COVID-19 – ყველა სიახლე: აპრილი – 2020/არქივი
30 აპრილი, ხუთშაბათი
19:25 – კიდევ 6 პაციენტი გამოჯანმრთელდა
ბოლო მონაცემებით, კოვიდ-19-ისგან კიდევ 6 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამით ვირუსისგან განკურნებულთა ჯამური რაოდენობა 184-მდე გაიზარდა.
17:00 – სლოვაკეთმა საქართველოს პანდემიასთან გასამკლავებლად დამატებით თანხა გამოუყო
სლოვაკეთის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა სამინისტრომ საქართველოში მცირე გრანტებისთვის დამატებითი თანხები გამოყო, რაც მიზნად COVID-19 პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლას ისახავს. ჯამში 44 195 ევრო ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წარდგენილი ხუთი პროექტის განხორციელებას მოხმარდება.
🇸🇰 has allocated additional funds for small grants for 🇬🇪 aimed at combating #COVID19 &its consequences. Today, we have signed agreements for 5️⃣ projects in the total amount more than 44 000 €. @SlovakiaMFA @MFAgovge @SlovakAid https://t.co/9gqVUG8gDT pic.twitter.com/2NI1JUuhhf
— Pavel Vizdal 🇸🇰 (@PVizdal) April 30, 2020
„აღნიშნული პროექტები ხელს შეუწყობს მოსახლეობის დაცვას დაავადებისგან და ხელს შეუწყობს უარყოფითი ეკონომიკური შედეგების აღმოფხვრას საქართველოს ნაკლებად განვითარებულ რაიონებში“, – განაცხადა სლოვაკეთის საელჩომ თბილისში.
14:55 – ოკუპირებული ცხინვალი საქართველო-რუსეთის საზღვარზე მიმოსვლის შეზღუდვას 31 მაისამდე ახანგრძლივებს
ოკუპირებული ცხინვალის ხელისუფლების დღევანდელი გადაწყვეტილებით, როკის გვირაბზე, საქართველო-რუსეთის საზღვარზე მოქალაქეების მიმოსვლაზე დაწესებულ შეზღუდვას 31 მაისამდე ახანგრძლივებს.
პარალელურად, 11 მაისამდე გაგრძელდება საგანმანათლებლო ინსტიტუტების, ასევე გასართობი დაწესებულებების, მათ შორის, რესტორნების, საცურაო აუზებისა და სატრენაჟორო დარბაზების მუშაობაზე დაწესებული შეზღუდვებიც.
13:00 – UNDP: საქართველოს ჯანდაცვის სექტორი „კარგადაა მომზადებული“, ეკონომიკა „მოწყვლადია“ პანდემიის მიმართ
საქართველოში „გაეროს განვითარების პროგრამამ“ (UNDP) განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც კორონავირუსის პანდემიის მიმართ ქვეყნის მზაობაა შეფასებული.
დოკუმენტის მიხედვით, საქართველოს 10 000 ადამიანზე 26 საავადმყოფო საწოლი აქვს, ასევე 51 ექიმი და 41 ექთანი ჰყავს, რაც ჯანდაცვის სექტორის მაღალ მზაობას შეესაბამება. UNDP-ს განმარტებით, „სწორედ ამ მზაობამ განაპირობა ვირუსის გავრცელების წარმატებული მართვა“.
მეორე მხრივ, UNDP ყურადღებას სხვა ფაქტორებზეც ამახვილებს, რომლებიც ჯანდაცვას არ უკავშირდება და რომელთაც, შესაძლოა, ქვეყანა კორონავირუსის მიმართ მოწყვლადი გახადოს. ორგანიზაციის განცხადებით, კარანტინი და გადაადგილების შეზღუდვა განსაკუთრებით მძაფრად იმ ქვეყნებზე აისახება, რომელთა ეკონომიკა ტურიზმზსა და გზავნილებზეა დამოკიდებული.
„საქართველო, სადაც ტურიზმი მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 21.7%-ს, ხოლო გზავნილები მშპ-ს 12.55%-ს შეადგენს, ამ მხრივ მოწყვლადი ქვეყნების ჯგუფშია“, – ნათქვამია განცხადებაში,
UNDP-ისვე განმარტებით, მდგომარეობას ისიც ართულებს, რომ საქართველოს სიღარიბის მაჩვენებელი ასევე საკმაოდ მაღალია და ის 20.1%-ია.
12:30 – საქართველომ გერმანიისგან 2 000 პაციენტის მასალის დასამუშავებლად საჭირო რნმ-ის ექსტრაქციის ნაკრები მიიღო
საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს ბუნდესვერის მიკრობიოლოგიის ინსტიტუტისგან დამატებით 2 000 პაციენტის მასალის დასამუშავებლად საჭირო რნმ-ის ექსტრაქციის ნაკრები გადაეცა. ინფორმაციას გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი მიხაელ ზიბერტი ავრცელებს.
Fighting #COVID19 in #Georgia: The Bundeswehr Institute of Microbiology, a long-standing partner of the National Centre for Disease Control (NCDC), delivered a further shipment of RNA Extraction kits, which will help NCDC to process up to 2000 samples to detect the virus. pic.twitter.com/B82J7HMOKN
— Michael Siebert (@GERonOstpolitik) April 30, 2020
12:10 – შსს-მ საგანგებო მდგომარეობის დარღვევის 114 ფაქტი გამოავლინა
შსს-ს ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველებმა, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 114 ახალი ფაქტი გამოვლინდა. მათგან, პოლიციამ 29 აპრილის 21:00 საათიდან 30 აპრილის დილის 06:00 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით 74 მოქალაქე დააჯარიმა.
ამასთან, სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე კიდევ 3 პირი, საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრებისა და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო კი – სულ 29 მოქალაქე დააჯარიმეს. გარდა ამისა, პოლციამ თვითიზოლაციის წესების დარღვევის 8 ახალი ფაქტი გამოავლინა.
11:00 – ინფიცირებულთა რაოდენობა 22-ით გაიზარდა
ბოლო მონაცემებით, კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 22-ით – 539-მდე გაიზარდა.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინე ეზუგბაიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებს უთხრა, რომ 15 ახალი ინფიცირებული თეთრიწყაროს რაიონიდან არის, სამი სვანეთიდან, დანარჩენი კი – ბოლნისის კლასტერიდან.
29 აპრილი, ოთხშაბათი
21:05 – თენგიზ ცერცვაძის თქმით, იმის მტკიცებულება, რომ კოვიდ-19-ის მიმართ „ქართული გენის“ მქონე ადამიანი უფრო მდგრადია, არ არსებობს
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განმარტებით, მსჯელობა იმაზე, რომ „ქართული გენის“ მქონე ადამიანი კორონავირუსის მიმართ „უფრო მდგრადია“, თეორიულად შესაძლებელია, თუმცა „ნაკლებ რეალურია“, რადგან „ჯერ ამის ჰიპოთეზაც კი ვინმეს არ გამოუთქვამს, არათუ მტკიცებულება“.
მისივე განმარტებით, მეცნიერულად არც ის არის დასაბუთებული, რომ საქართველოში ვირუსის ნაკლებად ვირულენტური შტამია შემოტანილი.
„სადღეისოდ, არ არსებობს რაიმე მეცნიერულად დასაბუთებული მტკიცებულება, რომ საქართველოში [ვირუსის] რაიმე ნაკლებ ვირულენტური შტამია [შემოტანილი]. თუნდაც ამას ამყარებს ის ამბავიც, რომ საქართველოში [ინფექციის შემთხვევების] უმრავლესობა შემოვიდა იტალიიდან და როგორ იქნება ჩვენი შტამი ნაკლებ ვირულენტური, როდესაც იტალიური შტამი ითვლებოდა ყველაზე უფრო ვირულენტურად“, – თქვა თენგიზ ცერცვაძემ.
20:35 – ოკუპირებული აფხაზეთი შეზღუდვების ნაწილს ამსუბუქებს, ნაწილს კი – ახანგრძლივებს
ოკუპირებული აფხაზეთის „პრეზიდენტმა“ ასლან ბჟანიამ 29 აპრილს დეკრეტს მოაწერა ხელი, რომლის მიხედვითაც, კოვიდ-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების ნაწილი მსუბუქდება, ნაწილი კი – ხანგრძლივდება.
პირველი მაისიდან მუშაობას ადგილობრივი საზოგადოებრივი ტრანსპორტი და ტაქსები განაახლებენ. ამასთან, კვირაში სამი დღის განმავლობაში, მაშინ როდესაც ბაზრების მუშაობაა ნებადართული, გაადგილების უფლება საქალაქთაშორისო საზოგადოებრივ ტრანსპორტსაც ექნება.
პარალელურად სოხუმი ზოგიერთ შეზღუდვას 15 მაისამდე ახანგრძლივებს, მათ შორის, რესტორნების, კაფეების, სილამაზის სალონებისა და სპა ცენტრების მუშაობას.
შეზღუდვები გაგრძელდება სპორტულ კულტურულ და სხვა გასართობ ღონისძიებებზე, ასევე საქორწინო ცერემონიებზე.
დეკრეტის თანახმად, ასევე 15 მაისამდე ხანგრძლივდება არდადეგები ბაღებში, სკოლებსა და უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში.
შეზღუდვების გახანგრძლივება ფსოუზე, საქართველო-რუსეთის საზღვარზე მიმოსვლასაც ეხება.
20:10 – კიდევ 10 პაციენტი გამოჯანმრთელდა
ბოლო მონაცემებით, კოვიდ-19-ისგან კიდევ 10 პაციენტი გამოჯანმრთელდა და ვირუსისგან განკურნებულთა ჯამური რაოდენობა 178-მდე გაიზარდა.
11:45 – შსს-მ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 87 ფაქტი გამოავლინა
შსს-ს ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველებმა, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 87 ახალი ფაქტი გამოავლინეს. აქედან, პოლიციამ, 28 აპრილის 21 საათიდან 29:00 აპრილის დილის 06:00 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 70 მოქალაქე დააჯარიმა.
ამასთან, სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე კიდევ 1 პირი, საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო, სულ 16 მოქალაქე დააჯარიმეს.
11:00 – ინფიცირებულთა რაოდენობა 6-ით გაიზარდა
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 6-ით – 517-მდე გაიზარდა.
10:50 – საქართველოში ჩინეთიდან 40 000 PCR და 20 000 ანტისხეულების ტესტი ჩამოვიდა
საქართველოში ჩინეთიდან 40 000 PCR ტესტი, ამავე ოდენობის ექსტრაქციის ნაკრები და სხვა სამედიცინო ნივთები და აღჭურვილობა ჩამოვიდა. ამასთან, ჯანდაცვის მინისტრის კეტერინე ტიკარაძის განმარტებით, საქართველომ ჩინეთის მთავრობისგან საჩუქრის სახით 20 000 ანტისხეულების ტესტიც მიიღო.
მინისტრისვე თქმით, გაწერილია ტესტირების ალგორითმი, რომელიც „ყოველდღიურ რეჟიმში მუშავდება და ემატება სხვადასხვა ჯგუფები“. „ამ ეტაპისთვის, PCR ტესტები მოიხმარება მიზნობრივად, იმ ჯგუფებისთვის, რომლებიც დღემდე იყო გაწერილი. ჩვენ ამ კვირაში ტესტირების არეალს ვაფართოებთ იმ მოწყვლად ჯგუფებზე, რომლებშიც [დაავადების გავრცელების] რისკი მაღალია და კიდევ დამატებით ვმუშაობთ იმ საკითხებზე, თუ ვინ იქნება შემდგომი პრიორიტეტი“, – აღნიშნა ტიკარაძემ.
09:00 – თბილისის მკვიდრებისთვის ქალაქიდან გასვლაზე დაწესებული შეზღუდვები მსუბუქდება
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, დღეიდან, თბილისში მცხოვრები მოქალაქეები, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის მიზნით, ქალაქიდან გასვლას დილის 06:00-08:00 სთ-მდე, ხოლო ქალაქში დაბრუნებას საღამოს 18:00-19:00 სთ-მდე შეძლებენ. შესაბამის საშვს გარემოს დაცვის სამინისტრო გასცემს.
უწყების განმარტებით, ნებართვის მისაღებისთვის საჭირო ფორმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვებგვერდზე – www.mepa.gov.ge-ზე განთავსდება. „მოქალაქემ აღნიშნული ფორმა/განაცხადი უნდა შეავსოს ქალაქიდან გასვლამდე 12 საათით ადრე“, – განმარტავენ სამინისტროში.
„შემოსული განაცხადის საფუძველზე სამინისტრო გასცემს საშვს ელექტრონული და/ან მატერიალური ფორმით (საჭიროების მიხედვით, ერთჯერადს ან მრავლჯერადს). უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, განმცხადებელი პასუხს მიიღებს ელექტრონულად“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
უწყებაში ასევე აღნიშნავენ, რომ „სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის მიზნით, ბათუმიდან, რუსთავიდან და ქუთაისიდან გასვლა-შესვლის საშვის მისაღებად, მოქალაქეებმა უნდა მიმართონ რეგიონულ შტაბებს“.
28 აპრილი, სამშაბათი
21:45 – კიდევ 12 პაციენტი გამოჯანმრთელდა
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ-19-ისგან კიდევ 12 პაციენტი გამოჯანმრთელდა და მათი რაოდენობა 168-მდე გაიზარდა.
15:00 – მოხუცთა თავშესაფრებსა და სათემო პანსიონატებში კოვიდ-19-ზე ტესტირება ჩატარდება
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ახალ კორონავირუსზე გაფართოებული ტესტირების ფარგლებში, ისეთ დაწესებულებებში, როგორებიცაა მოხუცთა თავშესაფრები და სათემო პანსიონატები, სადაც „მოთავსებული არიან შშმ პირები, როგორც ბავშვები ისე ზრდასრულები“ კოვიდ-19-ზე ტესტირებები ჩატარდება.
ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, გადაწყვეტილების მიზანი ამ ჯგუფების დეტალური შესწავლაა, რადგან „არ მოხდეს შემთხვევით ინფექციის განვრცელება, რაც იქნება ნამდვილად სარისკო ამ ჯგუფებისათვის“.
„რეალურად, ჩვენ მზად ვართ ტესტირება დავიწყოთ ხვალიდან. თუმცა, გარკვეული დოკუმენტური პროცედურების დასრულების შემდეგ, ჩვენ [ტესტირების დაწყების] ზუსტ თარიღს გამოვაცხადებთ“, – თქვა მანვე.
14:30 – ლენტეხსა და სოფელ ხიდისყურში მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები მოიხსნა
უწყებათა შორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ლენტეხსა და ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისყურში მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები მოიხსნა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საბჭომ გადაწყვეტილება „რეგიონებში განხორციელებული მიზნობრივი ღონისძიებების შედეგად ადგილზე არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით მიიღო“.
„შესაბამისად, უკვე დღეიდან, ლენტეხის მუნიციპალიტეტსა და ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისყურში მოქმედებს ის რეჟიმი, რაც მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობით არის დადგენილი“, – განმარტავენ მთავრობის ადმინისტრაციაში.
ამასთან, ამავე ინფორმაციით, „ლენტეხის მუნიციპალიტეტის 4 300 და სოფელ ხიდისყურის 80 მცხოვრებს რამდენჯერმე ჩაუტარდა პროაქტიული თერმოსკრინინგი. ასევე, მიზნობრივი ტესტირებები ჩაუტარდა ინფიცირებულთა ყველა კონტაქტს“.
12:00 – შსს-მ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 109 ფაქტი გამოავლინა
შსს-ს ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველებმა, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 109 ახალი ფაქტი გამოავლინეს. პოლიციამ, 27 აპრილის 21:00 საათიდან 28 აპრილის დილის 06:00 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით 63 მოქალაქე დააჯარიმა.
ამასთან, უწყების თანამშრომლებმა თვითიზოლაციის წესების დარღვევის 1 ახალი ფაქტი გამოავლინეს, საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო კი – 45 მოქალაქე დააჯარიმეს.
11:00 – ინფიცირებულთა რაოდენობა 14-ით გაიზარდა
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 14-ით – 511-მდე გაიზარდა.
27 აპრილი, ორშაბათი
23:50 – ოკუპირებულ აფხაზეთი კოვიდ-19-ისგან კიდევ ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა
ოკუპირებული სოხუმის „ხელისუფლების“ მიერ გამოვლენილი ნომერ პირველი ინფიცირებული პაციენტი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა. ინფორმაციას რუსული მედიასაშუალებები ავრცელებენ.
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 7 აპრილს დაფიქსირდა. გავრცელებული ინფორმაციით, დაინფიცირებული პაციენტი გაგრაში მოსკოვიდან დაბრუნდა. მან მკურნალობის კურსი გუდაუთის საავადმყოფოში გაიარა.
23:40 – ვირუსისგან კიდევ 7 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ინფიცირებულთა რაოდენობა 1-ით გაიზარდა
ბოლო მონაცემებით, კოვიდ-19-ისგან კიდევ 7 პაციენტი გამოჯანმრთელდა და ამით ვირუსისგან განკურნებულთა საერთო ჯამი 156-მდე გაიზარდა. 1-ით – 497-მდე გაიზარდა კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვიც.
17:00 – ეროვნულმა ბანკმა 20 მლნ აშშ დოლარი გაყიდა
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 27 აპრილს გამართულ სავალუტო აუქციონზე სებ-მა 20 მლნ აშშ დოლარი გაყიდა. სებ-ის განმარტებით, საშუალო შეწონილი გაცვლითი კურსი 3.2 ლარი იყო.
ბოლო თვენახევრის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებით რეკორდულად გაუფასურდა, ეროვნულმა ბანკმა დოლარი უკვე მესამედ გაყიდა. წინა ორ აუქციონებზე, რომლებიც მარტის თვეში გაიმართა, სებ-მა გასაყიდად 40-40 მლნ აშშ დოლარი გაყიდა.
უფრო ადრე კი – 13 მარტს, ეროვნულმა ბანკმა აუქციონზე 20 მლნ აშშ დოლარი გაყიდა. მაშინ საშუალო შეწონილი გაცვლითი კურსი 2.9936 ლარი იყო.
ბლუმბერგის მონაცემებით, მოცემული მომენტისთვის, ერთი აშშ დოლარი 3.20 ლარი ღირს.
15:00 – Fitch-მა საქართველოს რეიტინგი სტაბილურიდან ნეგატიურით შეცვალა
სარეიტინგო კომპანიამ – Fitch Ratings საქართველოს რეიტინგი „სტაბილურიდან“ „ნეგატიურით“ შეცვალა.
24 აპრილს გავრცელებულ განცხადებაში კომპანიამ აღნიშნა, რომ განახლებული რეიტინგი საქართველოზე კორონავირუსის პანდემიის გავლენას ასახავს.
Fitch Ratings-მა ასევე განმარტა, რომ საქართველოში ამ მნიშვნელოვან შოკს მცირე და ღია ეკონომიკის, რომელიც დიდწილად ტურიზმზეა დამოკიდებული, კლება, ასევე ფინანსური ანგარიშგების გაუარესება და საქართველოს საგარეო ვალიდან რისკების ზრდა მოჰყვება.
Fitch-ის პროგნოზით, 2020 წელს საქართველოს მშპ-ის რეალური ზრდა, 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებლთან შედარებით, 4.8%-ით შემცირდება, ყველაზე დიდი დარტყმა კი -კორონავირუსის პანდემიისგან ტურიზმის სექტორთან დაკავშირებულ მომსახურებებსა და ინდუსტრიას მიადგება.
ორგანიზაციის პროგნოზით, კერძო სექტორის საქმიანობის აღდგენის, დასაქმების ზრდის და ინვესტიციების განახლების შედეგად, მშპ-ის ზრდა ნაწილობრივ 2021 წლისთვის აღდგება და ის 4.3%-მდე გაიზრდება
Fitch-ში აცხადებს, რომ „იმ შემთხვევაში, თუ ინფექციის მეორე ტალღა განახლდება და კვლავ საკარანტინო ზომებს შემოიღებენ, ეს საქართველოს შრომის ბაზარზე, საბანკო სექტორსა და სახელმწიფო ფინანსებზე უარყოფით გავლენას კიდევ უფრო გაამწვავებს“.
12:00 – შსს-მ საგანგებო მდგომარეობის დარღვევის 115 ფაქტი გამოავლინა
შსს-ს ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველებმა, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 115 ახალი ფაქტი გამოვლინდა. პოლიციამ, 26 აპრილის 21:00 საათიდან 27 აპრილის დილის 06:00 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით 68 მოქალაქე დააჯარიმა.
ამასთან, სამართალდამცველებმა თვითიზოლაციის წესების დარღვევის 1 ახალი ფაქტი გამოავლინეს, მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე კი – 23 პირი დააჯარიმეს.
გარდა ამისა, პოლიციამ, საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრებისა და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობისთვის სულ 23 მოქალაქე დააჯარიმა.
10:30 – გამოვლინდა კოვიდ-19-ის ათი ახალი შემთხვევა; ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 496-მდე გაიზარდა
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ-19-ის კიდევ ათი შემთხვევა გამოვლინდა, რითაც ვირუსით ინფიცირებულთა დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 496-მდე გაიზარდა. 496 დადასტურებულ შემთხვევაში 149 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 6 კი – გარდაიცვალა. შესაბამისად, ამჟამად, აქტიურ ინფიცირებულთა რაოდენობა 341-ს შეადგენს.
06:00 – მარნეულის აგრარული ბაზარი გაიხსნა
რადიო „მარნეულის“ ინფორმაციით, დღეს დილით მარნეულის აგრარული ბაზარი გაიხსნა.
სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის გაყიდვა ადგილობრივების უმეტესობისთვის შემოსავლის მთავარი წყაროა. მკაცრი საკარანტინო პირობების დაწესების შემდეგ კი, როგორც მარნეულის მკვიდრები განმარტავდნენ, ისინი საკუთარი პროდუქციის გაყიდვას ვეღარ ახერხებდნენ, რის გამოც, ფინანსური კრიზისის წინაშე აღმოჩნდნენ. შექმნილი მდგომარეობის გასაპროტესტებლად, 22 აპრილს მარნეულის მოსახლეობამ საპროტესტო აქციაც გამართა.
- რამ გამოიწვია კარანტინის საწინააღმდეგო პროტესტი მარნეულში?
