საერთაშორისო კრიზისების ჯგუფი აფხაზეთსა და ცხინვალში COVID-19-ზე რეაგირებას აფასებს
საერთაშორისო კრიზისების ჯგუფმა 7 მაისს ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც COVID-19-ის პანდემიაზე ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის რეაგირებას აფასებს.
კრიზისების ჯგუფი აცხადებს, რომ სამედიცინო მარაგების დეფიციტის, სუსტი ეკონომიკისა და საერთაშორისო იზოლაციის ფონზე, პანდემიამ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მცხოვრებლებს სერიოზული საფრთხე შეუქმნა.
ანგარიშის თანახმად, აფხაზეთისა და ცხინვალის ხელისუფლებებმა კრიზისს სხვადასხვაგვარად უპასუხეს.
ორგანიზაცია აცხადებს, რომ მაშინ როდესაც სოხუმმა სამედიცინო მასალების დეფიციტის შესავსებად საერთაშორისო დახმარება ითხოვა, ცხინვალმა თვითიზოლაციაზე უარი არ თქვა და ოკუპირებულ რეგიონზე წვდომა ერთის გარდა ყველა ჰუმანიტარულ ორგანიზაციას შეუზღუდა.
კორონავირუსის პანდემია ცხინვალის რეგიონში
კრიზისების ჯგუფმა განაცხადა, რომ ცხინვალის რეგიონი პანდემიასთან გამკლავების თვალსაზრისით „უდიდესი რისკის“ წინაშე დგას. „მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი – 17% – ხანში შესულები არიან“, ნათქვამია ანგარიშში, რომლის თანახმადაც, „საავადმყოფოები არასათანადოდაა აღჭურვილი“ და რეგიონში არსებული მცირე რაოდენობის ექიმებიდან ერთ-ერთმა დამცავი აღჭურვილობის უქონლობის გამო მუშაობაზე უარი გამაცხადა.
ცხინვალის ხელისუფლებამ საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე გადასვლა თებერვალში აკრძალა და ამის მიზეზად ვირუსის გავრცელების აღკვეთა დაასახელა, აცხადებს კრიზისების ჯგუფი.
ანგარიშის თანახმად, რუსეთმა რეგიონში სამედიცინო მასალების ექსპორტი მარტის დასაწყისში, საკუთარი გაზრდილი მოთხოვნის საბაბით შეწყვიტა. ორგანიზაცია „ადგილობრივი ოფიციალური პირის“ ნაამბობზე დაყრდნობით იტყობინება, რომ რეგიონში სადეზინფექციო საშუალებების დეფიციტია და რომ ცხინვალის ხელისუფლებამ ადგილობრივ სამკერვალოებს მედიცინის მუშაკებისთვის ნიღბებისა და დამცავი ხალათების შეკერვა დაავალა.
კრიზისების ჯგუფი იმ ფაქტზეც ამახვილებს ყურადღებას, რომ რეგიონის ჯანდაცვის მუშაკების დიდ ნაწილს წლებია გადამზადება არ გაუვლია და ისიც კი არ იციან, თუ როგორ მოიხმარონ რუსეთიდან გამოგზავნილი ფილტვების 26 ვენტილატორი.
ანგარიშის მიხედვით, უკანონოდ გათავსებულმა რუსულმა სამხედრო ბაზამ „დაუყონებლივ შემოიღო მკაცრი ზომები“, მათ შორის, კომენდანტის საათი, რათა სამხედროები ვირუსის გავრცელებისგან დაიცვას. „რუს ჯარისკაცებს ახლა ნიღბები და ხელთათმანები უკეთიათ“, – ნათქვამია დოკუმენტში.
ცხინვალის რეაგირება ვირუსზე კრიზისების ჯგუფმა შეაფასა როგორც „ნელი“. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ მიუხედავად საზოგადოების ჯანრთელობისთვის არსებული რისკებისა, ცხინვალის ლიდერი ანატოლი ბიბილოვი 25 მარტს რეგიონის საკანონმდებლო ორგანოში მოხსენებით გამოვიდა, რომელსაც ასობით ადგილობრივი ესწრებოდა. ასევე, მანვე 22-25 მარტს ჭიდაობის ახალგაზრდული ტურნირის ჩატარებაზე ნება დართო. „სკოლები და უნივერსიტეტები ყველაზე დიდხანს იყო ღია, ვიდრე სხვაგან სამხრეთ კავკასიაში“, – წერს ორგანიზაცია.
ანგარიშში ასევე საუბარია წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ძალისხმევაზე, რომლის მიზანიც ოკუპირებულ რეგიონში არსებული რთული ჰუმანიტარული ვითარების შემსუბუქებაა. კრიზისების ჯგუფი აცხადებს, რომ წითელმა ჯვარმა ადგილობრივ ციხეებს დახმარება უკვე მიაწოდა და ხანშიშესული მაცხოვრებლების საკვებით და ნიღბებით მომარაგებას აპირებს, „მათ შორის, შორეულ სოფლებში“.
