მაისი 1920: ჩვენი ჯარი ბოლშევიკებზე იმარჯვებს!
გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1920 წლის 15 მაისი, N107
წითელი ხიდის რაიონში მტერს მეტად მნიშვნელოვანი პოზიციები ეჭირა. გარშემო მიუალი კლდეები და თხრილები ჰქონდა შემოკრული. მანევრები შეუძლებელი იყო. მტრის რიცხვიც გაცილებით მეტი იყო ჩვენ ჯარზე და გვარდიაზე, მდგომარეობა სახიფათო იყო.
ორ დღეს გასტანა თავგანწირულმა ბრძოლამ, რის შემდეგ ჩვენმა ჯარმა დაიჭირა მეტად სტრატეგიული ადგილები და მტერი უკუაქცია. მტრის დევნა გრძელდება.
მტრის თავდაცემა ისე მოულოდნელი იყო, რომ ჩვენ ვერც კი მოვასწარით იქ საჭირო სამხედრო ძალების გადაყვანა. მტერი ქურდულად თავს დაეცა ჩვენ მოსაზღვრე მცირე რიცხოვან რაზმს და „გაიმარჯვა“, მაგრამ ვაი ამისთანა გამარჯვებას, – დღეს დავთარ-აბნეული მტერი ენერგიულად გარბის. მან ვერ გაუძლო ჩვენი სახელოვანი გვარდიის და ჯარის გმირულ შეტევას, მას კიდევ არ სწამდა ქართველი მებრძოლის გმირული სული, მას არ ეგონა თუ ქართველ დემოკრატიის მკერდი ასე გააფთრებული, ლომის სიმძლავრით ეკვეთებოდა მტერს. მას იქნება იმედიც ჰქონდა, რომ როგორც კი დაინახავდა საქართველო თავის საზღვარზე მომდგარს „წითელ“ „საბჭოთა ადერბეიჯანის“ ჯარს, თავმდაბლად მას გაუღებდა ჩვენი სახელმწიფოს კარებს, სწორედ ისე, როგორც თვითონ მან მოიმოქმედა, მაგრამ მოსტყუვდა, სასტიკად მოსტყუვდა, უბადრუკი მტერი.
დაავიწყდა უსუსურს, რომ ქართველმა დემოკრატიამ დიდი ხანია დაჰგმო ჩრდილოეთის ფერი ბოლშევიზმის სახით; მაგრამ იქნება ის იყო მისთვის ყველაზე უფრო მოულოდნელი, რომ არ მოელოდა, თუ ასე ადვილად შეურიგდებოდა საქართველოს საბჭოთა რუსეთი, რომლის ტაქტითაც ვითომ დღეს ადებეიჯანის „დემოკრატია“ მოქმედებს. მაგრამ აქაც ამოუვალ უფსკრულშიც გადაიჩეხა. დღეს მტრის მდგომაროება მეტად მძიმეა, – მან არ იცის ხვალ მას, რომელი ახალი ფერის ბატონი დაეპატრონება, არ იცის ვინ საწველ ფურად დარჩება სამუდამოთ, არ იცის… მაგრამ კმარა… მართალია ვწერთ სიამოვნებით ჩვენი ჯარის გამარჯვების შესახებ, აღვნიშნავთ მოწინააღმდეგის მიერ მისთვის დადგმულ შემცდარ საბედისწერო ნაბიჯებს, მაგრამ გული მაინც მწუხარებით გვევსება, რადგან გვეცოდება საწყალი ადერბეიჯანის ხალხი; არა, ვისთვის, ან რისთვის იყო საჭირო ეს უმზგავსო ავანტიურა, რა საჭირო იყო სისხლის ღვრა? დეე, ამ კითხვაზე პასუხი გასცენ ისტორიას თვითონ მათ, რომლებსაც სისხლში აქვთ გასვრილი ხელები, რომლის წყალობითაც სამუდამოთ მტრობა ჩამოვარდა ორ მეზობელ ერთა შორის. ჩვენი გმირი ჯარი და გვარდია კი მანამ განაგრძობს მტრის დამარცხებას, სანამ მტერი სავსებით არ მოტყდება წელში, სანამ ჩვენი საზღვრები სრულიად უზრუნველყოფილი არ იქნება ამ ნახევრად ველური ურდოების დაცემისაგან და არც შორს არის ეს დრო – კიდევ ორი ასეთი გამარჯვება და მტერი ჩაკვდება. ჩვენი ჯარისა და გვარდიის ახალ-ახალი ბრწყინვალე გამარჯვებანი კიდევ ერთხელ დაუმტკიცებს ჩვენს მტერსა და მოყვარეს, რომ საქართველოს დემოკრატიას სხვისი არაფერი სურს, თავისას კი უსიკვდილოთ არავის დაუთმობს. ის სამაგალითოდ აჩვენებს ყველას თუ როგორ უნდა თავდაცვა, თავისუფალ სამშობლოს მოვლა-პატრონობა.