თფილისელი მუშები საპირველმაისოდ: ძირს რუსულ-ოსმალური იმპერიალიზმი!

გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1920 წლის 4 მაისი, N97

[1920 წლის 27 აპრილს წითელი არმიის ნაწილებმა აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის დედაქალაქი ბაქო აიღო და ხელისუფლება რევკომის ხელში გადავიდა. აზერბაჯანის საჯარისო ნაწილებს ფაქტობრივად წინააღმდეგობა არ გაუწევია ბოლშევიკებისათვის. ამიერკავკასიელ ბოლშევიკთა მეთაურის სერგო ორჯონიკიძის წინასწარი პროგნოზით, აზერბაიჯანის დაკავების შემდეგ 2 კვირის განმავლობაში წითელი არმიის ნაწილები თბილისსაც აიღებდნენ. სამხედრო მოქმედებების პარალელურად საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის დავალებით დამფუძნებელი კრების წევრი გრიგოლ ურატაძე დიპლომატიურ მოლაპარაკებებს აწარმოებდა საბჭოთა რუსეთის მთავრობასათან, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის იურიდიულად ცნობის შესახებ. 1920 წლის მაისის პირველ დღეებში წითელი არმიის ნაწილები საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარს მოადგა და სამხედრო მოქმედებები დაიწყო. აზერბაიჯანის მთავრობაში მყოფი პანისლამისტური ფრაქციის “იტტიჰადის” წევრთა ბოლშევიკების მხარეს გადასვლის გამო საქართველოს მთავრობა გამოსთქვამდა საფუძვლიან ეჭვებს, რომ საბჭოთა რუსეთის სამხედრო ნაწილების ამიერკავკასიაში მოქმედება ერთგვარად შეთანხმებული იყო ანატოლიაში მოქმედ ქემალ-ფაშის [შემდგომში ათათურქის] ძალებთან, რომლებიც პრეტენზიაც აცხადებდნენ ამიერკავკასიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილზე. – რესპუბლიკა 100-ს სარედაქციო შენიშვნა].

პირველი მაისის დღესასწაულმა ტფილისში გრანდიოზული სახე მიიღო. მუშათა კლასის საერთაშორისო დღესასწაულთან ერთად ეს დღე გადაიქცა ეროვნულ ძალთა დიდებულ დემონსტრაციათ იმ გარეშე საფრთხის წინააღმდეგ, რომელიც ამ ჟამად რუსულ-ოსმალური იმპერიალიზმის სახით მოსდგომია და განადგურებას უქადის საქართველოს. მზადება პირველი მაისის დღესასწაულისათვის რამდენიმე კვირით ადრე დაიწყო. ამ დღეს დილის 7 საათზე შემუშავებულის წესრიგის თანახმად რკინის გზის მთავარ სახელოსნოების საყვირმა ამცნო ქალაქს დღესასწაულის დასაწყისი, მას გამოეხმაურენ სხვა და სხვა ფაბრიკა-ქარხნების საყვირები. ქალაქის სხვა და სხვა რაიონებიდან ხალხიც გამოეფინა ქუჩებში და იწყეს დენა მუშათა სასახლისაკენ 10-11 საათზე მუშათა სასახლის გარშემო მდებარე ქუჩები უკვე ხალხით იყო გაჭედილი. წითელი დროშებით, წითელი ლენტებით, წითელი ყვავილები, მუსიკითა და სხვა და სხვა სიმღერებით პროცესია ნაწილობრივათ მიემართებოდა ძმათა სასაფლაოსკენ. მაგრამ მთავარი პროცესია ჯერ კიდევ დაძრულია არ იყო, რომ მუშათა სასახლის მოადგა ორი საბარგო ავტომობილი. მოსვლისთანავე „მატრიალისტების“ კავშირის სახით მოსულნი შეუდგენ ბალშევიკურ აგიტაციას დაიწყეს ფურცლების დაბნევა, რითაც მოუწოდებდენ საბჭოთა მთავრობის შემოსაღებათ. ამასთანავე გამოფინეს დროშები. მოუწოდებდენ „საბჭოების“ არჩევნებისთვის მომზადებულიყვნენ. საერთოდ ამ მცირე ჯგუფს, რომელიც არ აღებატებოდა 40-50 კაცს თავი მეტად ხულიგნურად ეჭირა. ილანძღებოდნენ და იმუქრებოდნენ. და ეს ხდებოდა იმ დროს, როცა სამაისო კომისიის მიერ გადაწყვეტილი იყო ამ დღეს პოლემიკურ გამოსვლებს ადგილი არ ჰქონოდა.