დოკუმენტის თანახმად, „წითელი ჯვრის კომიტეტი აცხადებს, რომ მზადაა გაააქტიუროს ნაბიჯები, თუმცა ადგილზე სამედიცინო პერსონალი არ ჰყავს, რომელიც ჯანდაცვის კუთხით არსებულ საჭიროებებს შეაფასებდა“. კრიზისების ჯგუფის განმარტებით, ცხინვალის ხელისუფლებამ „ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის“ წარმომადგენლები საქართველოს დანარჩენი ტერიტორიიდან ოკუპირებულ რეგიონში იმ მოტივით არ შეუშვა, რომ „ეს მათ პრეტენზიას დამოუკიდებლობაზე შეარყევდა“.
კრიზისების ჯგუფმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ „კრიზისის მასშტაბის გათვალისწინებით“, ცხინვალის ხელისუფლება „სერიოზულად რისკავს“, როდესაც „პოლიტიკურ მოთხოვნებს“ აყენებს და „ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან და გაეროს სხვა სააგენტოებთან აქტიურ თანამშრომლობას ხელს უშლის. „თუ „ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის“ წარმომადგენლების ჩასვლასთან დაკავშირებით მისაღებ კომპრომისს ვერ გამონახავენ, სულ ცოტა ონლაინ ან ტელეფონით მაინც მოახდინონ კომუნიკაცია, რათა ვირუსის გავრცელების აღკვეთისკენ მიმართული ადგილობრივი ძალისხლევის მხარდაჭერისთვის და სამედიცინო აღჭურვილობის მიწოდების ორგანიზებისთვის საჭირო ინფორმაცია მოგვაწოდონ“, – ნათქვამია ანგარიშში.
ორგანიზაცია აცხადებს, რომ ცხინვალის ხელისუფლებამ „დაუყონებლივ“ უნდა გამოძებნოს გზა „ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის“ შეფასების მისიის გამომგზავრების უზრუნველსაყოფად.
COVID-19 კრიზისი აფხაზეთში
კრიზისების ჯგუფმა აფხაზეთში არსებულ ვითარებას ცხინვალთან შედარებით „უკეთესი“ უწოდა, თუმცა აღნიშნა, რომ გარკვეული პრობლემების გამო ისიც რისკის წინაშე დგას.
„აფხაზეთში სუსტი ინფრასტრუქტურა, სამედიცინო პროფესიონალების ნაკლებობა და ხანდაზმული მოსახლეობაა, სადაც მოსახლეობის თითქმის 20% 60 წელს ზევითაა“, – აცხადებს ორგანიზაცია და დასძენს, რომ ჯანდაცვის პროფესიონალების 80% ასაკის გამო „თავად დადგა რისკის წინაშე“.
ორგანიზაცია უცხოელ დიპლომატზე დაყრდნობით აცხადებს, რომ რეგიონის სამედიცინო პერსონალის დაინფიცირების შემთხვევაში, აფხაზეთი „ყველა ექიმს რამდენიმე დღის განმავლობაში დაკარგავს“.
კრიზისების ჯგუფი აცხადებს, რომ აფხაზეთის ხელისუფლებამ სოციალური დისტანცირების შემოღება დააგვიანა. ორგანიზაციის განმარტებით, COVID-19-ის პანდემია რეგიონის „პრეზიდენტის არჩევნებს“ დაემთხვა და არჩევნებამდე ან არჩევნების დღეს პრევენციული ზომების მიღების თაობაზე „ნაკლები მტკიცებულებები“ არსებობს.
აფხაზეთის ხელისუფლებამ გამყოფ ხაზზე არსებული ორი გამშვები პუნქტი დახურა, თუმცა 11 ადამიანს თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე არსებულ საავადმყოფოებში მისასვლელად გადასვლის უფლება მიეცა. მოგვიანებით, ერთ-ერთ მათგანს კორონავირუსი დაუდგინდა, ნათქვამია ანგარიშში.
20 აპრილის მდგომარეობით, აფხაზეთის ხელისუფლებამ მოძრაობაზე დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქება დაიწყო და მთავარ ქალაქებში მდებარე ბაზრებს გახსნის უფლებაც მისცა.
კრიზისების ჯგუფმა განაცხადა, რომ მარტის დასაწყისში სოხუმმა საგარეო დახმარება ითხოვა, რასაც გაეროს განვითარების პროგრამა გამოეხმაურა და რეგიონს აშშ-ის და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით შეძენილი 12 000 პაკეტი ძირითადი სამედიცინო მასალები და სადეზინფექციო საშუალებები გადასცა. გარდა ამისა, ორგანიზაციის განცხადებით, „ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის“ სპეციალისტებმა UNDP-ის დახმარებით რეგიონის საჭიროებები შეაფასეს.
იმავდროულად, რუსეთმა კორონავირუსის გამოსავლენად რეგიონს 500 ტესტი გადასცა და საჯარო სივრცეების დეზინფექციისთვის ჯარისკაცები გაგზავნა. თუმცა, ანგარიშის თანახმად, აფხაზეთის ხელისუფლებას, რომლის ბიუჯეტის 60% მოსკოვზეა დამოკიდებული, პანდემიის ეკონომიკური შედეგების ეშინია.
დოკუმენტის თანახმად, პანდემიის შედეგები ყველაზე მეტად ვაჭრობასა და ტურიზმზე იმოქმედებს, რაც რეგიონის ეკონომიკის „საყრდენია“. კრიზისების ჯგუფმა ასევე განაცხადა, რომ აფხაზეთის დამოკიდებულება ტურიზმზე ეკონომიკის სწრაფი გაჯანსაღების თვალსაზრისით ცუდის მომასწავაბელია.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)