13 მაისი, 1920 წ. გენშტაბის ცნობა: სახალხო გვარდიამ მტრის პოზიციები დაიჭირა
გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1920 წლის 14 მაისი, N106
სამხედრო ცნობა
ტფილისი, 13 მაისი.
გენერალური შტაბის ცნობა
წითელი ხიდის რაიონში მტერს რამდენიმე ვერსით ეჭირა ბაბაკარის მთის მიდამოები მდინარე მტკვრამდე ჩვენს საზღვრებში. მტრის მთავარი პოზიცია მდებარეობდა მაღალ ქედზე და გამაგრებული იყო თხრილებით და ჭებით. ამნაირათ ისედაც ბუნებრივი სიმაგრე კიდევ უფრო იყო ხელოვნურათ გამაგრებული. ჩვენ ჯარს პირდაპირ გაშლილ ველზე უნდა შეეტია. მანევრები სრულიად შეუძლებელი იყო, იმის გამო, რომ მარცხნით ჩადის მდინარე მტკვარი. ველზე კი რამდენიმე ადგილს გადის მდინარე ალგეთი, ხრამი და დებედა-ჩაი. მიუხედავად ასეთს ცუდის პირობებისა სახალხო გვარდიამ 2 დღის ბრძოლის შემდეგ მტერს პოზიციებიდან დაახევინა და 12 მაისს დილის 5 საათზე ზარბაზნებისა და ტყვიის მფრქვეველების დახმარებით გადამწყვეტი შეტევით დაიჭირა მათი მთავარი პოზიცია.
საღამოს 12 საათზე ჩვენმა მოწინავე ნაწილმა დაიჭირა სოფელი შიხლი. მტრის დევნა გრძელდება.