- პრემიერ-მინისტრმა ანტიკრიზისული გეგმა წარადგინა
ხელისუფლებამ 27 აპრილიდან საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების თანდათანობით შემსუბუქება დაიწყო. შეზღუდვების მოხსნა ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოფიური ვითარების გათვალისწინებით, ექვს ეტაპად, ორ კვირაში ერთხელ მოხდება. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, მოქალაქეებისთვის ფიზიკური დისტანციის შენარჩუნება და პირბადეების ტარება სავალდებულოდ რჩება.
00:50 – გამოვლინდა კოვიდ-19-ის კიდევ ერთი შემთხვევა
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ-19-ის კიდევ ერთი შემთხვევა გამოვლინდა. ამით ვირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 486-მდე გაიზარდა.
26 აპრილი, კვირა
23:10 – უცხოეთში კოვიდ-19-ით ინფიცირებული საქართველოს კიდევ ორი მოქალაქე გარდაიცვალა
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უცხოეთში კოვიდ-19-ით ინფიცირებული საქართველოს კიდევ ორი მოქალაქე გარდაიცვალა. ერთ-ერთი მათგანი 53 წლის იყო, რომელიც მკურნალობის კურსს ლატვიის ინფექტოლოგიის ცენტრის საუნივერსიტეტო კლინიკაში გადიოდა. გარდაცვლილს ვირუსის პარალელურად, გულის ქრონიკული დაავადება ჰქონდა.
მეორე მოქალაქე კი – 83 წლის კაცი ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნიუ-იორკის ჰოსპიტალში გარდაიცვალა. სამინისტროს ინფრომაციით, მას კოვიდ-19-თან ერთად, დიაბეტი აღენიშნებოდა.
საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ სამინისტრო გარდაცვლილი ოჯახის წევრებთან კონტაქტზეა და მათი სამშობლოში გადმოსვენების პროცედურებზე მუშაობა მიმდინარეობს.
ჯამში, უცხოეთში კოვიდ-19-ით ინფიცირებული საქართველოს 11 მოქალაქე გარდაიცვალა.
22:00 – კიდევ 10 პაციენტი გამოჯანმრთელდა
ბოლო მონაცემებით, კოვიდ-19-ისგან კიდევ 10 პაციენტი გამოჯანმრთელდა და მათი საერთო რაოდენობა 149-მდე გაიზარდა.
16:00 – ქალაქი თეთრიწყარო ჩაიკეტა
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის შოთა რეხვიაშვილის განმარტებით, ქალაქ თეთრიწყაროში, ბოლო ორ დღეში, კორონავირუსის 12 შემთხვევის დადასტურების შემდეგ, ხელისუფლებამ ქალაქის ჩაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო.
მისივე თქმით, გუშინ თეთრიწყაროში კოვიდ-19 პირველად საავადმყოფოს ექთანს დაუდასტურდა, რომლის კონტაქტების ეპიდემიოლოგიური კვლევის შედეგადაც, ჯამში მუნიციპალიტეტში ვირუსის 19 შემთხვევა გამოვლიდა.
19 შემთხვევიდან, 7 მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფელში დაფიქსირდა. თუმცა, რეხვიაშვილმა განმარტა, რომ გამკაცრებული ზომები ჯერჯერობით მხოლოდ მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ცენტრს შეეხება.
2014 წლის საყოველთაო აღწერის შედეგების მიხედვით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში სულ 21 127, უშუალოდ ქალაქში კი – 3 093 ადამიანი ცხოვრობს.
შსს-ს ინფორმაციით, თეთრიწყაროში მკაცრი საკარანტინო წესები ამოქმედდა, რომლებიც მოქალაქეთა თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვას ითვალისწინებს. შესაბამისად, რაიონული ცენტრის შესასვლელებსა და გასასვლელებში მოწყობილია საკონტროლო გამშვები პუნქტები.
ამავე ინფორმაციით, შეზღუდვებს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, თავდაცვის ძალების წარმომადგენლებთან ერთად, 24 საათის განმავლობაში, საგანგებო რეჟიმში გააკონტროლებენ.
13:00 – შსს-მ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 132 ფაქტი გამოავლინა
შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 132 ახალი ფაქტი გამოავლინეს. პოლიციამ, 25 აპრილის 21:00 საათიდან 26 აპრილის დილის 06:00 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 75 მოქალაქე დააჯარიმა.
ამასთან, სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე კიდევ 24 პირი, საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო კი -33 მოქალაქე დააჯარიმეს.
11:00 – ინფიცირებულთა რაოდენობა 29-ით გაიზარდა
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 29-ით – 485-მდე გაიზარდა. გარდაიცვალა ვირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი პაციენტი. ჯამში, საქართველოში კოვიდ-19-ის მქონე უკვე 6 პაციენტი გარდაიცვალა.
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის სამედიცინო დირექტორმა ლევან რატიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებს უთხრა, რომ გარდაცვლილი 83 წლი კაცია, რომელსაც ვირუსის პარალელურად ჰქონდა ქრონიკული პათოლოგიები, ასევე გულის უკმარისობა, მოციმციმე არითმია და გულის ყველა სარქვლის ნაკლოვანება.
„ყველა ჩატარებული ღონისძიება აღმოჩნდა უშედეგო და დღეს დილით დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი“, – თქვა მანვე.
08:00 – ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის მქონე პაციენტის გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის მქონე პაციენტის გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსრიდა. გარდაცვლილი 95 წლის ქალია, რომელსაც ვირუსი 11 აპრილს დაუდგინდა და გუდაუთის საავადმყოფოში მკურნალობდა. თავდაპირველად, გარდაცვლილი საავადმყოფოში გადაყვანაზე უარს ამბობდა და იგი მკურნალობის კურსს სახლში გადიოდა. გუდაუთის საავადმყოფოში იგი მხოლოდ 20 აპრილს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემდეგ გადაიყვანეს. ექიმის ანჟელა არჩელიას განცხადებით, გარდაცვლილს საავადმყოფოში მიყვანისას ორმხრივი პნევმონია, ასევე სხვა თანმდევი დაავადებები – ჰიპერტენზია და თირკმლის ქრონიკული უკმარისობა დაუდგინდა. მისივე განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ შესაბამისი თერაპიის შედეგად, პაციენტის რენტგენული მაჩვენებლები გაუმჯობესდა, ასაკის გამო საერთო მდგომარეობა მაინც მძიმე რჩებოდა და იგი დღეს, დილის 07:00 საათზე გარდაიცვალა.
25 აპრილი, შაბათი
18:00 – კიდევ 7 პაციენტი გამოჯანმრთელდა
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ-19-ისგან კიდევ 7 პაციენტი გამოჯანმრთელდა და მათი რაოდენობა 139-მდე გაიზარდა.
17:30 – ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, ტესტირების შედეგად ინფექციის დადასტურებული შემთხვევების პროპორცია შემცირებულია
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ტელეკომპანია „იმედთან“ საუბარში განმარტა, რომ მიუხედავად ბოლო კვირებში გაზრდილი ტესტირებების რაოდენობისა, პროპორცია, რომელიც ვირუსის დადასტურებული შემთხვევების გამოვლენის თვალსაზრისით გვქონდა, შემცირდა.
მაგალითად, მისი განმარტებით, გუშინ, სხვადასხვა ლაბორატორიაში ჯამურად 897 ტესტი ჩატარდა, საიდანაც ინფექციაზე დადებითი შედეგი მხოლოდ 25 შემთხვევაში დაფიქსირდა, რაც მისივე განმარტებით, დაახლოებით 2%-ია. ეს კი მაშინ, როდესაც, როგორც თავადვე აღნიშნა, ტესტირების საერთო მაჩვენებელში ინფექციის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 4.5% იყო. „ეს იმაზე მიუთითებს რომ ვირუსის თავისუფალი ტრანსმისია საზოგადოებაში,, საბედნიეროდ არ ხდება“, – დასძინა მანვე.
მანვე აღნიშნა, რომ ამ ეტაპისთვის, ახალ კორონავირუსზე ტესტირება იმ ჯგუფებში (მაგალითად მარნეულის, ბოლნისის და სხვა მუნიციპალიტეტები, ასევე სამედიცინო პერსონალი) მიმდინარეობს, სადაც ვირუსის გავრცელების რისკი „განსაკუთრებით მაღალია“, ახალი შემთხვევები ვლინდება და „კლასტერები ყალიბდება“. მინისტრის მოადგილისვე განმარებით, მნიშვნელოვანია, რომ „სწრაფად და დროულად მოხდეს იმ პირთა იდენტიფიცირება, ვინც შესაძლოა სხვა პირებს გადასცენ ინფექცია“.
„მიზნობრივი ტესტირება არის ჩვენთვის მთავარი ინსტრუმენტი დღეს, რომ დროულად გამოვავლინოთ საზოგადოებაში გავრცელებული პირველი და ადრეული შემთხვევები“, – თქვა თამარ გაბუნიამ და იქვე დასძინა: „როდესაც ტესტირება კეთდება, ვიცით, რომ ასიმპტომურ პირში ტესტის ჩატარება აზრს მოკლებულია“.
ამასთან, მანვე აღნიშნა, რომ რეკომენდაციის შესაბამისად, გარკვეული პერიოდულობით, ანტისხეულებზე სწრაფი ტესტირება სამედიცინო პერსონალში, კერძოდ კი – სასწრაფო სამედიცინო დახმარების ქსელში უკვე დაწყებულია და ეს წრე ეტაპობრივად გაფართოვდება.
12:45 – ბოლნისის მუნიციპალიტეტის სამი სოფელი ჩაიკეტა
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკისა და კორონავირუსის მასშტაბური გავრცელების პრევენციის მიზნით, სოფლები: ხატისოფელი, ვანათი და მუშევანი ჩაიკეტა და მკაცრ საკარანტინო ზონებად გამოცხადდა.
მუნიციპალიტეტში აცხადებენ, რომ ხატისოფლის, ვანათისა და მუშევანის საზღვრებზე მოეწყო ბლოკპოსტები, რომლებსაც პოლიცია აკონტროლებს. საკარანტინო ზონაში სურსათისა და მედიკამენტების ტრანსპორტირება ყოველგვარი შეფერხების გარეშე განხორციელდება.
ამ სამი სოფლის გარდა, ბოლნისის მუნიციპალიტეტში მკაცრ საკარანტინო ზონად უკვე გამოცხადდა ქალაქი ბოლნისი, სოფლები: რაჭისუბანი, ქვემო ბოლნისი, სავანეთი, ბალიჭი და დაბა კაზრეთი.
12:30 – შსს-მ საგანგებო მდგომარეობის დარღვევის 85 ფაქტი გამოავლინა
შსს-ს ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველებმა, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 85 ახალი ფაქტი გამოვლინდა.
პოლიციამ, 24 აპრილის 21:00 საათიდან 25 აპრილის დილის 06:00 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით 65 მოქალაქე, მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე კი – 20 პირი დააჯარიმა.
11:00 – ინფიცირებულთა რაოდენობა 12-ით გაიზარდა
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 12-ით – 456-მდე გაიზარდა.
24 აპრილი, პარასკევი
22:45 – ინფიცირებულთა რაოდენობა 444-მდე გაიზარდა
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 13-ით – 444-მდე გაიზარა.
18:00 – კოვიდ-19-ისგან კიდევ 18 პაციენტი გამოჯანმრთელდა
ბოლო მონაცემებით, ვირუსისგან გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობას კიდევ 18 დაემატა და მათი რიცხვი 132-მდე გაიზარდა.
16:05 – პრემიერ-მინისტრმა ანტიკრიზისული გეგმა წარადგინა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პანდემიის პირობებში ქვეყნის წინაშე არსებული ეკონომიკური და სოციალური გამოწვევების დაძლევის ანტიკრიზისული გეგმა წარადგინა.
გახარიას თქმით, ანტიკრიზისული გეგმის გათვალისწინებით ბიუჯეტისთვის საჭირო რესურსი 3.9 მილიარდი ლარია. მისივე განმარტებით, გეგმით გათვალისწინებული მიზნობრივი დახმარების პაკეტით საქართველოს 350 000 მოქალაქე ისარგებლებს.
15:00 – შსს-მ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 114 ფაქტი გამოავლინა
შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 114 ახალი ფაქტი გამოავლინეს. პოლიციამ, 23 აპრილის 21:00 საათიდან 24 აპრილის დილის 06:00 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 59 მოქალაქე დააჯარიმა.
გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო, სულ 24 მოქალაქე, მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე კი – 30 პირი დააჯარიმეს.
აგრეთვე, პოლიციამ თვითიზოლაციის წესების დარღვევის 1 ახალი ფაქტი გამოავლინა.
14:00 – ოკუპირებული ცხინვალი ზოგიერთ შეზღუდვას ხსნის
ოკუპირებული ცხინვალი რეგიონში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებულს ზოგიერთ შეზღუდვას ხსნის. დღეიდან, შესაბამისი წესების დაცვით, მუშაობის უფლება ეძლევათ სილამაზის სალონებსა და სავაჭრო ობიექტებს.
პარალელურად კაფეებს, რესტორნებს და სხვა გასართობ ცენტრებს მუშაობა კვლავ ეკრძალებათ. შეზღუდვები ძალაში 30 აპრილამდე იქნება.
10:45 – ინფიცირებულთა რაოდენობა 6-ით, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი – 3-ით გაიზარდა
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 6-ით – 431-მდე გაიზარდა. 3-ით – 114-მდე გაიზარდა ვირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვიც.
23 აპრილი, ხუთშაბათი
23:20 – ინფიცირებულთა რაოდენობა 5-ით გაიზარდა
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა კიდევ 5-ით – 425-მდე გაიზარდა.
16:20 – კიდევ ოთხი პაციენტი გამოჯანმრთელდა
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ-19-ისგან კიდევ ოთხი პაციენტი გამოჯანმრთელდა და მათი საერთო რაოდენობა 111-მდე გაიზარდა.
13:00 – ინვესტორთა საბჭოს წევრები მთავრობას ახალი საინვვესტიციო სტრატეგიის შემუშავებაში დაეხმარებიან
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ინვესტორთა საბჭოს წევრები საქართველოს მთავრობას ახალი საინვესტიციო სტრატეგიის შემუშავებაში დაეხმარებიან და მთავრობასთან ერთად იმ ნაბიჯების შემუშავების პროცესში ჩაერთვებიან, რომლებიც საქართველოში ახალი უცხოური ინვესტიციების მოზიდვისთვის უნდა გადაიდგას.
დღეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილის ხელმძღვანელობით გამართულ ინვესტორთა საბჭოს სხდომაზე, რომელიც ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა, გლობალური პანდემიით გამოწვეული ზოგადი ეკონომიკური ტენდენციები და საქართველოში ამ კუთხით არსებული მდგომარეობა, ასევე ანტიკრიზისული გეგმის შემდეგი ეტაპით გათვალისწინებული ღონისძიებები განიხილეს.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სხდომაზე აქცენტი გაკეთდა პოსტკრიზისულ პერიოდში ეკონომიკის ხელშემწყობ მექანიზმებზე, ასევე იმაზე, თუ რა ნაბიჯები უნდა გადადგას საქართველომ ეპიდემიასთან ბრძოლის შემდგომ ეტაპზე მსოფლიო ეკონომიკის გლობალურ კონკურენციაში თავისი ადგილის დასაკავებლად.
12:25 – მაისის დასაწყისში ქვეყანაში 100 000-მდე PCR ტესტი გვექნება
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განმარტებით, ამ დროისთვის, ქვეყანაში 10 000-ზე მეტი PCR ტესტის სრული კომპლექტაცია გვაქვს და ორშაბათს, 27 აპრილს, დამატებით კიდევ 40 000 ტესტს ველოდებით. „მაისის დასაწყისში PCR ტესტების რაოდენობა 100 000-მდე შეივსება“, – თქვა მანვე.
ჯანდაცვის მინისტრმა სწრაფ ტესტებზეც გააკეთა კომენტარი და თქვა, რომ ამ ეტაპისთვის ქვეყანაში უკვე გამოყენებულია 5 000-ზე მეტი სწრაფი ტესტი. „ჩვენ დამატებით კიდევ გვაქვს 9 000 ტესტი, რომლებიც ყველა საავადმყოფოშია დარიგებული, სადაც მიმდინარეობს, როგორც პაციენტების, ისე მათი თანამშრომლების ტესტირება“, – დასძინა მანვე.
12:20 – შსს-მ საგანგებო რეჟიმის დარღვვევის 106 ფაქტი გამოავლინა
შსს-ს ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველებმა, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 106 ახალი ფაქტი გამოავლინეს. პოლიციამ, 22 აპრილის 21:00 საათიდან 23 აპრილის დილის 06:00 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით 54 მოქალაქე დააჯარიმა.
გარდა ამისა, უწყების თანამშრომლებმა, საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრებისა და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო, სულ 2 მოქალაქე, მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე კი – 50 პირი დააჯარიმეს.
11:00 – ინფიცირებულთა რაოდენობა 4-ით გაიზარდა
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა კიდევ 4-ით – 420-მდე გაიზარდა.
09:00 – თერჯოლის მუნიციპალიტეტი სოფელი ღვანკითი დაიკეტა
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითში კოვიდ-19-ის 10 შემთხვევის დადასტურების შემდეგ, ხელისუფლების გადაწყვეტილებით, დილის 06:00 საათიდან სოფელი სრულად ჩაიკეტა.
იმერეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის ზვიად შალამბერიძის ინფორმაციით, სოფელში გუშინ 4 ახალი ინფცირებული გამოვლინდა, რომლებსაც „კრიზისული ფაზა გადავლილი აქვთ“, თუმცა მათი მოსახლეობასთან კონტაქტი სარისკოა, ამიტომ ისინი ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს (მანამდე, ამავე სოფელში კოვიდ-19-ის 6 შემთხვევა იყო დადასტურებული). „ფაქტობრივად, ერთ სოფელში 10 ინფიცირებული უკვე დიდი რისკია“, – თქვა მანვე.
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მოწყობილია 5 ბლოკ-საგუშაგო, საიდანაც სოფლის ტერიტორია კონტროლდება და მოსახლეობას ღვანკითის დატოვების საშუალება არ აქვს. ამავე ინფორმაციის მიხედვით, სოფელში დაავადებათა კონტოლის ეროვნული ცენტრის ეპიდემიოლოგთა ჯგუფი ჩავა და მასობრივი თერმონსკრინგი დაიწყება.
იმერეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სოფელ ღვანკითში სულ 705 ოჯახი და 2 438 ადამიანი ცხოვრობს.
22 აპრილი, ოთხშაბათი
22:00 – ინფიცირებულთა რიცხვი 5-ით, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი – 9-ით გაიზარდა
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 5-ით – 416-მდე, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი – 9-ით 107-მდე გაიზარდა.
16:35 – პარლამენტმა საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებას მხარი დაუჭირა
97 ხმით 10-ის წინააღმდეგ, საქართველოს პარლამენტი ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის 22 მაისის ჩათვლით გახანგრძლივებას მხარი დაუჭირა.
საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების შესახებ შესაბამისი ბრძანება დასამტკიცებლად კანონმდებლებს დღეს პრეზიდენმა სალომე ზურაბიშვილმა წარუდგინა და თქვა, რომ სწორედ „საგანგებო მდგომარეობის საშუალებით ჩვენ შევძელით პირველ ეტაპზე ვითარების მაქსიმალურად გაკონტროლება და ქვეყნის დაცვა უკიდურესი გართულებებისგან“.
15:10 – ევროკომისია საქართველოს 150 მილიონი ევროს სესხს სთავაზობს
ევროკომისია კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური ზარალის შემცირების მიზნით, გაფართოებისა და სამეზობლოს პროგრამების ფარგლებში, 10 ქვეყანას 3 მილიარდი ევროს ოდენობის მაკრო-ფინანსურ დახმარებას გამოუყოფს, მათ შორის, 150 მილიონს საქართველოს.
13:30 – იმერეთის რეიგიონის მუნიციპალიტეტებში მსუბუქ ავტომობილებზე დაწესებული შეზღუდვები შემსუბუქდა
იმერეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, რეგიონის თორმეტივე მუნიციპალიტეტის მკვიდრებს „სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების წარმოების მიზნით, შეეძლებათ დილის 06:00 საათიდან 08:00 საათამდე პერიოდში გადაადგილდნენ შესაბამის ადგილებზე და საღამოს 18:00-დან 19:0-მდე დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში“.
12:20 – შსს-მ საგანგებო მდგომარეობის წესების დარღვევის 102 ფაქტი გამოავლინა
შსს-ს ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 102 ახალი ფაქტი გამოავლინეს. პოლიციამ, 21 აპრილის 21:00 საათიდან 22 აპრილის დილის 06:00 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით 56 მოქალაქე დააჯარიმა.
გარდა ამისა, უწყების თანამშრომლებმა, საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრებისა და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო სულ 10 მოქალაქე, მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე კი – 36 პირი დააჯარიმეს.
11:50 – კიდევ 1 პაციენტი გარდაიცვალა
არსებული მონაცემებით, გარდაიცვალა კოვიდ-19-ით ინფიცირებული კიდევ ერთი პაციენტი და მათი რაოდენობა 5-მდე გაიზარდა.
დღეს გამართულ ბრიფინგზე პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა ლალი ტურძელაძემ თქვა, რომ გარდაცვლილი 68 წლის კაცია, რომელიც ბოლნისის ე.წ. კლასტერს მიეკუთვნება. მისივე თქმით, პაციენტი კარგა ხნის განმავლობაში აპარატულ სუნთქვაზე იყო.
ამასთან, მისივე განმარტებით, გარდაცვლილს გადატანილი ჰქონდა მიოკარდიუმის ინფარქტი, გულის უკმარისობა, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, რასაც დაემატა ორმხრივი მწვავე პნევმონია და სეპტიური შოკი. „სიკვდილის უშუალო მიზეზი იყო ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია“, – დასძინა მანვე.
11:00 – ინფიცირებულთა რაოდენობა 3-ით, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 1-ით გაიზარდა
ბოლო მონაცემებით, ინფირებულთა რაოდენობა 3-ით – 411-მდე გაიზარდა, 1-ით – 98-მდე გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვიც.
21 აპრილი, სამშაბათი
23:00 – რანდემინე მუნიციპალიტეტში ავტომობილებზე დაწესებულა შეზღუდვები შედარებით მსუბუქდება
რამდენიმე მუნიციპალიტეტში, მათ შორის, თელავის, საგარეჯოს, გურჯაანის, ახმეტის, დედოფლისწყაროს, ყვარლის, სიღნაღისა და კასპის მუნიციპალიტეტებში, ავტომობომობილებზე დაწესებული შეზღუდვები 27 აპრილამდე შემსუბუქდება და დილის 06:00-08:00 და საღამოს 18:00-19:00 საათებში მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება დასაშვები იქნება. „რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების განხორციელებისათვის“, – აცხადებენ მუნიციპალიტეტების მთავრობები.
