სამხედრო სკოლის ხელმძღვანელის მოგონებები ბოლშევიკთა თავდასხმის შესახებ
პოლკოვნიკ ალექსანდრე ჩხეიძის მოგონებებიდან
გურამ შარაძე, ქართული ემიგრანტული ჟურნალისტიკის ისტორია, ტომი IV, თბილისი, 2003. გვ. 383-391.
გაზაფხულზე ტფილისში ჩამოვიდა აზერბაიჯანის მინისტრის თანაშემწე გენერალი შიხლინსკი. იგი ეწვია ჩვენს სკოლას, დაესწრო მეცადინეობაზე და გულისყურით დაათვალიერა სკოლა.
ვინაიდან დაჟინებით ამბობდენ, რომ გაზაფხულზე ბოლშევიკები დაიწყებენ ამიერკავკასიისაკენ მოძრაობას, სწარმოებდა მოლაპარაკება საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის შეთანხმებული მოქმედების შესახებ.
ამ მიზნით 20 აპრილს აზერბაიჯანში გაიგზავნა ჩვენი სამხედრო კომისია გენერალ კვინიტაძის მეთაურობით.
აღმოჩნდა, რომ აზერბაიჯანის მთავრობის წრეებში ყველაფერი არ იყო რიგზე. მთავრობის ზოგიერთმა წევრმა მოამზადა ბოლშევიკების შემოსვლა.
1920 წლის 26 აპრილს ბოლშევიკებმა მოულოდნელად გადმოლახეს საზღვარი, ზღვის ნაპირით, დაღესტნიდან. როგორც ჩანს, აზერბაიჯანის ჯარებმა წინააღმდეგობა არ გაუწიეს და ბოლშევიკებიც ბაქოში თავისუფლად მატარებლით შემოვიდენ.
ჩვენი სამხედრო მისია უკანვე ბრუნდებოდა და მშვიდობიანად ტფილისში ჩამოვიდა.
27 აპრილს სკოლის უფროსი გენ. კვინიტაძე დაინიშნა მთავარსარდლად; მე დავიკავე სკოლაში მისი ადგილი.
ბოლშევიკების ჩვენს მიწა-წყალზე თავდასხმას მოელოდნენ და ამისთვის ზომებს იღებდენ. მაისის პირველ რიცხვებში ბოლშევიკებმა მართლაც, როგორც შემდეგში აღმოჩნდა, განიზრახეს მოეწყოთ ჩვენთვის ყაზახის მხრიდან იგივე. რაც აზერბაიჯანში ჰქმნეს. საზღვარზე გამორღვევის გასაადვილებლად, შინაურმა ბოლშევიკებმა მიზნად დაისახეს შეექმნათ უწესობა ტფილისში და უკეთეს შემთხვევაში, ხელთ ჩაეგდოთ მთავრობა; ამ მიზნით მაისის ორს ჩვენს სამხედრო სკოლას დაესხენ თავს; ვინაიდან სკოლის ხელში ჩაუგდებლივ ქალაქში ისინი გამოსვლას ვერ გაბედავდენ. ჩვეულებრივად პოლიცია ხშირად იძლეოდა ცნობებს ბოლშევიკების მოსალოდნენ გამოსვლების შესახებ, მაგრამ იმ კვირაში, წინაუკმოდ, ცნობები დამამშვიდებელი იყო, და რომ შრომაში გართული იუნკერები და ჯარისკაცები არ მოგვეცდინა, არ გვქონდა თავდაცვის განსაკუთრებული ზომები მიღებული. სკოლას, როგორც სამოსწავლო ნაწილს, გათვალისწინებული არა ჰქონდა, რომ მას ბოლშევიკები ასეთ პატივს მიანიჭებდენ, მაგრამ თურმე მათ ყველაზე უფრო სწორედ სკოლისა ეშინოდათ. მართლებიც გამოდგენ!
სჩანს, კარგად იცოდენ, თუ რას წარმოადგენდა სკოლა!
