გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის გაზეთი საქართველოზე წერს
გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1920 წლის 16 მაისი, N108
საქართველოს გარშემო
გერმანიის სოციალ-დემოკრატიული ორგანო „ფორვერტი“ (“Vorwärts”-რესპუბლიკა 100-ს სარედაქციო შენიშვნა) უმაღლეს საბჭოს მიერ ამიერ-კავკასიის რესპუბლიკის ცნობას სიხარულით ეგებება; აღწერს თითეულ რესპუბლიკის ერის მდგომარეობას; კერძოდ საქართველოს შესახებ სწერს:
„საქართველოს რესპუბლიკას უჭირავს დაახლოებით ასი ათასი კილომეტრ-კვადრატი, მცხოვრებთა რიცხვი თითქმის ოთხ მილიონს უდრის. ამ მხარეში დიდი ბუნებრივი სიმდიდრეა: თამბაქოსა და ჩაის პლანტაციები, დიდად განვითარებულია მეაბრეშუმეობა, მეღვინეობა და სხვა და სხვა. ამასთანავე საქართველოს აქვს ორი საუკეთესო პორტი ბათუმსა და ფოთის, რომელთა საშუალებით მას შეუძლია გახდეს აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის შეერთებულ ხიდათ, საქართველოდან არის აგრეთვე მოკლე გზა შორეულ მხარეებში და გზა გახსნილია ციმბირის სიმდიდრისკენ.
საქართველომ უკვე დაამყარა მტკიცე სახელმწიფო წესრიგი და ძლიერი მთავრობა, რომელიც გამოსულია დემოკრატიის წიაღიდან და შედგება მხოლოდ და მხოლოდ სოციალ-დემოკრატიისაგან.
იმ მხარეში, სადაც ორი წლის წინეთ ოსმალეთის ყუმბარები ანგრევდენ მინდვრებს, ტყეებს და სამრეწველოებს და ანადგურებდენ განვითარებულ კულტურას, ეხლა ისევ ირხევიან ოქროს თავთავები და გულდასმით მუშაობს გლეხი და მუშა.
ძველი თქმულება – „არავის არ შეუძლია იყოს წინასწარმეტყველი საკუთარ სამშობლოში“-ო, საქართველოში საბედნიეროდ არ გამართლდა. რუსეთის რევოლუციის გამოჩენილი მეთაურები: ჩხეიძე, წერეთელი, ჩხენკელი და სხვები, რომლებიც იყვნენ ბალშევიზმის მტერი, აღფრთოვანებით მიიღო მათმა სამშობლომ. ის, რაც მათ ვერ განახორციელეს პეტროგრადში, მათმა აქტიურმა მუშაობამ განახორციელა საქართველოში. ეხლა შრომის მოყვარე და მამაცი საქართველო მაგალითია სამეფო იმპერიის ყველა ერთათვის, რომ მხოლოდ ფხიზელ და აქტიურ დემოკრატიის წინაშე არ არის დახურული გზა ცხოვრების გაუმჯობესებისა და პროგრესისაკენ”.