„გადაადგილების დროს დაცული უნდა იყოს მსუბუქი ავტომობილით მგზავრთა გადაადგილების უსაფრთხო წესები(არაუმეტეს 3 პირი პირბადით)“, – დასძენენ იქვე.
21:00 – ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსისგან პირველი პაციენტი გამოჯანმრთელდა
რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნიუსის“ ინფორმაციით, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირებული პირველი პაციენტი გამოჯანმრთელდა. გამოჯანმრთელებული პაციენტი ქალაქ გაგრის მკვიდრია, რომელიც პირველი ინფიცირებული პაციენტის ოჯახის წევრია.
არსებული ინფორმაციით, ამ დრომდე, ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ-19-ის სულ სამი დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული.
19:10 – გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 97-მდე გაიზარდა
ბოლო მონაცემებით, კოვიდ-19-ისგან კიდევ ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა და მათი რაოდენობა 97-მდე გაიზარდა.
17:10 – მთავრობა ითხოვს, რომ საგანგებო მდგომარეობა 22 მაისის ჩათვლით გაგრძელდეს
საქართველოს მთავრობა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას 22 მაისიც ჩათვლით ითხოვს. შესაბამისი მიმართვა მთავრობის ადმინისტრაციამ პრეზიდენტს უკვე გაუგზავნა.
ჩიქოვანის განმარტებით, 27 აპრილიდან, მოიხსნება გარკვეული შეზღუდვები, მათ შორის, გადაადგილებასა და მსუბუქ ავტომობილებზე დაწესებული შეზღუდვები.
12:00 – შსს-მ საგანგებო მდგომარეობის წესების დარღვევის 182 ფაქტი გამოავლინა
შსს-ს ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველებმა, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 182 ახალი ფაქტი გამოვლინეს. პოლიციამ, 20 აპრილის 21 საათიდან 21:00 აპრილის დილის 06:00 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით 78 მოქალაქე დააჯარიმა.
გარდა ამისა, უწყების თანამშრომლებმა, საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო, სულ 66 მოქალაქე, მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე კი – 38 პირი დააჯარიმეს.
11:00 – ინფიცირებულთა რაოდენობა 408-მდე გაიზარდა
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 6-ით – 408-მდე გაიზარდა.
20 აპრილი, ორშაბათი
19:45 – ინფიცირებულთა რაოდენობა 3-ით, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი – 2-ით გაზაირდა
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 3-ით – 402-მდე, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი – 2-ით – 95-მდე გაიზარდა.
14:30 – პრემიერ-მინისტრი ევროკომისიის პრეზიდენტს ვიდეოზარის საშუალებით ესაუბრა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიამ ევროკომისიის პრეზიდენტთან ურსულა ფონ დერ ლაიენთან ვიდეოკონფერენცია გამართა და მასთან პანდემიასთან ბრძოლის კუთხით გატარებული ღონისძიებებსიდა ის ერთობლივი მოქმედებები განიხილა, რომელსაც ევროკავშირი და საქართველო ამ მიმართულებით ახორციელებენ.
მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ევროკომისიის პრეზიდენტმა COVID-19-ის გლობალურ პანდემიასთან გამკლავების კუთხით გადადგმულ ნაბიჯებს „მაღალი შეფასება“ მისცა.
პრემიერ-მინიტრმა ევროკომისიის პრეზიდენტს ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გაწეული „მნიშვნელოვანი“ ფინანსური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
8 აპრილს ცნობილი გახდა, რომ „გადაუდებელი დახმარების პაკეტის“ ფარგლებში ევროკომისია საქართველოს 183 მილიონ ევროზე მეტი თანხით დაეხმარება.
- ევროკავშირი საქართველოს კოვიდ-19-თან საბრძოლველად 183 მლნ ევროთი დაეხმარება
- საერთაშორისო ორგანიზაციები საქართველოს კოვიდ-19-თან გასამკლავებლად ფინანსურად დაეხმარებიან
ვიდეოკონფერენციის დროს, მხარეებმა ყურადღება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზეც გაამახვილეს.
„პრემიერმა დეტალურად ისაუბრა იქ არსებულ მძიმე მდგომარეობაზე და განაცხადა, რომ მაშინ, როდესაც მსოფლიო პანდემიას ებრძვის, საოკუპაციო ძალები ე.წ ბორდერიზაციის პროცესს განაგრძობენ, შესაბამისად, ისე, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია ევროპის მხარდაჭერა და ევროპული სოლიდარობა“, – ნათქვამია მთავრობის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ვიდეოკონფერენციაში მონაწილეობა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და მთავრობის პრესსპიკერი და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საერთაშორისო ურთიერთობათა საკითხებში ირაკლი ჩიქოვანიც მონაწილეობდნენ.
12:45 – შსს-მ საგანგებო მდგომარეობის დარღვევის 139 ფაქტი გამოავლინა
შსს-ს ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველებმა, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 139 ახალი ფაქტი გამოავლინეს. პოლიციამ, 19 აპრილის 21:00 საათიდან 20 აპრილის 06:00 საათამდე პერიოდში, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით 85 მოქალაქე დააჯარიმა.
გარდა ამისა, უწყების თანამშრომლებმა, საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრებისა და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო, სულ 19 მოქალაქე, მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე კი – 35 პირი დააჯარიმეს.
11:00 – ინფიცირებულთა რიცხვი 399-მდე გაიზარდა
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ-19-ის რეგისტრირებული შემთხვევების რაოდენობა კიდევ 5-ით – 399-მდე გაიზარდა.
01:00 – ოკუპირებული აფხაზეთი საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებულ შეზღუდვებს ცვლის
ოკუპირებული აფხაზეთის „პრეზიდენტობის“ მოვალეობის შემსრულებელმა ვალერი ბგანბამ 17 აპრილს სპეციალურ დეკრეტს მოაწერა ხელი, რომელიც საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული ზოგიერთი შეზღუდვის შემსუბუქებას, ზოგიერთის კი – პირველ მაისამდე გახანგრძლივებას გულისხმობს.
ახალი დეკრეტის მიხედვით, 20 აპრილიდან გალისა და გაგრის რაიონებში დაწესებული კომენდანტის საათი უქმდება.
ასევე, 20 აპრილიდან, მართალია, გარკვეული შეზღუდვებით, თუმცა მუშაობას განაახლებენ აგრარული ბაზრები. მათ მუშაობას კვირაში მხოლოდ სამი დღის განმავლობაში შეძლებენ.
ამავე დეკრეტის საფუძველზე, რუსეთ-საქართველოს საზღვარზე მოქალაქეთა მოძრაობის აკრძალვა პირველ მაისამდე გახანგრძლივდა.
პირველ მაისამდე გახანგრძლივდა, სპორტულ, კულტურულ და სხვა გასართობ ღნისძიებებზე, ასევე საქორწინო ცერემონიებზე დაწესებული შეზღუდვაც.
აგრეთვე, 4 მაისამდე გადაიდო, საბავშვო ბაღებში, სკოლებსა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის პროცესის აღდგენაც.
19 აპრილი, შაბათი
21:32 – კიდევ 6 პაციენტი გამოჯანმრთელდა
ბოლო მონაცემებით, კოვიდ-19-ისგან გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა კიდევ ექვსით – 93-მდე გაიზარდა.
21:05 – კიდევ 1 პაციენტი გამოჯანმრთელდა
ბოლო მონაცემებით, კოვიდ-19-ისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კიდევ ერთით – 87-მდე გაიზარდა.
13:10 – შსს-მ საგანგებო რეჟიმის დარღვევის 230 ფაქტი გამოავლინა
შსს-ს ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველებმა, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 230 ახალი ფაქტი გამოვლინდა. პოლიციამ, 18 აპრილის 21:00 საათიდან 19 აპრილის დილის 06:00 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით 71 მოქალაქე დააჯარიმა.
გარდა ამისა, უწყების თანამშრომლებმა, საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო, სულ 68 მოქალაქე, მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე კი – 91 პირი დააჯარიმეს.
13:00 – გალის მკვიდრი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა
ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე, რომელსაც კოვიდ-19 თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დაუდასტურდა და ზუგდიდის საავადმყოფოში მკურნალობდა, ვირუსისგან გამოჯანმრთელდა. ზუგდიდის საავადმყოფოს პრესსამსახურში „სამოქალაქო საქართველოს“ უთხრეს, რომ პაციენტი კვირას, დაახლოებით 13:00 საათისთვის გაწერეს და ის ორკვირიან სავალდებულო საკარანტინო პერიოდს ანაკლიაში გაივლის.
11:00 – ინფიცირებულთა რიცხვი 394-მდე გაიზარდა
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა კიდევ 6-ით – 394-მდე გაიზარდა.
18 აპრილი, შაბათი
23:00 – კოვიდ-19-ით მე-4 პაციენტი გარდაიცვალა
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კოვიდ-19-ით გარდაცვალების მე-4 შემთხვევა დაფიქსირდა. მედიის ცნობით, 70 წელზე მეტი წლის პაციენტი, რომელსაც თანმხლები დაავადებები ჰქონდა ბათუმის კლინიკაში გარდაიცვლა და იგი ქობულეთის კლასტერს მიეკუთვნებოდა.
სამით – 388-მდე გაიზარდა ინფიცირებულთა რიცხვი. ამასთან, გამოჯამრთელდა კიდევ ორი პაციენტი და ვირუსისგან განკურნებულთა რაოდენობა 86-მდე გაიზარდა.
13:00 – საქართველოში 20 000 PCR ტესტი ჩამოიტანეს
საქართველოში დღეს 20 000 PCR ტესტი ჩამოიატანეს. ტესტები ქართულმა მხარემ კორეულ მხარესთან თანამშრომლობით საქართველოს ბანკის მხარდაჭერით შეიძინა. აეროპორტში ტესტების მიღების პროცესს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაური და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი ესწრებოდნენ.
12:50 – შსს-მ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 321 ფაქტი გამოავლინა
შსს-ს ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველებმა, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 321 ახალი ფაქტი გამოავლინეს. პოლიციამ, 17 აპრილის 21:00 საათიდან 18 აპრილის დილის 06:00 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით 85 მოქალაქე დააჯარიმა.
ამასთან, უწყების თანამშრომლებმა, საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების შეზღუდვისა და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო, სულ 140 მოქალაქე, მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე კი – 96 პირი დააჯარიმეს.
11:00 – ინფიცირებულთა რიცხვი 15-ით, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი – 5-ით გაიზარდა
ბოლო მონაცემებით, კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 15-ით – 385-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 5 პაციენტი და მათი საერთო ჯამი 84 გახდა.
17 აპრილი, პარასკევი
21:15 – საქართველოს პრეზიდენტი მოქალაქეებს სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აღდგომის დღესასწაულამდე ერთი დღით ადრე, მოსახლეობას მიმართავს და მათ სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს. რამდენიმე წუთის წინ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში პრეზიდენტმა თქვა, რომ „ჩვენი სახელმწიფოს ცხოვრებაში ერთ-ერთი მძიმე დრო დგება და ჩვენ ამ პერიოდის მხოლოდ დასაწყისში ვართ“.
ზურაბიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ახლა „მოდუნებისა და თვითკმაყოფილების უფლება“ არ გვაქვს და „პირიქით, ახლა იწყება შიდა გავრცელების კრიტიკული ფაზა, რომელიც ინფიცირებულების რაოდენობის მკვეთრ ზრდას და დიდი ალბათობით, მსხვერპლის მნიშვნელოვნად მატებას გულისხმობს“. სწორედ ამიტომ, პრეზიდენტმა მოქალაქეებს სალხში დარჩენისკენ მოუწოდა.
18:45 – აშშ-მა საქართველოს დამატებით 600 000 აშშ დოლარი გამოუყო
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ინფორმაციით, ამერიკის მთავრობამ საქართველოს დამატებით 600 000 აშშ დოლარი გამოუყო. საელჩოს ინფორმაციით, ეს თანხა COVID-19-ის საპასუხო გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას მოხმარდება.
მანამდე, მარტის დასაწყისში, ამერიკის შეერთებული შტატების გადაწყვეტილებით, საქართველოს ჯანდაცვის სფეროს დასახმარებლად 1.1 მილიონ აშშ დოლარი გამიოყო.
ჯამში, COVID-19-ის გავრცელების შესაჩერებლად და ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ მყოფთა დასახმარებლად ამერიკის მთავრობამ USAID/Georgia-ის მეშვეობით მთლიანობაში 1.7 მილიონი აშშ დოლარი გამოყო.
16:20 – გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 79-მდე გაიზარდა
ბოლო მონაცემებით, კოვიდ-19-ისგან კიდევ ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა და მათი საერთო რაოდენობა 79-მდე გაიზარდა.
16:00 – ქალაქი ბოლნისი და რაჭისუბანი ჩაიკეტა
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო ქალაქი ბოლნისი და სოფელი რაჭისუბანი ჩაიკეტა და მკაცრ საკარანტინო ზონად გამოცხადდა.
მუნიციპალიტეტის მერიის განმარტებით, ქალაქისა და სოფლის ჩაკეტვის გადაწყეტილება მუნიციპალიტეტში კორონავირუსის მასშტაბური გავრცელების პრევენციის მიზნით მიიღეს.
„ქალაქისა და სოფლის საზღვრებზე მოეწყო ბლოკპოსტები, რომლებსაც პოლიცია აკონტროლებს. საკარანტინო ზონაში სურსათისა და მედიკამენტების ტრანსპორტირება ყოველგვარი შეფერხების გარეშე განხორციელდება“, – ნათქვამია ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ბოლნისის მუნიციპალიტეტში მკაცრ საკარანტინო ზონად ქალაქი ბოლნისისა და სოფელი რაჭისუბნის გარდა ქვემო ბოლნისი, სავანეთი, ბალიჭი და დაბა კაზრეთიც არის გამოცხადებული.
13:30 – დაბა კაზრეთსა და სოფელ ბალიჭებში მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები ამოქმედდა.
შსს-ს ინფორმაციით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა კაზრეთსა და სოფელ ბალიჭებში საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები ამოქმედდა. შეზღუდვებს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები გააკონტროლებენ.
შსს-ს ცნობით, საკარანტინო პირობები მოქალაქეთა თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვას ითვალისწინებს. „დაბა კაზრეთისა და სოფელი ბალიჭების შესასვლელებსა და გასასვლელებში მოწყობილია საკონტროლო გამშვები პუნქტები“, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყებისვე განმარებით, „საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს“.
13:15 – შსს-მ საგანგებო რეჟიმის დარღვვის 167 ფაქტი გამოავლინა
შსს-ის ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველებმა, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 167 ახალი ფაქტი გამოვლინეს. პოლიციამ, 16 აპრილის 21:00 საათიდან 17 აპრილის დილის 06:00 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით 74 მოქალაქე დააჯარიმა.
გარდა ამისა, უწყების თანამშრომლებმა, საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო, სულ 89 მოქალაქე, მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე კი – 4 პირი დააჯარიმეს დააჯარიმეს.
13:00 – ავტომობილებზე შეზღუდვა სასულიერო პირებს, მგალობლებს და სტიქაროსნებს არ ეხებათ
საპატრიარქოს ინფორმაციით, მთავრობის მიერ მსუბუქი ავტომობილების გადაადგილებაზე დაწესებული აკრძალვა ასულიერო პირებს, მგალობლებს, სტიქაროსნებს არ ეხებათ და მათ ავტომობილებით გადაადგილების საშუალება ექნებათ როგორც დღევანდელი, ისე „სააღდგომო მსახურებისთვის“. საპატრიარქოში ასევე დასძენენ, რომ „აღნიშნული აკრძალვა საქართველოს საპატრიარქოსთან შეთანხმებული არ ყოფილა“.
10:30 – ინფიცირებულთა რიცხვი 370-მდე, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი – 77-მდე გაიზარდა
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ-19-ის რეგისტრირებული შეთმხვეების რაოდენობა 22-ით – 370-მდე გაიზარდა. ვირუსისგან გამოჯანმრთელდა კიდევ 1 პაციენტი და მათი რიცხვი 77-მდე გაიზარდა.
16 აპრილი, ხუთშაბათი
21:10 – ხვალ, 12:00 საათიდან 21 აპრილის ჩათვლით, მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება სრულად იკრძალება
ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ხვალ, 12:00 საათიდან საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე (21 აპრილის ჩათვლით), მსუბუქი ავტომობილეთბით გადაადგილება სრულად იკრძალება.
დღეს გამართულ ბრიფინგზე, რომელსაც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი და მისი მოადგილე – ამირან გამყრელიძე და პაატა იმნაძეც ესწრებოდნენ, მთავრობის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა ზომების კიდევ უფრო გამკაცრების მიზეზად „ქვეყანაში ვირუსის გავრცელების აქტიური ეტაპის“ დაწყება და შეზღუდვების მიუხედავად, მოქალაქეების „ინტენსიური“ მოძრაობა დაასახელა. გარდა ამისა, მისივე განმარტებით, „საზოგადოებრივი ჯანდაცვის წარმომადგენლები უახლოესი კვირების განმავლობაში ინფიცირების შემთხვევების მნიშვნელოვან ზრდას ელოდებიან“.
„მთავრობა კიდევ ერთხელ დაბეჯითებით მოგიწოდებთ დარჩეთ სახლში“, – თქვა ჩიქოვანმა და იქვე განმარტა, რომ შეზღუდვა მხოლოდ მსუბუქი ავტომობილებით მოძრაობას ეხება და ის „ტვირთების გადაზიდვაზე და დისტრიბუციის მანქანებზე“ არ ვრცელდენა.
„ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ სასურსათო მაღაზიები, აფთიაქები და ყველა სხვა ობიექტები, რომელიც აქმდე მუშაობდა ჩვეულებრივ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას და ასევე მუშაობას აგრძელებს ე.წ. დილივერის სერვისები“, – განაცხდა ჩიქოვანმა.
მთავრობის პრესპიკერმა იქვე განმარტა, რომ დაშვებული ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში მოქმედი კომპანიების თანამშრომელთა ტრანსპორტირების უზრუნველსაყოფად შესაბამისი ნებართვების მიღების მიზნით, დარგობრივ სამინისტროებს უნდა მიმართონ.
ჩიქოვანისვე თქმით, ხვალიდან, დახურულ სივრცეებში პირბადის ტარება სავალდებულო ხდება და აღნიშნულის შესრულებაზე პასუხისმგებლობა იურიდიულ პირებს ეკისრებათ და მოთხოვნის დარღვევის შემთხვევაში, ისინი 15 000 ლარით დაჯარიმდებიან. მისივე განმარტებით, ხვალიდან შეზღუდვები წესდება სასაფლაოებზე შესვლაზეც.
„იმ შემთხვევაში, თუ თითოეულმა მოქალაქემ, კერძო სექტორმა, მთავრობამ, ბიზნესმა, რელიგიურმა ორგანიზაციებმა, სამოქალაქო საზოგადოებამ, ყველამ ზედმიწევნით არ შევასრულეთ კანონი [და] არ დავიცავით საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები, ეს აუცილებლად გახდება ამ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის მკვეთრი გამწვავების საფუძველი და ჩვენ უახლოეს პერიოდში ზომების უკიდურესი გამკაცრება მოგვიწევს, რაც მთელი ქვეყნის მასშტაბით სრული კარანტინის გამოცხადებას გულისხმობს“, – თქვა ჩიქოვანმა.
მოსახლეობას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმაც მიმართა და მათ აღდგომის დღესასწაულზე სახლში დარჩნისკენ მოუწოდა. „წელს ეს აღდგომა გადავიაროთ, უფრო სხვა ფორმატში ჩავატაროთ, ვიდრე ეს საუკუნეების განმავლობაში ყოფილა“, – თქვა გამყრელიძემ.
მასობრივი თავყრილობიდან მომდინარე საფრთხეებზე კიდევ ერთხელ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგლემ პაატა იმნაძემაც ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ „დღეს უკვე ნებისმიერი თავყრილობა წარმოადგენს საფრთხეს“.
„ადამიანები უნდა მოერიდონ სხვა ადამიანებს, სხვანაირად ამ დაავადებას ჩვენ ვერ დავამარცხებთ. ძალიან გთხოვთ ყველას, რომ გავითვალისწინოთ მთავრობის ახალი რეგულაციები, მკაცრად დავიცვათ ისინი და ამითი გადავარჩინოთ ჩვენი ახლობლების სიცოცხლე და ჯანმრთელობა“, – თქვა იმნაძემ.
21:05 – ინფიცირებულთა რიცხი 348-მდე გაიზარდა
ბოლო მონაცემებით, კოვიდ-19-ით ინფიცირებულებს კიდევ 8 პაციენტი დაემატა და მათი საერთო რაოდენობა 348-მდე გაიზარდა.
19:45 – ინფიცირებულთა რიცხვი 340-მდე გაიზარდა
ბოლო მონაცემები, კოვიდ-19-ით ინფიცირებულთა რიცხვი კიდევ ოთხით – 340-მდე გაიზარდა. 2-ით – 76-მდე გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც.
17:40 GMT+4 გაეროს განვითარების პროგრამა და ევროკავშირი აფხაზეთს დამცავი სამედიცინო აღჭურვილობით დაეხმარნენ
ოკუპირებული აფხაზეთის ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტოს „აფსნიპრესის“ ინფორმაციით, გაეროს განვითარების პროგრამამ ევროკავშირის დაფინანსებით ოკუპირებულ აფხაზეთს დამცავი სამედიცინო აღჭურვილობა გადასცა. აღჭურვილობაში შედის 4 300 რესპირატორული ნიღაბი, 1 000 დამცავი სპეცტანსაცმელი, 11 000 წყვილი ნიტროლის ხელთათმანი, 110 დამცავი ფარი, 1 300 ანტისეპტიკური ხსნარი სამედიცინო გამოყენებისთვის, ასევე 188 ლიტრი თხევადი საპონი. ეს სამედიცინო და ჰიგიენური საშუალებების უკვე მესამე პარტიაა, რომლის ღირებულებაც 40 000 ევროს შეადგენს და რომელიც UNDP-ის საქართველოს მისიამ აფხაზეთს მას შემდეგ გაუგზავნა, რაც რეგიონში კორონავირუსის გავრცელება დაიწყო.
