გენერალური შტაბის ცნობა, 1920 წლის 6 მაისი: წითელ ხიდთან ბრძოლა გრძელდება
გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1920 წლის 7 მაისი, N100
სამხედრო ცნობები
კონტექსტისათვის: 1920 წლის 27 აპრილს წითელი არმიის ნაწილებმა აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის დედაქალაქი ბაქო აიღო და ხელისუფლება რევკომის ხელში გადავიდა. აზერბაჯანის საჯარისო ნაწილებს ფაქტობრივად წინააღმდეგობა არ გაუწევია ბოლშევიკებისათვის. ამიერკავკასიელ ბოლშევიკთა მეთაურის სერგო ორჯონიკიძის წინასწარი პროგნოზით, აზერბაიჯანის დაკავების შემდეგ 2 კვირის განმავლობაში წითელი არმიის ნაწილები თბილისსაც აიღებდნენ. სამხედრო მოქმედებების პარალელურად საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის დავალებით დამფუძნებელი კრების წევრი გრიგოლ ურატაძე დიპლომატიურ მოლაპარაკებებს აწარმოებდა საბჭოთა რუსეთის მთავრობასათან, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის იურიდიულად ცნობის შესახებ. 1920 წლის მაისის პირველ დღეებში წითელი არმიის ნაწილები საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარს მოადგა და სამხედრო მოქმედებები დაიწყო.
გენერალური შტაბის ოპერატიული ცნობები. 6 მაისი, 1920 წელი. ქ. ტფილისი
- გაგრის, ბათუმის (ხულოს), არდაგანის ფრონტებზე არავითარი ცვლილება არ მომხდარა.
- ფოილოს რაიონში სიმშვიდეა.
- ხრამის ხიდთან (წითელ ხიდთან) ბრძოლა გრძელდება. მოწინააღმდეგეს მიემატნენ შესამჩნევი ძალები.
- ყაზბეგის და როკის ფრონტებზე სიმშვიდეა.