ამერიკელი დეპუტატები ქართულ ოცნებასა და ივანიშვილს „ამერიკის მტრებთან კავშირში“ ადანაშაულებენ
ამერიკელმა სენატორებმა ტედ კრუზმა და ჯონ კორნინმა, ასევე კონგრესმენებმა ჯოდი არინგტონმა და მარკვეინ მალინმა 15 მაისს სახელმწიფო მდივანს მაიკ პომპეოს და ფინანსთა მინისტრს სტივენ მნუჩინს წერილი გაუგზავნეს, სადაც ისინი შეშფოთებას გამოხატავენ „საქართველოში მმართველობის გაუარესებისა და პოტენციურად უკანონო ეკონომიკური აქტივობების გამო“.
წერილში ამერიკელი სენატორები და კონგრესმენები აღნიშნავენ, რომ „საქართველოს კავშირები ამერიკის მტრულად განწყობილ მეტოქეებთან და მტრებთან, რაც ჩვენს გეოსტრატეგიულ და ბიზნეს ინტერესებს ეწინააღმდეგება“ ფედერალური მთავრობისგან სერიოზულ რეაგირებას მოითხოვს.
მათ ქართული ოცნება და მისი ლიდერი ბიძინა ივანიშვილი გააკრიტიკეს და სახელმწიფო მდივანს და ფინანსთა მინისტრს ინფორმაციის მიწოდება შესთავაზეს, იმასთან დაკავშირებით, რომ:
- საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება, ქართული ოცნების ხელმძღვანელობით მხილებულია ლეგიტიმური ამერიკული ბიზნესების გაძევებაში, რომლებიც საქართველოს ეკონომიკასა და მომავალში ინვესტიციას დებენ;
- მსგავსი აქტივობები მოტივირებულია გეოპოლიტიკური მიზნებით და ქართული ოცნების ლიდერის ბიძინა ივანიშვილის რუსეთის მთავრობასთან სავარაუდო კავშირებზე მიუთითებს;
- საქართველოს შავი ზღვის პორტებთან დაკავშირებული ქმედებები, მათ შორის, ამერიკული კომპანიების განზრახ გაძევება პორტის მშენებლობის იმ პროექტიდან, რომელსაც საქართველოს რუსეთზე დამოკიდებულება უნდა შეემცირებინა, საფრთხეს უქმნის ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების მნიშვნელოვან ინტერესებს;
- არსებობს ხარვეზები ამერიკული სანქციების აღსრულებასთან დაკავშირებით, კონკრეტულად კი – პორტების საქმიანობის კონტექსტში.
წერილში ნათქვამია, რომ გასული წლის განმავლობაში, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოში თითქმის 50%-ით შემცირდა, ხოლო დასავლური ბიზნესებისთვის გადასახადები და ბიუროკრატიული ბარიერები გაიზარდა. „ამ საკითხებმა ამერიკული კომპანიების ოპერირებას და საქართველოსთან ჩვენი ურთიერთობის გაღრმავებას ხელი შეუშალა“, – ვკითხულობთ წერილში.
წუხილების გრძელი სია
წერილში ჩამოთვლილი წუხილების გრძელ სიაში ასახულია ამერიკელი დეპუტატების შეშფოთება, რომელიც საქართველოს საპორტო ინფრასტრუქტურასა და ამერიკული კომპანიების საქმიანობას, ასევე იმ ბრალდებებს ეხება, რომ საქართველო განზრახ იქცევა როგორც იმ ინტერესების და ქვეყნების მხარდამჭერი, რომლებიც ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ მტრულად არიან განწყობილნი.
კონგრესმენებმა და სენატორებმა განაცხადეს, რომ ტეხასური კომპანია Frontera Resources რეგულაციებისა და შეზღუდვების წინაშე აღმოჩნდა და ახლა ის საქართველოს მთავრობის მხრიდან ექსპროპრიაციის რისკის წინაშე დგას. მათივე თქმით, კიდევ ერთი ამერიკული კომპანია Conti Group ანალოგიურად გამოაძევეს კონსორციუმიდან, რომელიც ანაკლიის პორტს აშენებდა, რამაც პროექტის შეჩერება გამოიწვია.
წერილის ავტორებმა აღნიშნეს, რომ ამერიკული ბიზნესისთვის საქართველოში არსებული „გართულებები და უთანხმოებები“ გეოპოლიტიკურ შედეგებთანაა დაკავშირებული. წერილის თანახმად, „მას შემდეგ რაც ლეგიტიმური ბიზნესი გამოაძევეს, მისი ადგილი უკანონო ვაჭრობამ დაიკავა“.
„ქვეყნის დასავლური ორიენტაცია, მის პორტებთან ერთად, ირანელებისთვის საუკეთესო სამიზნეს წარმოადგენს“, – აცხადებენ ავტორები და დასძენენ, რომ „ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციით, ბათუმის პორტი ნავთობის სფეროში კვლავ ირანელების უკანონო საქმიანობის სამიზნედ გადაიქცა“.
წერილის ავტორები აცხადებენ, რომ საქართველოს ფინანსური სისტემა 2013 წლიდან გვერდს უვლის ამერიკულ სანქციებს ირანის წინააღმდეგ.
მოწოდება დემოკრატიული მმართველობისკენ
აღნიშნეს რა საქართველოს წვლილი ავღანეთის ნატოს მისიაში, წერილის ავტორებმა განაცხადეს, რომ „აშშ-საქართველოს ძლიერი პარტნიორობა აუცილებელია ამერიკის ინტერესებისთვის, რაც, თავის მხრივ, მოითხოვს, რომ საქართველო დემოკრატიულ მმართველობას დაუბრუნდეს“.
მოუწოდეს რა ფედერალ მთავრობას, რომ ზემოაღნიშნულზე რეაგირება მოახდინოს, ავტორებმა დასძინეს: „როგორც ყოველთვის, ჩვენ მზად ვართ, რომ მოგაწოდოთ საჭირო რესურსები ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების დასაცავად“.
ასევე წაიკითხეთ:
- Conti International-ი „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ ტოვებს
- ინფრასტრუქტურის სამინისტრო ანაკლიის პორტის პროექტიდან „კონტი ჯგუფის“ გასვლას ეხმაურება
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)