16 აპრილის მდგომარეობით, აფხაზეთში კორონავირუსის სამი დადასტურებული შემთხვევაა. აფხაზეთის კიდევ ერთ მკვიდრს, გალის რაიონში მცხოვრებ ეთნიკურ ქართველს ქალს კორონავირუსი ზუგდიდში დაუდგინდა.
13:30 – შსს-მ საგანგებო რეჟიმის დარღვევის 234 ფაქტი გამოავლინა
შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 234 ახალი ფაქტი გამოვლინეს. პოლიციამ, 15 აპრილის 21:00 საათიდან 16 აპრილის დილის 06:00 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით 92 მოქალაქე დააჯარიმა.
გარდა ამისა, უწყების თანამშრომლებმა, საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების შეზღუდვის და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო, სულ 125 მოქალაქე დააჯარიმეს.
12:30 – Covid-19-ის ადრეული გამოვლენისა და პრევენციის მიზნით, სპეციალური აპლიკაცია შეიქმნა
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, Covid-19-ის ადრეული გამოვლენისა და პრევენციის მიზნით, სპეციალური აპლიკაცია Stop Covid შეიქმნა. აპლიკაცია „კონტაქტირებული პირების დროული ინფორმირების“ გზით, ვირუსის შეკავების საშუალებას იძლევა. აპლიკაცია ამასთან, აპლიკაცი მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს გაიგოს თუ იმყოფებოდა კონტაქტში COVID 19-ით ინფიცირებულ პირთან.
ამავე ინფორმაციით, აპლიკაცია ხელმისაწვდომია iOS-ისა და ანდროიდის მომხმარებლებისთვის. აპლიკაციის გადმოსაწერად iOS-ის მომხმარებელმა App Store-ზე უნდა ჩაწერონ STOP COVID, ხოლო ანდროიდის მფლობელებს, მისი გადმოწერა Google Play-დან შეეძლებათ – NOVID20-ის დასახელებით. დამატებით გადმოსაწერი ლინკები განთავსებულია ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე – www.moh.ge და მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე – www.stopcov.ge.
„აპლიკაცია გადმოწერისა და დაინსტალირების შემდეგ, რეგისტაციას არ მოითხოვს. შესაბამისად მომხმარებელი არ უთითებს პირად ინფორმაციას. აპლიკაცია თითოეული მომხმარებლისთვის ქმნის უნიკალურ ID-ს, რომლის მეშვეობითაც განსაზღვრავს სოციალურ კონტაქტებს“, – ვკითხულობთ მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ამავე ინფორმაციით, ლოკალურად, კოდირების მძლავრი სისტემის გამოყენებით, ყველა მონაცემი მობილურ ტელეფონში ინახება.
„მომხმარებლებს აქვთ სრული კონტროლი თავიანთ მონაცემებზე და თავად შეუძლიათ გადაწყვიტონ როდის და რა ინფორმაციის გამჟღავნება სურთ. სისტემა განსაკუთრებულ ყურადღებას ანიჭებს პერსონალური მონაცემთა დაცვის ევროპულ კანონმდებლობასთან თანხვედრას“, – აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში.
10:10 – ინფიცირებულთა რიცხვი 336-მდე, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი – 74-მდე გაიზარდა
ბოლო მონაცემებით, ინფიცირებულთა რიცხვი 30-ით – 336-მდე გაიზარდა. ამასთან, გამოჯანმრთელდა კიდევ 3 ადამიანი. ჯამში კოვიდ-19-ისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა უკვე 74-ია.
15 აპრილი, ოთხშაბათი
21:30 – აღდგომის დღესასწაულზე მრევლი ეკლესიაში 21:00 საათამდე მივა და 06:00 საათამდე დარჩება
აღდგომის დღესასწაულზე მართლმადიდებლური ეკლესიის მრევლი სააღდგომო ლიტურგიაზე დასასწრებად კომენდანტის საათის დაწყებამდე მივა და იქ მის დასრულებამდე დარჩება. საპატრიარქოს პრესსპიკერმა ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ კომპრომისული გადაწყვეტილება ხელისუფლებასთან კონსულტაციების შემდეგ მიიღეს.
21:20 – ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ სავანეთში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი ამოქმედდა
შსს-ს ინფორმაციით, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ სავანეთში საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები ამოქმედდა.
უწყების განმარტებით, საკარანტინო პირობები მოქალაქეთა თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვას ითვალისწინებს. ამასთან, სოფელ სავანეთის შესასვლელებსა და გასასვლელებში მოწყობილია საკონტროლო გამშვები პუნქტები.
„საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს“,- განმარტავენ შსს-ში.
19:50 – გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 71-მდე გაიზარდა
ბოლო მონაცემებით, კოვიდ-19-ისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობას კიდევ ორი პაციენტი დაემატა და მათი საერთო ჯამი 71-მდე გაიზარდა.
16:10 – ISET-ი საქართველოში სურსათის მიწოდების ჯაჭვზე COVID-19-ის ზეგავლენას აფასებს
ეკონომიკის საერთაშორისო სკოლამ (ISET) საქართველოში სურსათის მიწოდების ჯაჭვზე COVID-19-ის ზეგავლენის შესახებ შეფასება გამოაქვეყნა.
კვლევითი ინსტიტუტი აღნიშნავს, რომ ვირუსის გავრცელების დაწყებისთანავე უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭომ გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სასურსათო მარაგების მართვაზე, ლოჯისტიკასა და ტრანსპორტირებაზე ზედამხედველობა დააკისრა. კრიზისის მართვის სტრატეგიის ფარგლებში, საქართველოს მთავრობამ ამავე სამინისტროს ბიუჯეტიდან 10 მლნ. ლარი გამოუყო, რაც ბიზნესის სუბსიდირებასა და 9 საკვებ პროდუქტზე ფასების შენარჩუნებას ისახავს მიზნად. ეს პროდუქტებია: ბრინჯი, მაკარონი, წიწიბურა, მცენარეული ზეთი, შაქარი, ხორბალი, ხორბლის ფქვილი, რძის ფხვნილი და ლობიო. პროგრამა 15 მარტიდან 15 მაისამდე განხორციელდება. გარდა ამისა, საქართველოს მთავრობის განცხადების თანახმად, კორონავირუსის პანდემიის გამო, დამატებით 16 მლნ ლარი შაქრის (5,000 ტ.), მცენარეული ზეთისა (1,500 ათასი ლ.) და მაკარონის (500 ტ.) მარაგების შესაქმნელად დაიხარჯება.
ISET-ის ინფორმაციით, საქართველო „ძალიანაა დამოკიდებული“ იმპორტზე საკვების ბევრ კატეგორიასთან მიმართებით, რაც ქვეყანას განსაკუთრებით მოწყვლადს ხდის საფასო შოკების გაზრდილი რისკების გამო. კვლევითი ინსტიტუტი ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევებსაც გამოყოფს, როგორიცაა შემოსავლების შემცირების შედეგად მოხმარების პოტენციური კლება. კვლევითი ინსტიტუტის შეფასებით, საკვებზე მოთხოვნის დიდი წილი რესტორნებსა და სასტუმროებზე მოდის, რომლებიც ამჟამად დაკეტილია, რაც მთლიან მოთხოვნას კიდევ უფრო შეამცირებს. „სასურსათო ღირებულების ჯაჭვებში სურსათის ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული ლოგისტიკური პრობლემები, ყველაზე რთულ ასპექტს წარმოადგენს“, – ნათქვამია დოკუმენტში.
ISET-ი იმ ფაქტზეც ამახვილებს ყურადღებას, რომ სურსათზე გაზრდილი ფასების პირობებში, ბევრი მთავრობა, როგორც წესი, „საკუთარი მომხმარებლების დაცვის გადაწყვეტილებას“ იღებს, ასევე, საექსპორტო შეზღუდვების დაწესების გზით, რაც სურსათის მსოფლიო ფასებს კიდევ უფრო დიდი წნეხის ქვეშ აყენებს. დოკუმენტის თანახმად, ამან, შესაძლოა, ზიანი მიაყენოს იმპორტზე დამოკიდებულ ქართულ სასურსათო ბაზარს.
კვლევითი ინსტიტუტის განმარტებით, ექსპორტის შესაძლო შეზღუდვების პირობებშიც კი, საქართველოს მთავრობის ბოლოდროინდელი პოლიტიკა შეინარჩუნოს ფასები, სავარაუდოდ, მხოლოდ „დროებით დაიცავს“ ქართველ მომხმარებლებს ხორბლის და შაქრის ფასების შემდგომი ზრდისგან, „განსაკუთრებით კი, ეროვნული ვალუტის გაუფასურებასთან დაკავშირებული ფასების მატებისგან“. ISET-ის თქმით, რძის ფხვნილის შემთხვევაში ორი ურთიერთსაპირისპირო ძალა იმოქმედებს: ლარის გაუფასურებით გამოწვეული იმპორტის ფასების ზრდა და რძის ფხვნილზე მოთხოვნის შემცირება. შეფასების მიხედვით, საბოლოო ზეგავლენა დამოკიდებულია თითოეული ეფექტით გამოწვეული ცვლილების სიდიდეზე. თუ ნედლი რძის შიდა წარმოება საკმარისად მაღალი იქნება, სავარაუდოდ, რძის პროდუქტებზე ფასები არ გაიზრდება.
დოკუმენტის თანახმად, რძისა და რძის ბაზრისგან განსხვავებით, ხორცის ბაზარი შედარებით დაბალი თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტითა და იმპორტზე მაღალი დამოკიდებულებით ხასიათდება. შეფასებაში ნათქვამია, რომ ვინაიდან ხორცი არ შედის იმ პროდუქტების სიაში, რომლებზეც სახელმწიფოს ფასის შენარჩუნების პოლიტიკა ვრცელდება, მოსალოდნელია აღნიშნული პროდუქტის საიმპორტო ფასის ზრდა. ISET-ი აცხადებს, რომ ახალი ფასის განსაზღვრა მიწოდებისა და მოთხოვნის „ცვლილებების მასშტაბებზეა“ დამოკიდებული.
გარდა ამისა, ISET-ის შეფასებით, საქართველო დიდწილად არის დამოკიდებული ხილისა და ბოსტნეულის იმპორტზე. ვინაიდან, მის მთავარ პარტნიორ ქვეყანაში, თურქეთში სურსათის ფასების ძლიერი მატება აღინიშნება, ეს საქართველოზეც იქონიებს გავლენას. „რთულია ხილისა და ბოსტნეულის ფასების პროგნოზირება, რადგან ძირითადი პროდუქტების სეზონი მომდევნო თვეებში იწყება და შიდა წარმოება მნიშვნელოვან როლს შეასრულებს საბაზრო ფასების განსაზღვრაში“, – ნათქვამია დოკუმენტში.
რაც შეეხება მცენარეულ ზეთს, ISET-ი აცხადებს, რომ კრიზისის დასრულების შემდეგ, მის ფასს რამდენიმე ფაქტორი, მათ შორის, ლარის გაუფასურების მასშტაბი განსაზღვრავს.
შეფასების დასასრულს, ISET-ი საქართველოს ხელისუფლებას პანდემიის ზემოქმედების შესამსუბუქებლად, შემდეგი ქმედებების განახორციელებისკენ მოუწოდებს:
- იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს სასოფლო-სამეურნეო მიწების დაახლოებით ნახევარი დაუმუშავებელია, მთავრობამ ხელი უნდა შეუწყოს აღნიშნულ მიწის ნაკვეთებზე კონკრეტული სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების მოყვანას;
- მთავრობამ უნდა გააუმჯობესოს სოფლის მეურნეობის სფეროში მიმდინარე პროგრამები (მაგალითად, „აწარმოე საქართველოში”) იმპორტის ჩანაცვლების პოტენციალის მქონე პროდუქტებისთვის პრიორიტეტის მინიჭებით გზით;
- განახორციელოს საექსპორტო და საიმპორტო ბაზრების დივერსიფიკაციის პოლიტიკა;
- საჭიროა პროცესში ჩართული მხარეების ერთობლივი ძალისხმევა, რომ უზრუნველყოფილი იყოს მთავრობის მიერ დადგენილ სასურსათო პროდუქტებზე ფასების შენარჩუნება.
15:10 – სალომე ზურაბიშვილი მის აზერბაიჯანელ და სომეხ კოლეგებს ესაუბრა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მის აზერბაიჯანელ და სომეხ კოლეგებს – ილჰამ ალიევს და არმენ სარგსიანს ვიდეოზარის მეშვეობით ესაუბრა.
პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ზურაბიშვილმა კოლეგებთან საუბრსისას აღნიშნა, რომ შექმნილ მძიმე ვითარებაში მჭიდრო რეგიონული თანამშრომლობა და სოლიდარული მიდგომები მნიშვნელოვანია.
აგრეთვე, მხარეებმა, ერთმანეთს საკუთარ ქვეყნებში კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ვითარება გააცნეს და იმ კონკრეტულ ღონისძიებებზე ისაუბრეს, რომელიც ვირუსის გავრცელების პრევენციის მიმართულებით ტარდება.
14:10 – უწყებათაშორისი საბჭოს ფარგლებში ანტიკრიზისული ეკონომიკური ჯგუფი შეიქმნა
პრემიერ-მინსიტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში ანტიკრიზისული ეკონომიკური ჯგუფი შეიქმნა, რომელიც ვიდეოკონფერენციის ფორმატში რეგულარულად შეიკრიბება.
ამ ფორმატში, მთავრობის ეკონომიკური გუნდის მინისტრებთან ერთად, ჩართულები არიან პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელია, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე, თბილისის მერი კახა კალაძე, ბიზნესომბუდსმენი მიხეილ დაუშვილი, პრემიერ-მინისტრის მრჩევლები – სოზარ სუბარი და ბექა ლილუაშვილი, ინვესტორთა საბჭოს მდივანი გიორგი ჩერქეზიშვილი და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.
14:00 – შსს-მ საგანგებო მდგომაორების რეჟიმის დარღვევის 198 ფაქტი გამოავლინა
შსს-ს ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველებმა, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 198 ახალი ფაქტი გამოვლინეს. პოლიციამ, 14 აპრილის 21:00 საათიდან 15 აპრილის დილის 06:00 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 90 მოქალაქე დააჯარიმა.
გარდა ამისა, სამინისტროს თანამშრომლებმა, საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების შეზღუდვის და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო, სულ 91 მოქალაქე დააჯარიმეს და მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე კიდევ 17 პირი დააჯარიმეს.
12:10 – ირაკლი ჩიქოვანი ოთხი დიდი ქალაქის ჩაკეტვის შემდეგ დაშვებულ გამონაკლისებზე საუბრობს
საქართველოს მთავრობის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე იმ სუბიექტებზე ისაუბრა, რომლებსაც გამონაკლისის სახით, დღეს, 21:00 საათიდან ოთხი დიდი ქალაქის (თბილის, რუსთავი, ბათუმი, ქუთაისი) ჩაკეტვის შემდეგ, შეზღუდვები არ შეეხებათ.
ჩიქოვანმა განმარტა, რომ დასახელებულ მუნიციპალიტეტებში შესვლა შეეძლებათ იმ მოქალაქეებს, რომლებიც ამავე მუნიციპალიტეტებში არიან რეგისტრირებული. მათვე 10 დღის განმავლობაში მუნიციპალიტეტების დატოვების უფლება არ ექნებათ. მისივე თქმით, მუნიციპალიტეტებს მხოლოდ ის მოქალაქეები დატოვებენ, რომლებიც სხვა მუნიციპალიტეტებში არიან რეგისტრირებულები.
ამასთან, მთავრობის გადაწყვეტილებით, გადაადგილებაზე შეზრუდვები არ შეეხებათ შემდეგ კატეგორიებს:
- სამედიცინო დაწესებულებების თანამშრომლების გადაადგილებას მათი სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე;
- საერთაშორისო და ადგილობრივ სატვირთო გადაზიდვებს;
- საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, მათი სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე;
- ბრლადებულებისა და მსჯავრდებულების გადაყვანას;
- ფულადი სახსრების, ძვირფასი ლითონების, ასევე სხვა ფასეულობების ინკასაციას;
- ელექტრო ენერგიის, ბუნებრივი აირისა და წყლის მოწოდებისა და უზრუნველყოფის მიზნით აუციელებლ გადაადგილებას;
- სატელეკომუნიკაციო, საფოსტო და ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული მომსახურების მოწოდების მიზნით გადაადგილებას;
- სამომსახურეო-სარკინიგზო მიმოსვლას, რომელიც დაკავშირებულია მხოლოდ ტექნიკურ გადაადგილებასთან;
- ჟურნალისტების საქმიანობას და ამ საქმიანობის განხორციელების მიზნით მედიასაშუალებების წარმომადგენლების გადაადგილებას;
- სარიტუალო მომსახურების გაწევის მიზნით გადაადგილებას (მიცვალებულების გადასვენება ან დაკრძალვა);
- ჰუმანიტარული მიზნებისათვის საერთაშორისო ოგანიზაციების გადაადგილებას;
- კერძო დაცვითი საქმიანობის განხორციელების მიზნით გადაადგილებას;
- იმ საჯარო დაწესებულებების თანამშრომელთა გადაადგილებას, რომელთა საქმიანობაც არის უკიდურესად მნიშვნელოვანი საგანგებო მდგომარეობის დროს;
- მთავრობის დადგენილებით დაშვებული ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელ იმ სუბიექტებს, რომლებიც არიან ოპერაციულ შტაბთან შეთანხმებულ სიაში და რომელთა გადაადგილებაც კრიტიკულად აუცილებელია საგანგებო მდგომარეობის დროს საქმიანობის შესასრულებლად.
ჩიქოვანმა ხაზგამით აღნიშნა, რომ მოქალაქეებმა გადაადგილების დროს, თან უნდა იქონიონ პირადობის დამადასტურებელი მოწმობები.
მთავრობის პრესსპიკერმა ასევე აღნიშნა, რომ ქვეყანაში გვაქვს შიდა კლასტერების მნიშვნელოვანი გაფართოება და „ვემზადებით ეპიდემიის პიკის ფაზაში შესასვლელად“. ამიტომ, მან მოქალაქეებს მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის გამოჩენისკენ მოუწოდა.
11:15 – ქუთაისსა და ზესტაფონში სასაფლაოები ჩაიკეტება
იმერეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის ზვიად შალამბერიძის განმარტებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ქუთაისსა და ზესტაფონში სასაფლაოები ჩაიკეტება. „ქუთაისში დაგეგმილია ყველა სასაფლაოს დაკეტვა, ეს არის 13 სასაფლაო, ასევე ქალაქ ზესტაფონში სამი სასაფლაო. ამ სასაფლაოებზე ყველა მისასვლელი გზა იქნება გადაკეტილი რამდენიმე დღის განმავლობაში და ამ დღეებში დავაზუსტებთ თუ რამდენი დღით დაიკეტება და ზუსტად ეცნობება მოსახლეობას, რომელი დღიდან იქნება ეს შეზღუდვები დაწესებული“, – თქვა ზვიად შალამბერიძემ.
11:00 – ინფიცირებულთა რიცხვი 306-მდე გაიზარდა.
ბოლო მონაცემებით, კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა კიდევ 10-ით – 306-მდე გაიზარდა.
10:30 – დედაქალაქის მერი მოქალაქეებს სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს
დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დღეს ვიდეომიმართვა გაავრცელა და კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდა. მანვე მიმართვაში „მორწმუნე ადამიანები“ ცალკე გამოყო და თქვა, რომ ისინი ქვეყნის წინაშე „ორმაგად პასუხისმგებლები“ არიან, „რამეთუ [მათი] სულიერი მისიაა მოყვასზე ზრუნვა და სახლში დარჩენა ეს მისი რწმენის გამყარებაა და არა განსაცდელი“.
„ყველა მორწმუნეს მინდა ვთხოვო და მინდა მოვუწოდო, რომ დარჩეს სახლში და ილოცოს სხვების ჯანმრთელობისთვის, სხვების სიცოცხლისთვის. დღეს, ისე, როგორც არასდროს ჩვენ ყველას გვჭირდება ერთად დგომა“, – მიმართა მან მორწმუნეებს.
კალაძემ აღნიშნა, რომ დღეს ჩვენ „სერიოზული პრობლემის წინაშე ვდგავართ“ და „ვებრძვით იმას, რასაც ვერ ვხედავთ“. დედაქალაქის მერის განმარტებით, კორონავირუსი „მთელი მსოფლიოს პრობლემაა“, ამიტომაც მან ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში საზოგადოების პასუხისმგებლობის მნიშვნელობას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი.
კალაძემ იქვე განმარტა, რომ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღდვები „ვრცელდება ყველა სივრცეში, ნებისმიერ ადგილზე, ნებისმიერ ადამიანზე და არანაირი მაგრამ ამ შემთხვევაში არ განიხილება და არც უნდა გახდეს მსჯელობის საგანი“.
14 აპრილი, სამშაბათი
22:30 – პარლამენტის თავმჯდომარე მის სომეხ და აზერბაიჯანელ კოლეგებს ესაუბრა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე მის სომეხ და აზერბაიჯანელ კოლეგებს – არარატ მირზიოიანს და საჰიბა გასაროვას ტელეფონით ესაუბრა. მხარეებმა საკუთარ ქვეყნებში არსებული ვითარება, ასევე კოვიდ-19-ის პანდემიისა და ვირუსის გავრცელების პრევენციის საკითხები განიხილეს.
17:05 – მთავრობის გადაწყვეტილებით, ოთხი დიდი ქალაქი იკეტება
პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მთავრობის გადაწყვეტილებით, ოთხი დიდი ქალაქი – თბილისი, ქუთაისი, ბათუმი და რუსთავი, ხვალიდან – 15 აპრილიდან, 10 დღის ვადით ჩაიკეტება და ქალაქებში შესვლა და გასვლა აიკრძალება.
16:30 – სახელმწიფო დაცვის სამსახურის თანამშრომელს, რომელიც საპატრიარქოს იცავდა, კოვიდ-19 დაუდგინდა
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელს, რომელიც საპატრიარქოს ტერიტორიას იცავდა, კოვიდ-19 დაუდასტურდა. საპატრიარქოს პრესსპიკერმა ანდრია ჯაღმაიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განმარტა, რომ ინფიცირებულს საპატრიარქოს შიდა შენობასთან და სხვა თანამშრომლებთან კონტაქტი, გარდა შესასვლელი პუნქტისა არ ჰქონდა. მისივე თქმით, კვლევა კიდევ იმ ორ თანამშრომელსაც ჩაუტარდა, რომლებიც სამუშაოს ინფიცირებულთან ერთად ასრულებდნენ, თუმცა მათ ვირუსი არ დაუდასტურდათ.