ღამის სრულ 12 საათზე ბოლშევიკების ჯგუფი 20-25 კაცი. ა. მახარაძის ხელმძღვანელობით გადმოხტა ბაღის ღობეზე, გამოიარა სკოლის სამზარეულოსთან და ავიდა იუნკერთა გუნდში.
ბოლშევიკებმა გადასწყვიტეს, რომ ჯერ იუნკერებს ჩაიგდებდნენ ხელში და შემდეგ ათასეულის ჯარისკაცებს თავის მხარეზე გადაიტყუილებდენ. იუნკერების ოთახებში განაწილება ხელს უწყობდა ბოლშევიკებს მიზნის განხორციელებაში; ამაში, როგორც ეტყობათ, კარგად იყვნენ გარკვეული.
იუნკერებს უკვე ეძინათ, ისინი მოთავსებული იყვნენ 4 ოთახში: NN. 1, 2, 4, 5 ოთახში, N 3 ოთახში ეწყო თოფები და სკივრი ვაზნებით; მაგიდასთან იჯდა კარებისაკენ ზურგით მიწვეული დღიური; მორიგე იუნკერი ისკანდარაშვილი წასული იყო მორიგე ოფიცერთან პატაკით, რომ – ქალაქის შვებულებიდან ყველა დაბრუნდა (კვირა დღე იყო) და უკვე სძინავთ. დღიურს ქამარზე ხიშტი ეკიდა.
ბოლშევიკები რიცხვით 8-10 კაცი ავიდენ კიბეებით გუნდის დერეფანში; დაესხენ ჩუმად დღიურს და დაუჭერეს რევოლვერები. შემდეგ რევოლვერების დაღერებით შევიდნენ ოთახში N4 და N5; ყველა ააყენეს ლოგინიდან და გამოიყვანეს ოთახში N1, 2.
ამავე დროს თოფებთან მცველები ჰყავდათ დაყენებული. მე-2 ოთახში დასტოვეს 4 მაუზერიანი ამხანაგი და დანარჩენები მახარაძის მეთაურობით დაეშვენ ქვევით, კლასების დერეფანში; აქედან განზრახული ჰქონდათ გაევლოთ სკოლის მოედანი, მისულიყვნენ ნაცვალთა ათასეულის გუნდებში; ეს უკანასკნელნი მეტად დაშორებული იყვნენ ქუჩას და ოფიცერთა სადგომებს.
ბოლშევიკებს კიბეზე შეეჩეხათ მორიგე ოფიცერი კაპიტანი ქარუმიძე, რომელიც სკოლის შემოსვლას აკეთებდა და არავითარ საფრთხეს არ მოელოდა – ერთბაშად შემოეხვიენ მას, დაიჭირეს და განაიარაღეს. განაიარაღების შემდეგ აიყვანეს და დასტოვეს იუნკერებთან ერთად თავიანთი ამხანაგის მეთვალყურეობაში. როდესაც მორიგე იუნკერს ისაკნდარაშვილს არ დახვდა კაპიტანი ქარუმიძე სამორიგეო ოთახში, გამობრუნდა გუნდში; დერეფნის ყურედან დაინახა, როგორ დაიჭირეს კიბეზე და განაიარაღეს მორიგე ოფიცერი. ამას შედეგ დაიჭირეს კიბეზე და განაიარაღეს მორიგე ოფიცერი. ამას შემდეგ გუნდში ასვლა შეუძლებელი იყო, მაგრამ იგი არ დაიბნა და სკოლის მოედნიდან ოფიცრების სადგომისაკენ გამოეშურა.
