ვალიკო ჯუღელი: გვარდია საზღვრის გასამაგრებლად მიეშურება

გაზ. ერთობა, 1920 წლის 4 მაისი, N98

თავდაცვისათვის

სახალხო გვარდიის შტაბის თავმჯდომარის ვალიკო ჯუღელის დეპეშები:

პროფესიონალურ კავშირთა ცენტრალურ საბჭოს:

ამხანაგებო! მხედრულად მოკაზმული და საომრათ გამზადებული სახალხო გვარდია – მესამე კონფერენციის სახით მხურვალე ფრთოვან სალამს უძღვნის საქართველოს ყველა მუშებს. თქვენ მოგვეცით ჩვენ წმინდა დროშა და მაღალი იდეები და თქვენვე მოგვეცით ხელში იარაღი ამ წითელ დროშის და პროლეტარიატის იმედების დასაცავად. ჩვენ პირნათლად, აღტაცებით ვასრულებდით ჩვენი პროლეტარიატის დავალებას და ბევრმა ჩვენმა ამხანაგმა ამ მოვალეობას თავი შესწირა, და თქვენი გვარდია ჯერ არსად დამარცხებულა. არ დამარცხებულა, რადგანაც უს ყოველთვის თავდაცვას აწარმოებდა და სხვას არავის თავზე არ ესხმოდა. დღეს მტრები ისევ წალეკვას და განადგურებას უქადის ჩვენს ქვეყანას.

და სახალხო გვარდია კვლავ თოფ ქვეშ დგება. გაშლილი დროშებით, მტკიცე იმედით და შეურყეველი რწმენით გამარჯვებაში მივისწრაფვით ჩვენს საზღვრებისაკენ და  თქვენ შეგყურებთ. ჩვენი გამარჯვება თქვენზეა დამოკიდებული, როცა ჩვენ ვგრძნობთ პროლეტარიატის სულიერ და ფიზიკურ კავშირს ჩვენთან ჩვენ ძალაგვემატება და უძლეველი ვხდებით. და ჩვენ ვიცით, რომ თქვენ გიყვართ თქვენი გვარდია, რომ თქვენ შეიყვარებთ ჩვენ სამხედრო ფრონტს.

ეს სიყვარული ჩვენთვის ყველაფერია.

ეს სიყვარული ჩვენ კვლავ მოგვცემს გამარჯვებას.

დამფუძნებელ კრებას

სახალხო გვარდიის მესამე კონფერენცია მხურვალე სალამს უძღვნის დამფუძნებელ კრებას, – დიდ რევოლუციის ამ ძვირფას გვირგვინს. სახალხო გვარდიას სწამს, რომ ამ დიად ისტორიულ მომენტში, როცა ჩვენი ხალხის ყოფნა არ ყოფნის საკითხი სწყდება – მთელის ხალხის ნება მტკიცეთ გამოიხატება დამფუძნებელ კრებაში და ეს ნება გაამთლიანებს და აამაღლებს რესპუბლიკის თავდაცვის საქმეს. სახალხო გვარდია მზათ არის ყოველივე მსხვერპლი გამოიღოს ხალხის საკეთილდღეოთ და საომრათ დამზადებული, უკვე საზღვრებზე მიეშურება.

მთავრობის თავმჯდომარეს

ამ საბედისწერო დროს, როცა წყდება მთელი ჩვენი ხალხის ბედ-იღბალი და მომავალი, როცა მტრის ძალები ყოველ მხრივ უახლოვდებიან ჩვენი რესპუბლიკის რევოლუციონურ საზღვრებს, სახალხო გვარდიის მესამე კონფერენცია იმედიან სალამს უძღვნის მთავრობას და ფიცს სდებს, რომ მთელი თავისი ძალ ღონით დაიცვას ჩვენი რესპუბლიკის ხელუხლებლობას და თავისუფლებას. სახალხო გვარდია მთელ ხალხთა ერთად თავისი გაერთიანებული მკერდით გარდაუვალად გარსს შემოერტყმის ჩვენ განთავისუფლებისათვის, ხალხის ბედნიერებისათვის საჭირო შეიქმნა დიდი მსხვერპლი, – მთელი სახალხო გვარდია აღტაცებით მიიტანს თავის ფიზიკურ და ზნეობრივ ძალებს მშრომელი ხალხის თავდაცვის საკურთხეველზე.

ყველა ერობებს

ჩვენი წრფელი, აღმატებული სალამი თქვენსკენ მოილტვის ამ დიდ ისტორიულ მომენტში, თქვენ შექმნით იმ მთლიანობას და სიმტკიცეს ზურგში, რომელიც უძლევს ყოფს ფრონტს და მას გამარჯვებას მისცემს. სახალხო გვარდიის მესამე კონფერენცია ღრმად არის დარწმუნებული, რომ ერობები ადგილობრივ შტაბებთან ერთად ყოველივე ზომებს იხმარენ, რომ ომში წასულ მებრძოლთა ოჯახები მოვლილი და უზრუნველყოფილნი იქნენ. მეომრებს არ უნდა დასჭირდეთ ზურგზე ზრუნვა, ზურგი ფრონტს ახლა ძლიერებას უნდა სძენდეს და მაშინ ჩვენ ვერავინ დაგვძლევს.

სამხედრო მინისტრს

სახალხო გვარდიის მე-3 კონფერენცია ძმურ სალამს უძღვნის თავის ნორჩ თანამებრძოლს რეგულარულ ჯარს. ჩვენ უკვე ხმა-მაღლა ვაყივლებთ ამ ჯარის მიერ ჩვენთვის ნაჩუქარ ბუკს და გვწამს, რომ ამ ძახილზე დაირაზმება, შემოკრბება ჩვენი ახალი მხედრობა. მთელი სახალხო გვარდია გვერდში ამოუდგება ჩვენს ახალგაზრდა ჯარს და მასთან ერთად დაიცავს ჩვენს თავისუფალ ქვეყანას.