ანდრია ჯაღმაიძემ კოვიდ-19-ით ინფიცირებულ მღვდელზეც ისაუბრა და თქვა, რომ კოვიდ-19 მათ ორი დღის წინ დაუდასტურდა. მისივე თქმით, ბოლოს იგი ტაძარში ხარების დღესასწაულზე „ყველა წესის დაცვით“ იმსახურა. „მსახურების მერე, საღამოს თავი შეუძლოდ იგრძნო და ამის მერე მიმართა ექიმებს და აჩვენა ანალიზმა, რომ მას დაუდგინდა ვირუსი. მეორე დღეს მას ჰქონია მსახურება, თუმცა ტაძარში არავინ იყო“, – თქვა მანვე.
ჯაღმაიძის განმარტებით, ვირუსის წყაროს დასადგენად ეპიდემიოლოგები კვალს მიჰყვებიან. „ვერ გეტყვით ვერაფერს, გარდა იმისა, რომ დანარჩენი მოძღვრები [ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფები] არაიან თვითიზოლაციაში“, – განმარტა მანვე. ჯაღმაიძისვე თქმით, ტაძარში, სადაც ვირუსის მქონე მღვდელი მსახურობდა, „დეზიფენქცია თუ არ არის ჩატარებული, უახლოეს დღეებში, დღეს ხვალ უნდა ჩატარდეს“.
„ტაძარი ახლა არის დაკეტილი [და] კარანტინია გამოცხადებული. ეს რამდენიმე დღე რაც დასჭირდება ამ დეზიფენქციას დაკეტილი იქნება. შემდგომში სხვა მოძღვარი, არა თვითიზოლაციაში მყოფი, არამედ სხვა მოძღვარი ჩაატარებს ღვთისმსახურებას“, – განაცხადა ჯაღმაიძემ.
11:50 – გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 69-მდე გაიზარდა
ბოლო მონაცემებით, კოვიდ-19-ისგან კიდევ ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა. ჯამში ვირუსისგან უკვე 69 პაციენტი განიკურნა.
11:45 – მართლმადიდებლური ეკლესიის ერთ-ერთ მღვდელს კორონავირუსი დაუდასტურდა
ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის ხელმძღვანელმა მაია სოლოღაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ერთ-ერთ სასულიერო პირს გუშინ კორონავირუსი დაუდასტურდა.
არსებული ინფორმაციით, ვირუსი სასულიერო პირის ოჯახის ორ წევრსაც დაუდასტურდა. მათგან ერთი მისი დაა, რომელიც ერთ-ერთ კლინიკაში მედდად მუშაობს.
სოლოღაშვილის განმარტებით, ინფექციის წყარო ამ დოისთვის უცნობია.
კოვიდ-19 დაუდასტურდა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელსაც, რომელიც საპატრიარქოს ტერიტორიას იცავდა. საპატრიარქოს პრესსპიკერის ანდრია ჯაღმაიძის განმარტებით, კვლევა კიდევ იმ ორ თანამშრომელსაც ჩაუტარდა, რომლებიც სამუშაოს ინფიცირებულთან ერთად ასრულებდნენ, თუმცა მა ვირუსი არ დაუდასტურდათ. „დაცვის ამ წევრს საპატრიარქოს შიდა შენობასთან და თანამშრომლებთან სხვა კონტაქტი, გარდა შემოსასვლელი პუნქტისა არ ჰქონდა“, – დაწერა ანდრია ჯაღმაიძემ Facebook-ის საკუთარ გვერდზე.
11:30 – შსს-მ საგანგებო რეჟიმის დარღვევის 199 ფაქტი გამოავლინა
შსს-ს ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველებმა, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 199 ახალი ფაქტი გამოვლინეს. პოლიციამ, 13 აპრილის 21:00 საათიდან 14 აპრილის დილის 06:00 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 106 მოქალაქე დააჯარიმა.
გარდა ამისა, სამინისტროს თანამშრომლებმა, საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო, სულ 63 მოქალაქე დააჯარიმეს. აგრეთვე, უწყებამ ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული შეზღუდვების დარღვევის ფაქტზე 2 იურიდიული და 6 ფიზიკური პირი დააჯარიმა.
ამასთან, სამართალდამცველებმა თვითიზოლაციის წესების დარღვევის 2 ახალი ფაქტი გამოვლინეს და მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე კიდევ 20 პირი დააჯარიმეს.
11:00 – ინფიცირებულთა რიცხვი 296-მდე გაიზარდა
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 24-ით – 296-მდე გაიზარდა.
13 აპრილი, ორშაბათი
21:00 – პრემიერი, ჯანდაცვის მინისტრი და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი საპატრიარქოს სტუმრობდნენ
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე მართლამადიდებლური ეკლესიის პატრიარქს ილია II-ს სტუმრობდნენ.
საპატრიარქოში დაახლოებით 2 საათიანი შეხვედრა, სააღდგომო დღესასწაულამდე ხუთი დღით ადრე შედგა. ქვეყანაში მოქმედი საგანგებო მდგომარეობისა და კომენდანტის საათის მიუხედავად, მართლმადიდებლური ეკლესია სააღდგომო ლიტურგიის ჩატარებას მაინც გეგმავს.
მიუხედავად საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვებისა, რომლის მიხედვითაც, სამზე მეტი პირის თავშეყრა იკრძალება, მართლმადიდებლური ტაძრებში საეკლესიო ღვთისმსახურება კვლავ ჩვეული წესით მიმდინარეობს. ხალხმრავლობა იყო ეკლესიებში ბზობის დღესასწაულზეც. აგრეთვე, ქვეყანაში მოქმედი კომენდანტის საათის თანახმად, მოქალაქეებს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 21:00 საათიდან 06:00 საათამდე გადაადგილება ეკრძალებათ. სააღდგომო ლიტურგიის ჩვეული ფორმით ჩატარების შემთხვევაში, მართლმადიდებლური ეკლესია ორივე ამ წესს დაარღვევს.
არქიდიაკონმა დემეტრე დავითაშვილმა კვირას, ბზობის დღესასწაულზე თქვა, რომ სამების საკათედრო ტაძარში აღდგომის დღესასწაულის აღნიშვნა, 22:00 საათზე დაიწყება და სააღდგომო ლიტურგიას კათოლოკოს-პატრიარქი ილია II წარუძღვება.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ სააგენტო interpressnews-ს უთხრა, რომ პატრიარქთან არა მხოლოდ სააღდგომო ლიტურგიის შესახებ, არამედ ზოგადად, ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე ისაუბრეს.
მისივე თქმით, შეხვედრასთან დაკავშირებით განცხადება ხვალ გაკეთდება.
მანამდე, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, აგრეთვე, ჯანდაცვის, ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკის მინისტრებმა, ეკატერინე ტიკარაძემ, მაია ცქიტიშვილმა და ნათია თურნავამ თქვეს, რომ ისინი სააღდგომო წირვაზე ეკლესიაში არ მივლენ და ლიტურგიას თვალს სახლებიდან მიადევნებენ. ჯერჯერობით უცნობია, თუ როგორ განვითარდება მოვლენები და იტყვის თუ არა საპატრიარქო უარს წირვის ჩვეული ფორმით ჩატარებაზე. ბევრი მედიკოსი და ეპიდემიოლოგი მასობრივი თავყრილობების შედეგად ვირუსის გავრცელების საფრთხეზე მიუთითებს.
20:25 – ინფიცირებულთა რიცხვი 272-მდე, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი – 68-მდე გაიზარდა
ბოლო მონაცემებით, ინფიცირებულთა რიცხვი 6-ით 272-მდე გაიზარდა, ერთით – 68-მდე გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც.
18:30 – stopcov.ge-ს აფხაზური ვერსია დაემატა
დღეიდან, კორონავირუსთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდს – www.stopcov.ge – აფხაზური ვერსია დაემატა. აფხაზურისა და ქართულის გარდა, საიტზე განთავსებული ინფორმაცია, ინგლისურად, სომხურად და აზერბაიჯანულად არის ხელმისაწვდომი. მიმდინარეობს საიტის ოსურენოვან ვერსიაზე მუშაობაც.
18:00 – ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისყურში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი დაწესდა
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისყურში კოვიდ-19-ის ორი დადასტურებული შემთხვევის დაფიქსირების შემდეგ, ხელიწუფლებამ სოფელში მკაცრი საკარანტინო რეჟიმის დაწესების გადაწყვეტილება მიიღო.
საგანგებო მდგომარეობით დადგენილი შეზღუდვების გარდა:
- სოფელში იკრძალება შესვლა და გამოსვლა;
- ადგილზე საკარანტინო რეჟიმის აღსრულებას შინაგან საქმეთა სამინისტროს საპოლიციო ძალები უზრუნველყოფენ;
- მოქალაქეებს სახელიდან გასვლა მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში შეეძლებათ;
- ადგილობრივ მოსახლეობას ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების დაცვით სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების წარმოების საშუალება ექნება;
- ადგილზე მუშაობის უფლება მხოლოდ საზოგადოებრივ მაუწყებელს ექნება.
17:30 – შსს-მ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 104 ფაქტი გამოავლინა
შსს-ს ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველებმა, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 104 ახალი ფაქტი გამოვლინდა. პოლიციამ, 12 აპრილის 21:00 საათიდან 13 აპრილის დილის 06:00 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით 73 მოქალაქე დააჯარიმა.
გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების შეზღუდვის და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო, სულ 16 მოქალაქე, ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული შეზღუდვების დარღვევის ფაქტზე კი – 4 ფიზიკური პირი დააჯარიმეს.
ამასთან, პოლიციამ თვითიზოლაციის წესების დარღვევის 2 ახალი ფაქტი გამოვლინა და მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე კიდევ 9 პირი დააჯარიმა.
17:00 – რუსმა სამხედროებმა აფხაზეთშ საველე ჰოსპიტალი მოაწყვეს
რუსმა სამხედროებმა აფხაზეთში საველე ჰოსპიტალი მოაწყვეს. ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო „აფსნიპრესის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 200 საწოლიანი ჰოსპიტალი „თანამედროვე სამედიცინო ტექნიკით“ არის აღჭურვილი, მათ შორის, ხელოვნური სასუნქი აპარატებით.
ამავე ინფორმაციით, სამხრეთ-აღმოსავლეთ სამხედრო ოლქის სარდლის გენერალ-პოლკოვნიკ ალექსანდრე დვორნიკოვის გადაწყვეტილებით, დანიშნულების ობიექტებისა და აღჭურვილობისთვის დეზინფექციის ჩასატარებლად სარეზერვო დანაყოფები შეიქმნა.
15:30 – აშშ საქართველოს 2 000 ერთეულ სწრაფი ტესტის კომპლექტს გამოუგზავნის
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, აშშ საქართველოს 2 000 ერთეულ მაღალი ხარისხის სწარაფი ტესტის კომპლექტს გამოუგზავნის, რომელსაც ვირუსის დადგენა რამდენიმე საათში შეუძლია. მისივე თქმით, საელჩოს თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტო საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთვის 100 000 ლარის ოდენობის პერსონალური დამცავი აღჭურვილობის შეძენასა და გადაცემას გეგმავს.
„ჩვენ ვიპოვეთ ქართული კომპანია, რომელიც აწარმოებს ნივთებს, რომელიც ასე ძალიან სჭირდება სამინისტროს, ასე რომ, ჩვენ შეგვიძლია ვიყიდოთ ის, რაც ქართველებს სჭირდებათ ქართველი მწარმოებლებისგან, ეს კი ორმაგად მომგებიანია“, – თქვა კელი დეგნანმა დღეს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.
15:00 – საზღვარგარეთ კოვიდ-19-ით საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე გარდაიცვალა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, ქალაქ ბარსელონაში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე გარდაიცვალა. მისივე თქმით, გარდაცვლილი 1965 წელს დაბადებული ონკოპაციენტი იყო, რომელსაც ჯანმრთელობის გართულებული მდგომარეობა ჰქონდა, „რასაც დაემატა კორონავირუსი“.
„საქართველოს საკონსულო ბარსელონაში არის მის ოჯახთან მუდმივ კავშირზე და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ის დაკრძალვის პროცედურები, რაც არის გათვალისწინებული, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის პროტოკოლით, იყოს დაცული“, – თქვა დავით ზალკალიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.
ჯამში, საზღვარგარეთ, კორონავირუსით საქართველოს უკვე 7 მოქალაქე გარდაიცვალა.
11:00 – ინფიცირებულთა რიცხვი 266-მდე გაიზარდა
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 9-ით – 266-მდე გაიზარდა.
12 აპრილი, კვირა
21:26 – ინფიცირებულთა რიცხვი 257-მდე გაიზარდა
ოფიციალური მონაცემებით, კოვიდ-19-ით ინფიცირებულთა რიცხვი კიდევ 5-ით – 257-მდე გაიზარდა.
19:45 – გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 67-მდე გაიზარდა
ბოლო მონაცემებით, კოვიდ-19-ისგან კიდევ 4 პაციენტი გამოჯანმრთელდა და მათი რაოდენობა 67-მდე გაიზარდა.
12:10: ქობულეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები წესდება
დღეს, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე, მთავრობის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა თქვა, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში – გვარაში, მუხაესტატეში, ლეღვაში და წყავროკაში შემოდის სპეციალური რეჟიმი და მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები წესდება.
მისი განმარტებით, ქვეყანაში კოვიდ-19-ის 252 დადასტურებული შემთხვევიდან, რამდენიმე აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ფიქსირდება, რომელთა კონტაქტების წრეც „საკმაოდ ფართოა“. „შესაბამისად, ჩვენ გვიწევს, რომ მივმართოთ სპეციალურ ღონისძიებებს“, – აღნიშნა ჩიქოვანმა.
მთავრობის გადაწყვეტილებით, შეზღუდგები, რომელიც დაახლოებით 7 600 მოქალაქეს შეეხება, შემდეგია:
- ადმინისტრაციულ ერთეულებში აკრძალულია შესვლა და გამოსვლა;
- ადგილზე წესების აღსრულებას შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თავდაცვის ძალები უზრუნველყოფენ;
- მოქალაქეები სახლებიდან გამოსვლა მხოლოდ გადაუდებელი საჭიროების შემთხვევებში შეძლებენ;
- ადგილობრივი მოსახლეობა, სპეციალური პროტოკოლის დაცვით, სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების წარმოებას შეძლებს;
- დასახელებულ ადმინისტრაციულ ერთეულებში იმუშავებს საზოგადოებრივი მაუწყებელი, ხოლო სხვა მედიასაშუალებებს მაუწყებლის მიერ მიწოდებული მასალების გამოყენების შესაძლებლობა ექნებათ.
ჩიქოვანისვე განმარტებით, ადგილზე დაწყებულია თერმოსკრინინგი და შემოწმდება ადმინისტრაციული ერთეულების ყველა მცხოვრები. „ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იზრუნებენ იმაზე, რომ ამ ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას არ შეექმნას პრობლემა როგორც საკვებით მომარაგებაში, ასევე მედიკამენტებით უზრუნველყოფაში“, – დასძინა მანვე.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, აჭარის რეგიონში ჯამში, კოვიდ-19-ის 25 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 20 – ქობულეთის მუნიციპალიტეტში.
12:00 – შსს-მ საგანგებო მდგომარეობის დარღვევის 178 ფაქტი გამოავლინა
შსს-ს ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველებმა, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 178 ახალი ფაქტი გამოვლინეს. პოლიციამ, 11 აპრილის 21:00 საათიდან 12 აპრილის დილის 06:00 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით 94 მოქალაქე დააჯარიმა.
გარდა ამისა, უწყების თანამშრომლებმა, საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების შეზღუდვის და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო, სულ 60 მოქალაქე დააჯარიმეს და თვითიზოლაციის წესების დარღვევის 5 ახალი ფაქტი გამოვლინეს.
ამასთან, სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე კიდევ 19 პირი დააჯარიმეს.
11:00 – კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 252-მდე, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 63-მდე გაიზარდა
ბოლო მონაცემებით, კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 10-ით – 252-მდე გაიზარდა. სამით – 63-მდე გაიზარდა ვირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვიც.
10:00 – ბზობის დღესასწაულზე მართლმადიდებლურ ეკლესიებში ხალხმრავლობა იყო
ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის პირობებში დაწესებული შეზღუდვების მიუხედავად, მართლმადიდებლურ ეკლესიებში ბზობის სადღესასწაულო წირვებზე ხალხმრავლობა იყო. საქართველოს მთავრობამ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ქვეყნის მასშტაბით მკაცრი საკარანტინო ზომები მარტის ბოლოს მიიღო, რომლის თანახმადაც სამზე მეტი ადამიანის თავშეყრა იკრძალება.
11 აპრილი, შაბათი
20:15 – კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 242-მდე, გამოჯამრთელებულთა რაოდენობა კი – 60 მდე გაიზარდა
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 9-ით – 242-მდე გაიზარდა. ამასთან, კოვიდ-19-ისგან გამოჯანმრთელდა კიდევ 4 პაციენტი. ჯამში, ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 60-მდე გაიზარდა.
19:10 – ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის მესამე შემთხვევა გამოვლინდა
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის მესამე დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. ინფიცირებული 1925 წელს დაბადებული მოქალაქეა, რომელსაც ინფექცია კოვიდ-19-ით ინფიცირებულ პირველ ორ პაციენტთან კონტაქტის შედეგად გადაედო. ოკუპირებული აფხაზეთის „ჯანდაცვის სისტემის“ ხელმძღვანელობის განმარტებით, მესამე ინფიცირებული, რომელიც ქალაქ გაგრის მკვიდრია, თვითიზოლაციაშია და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.
13:40 – შსს-მ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 139 ფაქტი გამოავლინა
შსს-ს ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველებმა, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმით დაწესებული შეზღუდვების დარღვევის 139 ახალი ფაქტი გამოვლინეს. ამასთან, პოლიციამ, 10 აპრილის 21:00 საათიდან 11 აპრილის დილის 06:00 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 59 მოქალაქე დააჯარიმა.
გარდა ამისა, შინაგან საქმეთა უწყების თანამშრომლება საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების შეზღუდვისა და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო, სულ 55 მოქალაქე, ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული შეზღუდვების დარღვევის ფაქტზე კი – 1 იურიდიული პირი დააჯარიმეს.
აგრეთვე, პოლიციამ თვითიზოლაციის წესების დარღვევის 5 ახალი ფაქტი გამოავლინა, მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე კი – 19 პირი დააჯარიმა.
11:00 – კოვიდ-19-ისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 56-მდე გაიზარდა
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 233-ია. ამასთან, ინფიცირებულების გუშინდელ საერთო რაოდენობას – 234-ს, გამოაკლდა ერთი პაციენტი და სხვა ორ პაციენტთან ერთად, ცალკე იმ მოქალაქეების სტატისტიკას დაემატა, რომლებსაც ვირუსი ქვეყნის გარეთ დაუდასტურდათ და სამკურნალოდ საქართველოში გადმოიყვანეს. აგრეთვე, კოვიდ-19-ისგან გამოჯანმრთელდა კიდევ ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა და მათი რაოდენობა 56-მდე გაიზარდა.
დღეს გამართულ ბრიფინგზე ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინე ეზუგბაიამ განმარტა, რომ 236 დადასტურებული შემთხვევიდან სამი შემთხვევა არის შემოტანილი – ორი სომხეთიდან და ერთი თურქეთიდან. მისივე განმარტებით, მათ ინფექცია დასახელებულ ქვეყნებში დაუდასტურდათ და ქვეყანაში შემდეგ შემოვიდნენ. „ეს დადასტურებული სამი შემთხვევა ცალკე შემთხევებად გამოდის. სამკურნალო დაწესებულებებში როგორც რაოდენობა გვემატება, მაგრამ [მათი] აღრიცხვა ჯანდაცვის მსოფლიო ორანიზაციის რეკომენდაციით ცალკე უნდა [მოხდეს]“, – განმარტა ეზუგბაიამ.
10 აპრილი, პარასკევი
22:00 – ოკუპირებული ცხინვალი რუსეთთან სასაზღვრო მიმოსვლაზე დაწესებულ შეზღუდვებს პირველ მაისამდე ახანგრძლივებს
ოკუპირებული ცხინვალის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, რეგიონის მიერ რუსეთთან სასაზღვრო მიმოსვლაზე დაწესებული შეზღუდვები 1 მაისამდე გახანგრძლივდება.
თავდაპირველად, ოკუპირებულმა ცხინვალმა რუსეთთან საზღვარი 2 აპრილს, გაურკვეველი ვადით დაკეტა.
ამავდროულად, რეგიონში ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუარესების პარალელურად, ოკუპირებული ცხინვალის „პრეზიდენტის“ ანატოლი ბიბილოვის გადაწყვეტილებით, 20 აპრილამდე გახანგრძლივდა ტრანსპორტისა და მოქალაქეების გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვების ვადაც.
19:10 – ლენტეხის მუნიციპალიტეტში სრული კარანტინი ამოქმედდა
დღეს ლენტეხის მუნიციპალიტეტში კოვიდ-19-ის შიდა გადაცემის 4 ახალი ფაქტის დაფიქსირების შემდეგ, ხელიუფლებამ მუნიციპალიტეტში „სრული კარანტინის“ ამოქმედების გადაწყვეტილება მიიღო. „რაც გულისხმობს იმას, რომ ლენტეხის რაიონში ამოქმედდება ზუსტად ის რეჟიმი, რაც დღეს-დღეისობით არის მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში“, – თქვა მთავრობის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა.
„ეს გადაწყვეტილება განპირობებულია იმით, რომ ჩვენ გვინდა გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ მაქსიმალურად შევზღუდოთ შიდა გავრცელება და შესაბამისად, არ მოხდეს ამ კერის უფრო გაფართოება“, – განმარტა მანვე.
ჩიქოვანის თქმით, დღეიდან, საგანგებო მდგომარეობით დაწესებული შეზღდვების გარდა, ლენტეხის მუნიციპალიტეტში:
- აიკრძალება შესვლა და გამოსვლა და აუცილებელი საჭიროებებისთვის გადაადგილების შესაძლებლობა მხოლოდ ადგილობრივ მოსახლეობას ექნება;
- სპეციალური პროტოკოლის გათვალისწინებით და სპეციალური რეჟიმის დაცვით, მოსახლეობას საგაზაფხულო სამუშაოების შესრულების შესაძლებლობა ექნება;
- იმუშავებენ ადგილობრივი მედიასაშუალებები, ხოლო სხვა მედიასაშუალებებს შესაძლებელობა ექნებათ საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ მოწოდებული მასალა გამოიყენონ;
- მუნიციპალიტეტის შესასვლელ და გამოსასვლელ პუნქტებს შსს და საქართველოს თავდაცვის ძალები გააკონტროლებს.
