7 მაისი, 1920 წ. – საბჭოთა რუსეთმა საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარა
გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1920 წლის 11 მაისი, N103
ზავი საბჭოთა რუსეთთან
(მთავრობის ოფიციალური ცნობა)
მაისის 7-ს ღამის 12 საათსა და 20 წუთზე საქართველოს წარმომადგენელმა, დამფუძნებელი კრების წევრმა გრიგოლ ურატაძემ ხელი მოაწერა საზავო ხელშეკრულებას რუსეთსა და საქართველოს შორის.
ძირითადი მუხლები ხელშეკრულებისა შემდეგია:
- რუსეთი ყოველ პირობის გარეშე აღიარებს საქართველოს სახელმწიფოს თავისუფლებას და დამოუკიდებლობას და თავის ნებით ხელს იღებს ყველა იმ სუვერენულ უფლებებზე, რომელიც ეკუთვნოდა რუსეთს საქართველოს და მის მიწა-წყლის შესახებ.
- რუსეთი ხელს იღებს საქართველოს შინაურ საქმეებში ყოველგვარ ჩარევაზე.
- საზღვრების საკითხი გადაწყვეტილია საქართველოს სასარგებლოდ. სხვათაშორის რუსეთი აღიარებს, რომ მთელი ბათუმის ოლქი შედის საქართველოს რესპუბლიკის საზღვრებში.
- საქართველო და რუსეთი პირობას სდებენ ურთიერთ შორის დაიცვან სასტიკი ნეიტრალიტეტი და ნება არ მისცენ თავ-თავიანთ ტერიტორიებზე მოხდეს ორგანიზაცია ისეთი ძალების და ჯგუფებისა, რომელნიც მიზნად დაისახავენ იარაღით შებრძოლებას და ხსენებულ რესპუბლიკებში არსებულ წესწყობილების დამხობას. თუ ხელშეკრულების დამდებ რესპუბლიკათა ტერიტორიაზე ასეთი ძალები გაჩნდება, მათ იარაღი უნდა აეყაროთ და მოთავსებულ იქმნენ განსაკუთრებულ ადგილებში.
- საქართველოს და რუსეთს ეკონომიური ურთიერთობას, სავაჭრო ხელშეკრულების დადებამდე, რომელიც რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს, უნდა დაედოს შემდეგი ძირითადი დებულებანი:
ა) პრინციპი ყოველმხრივად ერთმანეთის დახმარებისა.
ბ) სატრანზიტო საქონლის განთავისუფლება ყოველგვარ გადასახადისა და ბაჟისაგან.
გარდა ხსენებულ მუხლებისა არის კიდევ სხვა უფრო უმნიშვნელო მუხლები.
ხელშეკრულების სრული ტექსტი დამატებით გამოქვეყნდება.
1920 წლის აპრილში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ სპეციალური მისიით მოსკოვში საბჭოთა რუსეთის მთავრობასთან დიპლომატიური მოლაპარაკებების გასამართად გაგზავნა დამფუძნებელი კრების წევრი გრიგოლ ურატაძე, რომელიც სტუდენტობის პერიოდიდან იცნობდა ვლადიმერ ლენინს. ამიერკავკასიელი ბოლშევიკები ღიად უპირისპირდებოდნენ საქართველოსა და საბჭოთა რუსეთს შორის დიპლომატიური მოლაპარაკებების გამართვას, მით უფრო მაშინ, როდესაც მოლაპარაკებების პარალელურად წითელი არმია კავკასიაში სამხედრო ოპერაციას აწარმოებდა. 1920 წლის 27 აპრილს წითელი არმიის მიერ აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის დედაქალაქის ბაქოს ფაქტობრივად უბრძოლველად აღების შემდეგ, ამიერკავკასიელ ბოლშევიკთა ლიდერი სერგო ორჯონიკიძე ორი კვირის განმავლობაში თფილისის აღებასაც ვარაუდობდა. გრიგოლ ურატაძის გზა თფილისიდან-მოსკოვამდე რთული აღმოჩნდა, მით უფრო, რომ ორჯონიკიძე და მისი ამხანაგები ღიად უშლიდნენ ხელს გადაადგილების პროცესში. ურატაძეს საქართველოს მთავრობისაგან მიღებული ჰქონდა ფართო ინსტრუქციები, თუ რისი დათმობა შეეძლო საქართველოს ზავისა და რუსეთის მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარების სანაცვლოდ.
