აფხაზეთის „პრეზიდენტმა“ „მთავრობის“ ახალი სტრუქტურა წარადგინა და ვიცე-პრემიერები დანიშნა
ოკუპირებული აფხაზეთის ახალმა „პრეზიდენტმა“, ასლან ბჟანიამ 28 აპრილს რეგიონის „მინისტრთა კაბინეტში“ ცვლილებები შეიტანა და „მთავრობის“ წევრთა რაოდენობა 12-დან 14-მდე გაზარდა.
- „შინაგან საქმეთა სამინისტრო“;
- „ჯანდაცვის სამინისტრო“;
- „საგარეო საქმეთა სამინისტრო“;
- „კულტურის სამინისტრო“;
- „თავდაცვის სამინისტრო“;
- „გადასახადებისა და მოსაკრებლების სამინისტრო“;
- „საგანგებო სიტუაციების სამინისტრო“;
- „განათლებისა და ენის პოლიტიკის სამინისტრო“;
- „სოფლის მეურნეობის სამინისტრო“;
- „სოციალური დაცვის და დემოგრაფიული პოლიტიკის სამინისტრო“;
- „ტურიზმის სამინისტრო“;
- „ფინანსთა სამინისტრო“;
- „ეკონომიკის სამინისტრო“;
- „იუსტიციის სამინისტრო“.
ბჟანიას მიერ „მთავრობის“ სტრუქტურაში შეტანილი ცვლილებების შედეგად:
- „ენის კომიტეტი“ „განათლების სამინისტროს“ შეუერთდა და „განათლებისა და ენის პოლიტიკის სამინისტროდ“ ჩამოყალიბდა;
- „ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამინისტრო“ ორ დამოუკიდებელ სტრუქტურად გაიყო – „ჯანდაცვის სამინისტრო“ და „სოციალური დაცვისა და დემოგრაფიული პოლიტიკის სამინისტრო“;
- კურორტებისა და ტურიზმის კომიტეტი, ასევე სოფლის მეურნეობის კომიტეტი ორ შესაბამის „სამინისტროდ“ ჩამოყალიბდა.
ახალ კაბინეტში თანამდებობა რამდენიმე წინა „მინისტრმაც“ შეინარჩუნა. ასევე, დაინიშნა რამდენიმე ახალი „მინისტრი“, მათ შორის, ბესლან ჯოპუა, რეგიონის „პირველი ვიცე-პრემიერი“ და ვლადიმირ დელბა – სამიდან ერთ-ერთი „ვიცე-პრემიერი“, რომელიც რეგიონის ფინანსებსაც განაგებს.
45 წლის ვლადიმირ დელბას 2011 წლიდან 2014 წლამდე პერიოდში „ფინანსთა მინისტრის“ და „ვიცე-პრემიერის“ თანამდებობები ეკავა. 2014 წლის ივნისიდან-სექტემბრამდე იგი რეგიონის „პრემიერ-მინისტრის“ მოვალეობის შემსრულებელი იყო.
სტრუქტურული ცვლილებების შედეგად შემდეგი „სახელმწიფო კომიტეტები“ დარჩა:
- სპორტის და ახალგაზრდობის საკითხთა სახელმწიფო კომიტეტი
- სტანდარტების, სამომხმარებლო და ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო კომიტეტი;
- სტატისტიკის სახელმწიფო კომიტეტი;
- სახელმწიფო ქონების მართვის და პრივატიზაციის სახელმწიფო კომიტეტი;
- სახელმწიფო საბაჟო კომიტეტი;
- რეპატრიაციის საკითხთა სახელმწიფო კომიტეტი;
- ეკოლოგიის საკითხთა სახელმწიფო კომიტეტი;
- კავშირგაბმულობის, მასობრივი კომუნიკაციის და ციფრული განვითარების საკითხთა სახელმწიფო კომიტეტი.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)