ბოლშევიკები კაპ. ქარუმიძის დატუსაღების შემდეგ ჩამოვიდენ ძირს, სამორიგეო ოთახში. აქ შემთხვევით იმყოფებოდა კაპ. ჯაფარიძე; ესეც დაიჭირეს და წაიყვანეს იუნკერებთან; ჩამოსწყვიტეს ტელეფონი და გამოვიდენ მოედანზე. ამ წუთს ქალაქიდან ბრუნდებოდა მთავარსარდალი გენ. კვინიტაძე. ბინაზე შევლისას, სამორიგეო ოთახიდან მოესმა ხმაურობა; გაიძრო ფარაჯა და გამოვიდა სამორიგეო ოთახში. აქ მან ნახა დიდი უწესრიგობა, ოღონდ იქ აღარავინ იყო. წამოვიდა კლასების დერეფანისაკენ და შემაჩნია ვიღაც, საზაფხულო პალტოში. ამან შემაჩნია თუ არა გენ. კვინიტაძე, რევოლვერით სროლა აუტეხა. გენ. კვინიტაძემ სროლითვე უპასუხა, ხოლო მეორე გასროლისას ლულაში გაეჩხირა ტყვია. გენერალი ბინაზე შემოტრიალდა მეორე რევოლვერის ასაღებად, კარებამდე ტყვიებით მიაცილეს, მაგრამ უბედურებას ასცდა.
იმავე დროს, როდესაც კაპ. ჯაფარიძის დაჭირვის გამო სამორიგეო ოთახში ჩოჩქოლი ხდებოდა, იუნკერი ისკანდარაშვილი უკვე კარებზე მიკაკუნებდა აივნიდან… მე მეძინა. გავიგონე თუ არა კაკუნი, ავდექი, მიველ კარებთან და შევეკითხე – ვინ იყო. „მე ვარ მორიგე იუნკერი ისკანდარაშვილი“ და შემდეგ ჩემ შეკითხვაზე დაუმატა: „მობრძანდით, ბატონო, ჩქარა, სამორიგეო ოთახში, მორიგე ოფიცერს თავს დაესხნენ ვიღაც კერძო პირები“-ო. „კარგი“, – ვუპასუხე მე და გავარდი ჩასაცმელად.
სწრაფად ჩავიცვი შარვალი, ჩექმები, ტყავის კურტკა, დავიხურე ბოხოხი, ყველაფერი ეს, რაც საუცბათოდ მომხდა ხელში; ასეთი ჩაცმულობისათვის კინაღამ არ მომკლა საკუთარმა ყარაულმა. ვსტაცე ხელი ჩემი სანადირო ყარაბინს, რომელიც განსაკუთრებით მიყვარდა და ვენდობოდი და რომელიც ყოველთვის მომზადებული მქონდა. ჯიბეში ჩავიდე ორი რევოლვერი და გამოვვარდი აივანზე. იქ იუნკერი აღარ დამხვედრია, მაგრამ ამან არ შემაეჭვიანა, ვინაიდან მე ის ხმაზე გარკვევით ვიცანი.
ჩაცმის დროს გამიელვა აზრმა – ვინ უნდა დაგვცემოდა? და სხვა პასუხი ვერ მომენახა – თუ არა – მძარცველნი, რომელთაც სურდათ ფულის ყუთის გატაცება, სადაც იმ დროს ინახებოდა რამოდენიმე მილიონი. დარწმუნებული, რომ შემოსავალთან სდგას მძარცველთა ავტომობილი, გადავსწყვიტე ყველაზე ადრე ხელში ჩამეგდო შოფერი და ამ მიზნით მოედნიდან გავექანე ჭიშკრისაკენ.