ურატაძე მოსკოვიდან დროდადრო შეფერხებით, პირდაპირი მავთულით ნოე ჟორდანიასა და ევგენი გეგეჭკორს აწვდიდა ცნობას მოლაპარაკებების მიმდინარეობის შესახებ. საქართველოსთვის ორი უმნიშვნელოვანესი საკითხი იყო დამოუკიდებლობის აღიარება და ტერიტორიული მთლიანობის ცნობა.
საბჭოთა რუსეთი, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს საზღვრებთან სამხედრო მოქმედებებს აწარმოებდა, იმჟამად ძალზე მძიმე მდგომარეობაში იყო, ეკონომიკური კრიზისის პარალელურად ომი მიმდინარეობდა პოლონეთთან, რომელშიც წითელი არმიის ნაწილები მარცხს მარცხზე განიცდიდნენ. 1920 წლის მაისის დასაწყისში პოლონეთის არმია კიევის მიდამოებში იბრძოდა. ამის ფონზე წითელ არმიას არ ჰქონდა რესურსი ამიერკავკასიაში დამატებითი სამხედრო ძალების მობილიზებისათვის. თავდაპირველად მოულოდნელობის ეფექტით აზერბაიჯანის მსგავსად საქართველოს შესაძლო ოკუპაცია საბჭოთა ლიდერებისათვის შესაძლო მისაღებ სცენარად ითვლებოდა. თუმცა 1920 წლის მაისის დასაწყისში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მიერ სწრაფი და ეფექტური სამხედრო მობილიზაციის ფონზე, წითელი არმია 1920 წლის 6-7 მაისისათვის საქართველოს ფრონტზე ვერანაირ წინსვლას ვერ ახერხებდა.
საბჭოთა რუსეთისათვის კი საქართველოსთან ეკონომიკური კავშირის დამყარება, კასპიისპირეთის რესურსის საქართველოს გავლით გატანა და საქართველოში კომუნისტური პარტიის ლეგალიზება ამ ეტაპისათვის სრულიად მისაღები იყო. თავის მხრივ, საქართველოს საერთაშორისო ასპარეზზე აღიარებისათვის აუცილებლად სჭირდებოდა რუსეთის მხრიდან აღიარება. ამ პირობას ღიად მოითხოვდნენ ევროპელ სახელმწიფოთა პოლიტიკოსები საქართველოს საკითხის განხილვისათვის. საქართველოსათვის ასევე დიდი მონაპოვარი იყო, საბჭოთა რუსეთის მხრიდან ბათუმისა და სოხუმის ოლქების საქართველოს ნაწილად აღიარება. საქართველოსათვის რუსეთთან დადებული საზავო ხელშეკრულების პირობებიდან საფრთხის შემცველი იყო ზაქათალის ოლქის სტატუსის დიპლომატიური გზით რუსეთის შუამდგომლობით გადაწყვეტის საკითხი, ასევე კომუნისტური პარტიის ლეგალიზება.
თუმცა კომუნისტურ პარტიასთან მიმართებაში საქართველოს სასარგებლოდაც არსებობდა ჩანაწერი. კერძოდ, კომუნისტურ პარტიას საქართველოში შეეძლო მხოლოდ ლეგალური საქმიანობა, არალეგალური საქმიანობის შემთხვევაში საქართველო იტოვებდა უფლებას კანონის შესაბამისი ღონისძიებები გაეტარებინა მათ წინააღმდეგ. აღნიშნული მექანიზმი მალევე იქნა გამოყენებული, 1920 წლის მაის-ივნისში ქართული ციხეები დატოვა 1200-მდე კომუნისტმა, მათგან 650-მდე პირი მალევე არალეგალური საქმიანობისა და საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ საქმიანობის გამო 1920 წლის ივლის-აგვისტოში ხელახლა დააკავეს, ხოლო ასობით კომუნისტი ქვეყნიდან გააძევეს. საბოლოოდ 1920 წლის 7 მაისს საქართველოსა და რუსეთს შორის სამშვიდობო ხელშეკრულება გაფორმდა.