რამდენჯერ მიმართეს სარაიონო კომისიამ, პროფესიონალურ ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და სხვებმა წესიერების დამრღვევთ, რომ დაბრუნებულიყვნენ ადგილიდან, რომ არ შეეშალათ ხელი პროცესიის მსვლელობისათვის, მაგრამ ყოველგვარი ცდა ამ მხრით უნაყოფო გამოდგა, მოღალატეების ამ გვარმა ქცევამ დაბოლოს მუშები მეტად ააღელვა, შემოარტყეს წრე ავტომობილებს და ცემა ტყეპით ჩამოყარეს ძირს. დროზე მოუსწრო მილიციამ და ნაცემი წესრიგის დამრღვეველნი ხელიდან გამოგლიჯა ხალხს და დააპატიმრა. დაპატიმრებულია 36 კაცამდი. ერთი მონაწილეთაგანი მიიმალა. მის ბინაზე აღმოჩენილი იქნა ყუმბარა, ვინტონკები, ტყვიები და საბეჭდი მანქანა.

მთავარი პროცესია ამ დროს უკვე გასული იყო რუსთაველის პროსპექტიდან ძმათა სასაფლაოსაკენ და გაჭიმულ იყო ქუჩებში რამდენიმე ასს საჟენზე და ასი ათასობით დაითვლებოდა, პროცესიაში სჭარბობდა შემდეგი ლოზუნგები ქართულ-რუსულ ენაზე: გაუმარჯოს რუსეთ-ოსმალეთის გაერთიანებული იმპერიალიზმისაგან რევოლუციონურ თავდაცვას, ძირს  რუსეთ-ოსმალეთის ბოლშევიკური იმპერიალიზმი.

საუცხოოდ იყო მორთული ყვავილებით ძმათა სასაფლაო. ყვავილთა გორაკი თანდათან იზრდებოდა ხალხის მიერ თითოეულად მოტანილი ყვავილებით. ძმათა სასაფლაოს მიდამოები ხალხით გაიჭედა. ტრიბუნები სამს ადგილად აღიმართა. ილაპარაკეს – ნოე ჟორდანიამ, ევგენი გეგეჭკორმა, ვალიკო ჯუღელმა, აკაკი ჩხენკელმა, ნოე რამიშვილმა, გრიგოლ გიორგაძემ, რაჟდენ არსენიძემ, სილიბისტრო ჯიბლაძემ, გრიგოლ ლორთქიფანიძემ, დამფუძნებელი კრების სახელით – თავმჯდომარის ამხანაგმა სიმონ მდივანმა, სხვა და სხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა და კერძო პირებმა. ყველანი მოუწოდებდნენ ხალხს შინაურ ერთობისაკენ, რათა შესაფერი პასუხი გაეცეს გარედან მომდგარ მტერსო. ნოე ჟორდანიამ, სხვათა შორის აღნიშნა, რომ პირველ მაისს ყველა ქვეყანაში ორგვარი ლოზუნგია – ერთი საერთო, მეორე საკუთარი. დღეს ჩვენი საკუთარი ლოზუნგი უნდა იყოს: ძირს რუსულ-ოსმალური იმპერიალიზმი, გაუმარჯოს შინაურ ერთობასო. საერთო აღფრთოვანებას იწვევდა სახალხო გვარდიის მთავარი შტაბის უფროსის ჯუღელის გამოჩენა. დასასრულ მიღებულ იქნა შემდეგი რეზოლუცია: „ტფილისის მუშათა კლასი ულოცავს მთელი ქვეყნის თავის მომხრეთ პირველ მაისის ბრწყინვალე დღესასწაულს და იმავე დროს ამცნობს მსოფლიო მუშათა კლასს, რომ საქართველოს მუშები იძულებულნი შეიქმნენ დღევანდელ დღეს მილიტარიზმის საპროტესტო ლოზუნგის გვერდით დაესვა მეორე ლოზუნგი – რევოლუციონური თავდაცვა. ის დღეს იარაღდება, ვინაიდან მას აიძულებს ამაზედ რუსეთის კომუნიზმი და მისი მოკავშირე ოსმალეთი. გაუმარჯოს მუშათა კლასის სოლიდარობას, ძირს იმპერიალიზმი“.

ამით მიტინგი დამთავრდა და იქვე გაიმართა ცეკვა-თამაში, სიმღერები და ჯირითი სახალხო გვარდიელების მიერ.

მუშათა კლუბებში გაიმართა საზეიმო საღამოები. ნაძალადევში გაიხსნა მუშათა სახლი გიორგი პლეხანოვის სახელობაზე, სადაც ნოე ჟორდანიამ ზეიმის შესაფერი სიტყვა წარმოსთქვა. სახელმწიფო თეატრში დაიდგა მუშებისათვის ოპერა „კოტე და ქეთო“. თეატრი მუშებით იყო გადაჭედილი. მუშათა წარმომადგენელმა მადლობა მიუძღვნა მსახიობთ შრომისათვის დღით გაიხსნა ტფილისის რკინის გზის სადგურის ახალი პავილიონი. მთელი ქალაქი ღამით გაჩახჩახებული იყო. საუცხოოთ იყო მორთული მუშათა სასახლე, დამფუძნებელი კრება, ქალაქის თვითმმართველობის შენობა, სახელმწიფო თეატრი და სხვა.