როდესაც ჩემი ბინის სასადილო ოთახში გამოვდიოდი, საათი აჩვენებდა 12:7 წუთს. ღამე იყო მთვარიანი. გამზადებული თოფით მივრბოდი ქვაფენილით ჭიშრისაკენ; ერთბაშად კლასების დერეფანში მოედნიდან შემავალ ალაყაფთან შევამჩნიე ორი ვინმე, ერთი სამხედრო ჩაცმულობით და მეორე – შავებში; მივუახლოვდი 25 ფეხის ნაბიჯზე და ვიცანი სამხედრო ტანისამოსიანი – ეს იყო მეორე გუნდის უფროსი მაიორი ბალუაშვილი; შავებში მეგონა რომელიმე ჩვენი დაქირავებული მოსამსახურე. ისინი დამშვიდებულად იდგენ და მეც გადავსწყვიტე, რომ მთელი განგაში შეცდომითა და გაუგებრობით იყო გამოწვეული; ხუთ ნაბიჯის მანძილიდან შევეკითხე მაიორ ბლუაშვილს: „სად არის მორიგე ოფიცერი!“ და მინდოდა მეთქვა – „რა მოხდა“, რომ გადავიყუდე თოფი მარჯვენა მხარეზე და მშვიდათ მივუახლოვდი მათ; 3-4 ფეხის ნაბიჯზე გავარდა რვეოლვერი – ტყვიამ გაიწივლა ჩემს სახესთან. მხოლოდ მაშინ მივხდი, რომ მაიორ ბლუაშვილი დაჭერილია და შავებში ბოლშევიკია.
ნასროლი ისე ახლოდან იყო, რომ ცეცხლმა თვალები დამიბნელა და მეც ვისროლე ალალ ბედზე, ცეცხლის მიმართულებით; კიდევ წუთი და შევხედე ეკლესიის მიმართულებით ქვაფენილზე გაქცეულ შავ ლანდს; ის განაგრძობდა სროლას, მაგრამ ძნელი სათქმელია – საით.
ეხლა იგი უკვე ჩემს ხელში იყო. ჩემი ყარაბინის მეორე გავარდნაზე, ის დაეცა. შემდეგ შემოვბრუნდი და მინდოდა მიმემართნა მაიორ ბლუაშვილისათვის, მაგრამ მისი კვალიც არსად სჩანდა. ვერც კი მოვასწარი შემემჩნია, თუ საით მიიმალა მაიორი ბლუაშვილი. შემდეგში იგი მარწმუნებდა: როდესაც მათ ვუახლოვდებოდი, თითქოს დამიძახა: „ბატონო ალექსანდრე, თავს უშველეთ“-ო. ამას კატეგორიულად ვუარყოფ; პირიქით კიბეებში ხელებჩაწყობილი ისე დამშვიდებულად და უმოძრაოდ იდგა, რომ ამ გარემოებამ მაიძულა თოფი მხარზე გადამედო და ასე გაუფრთხილებლივ მათ მივუახლოვებოდი. ღამე სამარისებულად ჩუმი იყო და არ შეიძლებოდა მისი დაყვირება არ გამეგო. თავის სასწრაფო წასვლას იგი იმით ამართლებდა, რომ გაბრუნდა თოფის მოსატანად, მაგრამ თოფითაც გამოჩნდა მაშინ, როდესაც ყველაფერი გათავებული იყო.
აღმოჩნდა, რომ იუნკერ ისკანდარაშვილს ეცნობებია მაიორ ბლუაშვილისთვის ყველაფერი და ისიც სამორიგეო ოთახისკენ მიდიოდა, მაგრამ გზაში იქმნა ბოლშევიკების მიერ განიარაღებული.
მაიორი ბლუაშვილი რომ ვეღარ ვნახე, გამოვეშურე ქუჩის ჭიშრისკენ; აქ დღიურმა მომახსენა, რომ მას არავინ უნახავს და არც არავინ მოსულა ავტომობილით შემოვიდა მოსავალ კარებიდან ბაქანზე, სადაც გამოდიოდა გენ. კვინიტაძის ბინის კარები. ზემოთ, შემდეგ ბაქანზე, იდგა ჩვენი ყარაული ფულის ყუთთან როგორც მერმე გამოირკვა 1-2 წუთით ამის წინ აუტეხეს სროლა გენ. კვინიტაძეს. მე მის კარებს დავუკაკუნე, მაგრამ აღარ მომიცდია; ჩქარა ავირბინე ზევით, ფულის ყუთთან, ვინაიდან მაინც ვფიქრობდი, რომ მძარცველები იქ იყვნენ, როდესაც ნახევარი კიბე ავირბინე, მომესმა ყვირილი და მუქარა, რომ მესროდენ. შევჩერდი, თავში აზრმა გამიელვა: „ჰაა, მაშ, ისინი აქ არიან!“, მაგრამ როდესაც შევიხედე და გავმართე თოფი, განცვიფრებული დავრჩი: მთელ ყარაულს გამოეყო მოაჯირიდან თოფები და მზად იყო ჩემთვის ესროლა. ერთბაშად ვერ მივხდი, თუ რატომ ვეღარ მცნობდენ, მაგრამ როდესაც გავიგონე იუნკერ გეგეჭკორის გაკვირებული შეკითხვა: „ბატონო პოლკოვნიკო, თქვენა ბრძანდებით“? მაშინ მომაგონდა ჩემი ნაჩქარევი ჩაცმულობა, რომელმაც კინაღამ არ დამღუპა.
