ქართული ოცნება და ენმ Facebook-ის მიერ გაუქმებულ ანგარიშებთან კავშირს უარყოფენ
ქართული ოცნება და ერთიანი ნაციონალური მოძრაობა Facebook-ის მიერ 5 მაისს გავრცელებულ განცხადებას ეხმაურებიან, რომლის თანახმადაც, სოციალურმა პლატფორმამ ამ პარტიების მომხრე ასობით ყალბი გვერდი და ანგარიში წაშალა და აცხადებენ, რომ გაუქმებულ ანგარიშებთან მათ კავშირი არ აქვთ.
ქართული ოცნების გამოხმაურება
ქართულ ოცნებაში Facebook-ის განცხადებას სპეციალური ბრიფინგით უპასუხეს, რომელშიც მთავარი აქცენტი სოციალური პლატფორმის მიერ ნაციონალურ მოძრაობასთან დაკავშირებული ანგარიშების გაუქმებაზე გააკეთეს.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განმარტა, რომ სოციალური ქსელის მეშვეობით სიძულვილის ენის გამოყენება და დეზინფორმაციის გავრცელება „საფირმო ნიშად“ ნაციონალური მოძრაობის პიარკონსულტანტმა ვიტალი შკლიაროვმა აქცია.
მანვე ხაზი გაუსვა, რომ Facebook-ის განცხადებაში ყალბი გვერდებისა და ანგარიშების „ჩახსნის“ თვალსაზრისით, საქართველოს კონტექსტში ერთადერთი პოლიტიკური ორგანიზაცია – ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა ნახსენები.
„Facebook-ის განცხადებით, ნაციონალური მოძრაობის ყალბი ანგარიშების სამიზნეს წარმოადგენდნენ საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია, მმართველი პარტია და კორონავირუსის პანდემიის პირობებში მთავრობის ძალისხმევა“, – თქვა მამუკა მდინარაძემ.
მდინარაძემ მწუხარება გამოთქვა იმის გამო, რომ ეს ყველაფერი იმ ფონზე ხდება, როდესაც „ხელისუფლება ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, ყველაფერს აკეთებს იმისათვის“, რომ მიწვდეს „თითოეულ ადამიანს, რომელმაც ზიანი მიიღო ამ პანდემიისა და ეპიდემიის შედეგად“.
მანვე Facebook-ის ადმინისტრაციას გამოჩენილი „ძალისხმევისთვის“ მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ პლატფორმა ასეთივე მაღალი პასუხისმგებლობითა და ყურადღებით დააკვირდება სოციალური ქსელის მუშაობას წინასაარჩევნო პერიოდში, რაც მისივე შეფასებით, „ხელს შეუწყობს წინასაარჩევნოდ დემოკრატიული გარემოს კიდევ უფრო გაჯანსაღებას“.
„დიდი იმედი გვაქვს, რომ Facebook-ის ეს მიდგომა გაგრძელდება და სოციალურ ქსელებში ტყუილი და სიძულვილის ენა გადაიწევს უკანა პლანზე“, – დასძინა მანვე.
დღევანდელ ბრიფინგზე კოკა ყანდიაშვილთან ქართული ოცნების რაიმე ტიპის კავშირი მდინარაძემ კატეგორიულად უარყო და აღნიშნა, რომ დაახლოებით 2013-2014 წლიდან, ყანდიაშვილს ქართულ ოცნებასთან „შეხება აღარ აქვს“.
„ქართულ ოცნებასთან მას ოფიციალური კავშირი ან რაიმე ხელშეკრულება ან რაიმე დავალება მის მიმართ ქართული ოცნების მხრიდან [არ არის გაცემული]. ასეთი არ ფიქსირდება და ვერ დაფიქსირდება. ასეთი მტკიცებულება ვერ იქნება ბუნებაში და, ბუნებრივია, ის ვერც Facebook-მა მიუთითა, იქიდან გამომდინარე, რომ ასეთი კავშირი არ არსებობს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ნაციონალური მოძრაობის გამოხმაურება
Facebook-ის განცხადებას დღეს ოფიციალური განცხადებითვე უპასუხეს ოპოზიციურ ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში და Facebook-ის ადმინისტრაციის მიერ „ყალბი და არაიდენტიციფირებადი გვერდების“, ასევე „ფეიკ-ინფორმაციების გავრცელების აღკვეთის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს“ მიესალმნენ. პარტიაში ასევე განაცხადეს, რომ „სწორედ ნაციონალური მოძრაობა და პარტიის ლიდერები არიან მსგავსი გვერდების ერთ-ერთი მთავარი სამიზნე“.
„ჩვენ კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ ნაციონალური მოძრაობა არც მართავდა, არც მართავს და არც მომავალში აპირებს არაიდენტიფიცირებადი გვერდებით ოპერირებას. ჩვენთვის მსგავსი მეთოდებით პოლიტიკის კეთება მიუღებელია“, – განმარტეს პარტიაში და იქვე დასძინეს, რომ მხარს დაუჭერენ „ყველა რადიკალურ ღონისძიებას“, რომელიც სოციალურ ქსელში ყალბი ინფორმაციის გავრცელებას შეზღუდავს.
ნაციონალური მოძრაობის განცხადებით, პარტიისთვის უმთავრესი პრინციპი ქართული ოცნების „საჯარო, გამჭვირვალე, დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკური აქტივობებითა“ და „სამართლიანი არჩევნების“ გზით დამარცხებაა.
„ხელისუფლების აგრესიულ ფეიკ კამპანიას [უნდა] დავუპირისპიროთ ჩვენი თანმიმდევრული და მკაფიო გეგმა, როგორ გამოვიყვანოთ ქვეყანა არსებული რთული მდგომარეობიდან“, – ხაზი გაუსვეს პარტიაში.
განცხადების ბოლოს, ნაციონალურმა მოძრაობამ მოუწოდა პოლიტიკურ პარტიებსა და ლიდერებს, „განსაკუთრებით მათ, ვინც ერთ დროს ნაციონალურ მოძრაობას წარმოადგენდნენ“, თავი შეიკავონ „მთავარ ოპოზიციურ პარტიაზე თავდასხმებისგან“.
„ჩვენმა მოქალაქეებმა კარგად იციან, რომ საქართველოში ფეიკ ინფორმაციის და სიძულვილის გაღვივების წყაროები ლაშა ნაცვლიშვილის, კოკა ყანდიაშვილის და შალვა რამიშვილის ავტორობით, ერთი მხრივ, რუსეთის ფედერაცია და მეორე მხრივ, ქართული ოცნება არიან“, – აღნიშნეს პარტიაში.
ასევე წაიკითხეთ:
- Facebook-მა „ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ მომხრე ასობით ყალბი გვერდი წაშალა
- „სამართლიანი არჩევნები“: Facebook-მა წაშალა საქართველოში დეზინფორმაციის გამავრცელებელი კრემლისტური გვერდი
- Facebook-მა საქართველოს მთავრობასთან დაკავშირებული ასობით გვერდი გააუქმა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)