EBRD და GCF თბილისის მეტროს მოდერნიზაციისთვის 75 მლნ ევროს გამოყოფენ
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) და მწვანე კლიმატის ფონდი (GCF) თბილისის მეტროს მოდერნიზაციის დასაფინანსებლად 75 მილიონი ევროს სესხს გამოყოფენ.
„საქართველოსთვის გამოყოფილი თანხები 40 თანამედროვე ტიპის მეტროს ვაგონის შეძენას და ასევე მეტროსადგურისა და გვირაბის მოდერნაციას მოხმარდება“, – ნათქვამია EBRD-ის მიერ 30 აპრილს გავრცელებულ განცხადებაში.
ინვესტიცია EBRD-ის მწვანე ქალაქებისა და თბილისის მწვანე ქალაქის სამოქმედო გეგმის ფარგლებში განხორციელდება, რომელიც იმ სფეროებს განსაზღვრავს, რომლებსაც ქალაქის მთავარი ეკოლოგიური გამოწვევების მოსაგვარებლად გადაუდებელი დახმარება ესაჭიროება.
EBRD-ის ინფორმაციით, ეს პირველი პროექტია, რომელიც ბანკისა და მწვანე კლიმატის ფონდის თანადაფინანსებით განხორციელდება. 75 მილიონი ევროდან 65 მილიონს EBRD-ი, ხოლო 10 მილიონს GCF-ი გამოყოფს.
ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ განახლებული მეტროსადგურები თბილისის 1.2 მილიონ მკვიდრს კერძოდან საზოგადოებრივ ტრანსპორტზე გადასვლის შესაძლებლობას მისცემს, რითაც ჰაერის დაბინძუნება შემცირდება.
„ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვან როლს თამაშობს იმ მომსახურებების მიწოდებაში, რომლებიც ყოველდღიური ცხოვრებისთვის გვჭირდება, ასევე ეკონომიკის ფუნქციონირებისთვის. თბილისის მეტროს მოდერნიზაცია გადამწყვეტი იქნება ქალაქის ძირითად ეკოლოგიურ გამოწვევებთან გასამკლავებლად. მოთხოვნა ხარისხიან საზოგადოებრივ ტრანსპორტზე მაღალია და ასეთ პროექტებს საუკეთესო ეკოლოგიური და სოციალური ზემოქმედება აქვთ“, – განაცხადა EBRD-ის კავკასიის რეგიონულმა დირექტორმა კატარინა ბიორლინ ჰანსენმა.
„მოხარულები ვართ, რომ COVID-19-ით გამოწვეული რთული ეკონომიკური პირობების მიუხედავად, ბანკის მხარდაჭერა საქართველოს ეკონომიკისა და მისი მოქალაქეების მიმართ კვლავ ძლიერია“, – თქვა თბილისის მერმა კახა კალაძემ.
EBRD-ის განცხადებით, „პროექტი გენდერული თანასწორობის ხელშეწყობასა და ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების სტანდარტების გაუმჯობესებასაც ისახავს მიზნად“. „ეს მოიცავს ტრენინგებს სამუშაო ადგილზე, ქალთა დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, ასევე ქალაქის სატრანსპორტო სექტორში თანასწორი შესაძლებლობების უზრუნველყოფას“, – განმარტავენ ბანკში.
EBRD-ისვე განმარტებით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის მხარდაჭერის პროგრამა კორონავირუსის პანდემიაზე რეაგირების ფარგლებში დაიწყო, რაც მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული მომსახურებების მიწოდებას უზრუნველყოფს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)