მთავრობამ ტურიზმის მხარდაჭერის პოსტკრიზისული გეგმა წარადგინა
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში არსებული ეკონომიკური ჯგუფის 7 მაისის სხდომაზე საქართველოს მთავრობამ ტურიზმის მხარდაჭერის პოსტკრიზისული გეგმა წარადგინა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ გეგმის პრეზენტაციისას ხაზი გაუსვა, რომ ტურიზმი „არა მხოლოდ ჩვენი ეკონომიკის ძალიან მნიშვნელოვანი დარგია, არამედ ის ჩვენი საერთაშორისო იმიჯის განუყრელი ნაწილია“, რომელიც150 000 ადამიანს ასაქმებს და მისი წილი ქვეყნის ეკონომიკაში 11.55%-ია.
პანდემიის პირობებში, მთავრობის მხრიდან ტურიზმის სექტორისთვის უკვე გაწეული დახმარების შესახებ საუბრის შემდეგ, ეკონომიკის მინისტრმა უკვე პოსტკრიზისული გეგმის ფარგლებში, ამავე სექტორში შემავალი ცალკეული სეგმენტისთვის დაგეგმილ შეღავეთებებზე გაამახვილა ყურადღება.
მთავრობის გადაწყვეტილებით, პოსტკრიზისული გეგმით გათვალისწინებული მხარდაჭერით სასტუმროების ქსელები, საკვები ობიექტები, ასევე ტურისტული კომპანიები და გიდები ისარგებლებენ.
სასტუმროების ქსელი
მთავრობის გადაწყვეტილებით, სასტუმროების ქსელები:
- 2020 წლის ქონების გადასახადისგან სრულად გათავისუფლდებიან;
- ამასთან, საშემოსავლო გადასახადი 2020 წლის ბოლომდე გადაუვადდებათ;
- ყველა სასტუმროს, რომლის წლიური ბრუნვაც 20 მლნ ლარამდე იყო, სახელმწიფო 6 თვის განმავლობაში, საბანკო სესხის პირველი ხუთი მილიონი ლარის პროცენტის 80%-ს დაასუბსიდირებს;
- ასევე მოხდება ტურისტულ გამოფენებზე მონაწილეობის თანხის სუბსიდირება;
- სახელმწიფო სასტუმროების ქსელებს მსოფლიო ტურისტული ორგანიზაციის უსაფრთხოების სტანდარტების (UNWTO) დანერგვაში დაეხმარება.
კვების ობიექტები
პოსტკრიზისული გეგმის ფარგლებში კვების ობიექტები:
- 2020 წლის ქონების გადასახადისგან სრულად გათავისუფლდებიან;
- საშემოსავლო გადასახადი წლის ბოლომდე გადაუვადდებათ;
- აგრეთვე, ისინი საკრედიტო საგარანტიო სქემაში ჩაერთვებიან, რაც იმას ნიშნავს, რომ არსებული სესხების რესტრუქტურიზაციის დროს, სახელმწიფო მათ 30%-იან თანაუზრუნველყოფაში დაუდგება; ხოლო ახალი სესხების მოზიდვის დროს, 90%-ის თანაუზრუნველყოფას სახელმწიფო საკუთარ თავზე აიღებს.
- სახელმწიფო კვების ობიექტებს მსოფლიო ტურისტული ორგანიზაციის უსაფრთხოების სტანდარტების (UNWTO) დანერგვაში დაეხმარება.
ტურისტული კომპანიები და გიდები
ნათია თურნავამ განმარტა, რომ ტურისტული კომპანიები და გიდები პოსტკრიზისული გეგმის ფარგლებში, ყველა იმ საგადასახადო შეღავათით ისარგებლებენ, რომლებიც ტურიზმის სექტორში შემავალ კომპანიებს ეხებათ. კერძოდ :
- 2020 წლის ქონების გადასახადისგან ისინიც სრულად გათავისუფლდებიან;
- საშემოსავლი გადასახადი მათაც წლის ბოლომდე გადაუვადდებათ;
- ამასთან, გლობალური დაჯავშნის სისტემის ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული საბანკო გარანტიების ნაწილში, 6 თვის განმავლობაში, ტურიზმის სხვა სეგმენტების მსგავსი სუბსიდირების მექანიზმი ამოქმედდება;
- ამასთან, მოხდება ტურისტულ გამოფენებზე თანამონაწილეობის თანხის სუბსიდირება;
- სახელმწიფო მსოფლიო ტურისტული ორგანიზაციის უსაფრთხოების სტანდარტების (UNWTO) დანერგვაში მათაც დაეხმარება;
- ამოქმედდება გიდების გადამზადების პროგრამა;
- მოხდება გიდების მხარდაჭერა, რაც მუზეუმებსა და დაცულ ტერიტორიებზე უფასო ვიზიტებში და სხვა მსგავსი ღონისძიებებით გამოიხატება.
ეკონომიკის მინიტრმა ნათია თურნავამ აღნიშნა, რომ ტურიზმის მხარდაჭერის პოსტკრიზისული გეგმა მთლიანობაში 200 მლნ ლარს მოითხოვს, საიდანაც 135 მლნ ლარი ქონების გადასახადისგან გათავისუფლებისა და საშემოსავლო გადასახადის გადავადების ჯამია. ამასთან, 60 მლნ ლარი სასტუმროების (3 000 სასტუმრო) სესხების სუბსიდირებას, ტურისტული კომპანიებისა და გიდების მხარდაჭერას კი – 5 მლნ ლარი უნდა მოხმარდეს.
მანვე აღნიშნა, რომ ქვეყანამ სამომავლოდ ტურიზმის თვალსაზრისით, „ახალი იმიჯი – უსაფრთხო დანიშნულების ადგილი“ უნდა შეიძინოს.
ეკონომიკის მინისტრისვე განმარტებით, ბაზარი შიდა ტურიზმისთვის 15 ივნისს გაიხსნება, 1 ივლისს კი – ქვეყანა უკვე უცხოელი ტურისტების მისაღებად იქნება მზად.
დღევანდელ სხდომაზე, ეკონომიკის სხვადასხვა სექტორის მხარდასაჭერად პოსტკრიზისული გეგმის მნიშვნელობაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამაც ისაუბრა და თქვა, რომ „როგორც სასწრაფო დახმარების თვალსაზრისით, ტურიზმი იყო პირველი პოსტკრიზისული გახსნის [კუთხით], მხარდაჭერის თვალსაზრისითაც ტურიზმი იქნება პირველი“.
„შემდეგ, აუცილებელი იქნება, რომ მხარი დავუჭიროთ სოფელს და შემდეგი პრეზენტაცია იქნება სწორედ სოფლის და ფერმერის მხარდაჭერის პრეზენტაცია. შემდეგ იქნება მშენებლობის და დეველოპმენტის მხარდაჭერის პრეზენტაცია და მეოთხე იქნება ანტიკრიზისული ქმედებები განათლებაში“, – ხაზი გაუსვა პრემიერმა.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)