სოციალ-დემოკრატიული პარტიის საპირველმაისო მიმართვა
გაზ. ერთობა, 1920 წლის 1 მაისი, N97
საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია
პროლეტარებო ყველა ქვეყნისა შეერთდით!
პირველი მაისი
ამხანაგებო! დღეს მუშათა დღესასწაულია. პირველი მაისი – ეს არის საერთაშორისო პროლეტარიატის ბრძოლის დღე თავის საბოლოო განთავისუფლებისა და კაპიტალიზმის მონობის დამსხვრევისათვის.
31 წელია, რაც დღესასწაული დაწესდა 1889 წლიდან მოკიდებული პირველი მაისის დღეს სხვადასხვა ქვეყნის მუშათა კლასი აშკარათ თუ ფარულათ ხელს უწვდის თავის უცხოელ თანამებრძოლთ და თანამოძმეებს და შეხარის იმ ბედნიერ დღეს, როცა დაემხობა ბჭეები ბურჟუაზიის ბატონობისა და გამობწყინდება მზე მშრომელთა სამეფოს დაფუძნებისა.
მუშათა მჩაგვრელნი და მშრომელთა მძარცველნი შეშფოთდენ, იმპერიალისტური სახელმწიფონი შეეცადენ სხვადასხვა ქვეყნის მუშათა ერთი მეორის საწინააღმდგეოთ ამხედრებისა და მათ სისხლით თავისი ბატონობის განმტკიცებას. მსოფლიო ომით ისინი პირველყოვლისა საერთაშორისო პროლეტარიატს ებრძოდენ. ომმა დაქსაქსა მშრომელი ხალხი და შეარყია მუშათა სოლიდარობა. მაგრამ თანდათან იფანტება ომით შექმნილი ბურუსი. საერთაშორისო პროლეტარიატი გონს მოდის და ლამობს ომიანობით დათესილი შოვინიზმის მოსპობას, ერთა შორის სოლიდარობის განმტკიცებას და მსოფლიო ბურჟუაზიის საწინააღმდეგოთ ყველა ქვეყნის მუშათა დარაზმვას.
გაუმარჯოს სოციალიზმს!
დიდი იმპერიალისტური სახელმწიფონი წვრილ ერთა დამონებით და მათი გაყვლეფით სულდგმულობენ. ამ გზით მიდის საბჭოთა რუსეთიც. რომელმაც გასულ წელს დასცა თავისუფალი უკრაინა, ებრძოდა ყველა ერს ყოფილი რუსეთის იმპერიისა, რომელთაც მოიპოვეს თავისუფლება ერთა თვითგამორკვევის უფლების თანახმად. ამჟამათ საბჭოთა რუსეთმა ფეხქვეშ გათელა ადერბეიჯანის დამოუკიდებლობა და ემუქრება საქართველოს საზღვრებს. ეს იმპერიალისტთა წისქვილის აბრუნებაა, მათი ძალდატანების დადასტურებაა. მუშათა კლასი ერთა თავისუფლების მოციქულია და წვრილ ერთა განთავისუფლების ბაირაღტარია. საქართველოს მშრომელ ხალხს „კომუნისტ“ იმპერიალისტთა მუქარა ვერ შეაშინებს. ის დემოკრატიულ საქართველოს დამოუკიდებლობას ყოველი ძალღონით დაიცავს.
გაუმარჯოს წვრილ ერთა თავისუფლებას!
სოციალიზმის დამყარება შეკავშირებული და გათვითცნობიერებული მუშათა კლასის საქმეა. სწორეთ ამ მიზნით მოითხოვს პირველი მაისის დღეს საერთაშორისო პროლეტარიატი 8 საათის სამუშაო დღის შემოღებას. ეს მუშათა გათვიცნობიერების საუკეთესო იარაღია და მის საბოლოო გამარჯვებას აჩქარებს. რუსეთის დიდმა რევოლუციამ მუშათა კლასს მოუპოვა ეს მჭრელი და ძლიერი იარაღი. საქართველოს რესპუბლიკის ფარგლებში 8 საათის სამუშაო დღე მტკიცეთ დაცულია. მაგრამ ეს გადაჭრით უარყვეს კომუნისტებმა რუსეთში. მათ დაანგრიეს წარმოება, კიდევ უფრო დასცეს მშრომელი ხალხის ისედაც შერყეული ეკონომიური მდგომარეობა და ეს მას შემდეგ, რაც გარეკეს დამფუძნებელი კრება და გამოიწვიეს სამოქალაქო ომი, დემოკრატიის რაზმებში, და აი მათ დააკანონეს მრეწველობის მილიტარიზაცია, მუშათა მიჯაჭვა ფაბრიკა-ქარხნებში, შემოიღეს 12 საათის სამუშაო დღე, დასასრულს გააუქმეს პირველი მაისის დღესასწაული და შრომის ბრწყინვალე დღესასწაული და შრომის ბრწყინვალე დღესასწაულის დღეს გამოთიშეს რუსეთის პროლეტარიატი მუშათა საერთაშორისო ოჯახიდან. ეს ინტერნაციონალის ლოზუნგით დასამარება და რეაქციის გამარჯვებაა.
ჩვენი მუშათა კლასი ამ გზით ვერ ივლის. ის მტკიცეთ დაიცავს რევოლუციის მონაპოვართ და 8 საათის სამუშაო დღეს გამოიყენებს თავის რაზმათ შესაკავშირებლათ, წარმოების გასავითარებლად, ეკონომიური კეთილდღეობის გასაფართოებლათ და საქართველოს რესპუბლიკაში მშრომელთა ბატონობის გასამტკიცებლათ. ეს შეიძლება შრომის ნაყოფიერების განვითარებით. სოციალიზმის კეთილდღეობის და სიმდიდრის და არა სიღატაკის სამეფო უნდა შეიქმნეს. შრომის ნაყოფიერება მისი საუკეთესო გზა და ხიდია.
გაუმარჯოს 8 საათის სამუშაო დღეს!
დღეს მუშათა ბრწყინვალე დღესასწაულია.
საქართველოს მუშათა კლასმა მრავალი გამარჯვება მოიპოვა, მან დაამკვიდრა დემოკრატიული რესპუბლიკა, მოიგერია მომხდური იმპერიალისტები, შექმნა საფუძველი მშრომელთა ბატონობისა და საერთაშორისო პროლეტარიატის რაზმებთან ერთათ მიემართება წინ, სოციალიზმის ბრწყინვალე სამეფოსაკენ.
დღეს ჩვენ ვუძღვნით მხურვალე სალამს მებრძოლ მუშათა ინტერნაციონალს.
გაუამარჯოს ინტერნაციონალს!
გაუმარჯოს ერთა სოლიდარობას!
ძირს იმპერიალიზმი!
გაუმარჯოს წვრილ ერთა თავისუფლებას!
გაუმარჯოს 8 საათის სამუშაო დღეს!
ძირს კაპიტალიზმი!
გაუმარჯოს სოციალიზმს!
ცენტრალური კომიტეტი საქართველოს სოციალ-დემოკრატიულ მუშათა პარტიისა