ვერც ყარაულიდან გავიგე რამე. გამოვეშურე სამორიგეო ოთახში. აქ შევამჩნიე დიდი უწესრიგობა; იატაკზე ეგდო ბალიში, ტელეფონი ჩამოწყვეტილი იყო, ოთახში აღარავინ. გადავსწყვიტე გავქცეულიყავი იუნკერთა გუნდში და საბოლოოდ გამომერკვია, თუ რა ხდებოდა.
ჩამოვედი მისაღებ ოთახში; თოფი გამზადებული მქონდა. კლასების შესავალ კარებთან ბოლშევიკს შევეჩეხე, ჩვენს შორის მანძილი იყო არა უმეტეს არშინ-ნახევრისა. საჭირო იყო თავდაპირველად წამის მეათედში გამომერკვია – მტერია ესე თუ ჩემიანი და შემდეგ გადამეწყვიტა, როგორც მოვქცეულიყავი. მე გარკვევით შევამჩნიე მის მარცხენა ხელში შიშველი ხმალი და მარჯვენაში, განზე გაშვერილი დიდი რევოლვერი; ყველაფერი მოხდა, როგორც იტყვიან, ელვის სისწრაფით. ჩემმა ხელებმა, ელექტრონის დენასთან შეერთებულსავით, გამართეს თოფი წინ და რომ კონდახის მხარზე მიღებით დრო არ დამეკარგა, ვესროლე პირდაპირ ხელებიდან. თოფის ტუჩი თითქმის მკერდზე მიებჯინა. ბოლშევიკმა მოასწრო რევოლვერის ატანა სარტყლის სიმაღლემდე და სროლა.
ძნელი სათქმელია, რომელი ნასროლი იყო პირველი. მისი ტყვია ჩემი მარჯვენა ჯიბის სიმაღლეზე მიერჭო კარებს. ტყვია აღმოჩნდა მსკდომი; რევოლვერი პრაბელუმი. იგი დაცა პირდაპირ ჩემს ფეხებთან. მოვამზადე თოფი და მივაცქერდი დერეფნის სიღრმეს, უმთავრესად იუნკერთა გუნდში ასავალ კარებს. ამ დროს უკნიდან მოირბინა ჯარისკაცმა და მიაქცია ჩემი ყურადღება, რომ დაჭრილი ბოლშევიკი ჩემს მიმართულებით რევოლვერის აწევას სცდილობს – „ბატონო, სროლას აპირებს“-ო. სხვა გზა არ იყო, ყოველი წუთი ძვირად ღირდა და რევოლვერის წართმევაზე დროს დაკარგვა არ შეიძლებოდა, – ვესროლე მეორედ და ვუბრძანე აერთმიათ რევოლვერი.
