გენერალური შტაბი: ყველა ფრონტზე სიწყნარეა
გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1920 წლის 5 მაისი, N98
[1920 წლის 27 აპრილს წითელი არმიის ნაწილებმა აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის დედაქალაქი ბაქო აიღო და ხელისუფლება რევკომის ხელში გადავიდა. აზერბაჯანის საჯარისო ნაწილებს ფაქტობრივად წინააღმდეგობა არ გაუწევია ბოლშევიკებისათვის. ამიერკავკასიელ ბოლშევიკთა მეთაურის სერგო ორჯონიკიძის წინასწარი პროგნოზით, აზერბაიჯანის დაკავების შემდეგ 2 კვირის განმავლობაში წითელი არმიის ნაწილები თბილისსაც აიღებდნენ. სამხედრო მოქმედებების პარალელურად საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის დავალებით დამფუძნებელი კრების წევრი გრიგოლ ურატაძე დიპლომატიურ მოლაპარაკებებს აწარმოებდა საბჭოთა რუსეთის მთავრობასათან, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის იურიდიულად ცნობის შესახებ. 1920 წლის მაისის პირველ დღეებში წითელი არმიის ნაწილები საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარს მოადგა და სამხედრო მოქმედებები დაიწყო. აზერბაიჯანის მთავრობაში მყოფი პანისლამისტური ფრაქციის “იტტიჰადის” წევრთა ბოლშევიკების მხარეს გადასვლის გამო საქართველოს მთავრობა გამოსთქვამდა საფუძვლიან ეჭვებს, რომ საბჭოთა რუსეთის სამხედრო ნაწილების ამიერკავკასიაში მოქმედება ერთგვარად შეთანხმებული იყო ანატოლიაში მოქმედ ქემალ-ფაშის [შემდგომში ათათურქის] ძალებთან, რომლებიც პრეტენზიაც აცხადებდნენ ამიერკავკასიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილზე. – რესპუბლიკა 100-ს სარედაქციო შენიშვნა].გენერალური შტაბის ცნობები (27 აპრილიდან 2 მაისამდე):
- გაგრის ფრონტზე სიმშვიდეა.
- მიღებული ცნობების მიხედვით: ყაზახებმა [კაზაკებმა] სოჭი გასწმინდეს და ადლერისაკენ წაიწიეს. როგორც ხმებია ბალშევიკებთან მოლაპარაკება სწარმოებს. დონელების და თერგის ყაზახები ცდილობენ ყირიმში გასვლას.
- ბათუმის ოლქში ინგლისის თანხმობით ჩვენი ჯარის ნაწილების მიერ დაჭერილია ალამბარი.
- არდაგანის მიმართულებით სიწყნარეა.
- აღმოსავლეთ საზღვარზე ჩვენმა რესპუბლიკის სანაპირო ჯარებმა დაიჭირეს ჰოლინის ხიდი მტკვრის გადაღმა და წითელი ხიდი მდინარე ხრამთან. აქ პირველ მაისს შეიარაღებულ თათრებმა ძალა იხმარეს ჩენ მცირე რიცხოვან ჯარზე და დაიჭირეს ეს ხიდი. ჩვენი მხრით მიღებულია საჭირო ზომები ამ ხიდის უკან დაბრუნებისათვის.
- კავკასიის მიმართულებით სიმშვიდეა. 25 აპრილს ჩრდილო-კავკასიის ბალშევიკები გადავიდნენ მთის რესპუბლიკის საზღვრებს და ზოგიერთ შეერთებულ ადგილობრივ ძალებით მიუახლოვდნენ სოფელ კოშკის. ამის ლიკვიდაციის მოსახდენათ მიღებულია ზომები.
- 3 მაისი 1930 წ. ყველა ფრონტებზე სიწყნარეა, არავითარი ცვლილება არ მომხდარა.
- 1 მაისს ტრაპეზუნდში ბოლშევიკების მანიფესტაციები მოხდა.