ქართული ოცნების ლიდერები 8 მარტის შეთანხმებაზე საერთაშორისო რეაქციებს პასუხობენ

მმართველი პარტიის ლიდერებმა, მათ შორის, პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ და ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ მმართველ და ოპოზიციურ პარტიებს შორის 8 მარტის შეთანხმების გარშემო არსებული უთანხმოების შესახებ საერთაშორისო რეაქციები შეაფასეს.

ამერიკელი სენატორის და აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ჯიმ რიშისა და კონგრესმენ ადამ კინზინგერის განცხადებების კომენტირებისას, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ 12 მაისს თქვა: „ეს განცხადებები არის ჩვენი მეგობრების მოსაზრება. ამიტომაც, ჩვენ მზად ვართ ნებისმიერ დისკუსიაში [შევიდეთ] ჩვენს მეგობრებთან“.

„ადამ კინზინგერმა გამოთქვა მოლოდინი და ორივე განცხადებაში პირველ პრიორიტეტად არის დასმული, რომ ისინი მოუწოდებენ მხარეებს, შეასრულონ შეთანხმება. რადგან ორივეს მოუწოდებენ და არამხოლოდ მმართველ გუნდს, [იმას] ნიშნავს, რომ [ისინი] თვლიან, რომ ამ სიტუაციაში ოპოზიციასაც აქვს პასუხისმგებლობა და მუქარა, რომ ჩააგდებენ შეთანხმებას [და] საფრთხის შექმნა ამ შეთანხმებისთვის მიუღებელია“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

„რაც შეეხება სენატორ რიშს, იგი მხარეებს შეთანხმების სრულად შესრულებისკენ მოუწოდებს. ნიშანდობლივია, პარტიებს მოუწოდებს და არა მხოლოდ ხელისუფლებას“,- აღნიშნა მან.

„პოლიტპატიმრების გათავისუფლების“ საკითხზე საუბრისას, პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა: „არ მგონია აშშ-ში დედაქალაქის ბიუჯეტის 10% რომ გაფლანგოს მერმა, შემდეგ პოლიტპატიმრის სტატუსი მიიღოს და პოლიტიკაში დაბრუნდეს, ან კაპიტოლიუმზე რომ მიიტანოს ადამიანების ჯგუფმა ძალადობრივი შეტევა, შემდეგ ეს ადამიანები პოლიტპატიმრებად გამოაცხადონ. ასეთ დანაშაულზე ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში იქნებოდა სამართლებრივი რეაგირება და მათ მისცემდნენ პასუხისგებაში“.

„აშშ-ში ჩვენი შემდგომი ვიზიტის ფარგლებში, ან როდესაც ის ჩამოვა საქართველოში, ჩვენ აუცილებლად გვექნება მეგობრული დისკუსია ამ საკითხებზე. უდავოა, რომ სენატორი საქართველოს მეგობარია და მზად ვართ, ჩვენი არგუმენტები ვუთხრათ“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე ამერიკელი სენატორის, ჯიმ რიშის და კონგრესმენ ადამ კინზინგერის განცხადებებს „იმედის“ ეთერში 12 მაისს გამოეხმაურა.

„ჩვენ სენატორს, რომელსაც აქვს განსაკუთრებული როლი სენატში (ის არის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე) დიდ პატივს ვცემთ, თუმცა აუცილებელია აღინიშნოს, რომ მისი განცხადება ერთმნიშვნელოვნად ეფუძნება არასწორ ინფორმაციას“, – განაცხადა კობახიძემ.

„ჩვენ გვაქვს ინფორმაცია იმის თაობაზეც, თუ როგორ და რა ხაზებით მიდის ასეთი ცნობები კონკრეტულ თანამდებობის პირებთან ამერიკის შეერთებულ შტატებში. სინამდვილეში, საქართველოში არ არიან პოლიტპატიმრები და ეს ძალიან კარგად იცის ქართულმა საზოგადოებამ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მან  2012 წლის 12 დეკემბერს 5 სენატორის, მათ შორის, ჯიმ რიშის მიერ ბიძინა ივანიშვილისთვის გამოგზავნილი წერილიც გაიხსენა და თქვა, რომ ოპოზიცია 2012 წელსაც ახერხებდა დეზინფორმაციის გავრცელებას. კობახიძემ განმარტა, რომ მაშინდელი წერილი სააკაშვილის, მერაბიშვილის, ადეიშვილისა და ახალაიას შერჩევით პოლიტიკურ დევნას ეხებოდა. მანვე ხაზი გაუსვა, რომ წერილის ავტორებმა გაარკვიეს, რომ ამ პირების მიმართ არ ხდებოდა შერჩევითი დევნა. „2012 წელს ამ წერილის შინაარსი არ შეესაბამებოდა სინამდვილეს [და], ბუნებრივია, მან შედეგი ვერ გამოიღო. დღესაც იგივეა“, – დასძინა მან.

ევროპარლამენტარ მიხაელ გალერის განცხადების კომენტირებისას, ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან საუბარში 13 მაისს თქვა, რომ იგი „პრაქტიკულად, ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი მოკავშირე ევროპელია“.

„ევროპარლამენტართან ან სენატორთან დაპირისპირების ატმოსფეროს შექმნა, რასაკვირველია, საქართველოში პოლიტიკურ ველს აზიანებს“, – განაცხადა ვოლსკიმ.

„ყველას ახსოვს ევროპარლამენტარების აქტივობა, თუნდაც „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით და სტარსბურგმა აბსოლუტურად სხვა გადაწყვეტილება გამოიტანა, ისე როგორც, სტრასბურგმა დაამტკიცა, რომ წინა ხელისუფლების პერიოდში ადგილი ჰქონდა წამების ფაქტებს“, – აღნიშნა მანვე.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)