რამდენიმე წუთის შემდეგ შევხედე იუნკერთა სადგომისაკენ გაშვერილ თითს. ჯარისკაცი ჩუმად მანიშნებდა, რომ ვიღაცა მოდისო. მართლაც შემომესმა აჩქარებული ფეხის-ხმა და კარებს თოფი დავუმიზნე წუთი და კარებიდან შემოვარდა ქარუმიძე; მხოლოდ მონადირის სიფრთხილემ და თავშეკავებამ მომცა საშუალება ჯერ გამეზომა და მერე მემოქმედა… კაპიტანი ქარუმიძე იყო უხმლო, ურევოლვერო და უქუდო. მან შემატყობინა ბოლოს რაშიც იყო საქმე; მითხრა, რომ ოთხი ბოლშევიკი რევოლვერებით იუნკერებს ყარაულობენ და დანარჩენები სადღაც წავიდენო. თვითონ გამომძვრალიყო ნომერ 4-ის ფანჯარიდან და საყარაულოში მორბოდა… მას გადავეცი ერთი რევოლვერი და ვუჩვენე ხმალზე. შემდეგ, ყარაულებიდან გამოვიძახე ორი ჯარისკაცი და მათთან ერთად ავედი იუნკერთა გუნდის დერეფანში. აქ შევხდი სამ იუნკერს – კობიაშვილს, ამირეჯიბს და თოხაძეს, რომლებიც აგრეთვე ფანჯრიდან გადმომძვრალიყვნენ. ორი ჯარისკაცი დავტოვე დერეფნის საყარაულოდ და იუნკერებთან წავედი მე-3 გუნდში. იქ დავურიგე იუნკერებს თოფები და ჩემი ჯიბიდან სამ-სამი ვაზნა.
მესამე გუნდში და ბატარეიში ყველას ეძინა და არაფერი არ იცოდენ. შემოვბრუნდი იუნკერთა გუნდში და მინდოდა შუა ოთახის კარებთან მისვლა, რომ იუნკერ კობიაშვილმა მთხოვა დამეთმო მისთვის პირველი გასროლა; ამავე დროს ვუბრძანე იუნკერ ამირეჯიბს, გადამძვრალიყო ისევე იუნკერებთან და იმ შემთხვევაში, თუ ბოლშევიკები ჩვენი სროლის შემდეგ, იუნკერებს სროლას აუტეხდენ, ცეცხლი გაეხსნა. კობიაშვილმა დაიწყო კარებთან ფრთხილად მისვლა, მაგრამ ამ მომენტში შიგნით გავარდა თოფი. ამას მოჰყვა ჩქარ-ჩქარი სროლა სინათლე ჩაჰქრა; შემდეგ ისევ აენთო. ეს ისროდა ამირეჯიბი, მას ბოლშევიკები უპასუხებდენ.
ჩემთან მყოფ იუნკრებმა და ჯარისკაცებმა დაიწყეს სროლა დერეფნის სიგრძეზე. თოფი მზად მქონდა კარებისაკენ მიმიზნებული, მაგრამ სასროლად არავინ სჩანდა. ერთხელ გამოჰყო თავი ვიღაცამ, მაგრამ სწრაფ დაიმალა. 15-20 წუთის შემდეგ იუნკრები ყიჟინით შევარდენ შუა ოთახში და ეცენ თოფებს; სროლა გრძელდებოდა… მე ვფიქრობდი, რომ იუნკერებმა შერეკეს ბოლშევიკები უკანასკნელ ოთახში და აწარმოებდენ მათთან სროლას. შემდეგ ყველაფერი დაწყნარდა. შევედი შუა ოთახში და შევეკითხე იუნკერებს: „სად არიან ბოლშევიკები?“ – „ყველანი დავხოცეთ!“ – მიპასუხა.
