რატომ გვჯერა შეთქმულების თეორიებისა?
ფილოსოფოსები გვპასუხობენ
ახალი სატელეკომუნიკაციო ანძებით გვაკონტროლებენ… ასტრონავტები სინამდვილეში არასოდეს ყოფილან მთვარეზე… ყველაფერს მასონები აკონტროლებენ… ილონ მასკი დაგვასხივებს და ბილ გეიტსი “დაგვჩიპავს”. რატომაა შეთქმულების თეორიები ამდენად გავრცელებული? აი, რას ფიქრობს ამაზე ოთხი ცნობილი ფილოსოფოსი.
…იმიტომ, რომ ეს თეორიები ჩვენს კრიტიკულ აზროვნებას ავარჯიშებს
რენე დეკარტი (1596-1650)
“მეტაფიზიკური მედიტაციების” შესავალში დეკარტი შიშისმომგვრელი ჰიპოთეზით გვეგებება – ეგება და მთელი ცხოვრების განმავლობაში ისინი ჩემით მანიპულირებენ? ეგება “ღმერთის ნაცვლად, რომელიც ჭეშმარიტების ერთადერთი სუვერენული წყაროა” არსებობს – ზეცაში ანდაც კულისებში – “ბოროტი გენია […] რომელიც ჩემს მოსატყუებლად ძალას არ იშურებს?” – კითხულობს ფილოსოფოსი. ფრიად გაბედული თეზისია მისი დროისათვის: აქ თავად ღმერთია შეთქმულების თეორიაში ეჭვმიტანილი. ეს ალბათ დეკარტეს შეთქმულების ერთ-ერთ უდიდეს თეორეტიკოსად აქცევდა, რომ არა ერთი დეტალი: თუკი მის თეორიას კარგად დავაკვირდებით, შეთქმულების რეალურობის დაშვება მხოლოდ ინტელექტუალური სამარჯვია. ამ დაშვებიდან გამომდინარე, დეკარტი ცდილობს კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს რწმენის თითქოსდა ყველაზე ურყევი საფუძვლები და ამ გზით მივიდეს ურყევ ჭეშმარიტებამდე.
…რადგანაც ისინი ჩვენი ყოვლისშემძლეობის ანარეკლია
ფრიდრიხ ნიცშე (1844-1900)
რა არის თეორია? რეალობის ნეიტრალური და ობიექტური ასახვა? რა თქმა უნდა არა! პასუხობს ნიცშე, სულაც პირიქით. თეორია სამყაროს აღქმის გამოხატულებაა. ნიცშე ამბობს: “ჭეშმარიტება” ამ სიტყვის ტრადიციული გაგებით არ არსებობს, ჩვენს გარშემო მხოლოდ ერთმანეთთან კონკურენციაში მყოფი შეხედულებები ფუთფუთებს და თითოეული მათგანი მათი მატარებლის რწმენას, მოთხოვნილებებსა და ღირებულებებს ასახავსო. ავხსნათ რაიმე, ნიშნავს “ჩვენი ნება მოვახვიოთ თავს” რეალობას. ეგებ სწორედ შეხედულებების ამ უსასრულობის ზეიმის სახელით უპირისპირდებიან შეთქმულების თეორიის მომხრეები რეალობის ოფიციალურ ვერსიას?!
…რადგან ისინი მარტივ პასუხებს გვთავაზობენ
გასტონ ბაშელარი (1884-1962)
ბაშელარს შეთქმულების თეორიების პოპულარობა არ აკვირვებდა. მისი ხედვით, ისინი აუცილებელი ბოროტებაა. მისი აზრით, ობიექტური შემეცნებისაკენ გზა სტერეოტიპებით, ლოგიკური შეცდომებითა და ფსევდო-ახსნებითაა მოკირწყლული. შეიმეცნო რამე, ნიშნავს გადალახო შემეცნების შინაგანი წინააღმდეგობები, რომელთადმი ბუნებრივად და თითქმის ავტომატურად ვართ მიდრეკილნი. შეთქმულების თეორია კარგი მაგალითია იმისა, რასაც ბაშელარი “არსობრივ წინაღობას” უწოდებს და მას განსაზღვრავს, როგორც ობიექტურად დამზერილი ფაქტების უნიკალური და ზებუნებრივი მიზეზით ახსნას. მაგალითად, თუკი ვაკვირდებით, რომ ოპიუმის მოხმარების შემდეგ გვეძინება, შესამაბისად შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ოპიუმს “ძილისკენ მიმდრეკი ბუნება” გააჩნია. მსგავსადვე, თუკი ჩვენს საზოგადოებას პრობლემები სტანჯავს, ისინი უდავოდ ყოვლისშემძლე და ფარული, მცირე ჯგუფის შეთქმულების შედეგია.
…რადგან ყოველთვის ცრუმორწმუნეებად ვრჩებით
კარლ პოპერი (1902-1994)
თავის ნაშრომში “ღია საზოგადოება და მისი მტრები”, პოპერი საუბრობს შეთქმულების თეზისზე “რომლის თანახმადაც ამა თუ იმ საზოგადოებრივი ფენომენის ასახსნელად საკმარისია აღმოვაჩინოთ, ვის ინტერესებში შედის ის. […] თავისი არსით ეს რელიგიური ცრურწმენების თანამედროვე, არარელიგიური ინტერპრეტაციაა. თუკი ჰომეროსი ტროას ომს ოლიმპოს ღმერთების შეთქმულებით ხსნის, დღეს ღმერთების ადგილს მონოპოლიები, კაპიტალისტები და იმპერიალისტები იკავებს.” თანამედროვე ეპოქაში, როცა მეცნიერების ავტორიტეტს სულ უფრო მეტი ადამიანი აყენებს ეჭვქვეშ, შეთქმულების თეორიები ჩვენი ცრურწმენების გამოვლენის ახალი ფორმაა.
მართლაც, ყოვლისშემძლე ხვლიკების ფარული ძალაუფლების რწმენა უფრო აღვივებს ჩვენს წარმოსახვას, ვიდრე ეკონომიკური ლოგიკის ანალიზი და სტატისტიკური ცხრილების კითხვა…