აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი ცხინვალის საოკუპაციო ხაზს სტუმრობდა
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი 30 აპრილს ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს მდებარე სოფელ ოძისს ესტუმრა.
გუშინ, საოკუპაციო ხაზთან პირველი ვიზიტის დროს, კელი დეგნანმა საქართველოში ე.წ. „ბორდერიზაციის“ პროცესი დაგმო და თქვა, რომ „ამერიკის შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“. ელჩმა რუსეთის ფედერაციას 2008 წელს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ნაკისრი ვალდებულებაც შეახსენა და რეგიონიდან სამხედროების გაწვევისკენ მოუწოდა.
- საოკუპაციო ძალებმა სოფელ ტახტისძირის მიმდებარედ საოკუპაციო ხაზი გადმოწიეს
- საერთაშორისო თანამეგობრობა საქართველოში რუსეთის მიერ განხორციელებულ „ბორდერიზაციას“ გმობს
„ახლანდელი ბორდერიზაციის საკითხი შემაშფოთებლად მიმაჩნია. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც მინდოდა აქ მოსვლა და ჩემი თვალით ნახვა თუ რა ხდება, განსაკუთრებით COVID-ის დროს, როდესაც ყველა ერთად უნდა ვმუშაობდეთ ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად“, – განაცხადა კელი დეგნანმა.
მანვე აღნიშნა, რომ სექტემბერში, ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის ჩაკეტვის შემდეგ, „სამხრეთ ოსეთის სულ მცირე 13 მკვიდრი გარდაიცვალა, რომელთა გადარჩენაც მოხერხდებოდა“, მათ თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსლვა და „ჯანდაცვისა და სამედიცინო მომსახურებით სარგებლობა რომ შესძლებოდათ“.
- უცხოელი ექსპერტები: ლუგარის ლაბორატორიის საქმიანობა გამჭირვალეა
- კითხვა-პასუხი: „ლუგარის ლაბორატორია“ და რუსეთის საგარეო უწყების ბრალდებები
დეგნანმა ასევე აღნიშნა, რომ იგი „შეშფოთებულია“იმ ინფორმაციით, რომ „ჰაკერები და სხვა უპასუხისმგებლო ადამიანები“ საქართველოსა და ლუგარის ლაბორატორიას თავს ესხმიან. „ლუგარის ლაბორატორიის წინააღმდეგ მიმართული თავდასხმა არის უბრალოდ ტყუილი და უპასუხისმგებლობა“, – დასძინა ელჩმა.
„ვფიქრობ, ყველამ დაინახა ქართველების დაქვემდებარებაში არსებული და ქართველი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტების მიერ მართული ლუგარის ლაბორატორიის შესანიშნავი საქმიანობა დიაგნოსტიკური ტესტირებისა და საზოგადოებისა და ხელისუფლების სწორი სამედიცინო ინფორმირების საქმეში, რის შედაგადაც ქართველმა ხალხმა გონივრული გადაწყვეტილებებით შეძლო ვირუსის შეკავება“, – ხაზი გაუსვა კელი დეგნანმა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)