დროს დაკარგვა შეუძლებელი იყო: იუნკერები მოედანზე გავიყვანე და ვუბრძანე დაწყობა. აქ შევხვდი კაპიტან ალავიძეს და კაპიტან არონიშიძე აქედან გავაგზავნე სამი მზვერავი ჯგუფი; კაპიტან არონიშიძის მეთაურობით – ტყვიამფრქვევთა გუნდის სადგომისაკენ, და მესამე – ობსერვატორიისაკენ. დანარჩენი იუნკერები კედელთან დავაყენე. ამ დროს გენერალი კვინიტაძე გამოვიდა. არ გასულა ორი წუთი და კაპ. ალავიძის ჯგუფსა და ბოლშევიკებს შორის სროლა ასტყდა; ბოლშევიკები იმყოფებოდენ პირველი გუნდის შესავალ კარებთან. მათი ტყვიები სწორედ ჩვენს მიმართულებით მოდიოდენ; იუნკერები გაიშალენ კარში, მაგრამ იუნკერი მაყაშვილი, უფროსი, უკვე მძიმედ იყო დაჭრილი; მზვერავთა ჯგუფში დაიჭრა კიკიანი, ხელში; იუნკერების მიერ მოკლული იქმნა ერთი ბოლშევიკი, რომელსაც თავის ქალა ნახევრად მომძვრალი ჰქონდა; სჩანს იგი მოკლულ იქმნა ერთი მათგანისაგან, ვისაც მე ვაზნები მივეცი, ვინაიდან სრულიად შემთხვევით შინიდან წამომეღო სანადირო მსკდომი ტყვიები.
ბოლოს ყველაფერი დაწყნარდა. გუნდებმა ჩაიცვეს. ვუბრძანე გუნდები მოედანზე გამოეყვანა, ბატარეია შეებათ, და ოფიცრებს კაცები დაუგზავნე.
აღმოჩნდა, რომ ბოლშევიკების უმთავრესი ჯგუფი მისულიყო I, II და ტყვიამფრქვევთა გუნდებში. აქ ისინი აიძულებდენ ჯარისკაცებს თოფები აეღოთ და მოედანზე გამოსულიყვნენ; თანაც მათვე აჯერებდენ, რომ მთავრობა დაჭერილია, მთელი გვარდია და ჯარი ბოლშევიკების მხარეზე გადავიდა და სხვა. ჯარისკაცები საერთოდ ძალიან თავდაჭერილად შეხვდენ მათ და აქტიურად არ გამოვიდენ. როგორც შემდეგში გამოირკვა, მთელ ათასეულში აღმოჩნდა მხოლოდ 4-5 კაცი, რომლებიც მათ აშკარად თანაუგრძნობდენ.
ბოლშევიკებს უნდოდათ დაეხვრიტათ კაპ. ჯაფარიძე, რომელმაც მოისაზრა იუნკრების გუნდიდან თავის გუნდში გაქცეულიყო, და პირველი გუნდის ზემდეგი. ორივე ჯარისკაცებმა გადაარჩინეს.
ბოლშევიკების გაქცევის დროს, ერთი მათგანი შეიპყრეს მე-2 გუნდში; წაართვეს რევოლვერი და დაამწყვდიეს; ერთიც შეპყრობილი იქნა ქუჩაზე.
ვინაიდან ვფიქრობდი, რომ ქალაქში საერთო ბოლშევიკური გამოსვლა მოხდა. ვსთხოვე გენერალ კვინიტაძეს, გაეგო – თუ როგორ იყო საქმე ქალაქში და რა მდგომარეობაშია მთავრობა. ვუთხარი, რომ 5-10 წუთში შემიძლია გამოვიდე ათასეულით ქალაქში მისაშველებლად. მაგრამ ქალაქში ყველგან სიწყნარე იყო, რადგან ბოლშევიკებს განზრახული ჰქოდნათ – პირველად ჩვენ გაგვსწორებოდნენ და შემდეგ მოეწყოთ ქალაქში საერთო გამოსვლა და რუსის ბოლშევიკების, ყაზახის მხრიდან, ჩვენს საზღვარზე თავდასხმა.
სროლის დროს, რაღაცნაირად, პირველი გუნდის მოედანზე მოხვდა მე-X უბნის კომისარი, ორი მილიციონერით; ესენი ბოლშევიკების მეირ განაირაღებული იქნენ.
ორმა გვარდიელმა რომლების ვაზნების საწყობს ჰყარუალობდნენ იარაღი დაჰყარეს.