ჩიქოვანმა ისიც განმარტა, რომ ადგილზე უკვე დაწყებულია მოსახლეობის პროაქტიური თერმოსკრინინგი და შემოწმდება თითოეული მოქალაქე.
„უზუნველყოფილი იქნება ყველა ის საშუალება, რაც ადგილობრივ მოსახლეობას აქვს საკვები პროდუქტების თვალსაზრისით და ამ მუნიციპალიტეტში საკვები პროდუქტების მიწოდება არ შეფერხდება. ამას კოორდინაციას საკოორდინაციო საბჭოს ოპერატიული შტაბი და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი სოზარ სუბარი გაუწევს“, – დასძინა მთავრობის პრესსპიკერმა.
19:05 – ინფიცირებულთა რიცხვი 234-მდე გაიზარდა
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 4-ით – 234-მდე გაიზარდა.
17:30 – შიდა ქართლის რეგიონში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდიარეობს
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, შიდა ქართილის რეგიონის შემდეგ ქალაქებში: გორში, ქარელში, ხაშურსა და კასპში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დეზინფექცია უტარდება, ქუჩებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს.
14:40 ოკუპირებული აფხაზეთი შეზღუდვებს 20 აპრილამდე ახანგრძლივებს
ოკუპირებული აფხაზეთის „პრეზიდენტის“ მოვალეობის შემსრულებლის ვალერი ბგანბას გადაწყვეტილებით, რეგიონში საგანგებო მდგომარეობის ვადა 20 აპრილამდე გახანგრძლივდა.
რეგიონში საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების თანახმად, საჯარო და კერძო სექტორმა სამუშაო ადგილებზე თანამშრობლების რაოდენობა უნდა შეამცირონ, 60 წელზე ზემოთ მოქალაქეები კი -სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისგან დროებით გაათავისუფლონ, თუმცა მათ ხელფასი უნდა შეუნარჩუნდეთ. ამასთან, დროებით შეჩერებულია საბავშვო ბაღების, სკოლებისა და უნივერსიეტების ფუნქციონირება. აგრეთე, შეზღუდულია სპორტული, კულტურული და სხვა გასართობი ღონისძიებები. ამასთან, დროებით შეიზღუდა ეკლესიებში მოსახლეობიც მისვლაც, გარდა სასულიერო პირებისა.
მანამდე 9 აპრილს, ბგანბამ ბრძანება გამოსცა, რომლის თანახმადაც გადაუდებელი საჭიროების გარეშე, ქუჩებში მასობრივი თავყრილობები შეიზღუდა.
საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის შემთხვევაში, ადგილობრივებს პირველ ჯერზე სიტყვეირად გააფრთხიელებენ, განმეორების შემთხვევაში კი- ისინი 3 000 რუსული რუბლით დაჯარიმდებიან (დაახლოებით 128 ლარი, 40 აშშ დოლარი). ამასთან, თვითიზოლაციისა და იზოლაციის წესების დარღვევისთვის, პირი 5 000 და 10 0000 რუსული რუბლის ოდენობის თანხით დაჯარიმდება.
13:30 – კოვიდ-19-ით საზღვარგარეთ საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე გარდაიცვალა
კორონავირუსით საზღვარგარეთ საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე გარდაიცვალა. დღეს, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართლ ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ თქვა, რომ ვირუსით ახალგაზრდა ქალი სტრასბურგში გარდაიცვალა და „საგარეო საქმეთა სამინისტრო მუშაობს ამ საკითხთან დაკავშირებით“. ჯამში, კოვიდ-19-ით უცხოეთში საქართველოს უკვე 6 მოქალაქე გარდაიცვალა.
12:10 – ცაგერისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტებში გამშვები პუნქტები ამოქმედდა
შსს-ს ინფორმაციით, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების გაძლიერებული კონტროლის მიზნით, ცაგერისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტებში საკონტროლო გამშვები პუნქტები ამოქმედდა. უწყების განმარტებით, საკონტროლო გამშვებ პუნქტებში მოქალაქეებს პირველადი თერმოსკრინინგიც ჩაუტარდებათ. აგრეთვე, ეფექტური პრევენციული ღონისძიებების ჩატარების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ადგილობრივ მოსახლეობას საკარანტინო შეზღუდვებს განუმარტავენ და საჭიროების შემთხვევაში მათ მაქსიმალურად დაეხმარებიან.
12:00 – შსს-მ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 143 ფაქტი გამოავლინა
შსს-ს ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველებმა, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის შეზღუდვების დარღვევის 143 ახალი ფაქტი გამოავლინეს. პოლიციამ, 9 აპრილის 21:00 საათიდან 10 აპრილის დილის 06:00 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით 75 მოქალაქე დააჯარიმა.
გარდა ამისა, უწყების თანამშრომლებმა, საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო, სულ 42 მოქალაქე დააჯარიმეს და თვითიზოლაციის წესების დარღვევის 5 ახალი ფაქტი გამოავლინეს. აგრეთვე, სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე კიდევ 21 პირი დააჯარიმეს.
11:30 – ინფიცირებულთა რაოდენობა 230-მდე გაიზარდა, ვირუსისგან ჯამში 54 პაციენტი გამოჯანმრთელდა
ბოლო მონაცემებით, კოვიდ-19-ის რეგისტრირებული შემთხვევების რაოდენობა 12-ით – 230-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ სამი პაციენტი და მათი რიცხვი 54 გახდა.
9 აპრილი, ხუთშაბათი
21:30 – კოვიდ-19-ისგან 51-ე პაციენტი გამოჯანმრთელდა
ბოლო მონაცემებით, კოვიდ-19-ისგან კიდევ ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა და მათი რაოდენობა 51-მდე გაიზარდა.
19:45 სააღდგომო წირვას ეკლესიაში არც პრეზიდენტი დაესწრება
სააღდგომო წირვას ეკლესიაში არც საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დაესწრება. დღევანდელი ვიდეომიმართვის დროს, პრეზიდენტმა თქვა, რომ იგი წელს ეკლესიაში აღდგომის წირვაზე ვერ მივა, „რამეთუ ქვეყნის პრეზიდენტს არ შეუძლია დაარღვიოს კანონი და წესი“. „ქვეყნის პრეზიდენტი ამ კუთხით სამაგალითო უნდა იყოს და ვერ მისცემს საზოგადოებას დაუმორჩილებლობის რამე მაგალითს“, – დასძინა ზურაბიშვილმა.
19:40 – კოვიდ-19-ის ახალი ალგორითმის მიხედვით, საეკლესიო პირებს ვირუსზე ტესტირება ჩაუტარდებათ
ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის ლაბორატორიული დიაგნოსტიკის ახალი ალგორითმის მიხედვით, საეკლესიო პირები იმ ჯგუფებში შედიან, რომლებსაც სხვა მაღალი რისკის ჯგუფებთან ერთად, ვირუსზე აგრესიული ტესტირება ჩაუტარდებათ. პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განმარტებით, პროტოკოლის ცვლილება უპირველეს ყოვლისა რისკების შეფასებასთან და ქვეყანაში ეპიდემიური ვითარების ახალ ეტაპზე გადასვლას უკავშირდება.
მოახლოებულ სააღდგომო დღესასწაულთან დაკავშირებით, დღეს კომენტარი შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტან გომელაურმა გააკეთა და განაცხადა, რომ ხელისუფლება და საეკლესიო პირები ისე შეჯერდებიან, რომ არც კანონი დაირღვევა და ლოცვას მორწმუნეებიც შეძლებენ. „არ დავარღვევთ კანონს, არც ჩვენ და არც ეკლესია“, – თქვა მან.
19:25 – ინფიცირებულთა რაოდენობა 218-მდე გაიზარდა
ბოლო მონაცემებით, კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა კიდევ 2-ით – 218-მდე გაიზარდა.
19:20 – ინფიცირებულთა რიცხვი 216-მდე გაიზარდა
ბოლო მონაცემებით, კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა კიდევ 2-ით – 216-მდე გაიზარდა.
17:50 – კოვიდ-19-ის პანდემიის ფონზე, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე აფხაზეთის რეგიონის 80-მდე მკვიდრი იმყოფება
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ქეთევან ციხელაშვილის განმარტებით, კორონავირუსის პანდემიის ფონზე, დღეის მდგომარეობით, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე აფხაზეთის რეგიონიდან 80-მდე პირი იმყოფება. მისივე თქმით, მათ შორის არის ერთი კოვიდ-19-ით ინფიცირებული და მასთან კონტაქტში მყოფი პირები, რომლებიც არიან საკარანტინო ზონაში. ასევე, სხვა პირები, რომლებიც აგრეთვე იმყოფებიან კარანტინში და „სხვა სამედიცინო საჭიროების მქონე პირები“.
12:00 – შსს-მ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 115 ფაქტი გამოავლინა
შსს-ს ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველებმა, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 115 ახალი ფაქტი გამოვლინეს. ამასთან, პოლიციამ, 8 აპრილის 21:00 საათიდან 9 აპრილის დილის 06:00 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 73 მოქალაქე დააჯარიმა.
გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების შეზღუდვისა და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო, სულ 15 მოქალაქე, მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე კი – 27 პირი დააჯარიმეს.
11:00 – ინფიცირებულთა რიცხვი 214-მდე გაიზარდა
ბოლო მონაცემებით, კოვიდ-19-ის რეგისტრირებული შემთხვევების რაოდენობა 3-ით – 214-მდე გაიზარდა.
8 აპრილი, ოთხშაბათი
22:25 – ინფიცირებულთა რიცხვი 211-მდე გაიზარდა
ოფიციალური მონაცემებით, კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა კიდევ 3-ით – 211-მდე გაიზარდა.
21:00 – გაგრაში კომენდანტის საათი ამოქმედდა
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, აფხაზეთის „პრეზიდენტის“ მოვალეობის შემსრულებელმა ვალერი ბგანბას გადაწყვეტილებით, 20:00 საათიდან 07:00 საათამდე გაგრის რაიონში კომენდანტის საათი ამოქმედდა.
ოკუპირებული აფხაზეთის ხელისუფლებამ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც გაგრაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გამოვლინდა.
მანამდე, 27 მარტს, ბგანბამ აფხაზეთი რეგიონში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რომელიც ძალაში 20 აპრილამდე იქნება.
20:10 – ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის მეორე შემთხვევა გამოვლინდა
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის მეორე შემთხვევა გამოვლინდა. ინფიცირებული კონტაქტში პირველ პაციენტთან იყო და ვირუსიც მისგან გადაედო.
აფხაზეთის „ჯანდაცვის სისტემის“ ხელმძღვანელობის განმარტებით, ახალი ინფიცირებული თვითიზოლაციაშია და მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, იგი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება და საჭირო თერაპიას გადის.
ამავე ინფორმაციით, რეგიონში კოვიდ-19-ის პირველი შემთხვევის დადასტურების შემდეგ, ვირუსზე ტესტი ჯამში 6 პირს ჩაუტარდა, მათგან ხუთის პასუხი უარყოფითი იყო.
19:45 – გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 50-მდე გაიზარდა
ბოლო მონაცემებით, კოვიდ-19-ისგან კიდევ ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა და მათი რაოდენობა 50-მდე გაიზარდა.
14:10 – ქართული წარმოების პირბადეები უკვე გაყიდვაშია
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, ქართული წარმოების, მრავალჯერადი 400 000 პირბადე უკვე გაყიდვაშია და მისი შეძენა მოქალაქეებს უკვე მაქსიმუმ ორ დღეში, მთელი საქართველოს მასშტაბით, „ავერსის“, „პსპ“-ს, „ფარმადეპოსა“ და „ჯიპისი“-ს სააფთიაქო ქსელებში შეეძლებათ.
თურნავამ განმარტა, რომ სახელმწიფოს ერთი პირბადის შეკერვა დაახელოებით ერთი ლარი უჯდება, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ მიზანი პირბადეებზე საზოგადოების მაქსიმალური რაოდენობის წვდომის უზრუნველყოფაა, აფთიაქებში მისი გასაყიდი ფასი 50 თეთრი იქნება. მისივე თქმით, პირბადეებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, დარეგულირდება ერთ მომხმარებელზე გასაყიდი პირბადის რაოდენობაც.
დღეს გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემაც ისაუბრა და თქვა, რომ ამ ეტაპისთვის უკვე 3 500 საწოლია მობილიზებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში ინფექციის დღეში ასეულობით მატების შემთხვევაშიც, ჯანდაცვის სისტემა ერთი თვის განმავლობაში სიტუაციის მართვას შეუფერხებლად შეძლებს. მისივე თქმით, დამატებით, საკარანტინო სივრცეებში 10 000-მდე ისეთი პაციენტის განთავსებაც არის შესაძლებელი, რომლებსაც სტაციონარში მოთავსება არ ესაჭიროებათ. მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ უკვე მზად არის სახლში მკურნალობის პროტოკოლიც. „როდესაც დავაფიქსირებთ პაციენტების ნაკადის მნიშვნელოვან ზრდას და ასევე გამოვლინდება მსუბუქი შემთხვევები, რომლებიც საჭირო იქნება, რომ იმართოს საკარანტინო ზონებში, ჩვენ შეგვიძლია დავიწყოთ მათი მკურნალობა“, – განმარტა მანვე.
14:00 – ვანის მუნიციპალიტეტში გამშვები პუნქტები მოეწყობა
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ვანის მუნიციპალიტეტის გასასვლელებში სპეციალური გამშვები პუნქტები მოეწყობა, სადაც მოქალაქეებს თერმოსკრინინგი ჩაუტარდებათ. დღეს, მთავრობის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო სხდომის დასრულების შემდეგ გამართლ ბრიფინგზე თქვა, რომ გადაწყვეტილება, კოვიდ-19-ის ახალ შემთხვევას უკავშირდება, რომელიც ვანის მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა. მისივე თქმით, „მიმდინარეობს ამ შემთხვევის შესწავლა, დადგენილია გარკვეული კონტაქტები, ასევე მიმდინარეობს ამ კონტაქტებთან მუშაობა“. ჩიქოვანისვე განმარტებით, დაიწყება ადგილობრივების „პროაქტიური“ თერმოსკრინინგიც.
12:00 – შსს-მ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმს დარღვევისთვის 158 ფაქტი გამოავლინა
შსს-ს ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველებმა, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმით გათვალისწინებული შეზღუდვების დარღვევის 158 ახალი ფაქტი გამოავლინეს. ამასთან, პოლიციამ, 7 აპრილის 21:00 საათიდან 8 აპრილის დილის 06:00 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით 121 მოქალაქე დააჯარიმა.
გარდა ამისა, შსს-მ, საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების შეზღუდვისა და 2-მეტრიანი დისტანციის დაუცველობის გამო, სულ 4 მოქალაქე დააჯარიმა და თვითიზოლაციის წესების დარღვევის 2 ახალი ფაქტი გამოავლინა. აგრეთვე, სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე კიდევ 31 პირი დააჯარიმეს.
11:00 – ინფიცირებულთა რიცხვი 208-მდე გაიზარდა, 48 პაციენტი გამოჯანმრთელდა
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კოვიდ-19-ის რეგისტრირებულ შემთხვევებს კიდევ 12 დაემატა და მათი რაოდენობა 208-მდე გაიზარდა, 2-ით – 48-მდე გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვიც.
7 აპრილი, სამშაბათი
22:30 – ინფიცირებულთა რიცხვი 196-მდე გაიზარდა
ბოლო მონაცემებით, კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობას კიდევ ერთი დაემატა და 196-მდე გაიზარდა.
20:20 – ვირუსისგან 46 პაციენტი გამოჯანმრთელდა
ბოლო მონაცემებით, კოვიდ-19-ისგან კიდევ ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა და მათი რაოდენობა 46-მდე გაიზარდა.
19:10 – აფხაზეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ინფორმაცია აფხაზეთის „მთავარმა სანიტარულმა ექიმმა“ ლუდმილა სკორიკმა დაადასტურა.
მანამდე, 30 მარტს, კორონავირუსი ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეს დაუდგინდა. პაციენტს დიაგნოზი ზუგდიდის ინფექციურ დაავადებათა საავადმყოფოში დაუსვეს, სადაც ის ამჟამად მკურნალობს.
18:10 – 45 პაციენტი გამოჯანმრთელდა
ბოლო მონაცემებით, კოვიდ-19-ისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კიდევ 6-ით – 45-მდე გაიზარდა.
18:00 – კოვიდ-19-ით მე-3 პაციენტი გარდაიცვალა
ბოლო მონაცემებით, გარდაიცვალა კოვიდ-19-ით ინფიცირებული უკვე მე-3 პაციენტი.
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ დღეს გამართლ ბრიფინგზე თქვა, რომ გარდაცვლილი 86 წლის ქალია, რომელიც ინფექციურ საავადმყოფოში ორი კვირის განმავლობაში მკურნალობდა. ცერცვაძის განმარტებით, გარდაცვლილი იყო ყველაზე მძიმე პაციენტი, რომელსაც ვირუსის პარალელურად, ქონდა მძიმე თანმხლები ნევროლოგიური დაავადება, ასევე მძიმე ორმხრივი პნევმონია, აგრეთვე სეფსისი და კიდევ სხვა მძიმე თანმხლები გართულებები. ცერცვაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ექიმებმა პაციენტის გადასარჩენად ყველაფერი გააკეთეს, თუმცა „სიტუაცია იყო სიცოცხლესთან შეუთავსებელი და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა“.
თენგიზ ცერცვაძემ განმარტა, რომ ევროპის მასშტაბით, საქართველოს 53 ქვეყანას შორის კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევებისა და გარდაცვლილთა რაოდენობით 50-ე ადგილი, მსოფლიოში კი – 109-ე ადგილი უკავია. „ინფიცირებული პაციენტების მცირე რაოდენობა სახელმწიფო ვერტიკალის საათივით აწყობილმა მოქმედებამ [განაპირობა]“, – აღნიშნა მანვე.
ცერცვაძის პროგნოზით, დღევანდელ მოცემულობას ვერ შევინარჩუნებთ, მაგრამ საქართველოში დღეში 100-ზე მეტი ახალი შემთხვევა არ გვექნება და შემთხვევათა ჯამური რაოდენობა არ გადააჭარბებს 1000-ს ან იქნება 1000-ის ფარგლებში. მისივე განმარტებით, ეპიდემიის პიკი იქნება 2-3 კვირის შემდეგ და ეს იქნება არა აფეთქება, არამედ „მდორე პიკი“, რომელიც 2-3 კვირის განმავლობაში შენარჩუნდება. „დაახლოებით თვენახევრის შემდეგ, ჩემი პროგნოზით, ეპიდემია წავა ქვემოთ და საქართველო აქედან გამოვა მინიმალური დანაკარგით“, – თქვა მანვე.
16:05 – გახარიამ სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისართან ვიდეოკონფერენცია გამართა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰელისთან ვიდეოკონფერენცია გამართა.
„ვესაუბრე საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას, რათა დამედასტურებინა, რომ ევროკავშირის ქვეყნები პარტნიორების გვერდით დგანან კორონავირუსთან ბრძოლის დროს, პანდემიის წინააღმდეგ ჩვენი გლობალური რეაგირების ფარგლებში“, – დაწერა ოლივერ ვარჰელიმ Twitter-ზე.
Spoke to Prime Minister of #Georgia @GakhariaGiorgi to confirm that #EU continues to stand by partners in fight against #CoronavirusOutbreak, as part of our global response to the pandemic. Providing support for immediate needs&mitigating economic impact, regionally&bilaterally. pic.twitter.com/Baeheq0acV
— Oliver Varhelyi (@OliverVarhelyi) April 7, 2020
თავის მხრივ, გახარიამ მადლობა გადაუხადა ევროკომისარს ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გაწეული დახმარებისთვის პანდემიასთან ბრძოლის კუთხით. გახარიას პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა ხაზი გაუსვეს ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობის ხელშეწყობას, მათ შორის, მცირე და საშუალო საწარმოთა მხარდაჭერის გზით და აღნიშნეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევის მნიშვნელობა.
ვიდეოკონფერენციაში საქართველოს მხრიდან – საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი, ხოლო ევროკავშირის მხრიდან – ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელის მოადგილე კატერინა მატერნოვა და ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი მონაწილეობდნენ.
14:00 – თბილისში ერთ-ერთი ეკლესიის სტიქაროსანს კორონავირუსი დაუდასტურდა
თბილისში, თემქის რაიონში მდებარე ერთ-ერთი ეკლესიის სტიქაროსანს და მისი ოჯახის კიდევ ორ წევრს კორონავირუსი დაუდასტურდათ. ინფექციის წყარო ჯერჯერობით უცნობია. ეკლესიის ერთ-ერთ სასულიერო პირის განმარტებით, ინფიცირებული სტიქაროსანი შაბათს ეკლესიაში იმყოფებოდა, თუმცა იგი „მსახურებაზე არ იყო“ და დამხმარის მოვალეობას არ ასრულებდა, ასევე ახლო კონტაქტი არც მრევლთან ჰქონია. თვითიზოლაციაშია თავად სასულიერო პირიც, მის ნაცლვად დღეს წირვა სხვა მღვდელმა აღავლინა.
13:00 – პატრიარქი ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით სამების ტაძარში ჩატარებულ წირვას არ დაესწრო
დღეს, მართლმადიდებლური ეკლესია ხარების დღესასწაულს აღნიშნავს. სამების საკათედრო ტაძარში ჩატარებულ სადღესასწაულო წირვას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II არ ესწრებოდა. მის მაგივრად წირვა-ლოცვა მისმა მოსაყდრემ შიო მუჯირმა აღავლინა.
პატრიარქის მკურნალმა ექიმმა ცისანა შარტავამ ტელეკომპანია „ფორმულასთან“ საუბარში განმარტა, რომ ილია II-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მას უბრალოდ წნევის ცვალებადობა აღენიშნებოდა. „ჩვენი თხოვნა იყო, ვინაიდან წნევის ცვალებადობა ჰქონდა [და] დატვირთული კვირაა დღესასწაულებით, აქედან გამომდინარე, გვერჩივნა, რომ ბზობის და შემდგომი დღესასწაულისთვის მოგვემზადებინა უფრო, თორემ არანაირი ცვლილება მის ჯანმრთელობაში არ არის“, – უთხრა მან „ფორმულას“ სატელეფონო ინტერვიუში.
