებს კი შემოყავს დამარცხებული და დაშლილი ოსმალეთი და ესეც არა ოსმალეთის ნამდვილი მთავრობა, არამედ არზრუმის ნაციონალისტები. ასეთ პირობებში ბაქოს კომუნისტების თამაში წინდაწინ დამარცხებულათ უნდა ჩაითვალოს და ვაი თუ ოსმალეთის აღდგენის მაგიერ თვით აზერბეიჯანიც სამუდამოთ დაღუპონ.
როგორც ხედავთ, ადერბეიჯანის ბედი დღეს შეერთებულია ბალშევიკურ რუსეთთან და ქემალ-ფაშის ოსმალებთან. ეს კომუნისტურ-ფაშური ქურქი ახასიათებს ბაქოს დღევანდელ მესვეურთ და მით ის თან ატარებს თავის დამარცხებას. ვწუხვართ, რომ ჩვენი მეზობელი რესპუბლიკა ავანტიურაში ჩავარდა და უფსკრულისკენ გაექანა. ამით ის ჩვენ დღეს გამოგვეთიშა, დავრჩით მარტო, მარა ბ-ბო, მარტოობა ყოველთვის არ ნიშნავს დაუძლურებას. პირიქით მარტოთ დარჩენა ხანდახან ნიშნავს ძლიერებას. 1918 წელს ჩვენ გადავრჩით იმით, რომ ადერბეიჯანს დროზე გამოვეთიშეთ, ე. ი. მაშინ მარტოობამ გვიხსნა ოსმალეთის უღლისგან და დღესაც იგივე ადერბეიჯანისაგან გამოთიშვა, მისი ავანტიურის უარისყოფა, ჩვენი საკუთარი გზის, საკუთარი პოლიტიკის შენარჩუნება და წარმოება. ერთათ-ერთი მხსნელია ჩვენი რესპუბლიკის, ჩვენი დემოკრატიის.
ბოლშევიზმის ჩვენში შემოშვება, აქ მისი გამეფება ნიშნავს ჩვენი აზერბაიჯანათ გახდომას, ბალშევიკურ ოსმალურ იმპერიალიზმის საქართველში გაბატონებას. აზერბაიჯანის გზაზე ჩვენი შედგომა, მისი პოლიტიკური მრწამსის მიღება – ეს თავისუფალ და დემოკრატიულ საქართველოს სამუდამოთ დასამარებაა, ეს ევროპისაგან სამუდამოთ მოწყვეტაა და აზიის ფანატიკოსების ბრჭყალებში ჩავარდნაა.
ბალშევიზმის ჩვენში შემოჭრა ნიშნავს უკან ჩამორჩენილი წყობილების მოწინავე ქვეყანაში შეჭრას, დემოკრატიის, ხალხის ბატონობის ალაგას ტირანიის გამეფებას.
ბალშევიზმი აქ იზამს იმას, რასაც რუსეთში შვრება – გააუქმებს ერობას, ქალაქთა თვითმმართველობას, თემებს, მოსპობს ყველა თვითმმართველ ორგანოებს სამოქალაქო და პოლიტიკურ თავისუფლებას და მათს ალაგს განაწესებს ტერორისტების და წითელ არმიის ბატონობას. თავისუფალ შემოქმედების და მოძრაობის ადგილს დაიკავებს ხიშტი. ბალშევიზმი გააუქმებს აგრარულ რეფორმას, მოსპობს მიწაზე კერძო საკუთრებას, რაც გამოიწვევს გლეხთა შრის შეტაკებას, სისხლის ღვრას და მით გაჰხვევს მთელ ერს სამოქალაქო ომში. გარეკავს დამფუძნებელ კრებას და მის ალაგს დაასკუპებს ხუთიოდე კაცს, როგორც ეს დღეს ბაქოშია და ერს მოევლინება ბატონებათ. ერთი სიტყვით ბალშევიზმი ამოართმევს ქართულ ხალხს სულს, ამოგლეჯს ყოველივე იმას, რაც მან შექმნა, რაშიაც გამოხატა მისი შემოქმედებითი პოლიტიკური ნიჭი, დაეპატრონება ის უსულო გვამს და ბოლოს გაუგდებს საჯიჯგნათ ან მოსკოვის რეაქციას ან ოსმალეთის ფაშას.
ბატონებო, ჩვენ ამას არ ვიზამთ, ჩვენ ამას ვერ ვიზამთ, ჩვენ ვერ ვიქნებით ჩვენი ხალხის მოღალატე, ჩვენ ჩვენს სახელოვან პოსტზე მტკიცეთ, შეურყევლათ დავრჩებით. ჩვენ მარტო არ ვართ, ჩვენთან არის მთელი ევროპა, განურჩევლათ პარტიისა და მიმართულებისა. ევროპა თუ აზია – დღეს ჩვენს წინაშე კონკრეტულად ისმის და ვიმეორებ დღეს კიდევ უფრო მაღლა, კიდევ უფრო მედგრათ იმას, რაც 14 იანვარს აქ ამ ტრიბუნიდან ვთქვი – ჩვენ ვირჩევთ ევროპას, ევროპის დემოკრატიას.
ბ-ბო, მთავრობა უკვე შეუდგა თავის დაცვის მოწყობას. მან დაარსა განსაკუთრებითი თავდაცვის საბჭო, გამოაცხადა მობილიზაცია, დანიშნა სარდალი, დააყენა აღმოსავლეთ საქართველო სამხედრო წესებზე, გამოითხოვა თავდაცვის ფონდი, მიიღო ყოველნაირი წინასწარი ზომები. ჩვენ მზათ ვართ ბრძოლისათვის, ჩვენი ჯარი, ჩვენი გვარდია, მთელი ჩვენი დემოკრატია ჩვენთან არის. ჩვენ ვაჩვენებთ ქვეყანას თუ რას ნიშნავს თავის დაცვა, დაცვა თავის საზღვრების, თავის წყობილების, თავის თავისუფლების. ბალშევიკები ჩვეულია მსუბუქ გამარჯვებას; პირველათ აქ, ჩვენ საზღვრებზე გაიგებენ თუ რას ნიშნავს მძიმე დამარცხება. ჩვენ არ ვართ წინააღმდეგი მათთან მოლაპარაკების, კეთილმეზობლურ ურთიერთობების დამყარების, მაგრამ ეს თუ არ მოისურვეს, თუ ჩვენ წმიდათა-წმიდას შეეხნენ, თუ ჩვენ საზღვრებს დაემუქრენ, მაშინ ქართული დემოკრატია დაუმტკიცებს ქვეყანას, რომ მან იცის სახელმწიფოს არა მარტო აშენება, არამედ მისი დაცვაც, აქვს ნიჭი არა მარტო პოლიტიკური შემოქმედების, არამედ უნარი ბრძოლისაც, მაშინ დადგება ის დრო, როცა გადაჭრით, ვიტყვით ჩვენ, თქვენ, მთელი ერი რასაც საუკუნეობით ამბობდა ჩვენი ხალხი: „სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა სიკვდილი სახელოვანი“.
(ოვაციები და ტაში.)