რამდენიმე ხნის შემდეგ მოვიდა გვარდიის ჯავშნოსნები, გამოჩნდა ჯუღელი, მაგრამ ყველაზე ადრე მოვიდა სამხედრო მინისტრი ლორთქიფანიძე
დაჭრილები გვარდიის საავადმყოფოში გავაგზავნეთ. თანდათანობით ყველაფერი დამშვიდდა. მეც ვუთხარი იუნკერებს: „აბა, წავიდეთ ეხლა თქვენი დახოცილების სანახავათ“ და წავედით გუნდში. იქ არც ერთი მკვდარი არ იყო, მაგრამ სისხლის კვალი კი ვნახეთ. როგორც გამოირკვა, ორი მათგანი წყალსადენის მილით ქუჩაზე ჩაცოცებულიყო; ეს დაენახა მეეზოვეს და დღიურს, – დანარჩენი ორი კი გაჰქრა. მე მგონია ისინი დაიმალენ ლოგინებს ქვეშ და როცა ჩვენ წავედით მოედანზე, მაში თავისუფლად გაიპარენ.
ბევრი ვინანე, რატომ მაშინათვე სანახავად არ წავედი – მკვდრები რომ არ დამხვდებოდენ, ყველას ლოგინებს ქვეშ აღმოვაჩენდი. მეორე ჩემი შეცდომა ის იყო, რომ მზვერავები არ გავაგზავნე უკანა ეზოს და ბაღის მოვლით მთავარმართებლის ქუჩაზე, რის შედეგად დაჭერილი ან მოკლული იქნებოდა კიდევ რამოდენიმე კაცი. თუმცა სრულებით მშვიდათ განვაგებდი, მაგრამ მაინც ძნელია ყველაფერს გათვალისწინება; უმთავრესი კი ის არის, რომ საჭირო იყო სწრაფი მოქმედება, რათა ბოლშევიკებს საშუალება წართმეოდათ ჯარისკაცები გამოეყვანათ და იუნკერებისათვის შეეტაკებინათ. მე სრულიად ნათლად წარმოდგენილი მქონდა, რომ მათი მიზანი სწორედ ეს იყო.
15 საათზე მოვიდა ბატონი ნოე ჟორდანია და სკოლას მადლობა გამოუცხადა. დღისით მოვიდა ჩემთან დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის ამხანაგი ბ-ნი სვიმონ მდივანი და მთხოვა გამეცნო მისთვის, რაც მოხდა. 2 მაისს 12 საათზე დაჭრილების სანახავად წავედი; ვნახე კიკიანი და ველაპარაკე; საწყალი მაყაშვილი ცნობა-დაკარგული იყო და საღამო ჟამს გარდაიცვალა. ის დაჭრილი იყო მუცელში; შეიძლება ტყვია იყო მსკდომი. სამხედრო პირები მუდამ მზად უნდა ვიყოთ შეტაკების დროს მხვერპლისათვის, მაგრამ ძვირფასი იუნკერის მაყაშვილის დაკარგვამ ყველა დაგვაღონა და ჩვენი გამარჯვების ზეიმი შეამცირა.
ამ შემთხვევის შემდეგ სკოლა გაიზარდა მთელი საქართველოს თვალში; გამოაშკარავდა, რომ ოფიცრებს ჰქონდათ დიდი ზეგავლენა ჯარისკაცებზე და ბოლშევიკების აგიტაცია სრულიად დამარცხდა. საბედნიეროდ, ბევრი დარწმუნდა, რომ აღზრდის საქმე სწორადაა დაყენებული; რომ ოფიცრებმა შევსძელით ჯარისკაცებთან დაახლოვება და აღვიჭურვეთ მათი ნდობით. მთელ ათასეულში, ბოლშევიკების შესაფერი პროპაგანდის შემდეგ, აღმოჩნდა მხოლოდ ოთხ-ხუთი კაცი მათი მომხრე.