პატრიარქისა და მისი მოსაყდრის გარეშე ჩაიარა 5 აპრილს სამების ტაძარში ჩატარებულმა საკვირაო წირვა-ლოცვამაც.
12:10 – კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, თბილისში აგრარული ბაზრები დროებით დაიხურა
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, თბილისში მოქმედი აგრარული ბაზრები დროებით დაიხურა. „კორონავირუსის საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით, თბილისში მოქმედი აგრარული ბაზრები დროებით დაიკეტა“, – უთხრეს „სამოქალაქო საქართველოს“ თბილისის მერიაში.
12:00 შსს-მ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 167 ფაქტი გამოავლინა
შსს-ს ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველებმა, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 167 ახალი ფაქტი გამოვლინდა. პოლიციამ, 6 აპრილის 21:00 საათიდან 7 აპრილის დილის 06:00 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით 112 მოქალაქე დააჯარიმა.
გარდა ამისა, შსს-ს თანამშრომლებმა, საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო 28 მოქალაქე, მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე კი – კიდევ 27 პირი დააჯარიმეს.
11:00 – ინფიცირებულთა რიცხვი 195-მდე გაიზარდა
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ-19-ით ინფიცირებულთა რეგისტრირებული შემთხვევების რაოდენობა კიდევ 7-ით, 195-მდე გაიზარდა.
6 აპრილი, ორშაბათი
21:00 – კორონავირუსით გამოწვეული პრობლემების შესამსუბუქებლად EBRD საქართველოს ფინანსურად დაეხმარება
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) კორონავირუსის პანდემიით გამოწვეულ ნეგატიურ შედეგებთან ბრძოლაში საქართველოსთან ითანამშრომლებს.
EBRD-მა საგანგებო სოლიდარობის პაკეტის ფარგლებში, 38 ქვეყნის, მათ შორის, საქართველოს ეკონომიკის დახმარებისთვის 1 მილიარდი ევროს ოდენობის თანხა გამოყო.
We are stepping up our support to 🇬🇪 #Georgia, as the economy faces the challenge of #coronavirus outbreak.
Our @MatteoPatrone3 said #EBRDsupport is available for our clients, we're prepared to step up our efforts w/ @mofgeorgia
👉: https://t.co/fEVvmyp6nS#CoViD19Response pic.twitter.com/f2cjnOE21f— The EBRD (@EBRD) April 6, 2020
EBRD-ის ხელმძღვანელობასთან სატელეფონო საუბრის დროს, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა აღნიშნა, რომ გლობალური გამოწვევების ფონზე, ბანკის დახმარება საქართველოს ეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებაში დაეხმარება. მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ საერთაშორისო პარტნიორების დახმარებითა და ძალისხმევით, საქართველო კრიზისს რაც შეიძლება მცირე დანაკარგებით დაძლევს.
EBRD-ის განცხადებით, ბანკის მიერ გამოყოფილი დახმარება სხვადასხვა სფეროებში გადანაწილდება და რაც ყველაზე მთავარია, იგი ქართულ საბანკო სექტორს კერძო სექტორის დაფინანსებაში დაეხმარება. გარდა ამისა, ინფრასტრუქტურასთან წვდომის გაფართოების, ელექტროსისტემის მოდერნიზებისა და განახლებადი ენერგიის სექტორის ხელშეწყობის მიზნით, ბანკი საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტისთვის დახმარების გაწევის ახალ ფორმატზეც მუშაობს.
EBRD-ის განმარტებით, იგი კვლავაც გააგრძელებს მნიშვნელოვანი წვლილის შეტანას, კერძო და სახელმწიფო სტრუქტურებს შორის დიალოგში, ინვესტორთა საბჭოს მეშვეობით და საქართველოში ბიზნესის რეალური და უშუალო საჭიროებების შეფასების გზით.
18:45 – 39 პაციენტი გამოჯანმრთელდა
ბოლო მონაცემებით, კოვიდ-19-ისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კიდევ სამით – 39-მდე გაიზარდა.
18:00 – კოვიდ-19 ეროვნული ბანკის უკვე 16 თანამშრომელს დაუდასტურდა
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ბანკის იმ 7 თანამშრომელთან კონტაქტში მყოფი პირების მოკვლევის შემდეგ, რომლებსაც გასულ კვირას კოვიდ-19 დაუდასტურდათ, სებ-ის ვირუსით ინფიცირებული თანამშრომლების რიცხვი 16-მდე გაიზარდა. ეროვნული ბანკის განცხადებით, ამ ეტაპზე, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
„ის თანამშრომლები, ვისაც შემხებლობა ჰქონდათ დაინფიცირებულ კოლეგებთან, სრულ იზოლაციაში იმყოფებიან და მათზე დაკვირვება მიმდინარეობს. სასიხარულოა, რომ რამდენიმე მათგანს ტესტირების შედეგად კორონავირუსი არ დაუდასტურდა. კვლავ გრძელდება ეპიდემიოლოგიური კვლევა ინფიცირებული თანამშრომლების ყველა შესაძლო კონტაქტის დადგენა-გამოვლენის მიზნით“, – ნათქვამია სებ-ის მიერ 6 აპრილს გავრცელებულ განცხადებაში.
14:40 – პაატა იმნაძე მრევლს სახლში ლოცვისკენ მოუწოდებს
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ დღეს საეკლესიო რიტუალებთან დაკავშირებით კიდევ ერთი კომენტარი გააკეთა და „მორწმუნე ქრისტიანებს“ და „მორწმუნე მრევლს“ სახლში ლოცვისკენ მოუწოდა.
„დავიცვათ ჩვენი დედა ეკლესია, დავიცვათ მღდელთმთავრები ეკლესიაში არ მისვლით, სახლში ლოცვით. დავიცვათ არა მარტო ამ ვირუსისგან, არამედ სხვა ვირუსებისგანაც… ნუ მიხვალთ ეკლესიაში სალოცავად, ილოცეთ სახლში. ეკლესიის კარი ვერ დაიკეტება, იქ იქნებიან მამაოები, რომლებიც ილოცებენ ჩვენთვის. ჩვენ სახლში ვილოცოთ ერთმანეთისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის“, – მიმართა მან მართლადიდებლური ეკლესიის მრევლს.
პაატა იმნაძემ თბილისის ზღვის ჰოსპიტალის ორი თანამშრომლის კოვიდ 19-ით დაინფიცირების შესახებაც ისაუბრა და განმარტა, რომ „მედპერსონალი არის პირველი რისკის ქვეშ“ და მათი დაინფიცირების შემთხვევები კიდევ იქნება. „სამწუხაროდ, რთულია ყველა იმ წესის ზედმიწევნით დაცვა, როდესაც მითუმეტეს გადაღლილია თანამშრომელი მუშაობით და ოდნავი დარღვევაც კი პირად აღჭურვილობაში, შეიძლება გახდეს ინფიცირების წყარო. სამწუხაროდ, ამის თავიდან აცილება შეუძლებელია“.
14:30 – მიზნობრივი ჯგუფების აგრესიული ტესტირება დაიწყო
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განმარტებით, ქვეყანაში, მიზნობრივ ჯგუფებზე, მაგალითად, როგორიცაა მედპერსონალი, აგრესიული ტესტირება დაიწყო. მისივე თქმით, ეს პროცესი ეტაპობრივად გაფართოვდება. „აგრესიული ტესტირების შედეგად ჩვენ რაოდენობის რადიკალურ ზრდას არ ველოდებით“, – განმარტა მინისტრმა.
14:20 – კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სამეგრელოსა და კახეთში ბაზრები იხურება
სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის ალექსანდრე მოწერელიას განმარტებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სენაკისა და ზუგდიდის აგრარული ბაზრები დროებით დაიხურა. მისივე თქმით, ბაზრების დახურვა არ იგეგმებოდა, თუმცა მათ რეკომენდაციების დაცვა ვერ მოახერხეს.
მანვე ფოთის აგრარული ბაზრის შესახებაც ისაუბრა და თქვა: „რაც შეეხება ფოთს, იქ, ფაქტობრივად, ფუნქციონირებს ერთი დიდი სუპერმარკეტი ,,უნივერსამი“ და ამავე დროს, მინდა აღვნიშნო ის, რომ ფოთის ბაზარმა ძალიან სწრაფად შეძლო ყველა იმ რეკომენდაციის დაცვა, რომელიც ითვალისწინებს, როგორც ნაღდ ფულთან კავშირს ასევე დისტანციის დაცვას, ეს იქნება კარგი მაგალითი სხვა ბაზრებისთვის“.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, აგრარული ბაზრები ეტაპობრივად იხურება კახეთის რეგიონშიც. ორი დღის წინ, ბაზრები შიდა ქართლისა და იმერეთის რეგიონებშიც დაიხურა.
12:30 – შსს-მ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 286 ფაქტი გამოავლინა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველებმა, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმისა და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 286 ახალი ფაქტი გამოვლინდა. ამასთან, პოლიციამ, 5 აპრილის 21:00 საათიდან 6 აპრილის დილის 06:00 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით 136 მოქალაქე დააჯარიმა.
გარდა ამისა, უწყების თანამშრომლებმა, საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების შეზღუდვისა და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო, სულ 82 მოქალაქე დააჯარიმეს და თვითიზოლაციის წესების დარღვევის 9 ახალი ფაქტი გამოავლინეს.
უწყებისვე განმარტებით, სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე კიდევ 59 პირი დააჯარიმეს.
შსს მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები და ახსენებს, რომ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის ფიზიკური პირი 3 000, ხოლო იურიდიული პირი 15 000 ლარით დაჯარიმდება.
10:30 – ინფიცირებულთა რიცხვი 188-მდე გაიზარდა
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ-19-ით ინფიცირებულთა დადასტურებული შეთმხვევების რაოდენობა 14-ით – 188-მდე გაიზარდა.
5 აპრილი, კვირა
19:55 – ინფიცირებულთა რიცხვი 174-მდე გაიზარდა
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კოვიდ-19-ის რეგისტრირებული შემთხვევების რაოდენობა 4-ით – 174-მდე გაიზარდა.
13:30 – შსს-მსაგანგებო მდგომარეობის რეჟიის დარღვევის 238 ფაქტი გამოავლინა
შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 238 ახალი ფაქტი გამოავლინეს.
ასევე უწყების თანამშრომლებმა 4 აპრილის 21:00 საათიდან 5 აპრილის დილის 06:00 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევისთვის, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 113 მოქალაქე დააჯარიმეს.
ამასთან, პოლიციამ საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრებისა და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო, 21 მოქალაქე, ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული შეზღუდვების დარღვევის ფაქტზე კი – 1 ფიზიკური და 1 იურიდიული პირი დააჯარიმა.
გარდა ამისა, შსს-მ თვითიზოლაციის წესების დარღვევის 12 ახალი ფაქტი გამოავლინა, მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე კი – 90 პირი დააჯარიმა.
12:00 – ინფიცირებულთა რიცხვი 170-მდე გაიზარდა, 2 გარდაიცვალა
ბოლო მონაცემებით, კოვიდ-19-ით ინფიცირებულთა დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა კიდევ რვით – 170-მდე გაიზარდა. გარდაიცვალა ვირუსით ინფიცირებული მეორე პაციენტი. ჯამში, 26 თებერვალს ვირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევის შემდეგ, საქართველოში კოვიდ-19-ით 2 ადამიანი გარდაიცვალა.
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, რომ მეორე გარდაცვლილი ქალია, რომელიც კლინიკაში 3 აპრილს შეიყვანეს და მიმღებშივე მისი მდგომარეობა შეფასდა, როგორც „კრიტიკული“ და „სიცოცხლესთან შეუთავსებელი“. „ჩატარებული კვლევის შედეგად, გამოვლინდა ორმხრივი მწვავე პნევმონია, მწვავე სეფსისი. ანამნეზსში მინდა ხაზი გავუსვა, რომ კლინიკურად გადატანილი იყო მიოკარდიომის ინფარქტი, მოციმციმე არითმია, გულის ქრონიკული უკმარისობა – არტერიული ჰიპერტენზიით. იგი მკურნალობის გაგრძელების მიზნით, გადაყვანილი იყო კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში. [სამწუხაროდ] ჩატარებულმა მკურნალობამ შედეგი ვერ გამოიღო“, – თქვა რატიანმა.
4 აპრილი, შაბათი
22:30 – ინფიცირებულთა რიცხვი 162-მდე, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი – 36-მდე გაიზარდა
ბოლო მონაცემებით, კოვიდ-19-ით ინფიცირებულთა დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა კიდევ 3-ით 162-მდე გაიზარდა. 5-ით – 36-მდე გაიზარდა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვიც.
20:46 – ავსტრია საქართველოს ნიგერიიდან 5 მოქალაქის გამოყვანაში დაეხმარა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ავსტრიის ხელისუფლებას ნიგერიიდან საქართველოს ხუთი მოქალაქის გამოყვანაში გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. „კრიზისის გადალახვას მხოლოდ იმ შემთხვევაში შევძლებთ, თუკი პარტნიორობისა და სოლიდარობის სულისკვეთებით ვიმოქმედებთ“, – დაწერა Twitter-ზე ზალკალიანმა.
Thank you to #Austria for evacuating 5 Georgian nationals from Abuja, Nigeria amid the #coronavirus outbreak. We can only get through the crisis if we act in a spirit of partnership and solidarity.
— David Zalkaliani (@DZalkaliani) April 4, 2020
20:40 – ინფიცირებულთა რიცხვი 159-მდე გაიზარდა
ბოლო მონაცემებით, კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა კიდევ ორით – 159-მდე გაიზარდა.
19:30 – 31 პაციენტი გამოჯანმრთელდა
ბოლო მონაცემებით, კორონავირუსისგან კიდევ სამი პაციენტი გამოჯანმრთელდა და მათი რაოდენობა 31-მდე გაიზარდა.
16:10 – მთავრობის წევრები სააღდგომო ლიტურგიას ეკლესიაში არ დაესწრებიან
ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მთავრობის წევრები სააღდგომო ლიტურგიას ეკლესიებში არ დაესწრებიან. „მე, როგორც ერთი ცალკე აღებული ქრისტიანი, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს თვალყურს ვადევნებ სახლიდან, ტელევიზორით. ეს ჩემი სამოქალაქო პასუხისმგებლობაა, როგორც ცალკე აღებული მოქალაქის, ისევე, როგორც მთავრობის ხელმძღვანელის. ჩვენს თითოეულ მოქალაქეს მოვუწოდებ, ყველა მოვიქცეთ ასე“, – აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.
კითხვაზე, შეხვდება თუ არა აღდგომის დღესასწაულს ეკლესიაში, ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა უპასუხა, რომ „არა“. ჯანდაცვის მინისტრმა ტიკარაძემ განმარტა, რომ იგი ამ პროცესს ოჯახთან ერთად, „ტელევიზორიდან დააკვირდება“. „წინა წლებისგან განსხვავებით, ამჯერად მე და ჩემი ოჯახის წევრები ტელევიზიით მივადევნებთ თვალ-ყურს სააღდგომო მღვდელთმსახურებას“, – თქვა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ.
სააღდგომო ლიტურგიას ასევე სახლიდან მიადევნებს თვალ-ყურს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძეც.
16:00 – ინფიცირებულთა რიცხვი 157-მდე გაიზარდა
ბოლო მონაცემებით, კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობას კიდევ ერთი დაემატა და მათი რიცხვი 157-მდე გაიზარდა.
15:30- კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, შიდა ქართლსა და იმერეთში ბაზრები დაიკეტა
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, შიდა ქართლის მასშტაბით, 6 აგრარული ბაზარი დაიკეტა. დღესვე, ყველა მოქმედი აგრარული ბაზარი დაიკეტა იმერეთშიც.
14:30 – შსს-მ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 421 ფაქტი გამოავლინა
შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 421 ახალი ფაქტი გამოავლინეს. ამასთან, პოლიციამ 3 აპრილის 21:00 საათიდან 4 აპრილის დილის 06:00 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 180 მოქალაქე დააჯარიმა.
გარდა ამისა, სამართალდამცველებმა საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრებისა და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო 72 მოქალაქე, 1 ფიზიკური პირი კი – ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული შეზღუდვების დარღვევის ფაქტზე დააჯარიმეს.
ასევე, პოლიციამ თვითიზოლაციის წესების დარღვევის 5 ახალი ფაქტი გამოავლინა და მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე 163 პირი დააჯარიმა.
შსს მოქალაქეებს საგანგებო მდგომარეობით დაწესებული შეზღუდვების შესრულებისკენ მოუწოდებს და აფრთხილებს, რომ წესების დარღვევის შემთხვევაში, ფიზიკური პირი 3 000 ლარით, იურიდიული პირი კი – 15 000 ლარით დაჯარიმდება.
12:45 – ქვეყანაში კოვიდ-19-ით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა
პირველი საუნივერსიტეტო კილინიკის დირექტორის ლევან რატიანის განმარტებით, კოვიდ-19-ით საქართველოში პირველი პაციენტი, 79 წლის ქალი გარდაიცვალა, რომელიც მარნეული-ბოლნისის ე.წ. კლასტერიდან იყო. მისივე განმარტებით, გარდაცვლილს ინფექციასთან ერთად, ისეთი მძიმე თანმხლები დაავადება აღენიშნებოდა, როგორიცაა მეოთხე კლინიკური ჯგუფის გულის უკმარისობა. „გულსისხლძარღვთა სისტემის მხრივ კარდიოლოგების მიერ [პაციენტის მდგომარეობა] ფასდებოდა დეკონპენსიაციის მდგომარეობით“, – თქვა რატიანმა და იქვე ხაზი გაუსვა, რომ ამ ყველაფერს თან „მკვეთრი წონის დეფიციტი“ ახლდა.
მოგვიანებით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განმარტა, რომ გარდაცვლილი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 31 მარტს შეიყვანეს და „პაციენტი შემოსვლის დღიდან იყო მძიმე და კრიტიკული და გარკვეულწილად [შედეგი] მოსალოდნელი იყო“.
მისივე თქმით, გარდაცვლილი, რომელიც ქვემო ბოლნისის კლასტერს განეკუთვნება, კონტაქტში იყო ადამიანებთან, რომლებიც საქართველოში რუსეთ-აზერბაიჯანიდან შემოვიდნენ და ერთ-ერთ სარიტუალო სუფრაზე იმყოფებოდნენ. „შემდგომ, რელიგიური დღესასწაული მიმდინარეობდა ამ პერიოდში და აქედან ერთ-ერთმა გადასდო სწორედ ამ ქალბატონს, რომელიც არის [მარნეულში] იმ პირველი ინფიცირებულის ნათესავი“, – აღნიშნა გამყრელიძემ და დასძინა, რომ „ამ შემთხვევაში ინფექციის განვითარების ჯაჭვი სრულად ცნობილია“.
მანვე ვირუსით ინფიცირებული პაციენტების საერთო მდგომარეობაზეც ისაუბრა და თქვა, რომ ოთხი პაციენტი მართვით სუნთქვაზეა, 23 პაციენტს კი – პნევმონია აქვს. „ჩვენი ექიმები ეცდებიან, რომ მინიმუმადე იყოს ფატალური შედეგები“, – განმარტა გამყრელიძემ. მისივე განცხადებით, დადასტურებული შემთხვევებიდან (157), ვირუსის წარმომავლობისა და გავრცელების ჯაჭვის შესახებ ინფორმაცია 99%-ში ცნობილია. „თუმცა, ქვეყანაში დაუდგენელი წყაროს მიერ გავრცელების შემთხვევები გვაქვს“.
გამყრელიძის თქმით, ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა იქნება და ამ მხრივ მან კრიზისულ პერიოდად აპრილის თვე და მაისის პირველი ნახევარი დაასახელა. შესაბამისად, მან „სოციალური დისტანცირების“ მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და ყველას მასობრივი თავყრილობებისგან თავის შეკავებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა მოახლოებულ რელიგიურ დღესასწაულთან დაკავშირებითაც გააკეთა განმარტება და თქვა: „საქართველოს [მართლმადიდებლურმა] ეკლესიამ და საპატრიარქომ გააკეთა ორი მნიშვნელოვანი განცხადება, სადაც მათ მოუწოდეს მრევლს და იქ იყო ძალიან ბევრი ის რეკომენდაცია გათვალისწინებული, რომელსაც იძლევა ჯანდაცვის სფერო“.
მისივე განმარტებით, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები „ეხება ყველას“. „წინ ნუ გავუსწრებთ მოვლენებს…ვფიქრობ, რომ საქართველოს ეკლესია მიჰყვება იმ რეკომენდაციებს, რომლებიც დღეს გახლავთ, მთლიანად საზოგადოებისთვის, რამეთუ ეკლესიის და ჩვენი ყველას მიზანი გახლავთ, რომ მოსახლოება იყოს ჯანმრთელი“, – ხაზი გაუსვა გამყრელიძემ.
10:30 – ინფიცირებულთა რიცხვი 156-მდე გაიზარდა
ბოლო მონაცემებით, კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობას კიდევ ერთი დაემატა და მათი რიცხვი 156-მდე გაიზარდა.
3 აპრილი, პარასკევი
22:45 – კიდევ ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა
ოფიციალური მონაცემებით, კოვიდ-19-ისგან კიდევ ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა. ჯამში ვირუსისგან უკვე 28 პაციენტი განიკურნა.
22:20 – ინფიცირებულთა რიცხვი 155-მდე გაიზარდა
ბოლო მონაცემებით, კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა კიდევ 7-ით – 155-მდე გაიზარდა.
15:00 – შსს-მ საგანგებო რეჟიმის დარღვევის 491 ფაქტი გამოავლინა
შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 491 ახალი ფაქტი გამოავლინეს. აგრეთვე, 2 აპრილის 21:00 საათიდან 3 აპრილის 06:00 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 189 მოქალაქე დააჯარიმეს.
გარდა ამისა, პოლიციამ საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრებისა და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო 19 მოქალაქე, ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული შეზღუდვების დარღვევის ფაქტზე კი – 1 მოქალაქე დააჯარიმა.
შსს-ს განცხადებით, პოლიციამ თვითიზოლაციის წესების დარღვევის 2 ახალი ფაქტი გამოავლინა და მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე 280 პირი დააჯარიმა.
