ასპინძის ომის 150 წლის იუბილე სამხედრო აღლუმით აღინიშნა

გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1920 წლის 7 მაისი, N100

აღლუმი ასპინძის ომის 150 წლის თავზე

გუშინ დღის 12 საათზე ასპინძის ომის 150 წლის აღსანიშნავად გაიმართა აღლუმი. სამხედრო ტაძარში მწირველი იყო მიტროპოლიტი ლეონიდე კრებულით. წირვას დაესწრნენ დამფუძნებელი კრებისა და მთავრობის წევრები, სხვა და სხვა დაწესებულებათა უმაღლესი წარმომადგენლები, უცხოელ მისიების წარმომადგენლები და აუარებელი ხალხი. წირვის გათავების შემდეგ გაიმართა სამხედრო ცერემონიალი. აღლუმი მიიღო მთავარსარდალმა გენერალმა კვინიტაძემ. მეცხრე ქვეით ათასეულს, რომელმაც შემუსრა ოსმალეთის ორმოც ათასიანი კორპუსი, რომლის აღსანიშნავად მას დღეიდან ეწოდება „მეცხრე ქვეითი ასპინძის ათასეული“, ჩაბარდა ეროვნული დროშა. დასასრულს სამხედრო მინისტრმა გრიგოლ ლორთქიფანიძემ მიმართა მხედრობას ვრცელი მეტად შინაარსიანი სიტყვით. რომელშიაც აღნიშნა დღევანდელი პოლიტიკური მომენტის სირთულე, და მოუწოდა მხედრობას, დღეს როდესაც მეორდება ისტორიის ფურცლები, როდესაც ველური მტრები მოსდგომიან ჩვენს საზღვრებს, ეკვეთონ მტერს გმირულად და დაიცვან თავისუფალი სამშობლო. მინისტრმა აღნიშნა აგრეთვე, რომ ჩვენსკენაა მთელი ევროპა, მისი მუშათა კლასი, ჩვენ დღემდე თავდაცვას ვაწარმოებდით, დღეიდან გადავდივართ შეტევაზე და გავჩერდებით მხოლოდ იქ, სადაც ლაჩარი და მურტალი მტერი დაიჩოქებს და გვთხოვს პატიება შებრალებასო.

სწორედ 150 წლის წინად ასეთ მდგომარეობაში იყო ქართველი ერი და გაიმარჯვა, დღესაც ჩვენ მტკიცედ გვწამს ეს გამარჯვებაო. შემდეგ მინისტრმა მიმართა მთავარსარდალს გენერალ კვინიტაძეს და უსურვა გამარჯვება. სამხედრო ტაძრის გალავანთან მოზღვავებულ ხალხში დიდი ენთუზიაზმი იყო. დამსწრეთა შორის აღფრთოვანებით ცრემლ მორეულთაც კი შენიშნავდით. „გაუმარჯოს საქართველოს, მის მხედრობას, საქართველს მთავრობას“, და სხვა ძახილს დასასრული არ ჰქონდა.