12:00 – პატრიარქი ეკლესიების წინამძღვრებს ახალ რეკომენდაციებს აძლევს
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II ტაძრების წინამძღვრებს ახალ რეკომენდაციებს აწვდის. საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის ანდრია ჯაღმაიძის მიერ Facebook-ის საშუალებით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დღეს წინმაძღვრები შემდეგი შინაარსის მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს მიიღებენ:
- ხვალიდან ლოცვები დაიწყოს შუა დღის 4.00 საათზე, ხოლო ყოველ დღე ეკლესია დაიკეტოს საღამოს 8 საათისთვის;
- აუცილებელია ტაძრის ეზოში 1.5 მ-ის დაშორებით დროულად გაკეთდეს ნიშნულები;
- ყოველდღიურად მოახდინეთ ხატებისა და სიწმინდეების ხშირად გაწმენდა (სპირტისა და ვარდის წყლით), ასევე იატაკის დამუშავება და ეკლესიაში მუდმივი მეთვალყურეობისთვის გამოყოთ პასუხისმგებელი პირები.
მოგვიანებით გამართულ პრესკონფერენციაზე ანდრია ჯაღმაიძემ აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებითაც გააკეთა კომენტარი და თქვა, რომ იმის შესახებ, თუ როგორ ჩატარდება სააღდგომო წირვა, გადაწყვეტილება მიღებული არ არის და საპატრიარქო შესაბამის მითითებებს „სააღდგომო დღეების მოახლოების“ შემდეგ გასცემს.
„ერთ-ერთმა სასულიერო პირმა გააკეთა განცხადება რომ [საღამოს] 9 საათიდან დილის ექვს საათამდე იქნებოდა მრევლი ტაძარში, მან იჩქარა ამ განცხადების დროს, ეს არ იყო შეთანხმებული საპატრიარქოს პოზიციასთან… კარგად გვახსოვს პრემიერ-მინისტრის კომენტარი, მან ბრძანა, რომ ყველაფერს იღონებენ იმისათვის, რომ სააღდგომოდ ეს პრობლემა იყოს გადაჭრილი და ამ იმედით ჩვენც ვლოცულობთ და ველოდებით ამ დღეების მოახლოებას“, – თქვა მანვე.
ჯაღმაიძემ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ერთი კოვზით ზიარების პრინცპის შეცვლას საპატრიარქო არ გეგმავს. „ერთი კოვზის პრინციპი არ შეუცვლია არცერთ ეკლესიას დღეს… სინოდმა მიიღო გადაწყვეტილება და ამაზე დამთავრდა მსჯელობა“, – აღნიშნა მანვე.
10:00 – ინფიცირებულთა რიცხვი 148-მდე გაიზარდა
ბოლო მონაცმებით, კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 14-ით 148-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ ერთი პაციენტი. ჯამში, კოვიდ-19-ისგან განკურნებულთა რიცხვი უკვე 27-ია.
2 აპრილი, ხუთშაბათი
22:00 – ინფიცირებულთა რიცხვი 134-მდე გაიზარდა
ბოლო მონაცემებით, კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა კიდევ სამით – 134-მდე გაიზარდა.
20:20 – ინფიცირებულთა რიცხვი 131-მდე გაიზარდა
ბოლო მონაცემებით, კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა ერთით – 131-მდე გაიზარდა.
16:00 – შსს-მ საგანგებო რეჟიმის დარღვევის 706 ფაქტი გამოავლინა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველებმა, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმისა და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 706 ახალი ფაქტი გამოავლინეს. შსს-ს განცხადებით, უწყების თანამშრომლებმა, 1 აპრილის 21:00 საათიდან 2 აპრილის 06:00 საათის პერიოდში, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 204 მოქალაქე დააჯარიმეს.
გარდა ამისა, პოლიციამ საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო 75 მოქალაქე, ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული შეზღუდვების დარღვევის ფაქტზე კი – 1 ფიზიკური და 1 იურიდიული პირი დააჯარიმა. აგრეთვე, სამართალდამცველებმა თვითიზოლაციის წესების დარღვევის 10 ახალი ფაქტი გამოავლინეს და მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე 415 პირი დააჯარიმეს.
13:45 – კოვიდ-19-ის მსუბუქი სიმპტომების მქონე პაციენტებს სახლში უმკურნალებენ
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განმარტებით, „ის პაციენტები, რომლებსაც აქვთ ვირუსის მსუბუქი მიმდინარეობა ოჯახის ექიმების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ მკურნალობას გაივლიან სახლში“. მისივე განმარტებით, სიმპტომების აღმოჩენის შემთხვევაში, მოქალქე 112-ზე დარეკვის საშუალებით, ექიმთან სპეციალურ კონსულტაციას გაივლის, რის შემდეგაც, იგი გარკვეული დროით, სახლში დაყოვნდება და უკვე ანამნეზის აღების შემდეგ გადაწყდება, „უნდა გადავიდეს პაციენტი სტაციონარში, თუ გაგრძელდება შემდგომი მონიტორინგი ბინაზე“. მინისტრისვე განცხადებით, „პაციენტის სიმპტომების გართულების შემთხვრვაში“, მას საავადმყოფოში გადაიყვანენ.
ტიკარაძე მიიჩნევს, რომ „ქვეყანაში განგაშის ზარების შემოკვრის დრო ჯერ არ არის“. მისივე თქმით, ვირუსის გავრცელების პიკური პერიოდი შეიძლება აპრილის მეორე ნახევარი იყოს. „იმის მიხედვით, თუ რამდენად ეფექტური იქნება მენეჯმენტი, როგორც სახელმწიფო გუნდის, ისე ჩვენი მოქალაქეების მხრიდან, ამაზე იქნება დამოკიდებული, თუ რამდენად ხანგრძლივი იქნება ეს [პერიოდი] და რა რაოდენობის პაციენტები გვეყოლება უკვე აპრილის ბოლოს და მაისში და როგორ მოხდება მისი [ვირუსის] შეკავება“, – თქვა მინისტრმა.
13:00 – მთავრობამ ნებადართული ეკონომიკური აქტივობების ჩამონათვალი გააფართოვა
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, იმ ეკონომიკური აქტივობების ჩამონათვალი გაფართოვდა, რომლებიც საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების მიუხედავად დასაშვებია.
დასაშვებ საქმიანობას ნავთობისა და გაზის მოპოვება-გადამუშავება დაემატა, აგრეთვე ყველა ის ეკონომიკური საქმიანობა, თუ იგი დისტანციურად – სახლიდან გაუსვლელად სრულდება. მთავრობის განმარტებით, „დისტანციური მუშაობა გულისხმობს სახლიდან მუშაობას, ხოლო კრიტიკულად აუცილებელ შემთხვევებში, ასევე სამუშაო ადგილიდან (სამსახურიდან, ოფისიდან“, მაგრამ არა უმეტეს 5 ადამიანისა)“.
ამასთან, მთავრობის გადაწყვეტილებით სახლში მიტანის სერვისს საკვებთან ერთად, სურსათისა და სამედიცინო დანიშნულების საქონლის/ფარმაცევტული პროდუქტის მიტანის მომსახურებაც დაემატა.
მიტანის სერვისის შეზღუდვამ საზოგადოებისა და ბიზნესის ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია. დღეს გამართულ ბრიფინგზე ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განმარტა, რომ სახლში მიტანის სერვისზე ნებართვის მოპოვებისთვის ბიზნესმა საქმიანობის ახალ წესზე გადასვლა და „უსაფრთხოების ყველა ზომის“ დაცვა უნდა შეძლოს.
„უნდა დავრწმუნდეთ, რომ საწყობებში მომუშავე ადამიანები შესაბამის გაიდლაინების მიხედვით არიან აღჭრვილები. ადამიანები, რომლებიც მიდიან ოჯახებში, თავადაც უნდა იყვნენ დაცულები და მომხმარებლებიც. ჩვენ ამაზე უკვე ვმუშაობთ, [ბიზნესს] ძალიან მალე შევთავაზებთ კონკრეტულ წესებს და როგორც კი დავრწმუნდებით, რომ კომპანიები გარანტიას მოგვცემენ, რომ მათი საქმიანობა იქნება უსართხო და ამ წესებს სრულიად პასუხობენ, რა თქმა უნდა, ამის შემდეგ ჩვენ შეგვეძლება, რომ დავუშვათ კონკრეტული კომპანიების საქმიანობა“, – თქვა მინისტრმა.
11:30 – ეროვნული ბანკის რამდენიმე თანამშრომელს კოვიდ-19 დაუდასტურდა
ეროვნული ბანკის 7 თანამშრომელს, რომლებიც თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ, კოვიდ-19 დაუდასტურდათ. „ამჟამად ისინი გადაყვანილი არიან შესაბამის სტაციონარში და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ, გადიან სამკურნალო პროცედურებს და მათი მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია. ამჟამად მიმდინარეობს გაფართოებული ეპიდემიოლოგიური კვლევა ყველა შესაძლო კონტაქტების დადგენის მიზნით“, – ნათქვამია, სებ-ის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში. ბანკის განმარტებით, ისინი ერთი სტრუქტურული დანაყოფის თანამშრომლების იყვნენ და ბოლო ორი კვირის განმავლობაში სხვა თანამშრომლებთან შეხება არ ჰქონიათ.
„ეროვნული ბანკი აგრძელებს, ქვეყნისათვის კრიტიკული სერვისების შეუფერხებლად მიწოდებას. როგორც ადრე განვაცხადეთ, 16 მარტიდან ეროვნული ბანკი ლარის ბანკნოტებისა და მონეტებთან მიმართებაში საკარანტინო ზომებს ახორციელებს. კერძოდ, მიმოქცევიდან შემოსული ლარის ფულის ნიშნები საკასო ცენტრში თავსდება, ინახება ცალკე, სპეციალურად გამოყოფილ ადგილას როგორც მინიმუმ 14 დღის განმავლობაში და მათი გაცემა მხოლოდ ამ პერიოდის გასვლის შემდეგ ხდება“, – აცხადებენ სებ-ში.
11:15 – ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიის ორ სასულიერო პირს კოვიდ-19 დაუდგინდა
მართლმადიდებლური ეკლესიის ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიის კიდევ ერთ სასულიერო პირს კოვიდ-19 დაუდასტურდა. ეპარქიის ეპისკოპოსმა საბა ინწკირველმა მრევლთან ინტერნეტ მიმართვის დროს თქვა, რომ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ „ვისთან ჰქონდა მას შეხება და საიდან დაინფიცირდა“, არ აქვთ. მისივე განმარტებით, სასულიერო პირი მკურნალობას სახლის პირობებში გადის. ჯამში ვირუსი ეპარქიის უკვე ორ სასულიერო პირს აქვს დადასტურებული.
10:00 – გამოჯანმრთელებულთა რიცხვი – 26-მდე, ინფიცირებულთა რაოდენობა კი – 130-მდე გაიზარდა
ბოლო მონაცემებით, ახალი კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა 13-ით 130-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ სამი პაციენტი, რის შემდეგაც განკურნებულთა საერთო რაოდენობამ 26-ს მიაღწია.
1 აპრილი, ოთხშაბათი
22:00 – საპატრიარქო საეკლესიო მსახურების წესში ცვლილების შეტანას კვლავ არ აპირებს
საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში გამკაცრებული შეზღუდვებისა და კომენდანტის საათის დაწესების პარალელურად, საქართველოს-კათოლიკოს პატრიარქი ილია II მიმართვას აქვეყნებს და განმარტავს, რომ მორწმუნეთათვის „ტაძრის კარის დახურვა შეუძლებელია და იგი ღია იქნება მათთვის, ვინც ეკლესიაში მისვლას მოისურვებს, რათა მიიღოს მადლი ღვთისა და სულიერად განმტკიცდეს“.
„შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე“, ილია II მართლმადიდებლური ეკლესიის მრევლს მიმართავს და მათ შემდეგ რჩევებს აძლევს:
- ვიდრე განსაცდელი გაივლის, შეასრულეთ სათანადო მითითებები;
- ადამიანებთან ურთიერთობისას, მათ შორის, ტაძარში და ტაძრის ეზოში ყოფნისას, დაიცავით დადგენილი მანძილი;
- საღმრთო ლიტურგიის შესრულებისას, ეკლესიაში დარჩნენ სასულიერო პირები, მგალობლები და სტიქაროსნები, ხოლო დიდ საკათედრო ტაძრებში – შეზღუდული რაოდენობით მრევლიც;
- საერთოდ, რეკომენდებულია, მრევლი იყოს ეზოში, ანუ ღია სივრცეში და ისე მიიღოს ლოცვითი მონაწილეობა წმინდა მსახურებაში;
- მცირე ზომის ტაძარში დასაშვებია, ასევე წირვა-ლოცვა აღსრულდეს ღია ცის ქვეშ დროებით მოწყობილ ტრაპეზზე;
- მორწმუნეთა ის ნაწილი, რომელიც ასაკის ან უძლურების გამო რისკის ჯგუფს მიეკუთვნება, აგრეთვე ისინი, ვინც განსაკუთრებულ სიფრთხილეს იჩენენ ვირუსით დასნებოვნების გამო, დარჩნენ სახლში, სურვილის ან გადაუდებელი აუცილებლობს შემთხვევაში, მათ თავისი მოძღვარი ადგილზე ჩაუტარებს საჭირო მსახურებას და ლოცვით კანონსაც განუსაზღვრავს.
21:00 – ქვემო ბოლნისში დამატებითი საკონტროლო გამშვები პუნქტები მოეწყო
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის მიერ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ზომების მნიშვნელოვანი გამკაცრების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების მოთხოვნების აღსრულების მიზნით, ქვემო ბოლნისში დამატებითი საკონტროლო გამშვები პუნქტები მოეწყო.
„ადგილობრივ მოსახლეობას შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები რეგულარულად, განუმარტავენ საკარანტინო შეზღუდვებს და საჭიროების შემთხვევაში მაქსიმალურად დაეხმარებიან. საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს“, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
19:30 – ინფიცირებულთა რიცხვი 117-მდე გაიზარდა
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 2-ით – 117-მდე გაიზარდა.
17:00 – შსს-ს ინფორმაციით უწყებამ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 60 ფაქტი გამოავლინა
შსს-ს განცხადებით, სამართალდამცველებმა ბოლო 24 საათში, „მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის, მათ შორის, ე.წ. კომენდანტის საათის ფარგლებში დარღვევის 60 ფაქტი გამოავლინეს“. უწყებამ, 21 საათიდან დილის 6 საათამდე დაწესებულ ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, საქართველოს მასშტაბით, 17 მოქალაქე დააჯარიმა.
ამასთან, პოლიციამ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის 5 პირი დააკავა. გარდა ამისა, პოლიციამ საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების გამო 23 მოქალაქე , ხოლო ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული შეზღუდვების დარღვევის გამო 1 ფიზიკური და 3 იურიდიული პირი დააჯარიმა.
აგრეთვე, პოლიციამ თვითიზოლაციის წესების დარღვევის 4 ახალი ფაქტი გამოავლინა, 12 პირი მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე დააჯარიმა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების შესრულებისკენ მოუწოდებს.
14:00 – კოვიდ-19-ზე ტესტირების ალგორითმი იცვლება
ჯანდაცვის სამინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას თქმით, საქართველოში კოვიდ-19-ზე ტესტირების ახალი ალგორითმის მიხედვით, მიდგომები და პრინციპები იცლება და ამიერიდან, ვირუსზე ისეთი მაღალი რისკის მქონე პაციენტები შემოწმდებიან, როგორებიც არიან: ვირუსის მქონე პაციენტების კონტაქტები, სამედიცინო პერსონალი, რომელიც მუშაობს მაღალი რისკის კლინიკებში და ორგანიზაციულ ინსტიტუციურ დაწესებულებებში მყოფი პირები.
„ამ ლაგორითმის მიხედვით, უმოკლეს ვადაში დაიწყება ტესტირება სამივე მეთოდის გამოყენებით, როგორც PCR-ის, ისე ანტიგენების დაჩქარებული და ანტისხეულების ტესტით. ჩვენ საწყისი რაოდენობა სამივე ამ ტესტის და საიტებიც შერჩეულია იმისთვის, თუ საიდან დაიწყება ეს ტესტირება განახლებული ალგორითმის შესაბამისად“, – თქვა მინისტრის მოადგილემ.
მისივე განმარტებით, ამ დროისთვის ქვეყანაში ანტისხეულზე დამყარებული 4 000 ტესტი და ანტიგენზე დამყარებული 2 000 სწრაფი გვაქვს, რომელსაც სჭირდება „ანალიზატორი, იმისთვის, რომ ეს ტესტი შესრულდეს“. „ასევე, ჩვენ უმოკლეს ვადაში ველოდებით კიდევ დამატებით 2 000 ანტიგენ ტესტს, რომლის გაკეთება უკვე ანალიზატორის გარეშეა შესაძლებელი“, – განმარტა მანვე.
მინისტრის მოადგილის განცხადებითვე, თითოეულ კლინიკაზე აუკვე გამოყოფლია ის ლაბორატორია, რომელიც ლუგარისა და სხვა ლაბორატორიებთან ერთად, გააკეთებს საკონტროლო ტესტირებას, „რადგან თავდაპირველად მაინც აუცილებლად მოგვიწევს ხარისხის კონტროლის მექანიზმის გამოყენება და პასუხის PCR ტესტირებით გადამოწმება“.
„აგრეთვე, უკვე იგეგმება ე.წ. ცხელების კლინიკებიდან დამატებით ორი ადამიანის ტრენინგი ნაცხის აღების ტექნიკაში. მომდევნო ორი კვირის განმავლობაში, ეტაპობრივად გაიზრდება იმ კლინიკების რაოდენობა, რომლებიც უკვე ადგილზე შეძლებენ სწრაფი ტესტებით იმ პაციენტების გამოკვლევას, რომელთაც აქვთ კლინიკური სიმპტომები“, – თქვა თამარ გაბუნიამ.
13:40 – 23 პაციენტი გამოჯანმრთელდა
ოფიციალური მონაცემებით, კოვიდ-19-ისგან გამოჯანმრთელებულ პაციენტებს კიდევ ერთი დაემატა და მათი რაოდენობა 23-მდე გაიზარდა. პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა დღეს ჟურნალისტებთან საუბარში თქვა, რომ ერთ-ერთი გამოჯანმრთელებული ყველაზე მძიმე პაციენტი იყო და „97%-ში ეს [შემთხვევა] უნდა დასრულებულიყო ლეტალობით“. „ქართული მედიცინის გამარჯვებად მინდა ჩავთვალო, რომ ასეთი პაციენტი, გამოჯამრთელებული, მე-14 დღეს მიდის ჩვენი კლინიკიდან“, – თქვა მანვე.
11:45 – მთავრობამ ეკონომიკის დასახმარებლად 2 მილიარდი ლარი გამოყო
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ეკონომიკის „პირდაპირი დახმარებისთვის“ 2 მილიარდი ლარი გამოიყო. უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოზე დღეს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ თქვა, რომ „ეს დახმარება მიმართული იქნება როგორც სამუშაო ადგილების შესანარჩნებლად, ისე კომპანიების წარმოების შესანარჩუნებლად“. მანვე აღნიშნა, რომ „ჯანმრთელობის უსაფრთხოების დაცვის პირობებში“, მთავრობა ეკონომიკის სისტემური დარგების მხარდაჭერისთვის ყველაფერს გააკეთებს და ეს არის მხოლოდ „დასაწყისი და პირველი ეტაპი“.
„ჩვენ გვესმის, რომ თითოეულმა ჩვენმა მოქალაქემ მიიღო პირდაპირი ეკონომიკური ზიანი იმ ღონისძიებების გამო, რომლებიც მთავრობა იძულებულია, რომ გაატაროს მათივე ჯანმრთელობის დასაცავად და ეს ზიანი ხშირ შემთხვევაში არის პირდაპირი და ხელშესახები – ადამიანებმა დაკარგეს შემოსავალი და დაკარგეს სამუშაო ადგილები“, – განმარტა პრემიერმა და იქვე დასძინა, რომ თითოეული ასეთი მოქალაქის იდენტიფიცირების შემდეგ, მთავრობას მათი დახმარებისთვის „სპეციალური ღონისძიებები“ ექნება.
აგრეთვე მთავრობისვე გადაწყვეტილებით, „თითოეულ მოქალაქეს, რომელიც თვის განმავლობაში მოიხმარს 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტრო ენერგიას, ასევე 200 მ3-ზე ნაკლებ გაზს, სამი თვის განმავლობაში (მარტი, აპრილი, მაისი)“, კომუნალური გადასახადები სრულად დაუფინანსდება. გახარიას განმარტებით, ამაში შედის როგორც დასუფთავების, ისე წყლის გადასახადიც.
ამასთან, პრემიერის განცხადებით, ბიუჯეტიდან კოვიდ-19-თან ბრძოლისთვის ცალკე 351 მლნ ლარია გამოყოფილი.
11:30 – შსს-ს ცნობით, კომენდანტის საათის პირველმა ღამემ მშვიდად ჩაიარა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეები ე.წ. კომენდანტის საათის ფარგლებში დაწესებული რეგულაციების შესახებ საქმის კურსში იყვნენ და ღამემ მშვიდად ჩაიარა. „საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული დარღვევევის შემთხვევებზე პოლიციამ მყისიერი რეაგირება მოახდინა“, – აცხადებენ შსს-ში. უწყება მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან საგანგებო მდგომარეობით დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები.
MIA employees continue to enforce the imposed restrictions. During the last night, within the frames of the declared curfew, which started at 9 pm and lasted till 6 am, respective units of MIA controlled the enforcement of the regulations. pic.twitter.com/KQiM7PlgOM
— MIA of Georgia (@MIAofGeorgia) April 1, 2020
11:00 – გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 22-მდე, ინფიცირებულთა რაოდენობა კი – 115-მდე გაიზარდა
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კოვიდ-19-ისგან გამოჯანმრთელებულ პაციენტებს კიდევ ერთი დაემატა და მათი რაოდენობა 22 გახდა. 110-დან 115-მდე გაიზარდა ვირუსით ინფიცირებულთა რიცხვიც. დღეს გამართულ ბრიფინგზე ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინე ეზუგბაიამ თქვა, რომ ახალმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა ცენტრი გუშინვე დატოვა. მანვე განმარტა, რომ მძიმე პაციენტების რიცხვს კიდევ ერთი დაემატა, რომლის მდგომარეობაც პირველ ეტაპზე იყო „საშუალოზე მძიმე“, მაგრამ „დაავადებამ განიცადა პროგრესირება“. ეზუგბაიას განმარტებით, მისი მდგომარეობა „ამ ეტაპზე არის მძიმე, მაგრამ არა კრიტიკული“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)